ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ცხინვალი

ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებულ თამაზ გოლოევს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ახალი ამბების სააგენტო RES-ის ცნობით, ეს სიახლე 27 ნოემბერს საღამოს ქართულმა მხარემ „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს“ აცნობა.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „ბრალდებები სრულიად აბსურდულია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“.

ვინ არის თამაზ გოლოევი

თამაზ გოლოევი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აპრილში დააკავა და უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობაში დასდო ბრალი.

სუსის ინფორმაციით, გოლოევი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო „სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების“ თანახმად, მას ასევე აქვს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა“.

27 წლის თამაზ გოლოევი (გოლოთი) ახალგორელია. ის მამით ოსი და დედით ქართველია. ცხინვალში სწავლობდა და ხშირად ჩადიოდა თბილისში.

ასევე ნახეთ

ცხინვალიდან მოითხოვეს ჯაშუშობაში ბრალდებული გოლოევის გათავისუფლება - მის დაკავებას „გატაცებასა“ და „პროვოკაციას“ უწოდებენ

თამაზ გოლოევს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 22 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე თამაზ გოლოევი „გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი“ (რა ფსევდონიმი ჰქონდათ მისთვის შერჩეული, სუსი არ აზუსტებს).
  • 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დახურულ სხდომაზე, თამაზ გოლოევს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
  • მართალია, სუსმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნისთვის ჯაშუშობდნენ საქართველოს მოქალაქეები, სახელისუფლებო ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2-მა“ და „იმედმა“ რუსეთზე მიანიშნეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის “საგარეო საქმეთა სამინისტროში” აცხადებდნენ, რომ ახალგორის მკვიდრს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობაში „მოგონილი საბაბით“ დასდო ბრალი.

ასევე ნახეთ

ოკუპირებული ცხინვალში აცხადებენ, რომ "ძალიან აღელვებთ" ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გოლოევის ბედი