ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევა იყო რუსეთის პერმის და როსტოვის ოლქებში

უკრაინის თავდაცვის ძალებმა პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას 2026 წლის 25 სექტემბერსაც დაარტყეს.

რუსეთის როსტოვის და პერმის ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მორიგი შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ერთი მათგანი კომპანია „ლუკოილისაა“ და რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საწარმოდაა მიჩნეული.  

რუსეთის ამ რეგიონების ხელისუფლებამ დრონებით შეტევა და ხანძრები დაადასტურა, თუმცა კონკრეტულად რომელიმე ქარხანა არ დაუსახელებია.

როსტოვის ოლქი

პირველი ცნობები, რომ რუსეთის როსტოვის ოლქში შეტევა იყო ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, შუაღამის შემდეგ გაავრცელეს მონიტორინგის უკრაინულმა არხებმა(Supernova+, Exilenova+).

23 ნოემბერს გამთენიისას დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ ძლიერი ხანძარია იმ რაიონში, სადაც კომპანია „იუგ ენერგოს“ ნავთობპროდუქტების ქარხნის გარდა მდებარეობს კერძო კომპანია „ტატა-გაზი“, რომელიც საწვავით ვაჭრობს.

როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის მიერ სოციალური ქსელებით 23 ნოემბერს დილით გავრცელებული ცნობით, კრასნოსულინსკის რაიონში დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ ხანძარი გაჩნდა. კონკრეტულად სად, გუბერნატორს არ უთქვამს.

  • სწორედ კრასნოსულსკის რაიონში მდებარეობს კომპანია „იუგ ენერგოს“ ნავთობპროდუქტების ქარხანა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა ადრეც არაერთხელ დაარტყეს.

ქალაქი პერმი

მონიტორინგის უკრაინული არხების და დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ს ცნობით, 23 ნოემბერს დრონებით შეტევა იყო პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „პერმნეფტეორგსინთეზზე“, სადაც ხანძარია.

ეს ქარხანა კომპანია „ლუკოილს” ეკუთვნის.

„პერმნეფტეორგსინთეზს“ წელიწადში ცამეტ მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადამუშავება შეუძლია და რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საწარმოდაა მიჩნეული.

პერმის ოლქის გუბერნატორმა დმიტრი მანოხინმა სოციალური ქსელებით 23 ნოემბერს დილით გავრცელებულ ცნობაში დაადასტურა, რომ დრონებით „თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სამრეწველო ობიექტი“, თუმცა კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.

  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა პერმის და ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ადრეც არაერთხელ დაარტყეს. მათ შორის ორივე ქარხანაზე ერთ დღეს შეტევა იყო 2026 წლის 25 სექტემბერს.

ასევე ნახეთ

რუსეთში შეტევა იყო „ტრანსნეფტის“ ნავთობის საქაჩ სადგურზე

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ტერმინალები და ტრანსპორტირების მარშრუტებია.

15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არმიის მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის მოხსენებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საერთო ჯამში გააჩერეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი.

რუსეთი, რომელიც თავის ტერიტორიაზე შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, არ ასაჯაროებს მონაცემებს უკრაინის დარტყმებით მიყენებული ზიანის მოცულობის შესახებ.

უკრაინა აცხადებს, რომ მსგავსი დარტყმები არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და პასუხი უკრაინელების დახოცვასა და ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.