პოლონეთში წარწერების - „დიდება უპა-ს“ - საქმეზე ექვსი პირი დააკავეს

ქალი და კაცი უკრაინის და პრლონეთის დროშებით. (საილუსტრაციო ფოტო)

პოლონეთში ვარშავაში მდებარე ძეგლებზე წარწერების გაკეთების საქმეზე ექვსი ადამიანი, მათ შორის უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ პოლონეთის პოლიცია იტყობინება.

საქმე ეხება ვოლინში მეორე მსოფლიო ომის დროს მასობრივი მკვლელობების მსხვერპლთა მემორიალურ ძეგლზე, რასაც პოლონეთში გენოციდად მიიჩნევენ, ვარშავის გეტოს გმირების ძეგლსა და პოლონეთის ჯარის 1-ლი არმიის ჯარისკაცების ძეგლზე წარწერებს.

მათზე წითელი საღებავით დააწერეს „დიდება უპა-ს“ [უკრაინის მეამბოხეთა არმია] და დატოვეს სტიკერები QR-კოდებით, რომლებიც ამ შეიარაღებული ფორმირების შესახებ მასალებს შეიცავს.

გამოძიების მონაცემებით, წარწერები 13-დან 14 ნოემბრის ღამეს გაჩნდა. მათ შემსრულებლებს 1000-1000 ზლოტი (დაახლოებით 245 დოლარი) უნდა მიეღოთ. შეკვეთები და ინსტრუქციები "მესენჯერის" საკომუნიკაციო არხით მეშვეობით გადაიცემოდა. გარდა ამისა, ორგანიზატორები ვროცლავში ეძებდნენ სხვა პირებს, რომლებსაც შეეძლოთ მსგავსი წარწერების გაკეთება ვოლინის ტრაგედიასთან დაკავშირებულ ძეგლებზე.

დაკავებულები არიან პოლონეთის 32 წლის მოქალაქე და უკრაინის ხუთი მოქალაქე, რომელთა ასაკი 16, 19, 24, 20 და 31 წელია.

პოლონელს ბრალი წაუყენეს პოლონეთის წინააღმდეგ უცხოური დაზვერვის სახელით მოქმედებაში, ძეგლის შეურაცხყოფასა და თაღლითობაში. 24 და 31 წლის ორ უკრაინელს ბრალად ედებათ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა, უცხოური დაზვერვის საქმიანობაში მონაწილეობის ორგანიზება და ძეგლის შეურაცხყოფა. გამოძიებამ სასამართლოს მათი დაპატიმრება სთხოვა, მაგრამ სასამართლომ უარი თქვა, რის გამოც ისინი დეპორტირებულ იქნენ.

ასევე ნახეთ

ვინ მოხვდება უკრაინის ეროვნულ პანთეონში და რატომ აპროტესტებს ამას პოლონეთი?


პოლონეთის პოლიცია მიიჩნევს, რომ დაკავებულებს შეეძლოთ ემოქმედათ ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში რუსეთის საგარეო დაზვერვის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შესაძლოა დაინტერესებული ყოფილიყო კიევსა და ვარშავას შორის კონფლიქტის გამწვავებით ისტორიასთან, მათ შორის უპა-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ნოემბრის დასაწყისში გამოცემა Most-ი წერდა, რომ ბელოსტოკის ემიგრანტულ ტელეგრამ-ჩატში ეძებდნენ ადამიანებს, ვინც მზად იყო პოზნანში მდებარე ძეგლებზე „დიდება უპა-ს“ დაეწერა, სამუშაოსთვის კი 500 დოლარს ჰპირდებოდნენ.

ასევე ნახეთ

რუსეთი პოლონეთში დივერსიას ამზადებდა