2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა ანატოლი გიგაურმა

ანატოლი გიგაური

დღეს, 24 ნოემბერს, საპატიმრო დატოვა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე პროდასავლურ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანატოლი გიგაურმა. გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან მას ოჯახის წევრები, ახლობლები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ანატოლი გიგაურს პოლიციელისთვის სილის გაწვნას ედავებოდნენ და 2 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

"სახელმწიფომ დამსაჯა და სრულიად უკანონოდ ორი წელი გამატარებინა ციხეში, როდესაც მე დამესხნენ თავს, მე მაწამეს და მე გამატარებინეს ორი წელი ციხეში. მიუხედავად ვიდეომტკიცებულებისა, ვერ დავამტკიცეთ ჩვენი სიმართლე და დამარქვეს მოძალადე იგივე მოძალადეებმა... ეს არის ჩემთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი და რომელსაც ადამიანს, რომელსაც ყველაზე დიდი ღირსება და პატივისცემა გააჩნდა მუნდირის წინაშე, ზუსტად მაშინ დამდეს ბრალი, რომ მუნდირს მივაყენე შეურაცხყოფა და ეს იყო ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი და ძალიან ცუდი სანახავი იყო ყველა ის მუნდირს უკან დამალული მოღალატე, არაწესიერი და არასინდისიერი ადამიანი და ასევე იმ მანტიის უკან დამალული ჩვეულებრივი ტიტუშკები...აქ იყო სახელმწიფოებრივი დაკვეთა და შეასრულეს სახელმწიფოებრივი დაკვეთა", - თქვა გიგაურმა გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან საუბარში.

რისთვის დააკავეს გიგაური

ანატოლი გიგაური 2024 წლის 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებული თავს დაესხა რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს და მასზე ფიზიკურად იძალადა.

  • მას პროკურატურამ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს - სასჯელი კი ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობაა.
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ბრალი გადააკვალიფიცირა და გიგაური დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - ძალადობა პოლიციელის მიმართ, რაც ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობით.
  • 2025 წლის ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ გიგაურისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.


ანატოლი გიგაურის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობდა, რომ კაცი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, როცა პოლიციელს ხელი მოუქნია. მისი განმარტებით, საქმეში არსებული ვიდეომასალიდან ჩანდა, დაზარალებულის სტატუსის მქონე პატრულ-ინსპექტორი როგორ ურტყამს ანატოლი გიგაურს მუშტს სახეში, ხოლო რამდენიმე წამის შემდეგ, განმეორებითი მცდელობისას გიგაური იქნევს ხელს, რაც ადვოკატის მტკიცებით, სწორედ იმას ნიშნავს, რომ გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ასევე ნახეთ

ანატოლი გიგაურმა დასკვნითი სიტყვა თქვა - პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულის განაჩენი 28 ივლისს გამოცხადდება


თბილისსა და სხვა ქალაქებში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.

ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად. 2024 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში, სამართალდამცავებმა არაერთხელ დაშალეს აქციის მონაწილეები ძალადობრივი მეთოდებით, დაშავდა არაერთი მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები.