სხდომაზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს თავად ანატოლი გიგაურმა და მისმა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.
ცუცქირიძის განმარტებით, გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, როცა პოლიციელს ხელი მოუქნია. მისი განმარტებით, საქმეში არსებული ვიდეომასალიდან ჩანს, დაზარალებულის სტატუსის მქონე პატრულ-ინსპექტორი როგორ ურტყამს ანატოლი გიგაურს მუშტს სახეში, ხოლო რამდენიმე წამის შემდეგ, განმეორებითი მცდელობისას გიგაური იქნევს ხელს, რაც ადვოკატის მტკიცებით, სწორედ იმას ნიშნავს, რომ გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა
რა თქვა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ:
„2025 წლის 24 ნოემბერს დაიწყო გამოძიება. მისი დაწყების საფუძველი გახდა პატაკი, პატაკის საფუძველი გახდა ვიდეო, რომელიც ნახა პოლიციელმა და მოახსენა ხელმძღვანელს...
პატაკში აღწერილი ინფორმაცია ეყრდნობოდა ფეისბუქში დადებულ ვიდეოს, სადაც თითქოს ჩანდა ანატოლი გიგაურის განხორციელებული ძალადობის ფაქტი პოლიციელების მიმართ....
ანატოლი გიგაურმა დაყო რამდენიმე საათი აქციაზე და შემდეგ გაემართა ქარელში მეგობრებთან ერთად. გიგაური იჯდა სედანის ტიპის ავტომობილში უკან მარცხენა მხარეს და ავტომობილი გადაადგილდებოდა ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიაზე. მას აჩერებს საპატრულო პოლიცია, რომელსაც მოჰყვებიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები...
ანატოლი გიგაური გადმოდის მანქანიდან, ეუბნება პოლიციელებს დამშვიდდნენ, მიმართავს, რომ აქ არის და დააკავონ, მის მეგობრებს ხელი არ ახლონ. მასთან მიდის რამდენიმე პოლიციელი ახოხებს მიწაზე და ფიზიკურად უსწორდება.. გიგაური იღებს დაზიანებას ძალადობის შედეგად, რომელიც არის თვალით ხილული, წარბი ჰქონდა გახეთქილი და ექსკორიაციები აღენიშნებოდა... ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს... აღკვეთის ღონისძიების პროცესზე ხილული იყო მისი თვალის დაზიანება...
ანატოლი გიგაური მიიყვანეს განყოფილებაში პატრულებმა, მათ გააქრეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და დაკავება გაფორმდა განყოფილებაში".
ადვოკატის თქმით, ამოცნობა ჩატარდა ფოტოსურათით, რაც საგამონაკლისო წესია და ამის დასაბუთება შეიძლება იყოს ობიექტური გარემოება, რის გამოც ამოსაცნობი ადამიანები ვერ მიიყვანეს ადგილზე.
„საქმეში გვაქვს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, სადაც წერია, რატომ ტარდება ამ ფორმით და ერთ-ერთი საფუძველი არის ის, რომ მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ეს იმ დროს, როცა ანატოლი გიგაური დაკავებულია... მათ იციან, რომ ის არის იმავე შენობაში. თუ არ იცოდნენ, ვალდებულები იყვნენ, რომ სცოდნოდათ".
ადვოკატმა დაკავების ოქმზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამით ამოწურავს გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებს. ცუცქირიძის სიტყვებით, ოქმი უკანონოდ შედგა.
„დაკავების ოქმის ხუთ წუთში შედგენა იყო წარმოუდგენელი, ჩვენ მივუთითებდით, რომ ამ დროში ოქმის შედგენა იყო უკანონო... გამოძიების მიმდინარეობის პროცესში საქმის მთავარი გამომძიებელი ეკითხება გამომძიებელ დაბრუნდაშვილს, რომ თითქოს დაკავების ოქმში ტექნიკური შეცდომაა და იქ სხვა ციფრი უნდა დაეწერათ... ამით თითქოს აღმოფხვრეს დაკავების ოქმის პრობლემა... ეს არის სიცრუე ჩემი ღრმა რწმენით და განიზრახავდა გაესწორებინათ დაშვებული შეცდომა. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის არსებითი დარღვევით.
მე არ ვამბობ, რომ ეს ანატოლი გიგაური არ არის, მაგრამ გამოძიების ხარისხზე საუბარი ვალდებულებად მიმაჩნია.
მე ვფიქრობ, რო ანატოლი გიგაურის დაკავება იყო ნაჩქარევი, ის ერთ-ერთი პირველი დააკავეს აქციების დროს..."
ლაშა ცუცქირიძის თანახმად "ბრალდებული ჯერ დააკავეს და შემდეგ მოხდა მტკიცებულებების მოგროვება", მისი სიტყვებითვე, დარწმუნებულია, რომ გიგაურს არ მოუტყუებია, "როდესაც მითხრა რომ მის მიერ განხორციელებული დარტყმა იყო თავდაცვის მიზნით".
"მან მითხრა სიტყვები, რომელიც არ დამავიწყდება -“მე ვარ ხევსური კაცი, მე არ შემიძლია ტყუილი და ტყუილს ვერ ვიტყვი.” - მე მას ვენდე და დავრწმუნდი, რომ ის ამბობდა სიმართლეს. ჩვენ გავრისკეთ და ვთქვით ის, რისი მტკიცებულებაც არ იყო... ჩვენ წავედით რისკზე... ქალბატონი თამარი [პროკურორი] ამბობდა, რომ გიგაური იტყუებოდა, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იყო... ამით მინდა იმის თქმა, რომ არცერთ მომენტში ჩვენ შეცდომაში არ შეგვიყვანია სასამართლო, როდესაც ვამბობდით, რომ ანატოლი გიგაურს სახეში ხელი პოლიციელმა დაარტყა".
ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ ვიდეომტკიცებულებებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ტელეკომპანია "იმედის" მიერ გადაღებული კადრების მოპოვება პროკურატურის მიმართვის საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
„8-წამიანი კადრი, სადაც მხოლოდ გიგაურის მოქმედება ჩანს მოპოვებულია ტელეკომპანია "იმედიდან"... ჩვენთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ "იმედი" იყო ტელევიზია, რომელიც იღებდა პროცესს... ჩვენ მივმართეთ ტელეკომპანია "იმედს", მათგან მივიღეთ პასუხი, რომ გარდა იმ კადრებისა, რაც ჰქონდათ ფეისბუკზე დადებული, სხვა კადრები არ არსებობდა... ჩიხში აღმოვჩნდით... მოვუწოდეთ ბრალდებას თავად მოეპოვებინა ეს ინფორმაცია... მე მინდა მადლობაა გადავუხადო პროკურორს ამისთვის... ბრალდების მხარემ მიმართა "იმედს" და მოიპოვა ეს კადრები....
ჩვენ უარი გვითხრეს, მაგრამ რატომღაც პროკურორმა როცა მიმართა, მისცეს კადრები და გაგვიცვალეს ვიდეომტკიცებულებები... უკვე ნათელი იყო ჩვენთვის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ ანატოლი გიგაურს სახეში ხვდება პატრულ-ინსპექტორის ხელი... ეს კადრი დაათვალიერა პოლიციელმა საქმის გამომძიებელმა თეოდორე გიორგაშვილმა, საქმეში დევს დათვალიერების ოქმი, ვიდეოკადრის, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს გიგაურს გაბუნია ხელს... დათვალიერების ოქმში ეს ფაქტი საერთოდ არ არის აღნიშნული... ან უყურადღებოდ ათვალიერებს ან მიზანმიმართულად არ ასახავს ფაქტს, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ გიგაურს ხელს ურტყამს დაზარალებულად ცნობილი პირი გაბუნია. ეს ხაზს უსვამს გამოძიების არაობიექტურობას... გამოძიება ორიენტირებული უნდა იყოს გამამტყუნებელი მიზნით მტკიცებულებების მოპოვებაზე, ასევე გამამართლებელი მტკიცებულებების მოპოვებაზე... მინიმუმ ამ ერთი მაგალითით დასტურდება, რომ გამოძიება ყოველმხრივ არაა ჩატარებული".
ადვოკატმა თქვა, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმე პატრულ-ინსპექტორების ჩვენება ვიდეომტკიცებულებებს ეწინააღმდეგება.
„როცა საქმე ეხება მათ კოლეგა პოლიციელებს, ყველა მათგანი ცრუობს", - თქვა ადვოკატმა.
„იქამდე, სანამ გიგაური ხელს მოუქნევს გაბუნიას, კარგად ჩანს, რომ გვანცა ხვიჩია დგას პიკაპის წინ და გვერდით - ანატოლი გიგაური [გვანცა ხვიჩია პოლიციელია და დაზარალებული პოლიციელის, ვახტანგ გაბუნიას მეწყვილე].
„გვანცა ხვიჩიამ თქვა, რომ ერთი მეტრის რადიუსში ვიყავი და კარგად ვხედავდი გაბუნიას და გიგაურს და არაფერი მეფარებოდა, რომ ისინი დამენახაო, აი, ამ მომენტში, როცა კარგად ჩანს როგორ ამოარტყამს მუჭს გაბუნია გიგაურს, რატომღაც ამას ვერ ხედავს. გვანცა ხვიჩიას მარცხენა მხარეს არის გიგაური და მის წინ გაბუნია... გვანცა ხვიჩია ამტკიცებს, რომ ხედავს რაციას, როგორ იძახებს დახმარებას რაციით, მაგრამ დარტყმას ვერ ხედავს, რაც ერთი წამის ფარგლებშიც იყო.. ამით დგინდება, რომ მან კარგად დაინახა ყველაფერი, მაგრამ იცრუა... იმას, რომ გვანცა ხვიჩია არ არის გულწრფელი, აჩვენებს ის, რომ დაცვის მხარემ მას აჩვენა კადრი, მაგრამ გვანცა ხვიჩიამ ახსნაც არ სცადა... ასეთი რამ თქვა: სახეში გიგაურის დარტყმის კადრი არ მინახავს, რადგან ეს ფაქტი არ არსებობს, გამორიცხა ის, რაც რამდენიმე წამის წინ თავად ნახა... მან სასამართლო განზრახ შეიყვანა შეცდომაში".
ადვოკატმა დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის ვახტანგ გაბუნიას ჩვენებაც შეაფასა: „თავს დაესხა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ვახტანგ გაბუნიას და დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში".
„ანუ ბრალდება სახის გარდა სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმასაც გვედავება... მოვიდა ვახტანგ გაბუნია სასამართლოში და ამბობს, გიგაურმა ფეხი დამარტყა ფეხშიო.. ბრალის შესახებ დადგენილებაში პროკურორი ასახავს - სხეულის სხვადასხვა არეშიო. არ მომისმენია ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ გარდა სახისა და ფეხისა ანატოლი გიგაურმა დაზიანება მიაყენა, ხელი, ფეხი დაარტყა ვახტანგ გაბუნიას... ბრალის შესახებ დადგენილება მინიმუმ არის ცრუ..."
ადვოკატმა გაბუნიას ჩვენების პერიფრაზიც წაიკითხა:
„გიგაური ქურთუკზე მებღაუჭებოდა და შესვლაში ხელს მიშლიდაო... მინიმუმ ეს ფაქტი არის სიცრუე, რასაც გვაწვდის გაბუნია და დადასტურებული სიცრუე თუ ვიდეოკადრებს შევადარებთ... ზედატანზე დამეჯაჯგურაო და მაგ დროს დამარტყა მარცხენა ფეხზე, წვივშიო. არცერთ დროს, სანამ გიგაური ხელს არ უქნევს გაბუნიას... ეს ფაქტი არ ფიქსირდება... მიუხედავად იმისა, რომ ამავდროულად გაბუნია გვეუბნება, როცა კითხვას ვუსვამთ, რომ იყო სიმჭიდროვე...
ვეკითხები დაიხარე თუ არა, რომ დაგენახა ფეხი? - სიმჭიდროვე იყო და ვერ დავიხრებოდიო, მართლაც, არ იხრება. თავის დაწევის ფაქტი, როცა გაბუნია ამბობს, რომ ფეხში დამარტყაო, არ ჩანს.. კითხვაზე საიდან იცის, ვისი ფეხი იყო, მოწმე ამბობს, რომ რადგან ახლოს იყო ეს იქნებოდა მისი ფეხი. ფაქტობრივად, გვიდასტურებს, რომ მისი ვარაუდია...
არანაირი ფეხი მას არ მოხვედრია და ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა მისი ნაამბობისა, ეს არის ფაქტი, რბილად რომ ვთქვათ. არის სიცრუე, რომელიც მოიგონა ან საგამოძიებო უწყებამ ან მოწმემ, რომ ვითარება დაამძიმოს".
ადვოკატის თქმით, პოლიციელმა საერთოდ გამორიცხა გიგაურისთვის ხელის დარტყმა.
„როცა ვკითხე დაარტყი თუ არა ხელი გიგაურს-მეთქი, მან საერთოდ გამორიცხა ეს ფაქტი, შემთხვევით მოქნეული ხელიც გამორიცხა, თუმცა ამავდროულად კადრებში კარგად ვხედავთ, რა სიძლიერით ხვდება მისი ხელი გიგაურს და როგორი რეაქცია აქვს მას, კეპიც კი უვარდება... ვიდეოში კარგად ჩანს, "რატომ დამარტყის" როცა ეუბნება გიგაური გაბუნიას. ვერც ეს ფაქტი გაიხსენა.. ძირითადი გარემოება, რაც არსებითია.
„ვახტანგ გაბუნია ჩვენებაში ამბობს, რომ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და გამოიძახა სასწრაფო.. როცა ვკითხე სასწრაფომ ხომ დაგათვალიერა-მეთქი - კიო და ოქმიც შეადგინაო, თუმცა რამდენიმე წამში, 15-20-ში ასწორებს თავისივე ჩვენებას, რადგან კარგად ვიცით, რომ სასწრაფო სამმართველოშია გამოძახებული და არა აქციაზევე. ის ხვდება, რომ ჩვენ ეს ვიცით და ასწორებს ნათქვამს - სასწრაფო სამმართველოში გამოვიძახეთო...
სასწრაფო ღამის სამ საათზეა გამოძახებული, როცა ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია, ანუ ოთხი საათი სტკივა მას და ოთხი საათის შემდეგ ახსენდება, რომ გამოიძახოს სასწრაფო, არაფერი არ სტკივა მას, არაფერ ტკივილს არ განიცდის, გამომძიებელმა გაახსენა მას, სასწრაფო გამოიძახეო... სასწრაფოს დოკუმენტაციაში წერია, რომ გადმოცემით, ვახტანგ გაბუნია ტკივილს განიცდის, ობიექტური გარემოება ფიზიკური ზიანისა არ აქვს სასწრაფოს ასახული... ტკივილი არის მოგონილი ფაქტი და არ შეესაბამება სიმართლეს".
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასკვითი სიტყვება წარმოთქვა ანატოლი გიგაურმაც
რა თქვა ანატოლი გიგაურმა
ანატოლი გიგაურმა სასამართლოს დარბაზში დამსწრეებს მოუწოდა „ყველამ შეხედოს კადრებს და იყვნენ მოწმეები მისი სიმართლის". მისი სიტყვებით, „კოდექსებით გაწვრთნილი არაა და გლეხურად ისაუბრებს".
„აქციაზე ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, გვესაჭიროება ხმის გამაძლიერებელი, ვისაც ვუჭერ მხარს, იმ პარტიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს მანქანა შემოეყვანათ, მერიოტთან იყო პოლიციელების კორდონი. 30 საპატრულო მანქანა იდგა. გააჩერეს ჩვენი მანქანა. როცა გავიგეთ, რომ მანქანა გააჩერეს ამოვედი მერიოტთან და ჩემს გვერდზე იყო გიორგი ვაშაძე და ვაშაძეს ველაპარაკებოდი, რა გავაკეთოთ-მეთქი.
ამ დროს რომ მივედი, ბიჭებო, რატომ აჩერებთ, მეც ყოფილი თანამშრომელი ვარ-მეთქი.. ჩაცმულობითაც შესაბამისობაში ვიყავი.. სად მუშაობთ-მეთქი, ერთ-ერთს ვკითხე, გამოდგა დიღმის მასივის ერთ-ერთი თანამშრომელი პოლიციელი. მან მითხრა, ხალხი მოიყვანეთ ბევრი და შეგიშვებთო. ვუთხარი ვაშაძეს, რომელიც წავიდა ქვევით და მეც გავყევი.. ვაშაძემ გამოაცხადა, უსამართლოდ გვექცევიან და მოგვეშველეთო... ადამიანები დაიძრნენ მერიოტისკენ... როგორც კი მოვგროვდით ბევრი ხალხი, ეს მანქანა შემოუშვეს.. ერთი ჩადგა წინ, რომ ხალხი არ გადმოვიდეს..
ამ დროს პირველი ტყუილი პოლიციელებისგან ითქვა ის, რომ ხუთი წუთი გაგვაჩერეს. ნაკადს მოვყვებოდით, ჩემ გვერდით იყვნენ პოლიტიკური ფიგურები, სოფო და თიკა [ბოკუჩავა და ჯაფარიძე].... წინ მოდის გაბუნია, მეორე მოსდევს, ამ ხალხს ყრიან აქეთ-იქით და მანქანის წინ დგებიან. ამაზე გამოვხატე პროტესტი - რას აკეთებთ.
ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით მინიჭებული მანიფესტირების უფლება და ვინ გვიზღუდავს ამ უფლებას-მეთქი? თბილისის პოლიციის რომელიღაცა განყოფილების რომელიღაცა პოლიციელი გვიზღუდავს.
ეგენი აღარ არიან პოლიციელები, ეგენი არიან კანონდამრღვევები...
შემოდიან ესენი, მივდივარ მე და ვეუბნები ქალბატონს [პოლიციელს] გადაიწიეთ-მეთქი, ამ დროს მხვდება სახეში მუშტი, მივდივარ, მე ვფიქრობდი, რომ ხელი მომეკიდა. მისი იდენტიფიცირება მინდოდა... ის იგინება ძალიან უხეშად და უღირსად, მუნდირის მატარებელმა კაცმა ეგ როგორ უნდა იკადრო. მაყენებს შეურაცხყოფას და იგინება, ცდილობს დარტყმას, ამ დროს ჩემი მიზანი არის, მინდოდა დამერტყა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს არის პროვოკაცია და მოვიშორო... ვნახე ვიდეო, ქარელელმა ბიჭმა მაჩვენა შენი ვიდეო დაიდოო და ვნახე ეგ მომენტი ხელს ვკრავ, თუ გინდათ სროლად ჩათვალეთ, მე ვკრავ ხელს, რომ მოვიშორო, ვიცი, რომ ეს არის პროვოკაცია... ეს პოლიციელები - გარკვეული ჭორების დონეზე მოვიდა ჩემთან ინფორმაცია, მათი ხელმძღვანელი - უშუალოდ მე რომ გეუბნებოდით, მათი მოქმედებების მიღმა 50 პოლიციელი იდგა და მაგ ხელმძღვანელთან ერთად მოქმედებდა იმედის ტელევიზია...
თავიდანვე ჰქონდათ კამერები ჩართული, ერთი მანქანის მარცხენა და მეორე მარჯვენა მხრიდან, იმ ადგილისკენ მომართული, სადაც ეს ყველაფერი უნდა მოხდეს. ჩემს ხელს უმიზნებს კამერა, რომ დააფიქსიროს და აიღოს კადრი, რისთვისაც იქაა.
რაც წამოსცდა გაბუნიას, მანამ მნახა ვაშაძესთან ერთად, აქედან ვფიქრობ, რომ ის წინასწარ ჩემი სიძულვილით იყო გამსჭვალული. მას ჰქონდა მითითება, რომ მხარს ვუჭერდი ნაციონალურ მოძრაობას და გავხდი მისი ზიზღის ობიექტი. გამოვდივარ, რუსთაველს ვტოვებ, მე ვიცი ჩემი გამოცდილებიდან, რაც ხდება და ვეფხი და მოყმესთან სანამ მოვედი, ჩემი მეგობარი საუბრობს ტელეფონზე, ჩვენ ვიყავით მთელ სისტემაში აყვანილი... ამ დროს უკვე ვაკონტროლებ სიტუაციას და ვიწყებ მანქანიდან ყურებას..."
ამის შემდეგ, ანატოლი გიგაურმა უშუალოდ დაკავების მომენტი აღწერა:
„ვხედავ, როგორ მოდის პოლიციის ხუთი მანქანა".
აღწერა, როგორ გადმოვიდნენ პოლიციელები ავტომანქანიდან და როგორ შეუკრეს ხელები ზურგს უკან.
„წარბი გამიხეთქეს, დამაგდეს და ნეკნებში წიხლებს მირტყამდნენ. რუსებმა ვერ მომკლეს და თქვენ მაინც მომკალით, ვუთხარი".
გიგაურის თქმით, მას შემდეგ, რაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, წაიყვანეს სამმართველოში და მერვე სართულზე აიყვანეს.
„ცირკობდნენ, ამ ვითარებას რომ შევხედე ვთქვი, დუმილის უფლებას ვიყენებ მეთქი", - ამბობს გიგაური და აგრძელებს:„გაბუნიამ რომ მუშტები მირტყა თავში, სამედიცინო ფოტო შეგიძლიათ ნახოთ, რომ მე ჰემატომები მაქვს თავზე... ის მართალია, რომ ამბობს არ ჰქონდაო მერე გამიჩნდა.. მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ისეთ ბინძურ სიტყვებს მეუბნებოდა როგორაა საერთოდ პოლიციელი. მე იქაც შევუბრუნე ამას ხელი, რომ დამიწყო თავში რტყმა ეს ბორკილებიანი ხელი შევუბრუნე.
„შენი იდეინი დედაო“ და დამარტყეს. მოძალადე და კრიმინალები არიან, რა მუნდირის პატივისცემა.
ღამეებს ვათენებდი, ვვარჯიშობდი ვშრომობდი ვიბრძოდი იმისთვის, რომ დავმდგარიყავი კვარცხლბეკზე და ამეწია საქართველოს დროშა და მომესმინა საქართველოს ჰიმნი... შემდეგ გავხდი პედაგოგი სპორტის და ვასწავლიდი 100 ბავშვს. ისე აღვზარდე ისინი არავის უყაჩაღია და მოუპარია... გარკვეული უსამართლობის გამო დავტოვე პედაგოგიური სამსახური და შევედი შეიარაღებულ ძალებში. ჩემი მაღალი პასუხისმგებლობით მივაღწიე იმდენს, ყველაზე ურთულესს თუ რამე არსებობს ამიერკავკასიაში, გავიარე ყველაზე დიდი შერჩევა და გავხდი სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების წევრი. ღირსება ერთგულება თავდადება ეს არის ჩემი მიზანი, ვემსახურო ჩემს ქვეყანას ღირსებით, ერთგულებით, თავდადებით..
ტყვიაზე წასვლაც კი, მარტო ტყვიაზე წასვლა კი არა, 300 ვითომ თანამებრძოლი დამიპირისპირდა კიდევაც, რომ 2008-ში იარაღი დამეგდო. დავურეკე და ვუთხარი პაპაჩემს - ყველამ იარაღი დააგდო და მე ვერ შევძელი მეთქი, მერე ეგ მინდოდაო? - მე ტელეფონი გავთიშე. მე მინდოდა, ეს ჩემს ღირსებს უნდოდა ეს.
მე ვარ ციხეში უსამართლოდ. იცით, როგორი შეურაცხყოფილი ვარ? მაგრამ ამას ვიტან ღირსებით. პაპაჩემმა მითხრა სამართალი ურმით დადის და შენს სახლთანაც გაჩერდებაო...
პროკურორი არის წვეთი ვედროში, მე ვარ ნიავი, რომელიც ამ წვეთს ამოაშრობს...
მე თუ ასე მექცევიან, თქვენ წარმოგიდგენიათ გლეხი, რომელმაც ყველის ამოყვანა იცის საუკეთესოდ და პროდუქტის წარმოება იცის საუკეთესოდ, მათ რას უზამენ? მე მინდა, რომ ყველა ღირსეულად ცხოვრობდეს.
ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც შეუძლია არგუმენტირებულად გითხრათ, რატომ უნდა დავაბრუნოთ უმაღლესი სასამართლო იერარქია ქარელში. ასე რომ, თუ ვინმე არის პასუხისმგებლობიანი ადამიანი, ეს ვარ მე. და თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ ჩემზე მეტი პასუხისმგებლობიანია, მოჰყვეს ვინ იყო. ვიბრძოდი ამ ქვეყნის დასაცავად, არ დამიზოგია თავი, ვიბრძოდი ტერორიზმის წინააღმდეგ ავღანეთში, საქართველოს დროშა არ დამიშვია და იქ ვაფრიალებდი მუდმივად. დედაქალაქ ქაბულში, სადაც ნატოს ხუთვარსკვლავიან გენერლებს მიჰყავდათ ოპერაციები, იმ ოთახსაც ვიცავდით ჩვენ", - თქვა ანატოლი გიგაურმა.
დღევანდელი 21 ივლისის სხდომა, გიგაურის დასკვნითი სიტყვით დასრულდა, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია გადაწყვეტილებას 28 ივლისს 10:30-ზე გამოაცხადებს.
ანატოლი გიგაური 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების თანახმად ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული, მისი დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი