ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა.

2026 წლის 25 ნოემბერს კლინიკაში გარდაიცვალა 31 წლის ილია ისაევი, - კაცი, რომლის ბინაში, ქვემო ფონიჭალაში, გაზის აფეთქებასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს.

ილია ისაევი აფეთქების, 19 ნოემბრის შემდეგ, უმძიმესი, კრიტიკული მდგომარეობით კლინიკაში, დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული.

მისი გარდაცვალება დაადასტურა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

ვინ იყო ილია ისაევი

ილია ისაევი ფონიჭალაში გაიზარდა და თბილისის №127-ე საჯარო სკოლა დაამთავრა.

მოგვიანებით ის დედასთან ერთად ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. თბილისში აფეთქების წინა დღეს ჩამოვიდა.

ასევე ნახეთ

„მოუშუშებელი იარა“ - რა ვიცით ფონიჭალაში დაღუპულებზე

რა მოხდა ფონიჭალაში

19 ნოემბერს დილით ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.

კორპუსის ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

ასევე ნახეთ

საქართველოში გლოვის დღეა ქვემო ფონიჭალაში ექვსი ადამიანის დაღუპვის გამო

მთავრობის განკარგულებით, ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. საქმე სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევას ეხება.

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის თქმით, კომპანიამ აფეთქებამდე ბინის შემოწმება ვერ შეძლო, რადგან მესაკუთრე თბილისში არ იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ

გაზის დეტექტორი და უსაფრთხოების სხვა წესები - კიდევ ერთხელ თავდაცვაზე