როგორც ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რესი" წერს, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტის" მრჩეველმა, ჟენევის მოლაპარაკებებში, ოსური მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოჩიევმა, მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქმე ეხება საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული თამაზ გოლოევს.
"გაიტაცეს სტუდენტი თამაზ გოლოევი, რომელიც მეზობელ სახელმწიფოში თავის საქმეზე იყო გასული და ჩვენ ძალიან გვაღელვებს მისი ბედი, ეს ძალიან უარყოფითი სიგნალია ჩვენი პროცესისთვის, დისკუსიისთვის კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ", - თქვა კოჩიევმა.
გოლოევის საქმე
თამაზ გოლოევი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აპრილში დააკავა და უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობაში დასდო ბრალი.
თამაზ გოლოევს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სუსის ინფორმაციით, გოლოევი საქართველოს მოქალაქეა; ხოლო "სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების" თანახმად, მას ასევე აქვს “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა”. 21 აპრილს გოლოევმა - “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის” სტუდენტმა - საკონტროლო გამშვები პუნქტი „რაზდახანი“ გადაკვეთა.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 22 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე თამაზ გოლოევი „გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი“ (რა ფსევდონიმი ჰქონდათ მისთვის შერჩეული, სუსი არ აზუსტებს).
- 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დახურულ სხდომაზე, თამაზ გოლოევს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
- მართალია, სუსმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნისთვის ჯაშუშობდნენ საქართველოს მოქალაქეები, სახელისუფლებო ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2-მა“ და „იმედმა“ რუსეთზე მიანიშნეს.
- 27 წლის თამაზ გოლოევი (გოლოთი) ახალგორელია. ის მამით ოსი და დედით ქართველია. ცხინვალში სწავლობდა და ხშირად ჩადიოდა თბილისში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის “საგარეო საქმეთა სამინისტროში” აცხადებენ, რომ ახალგორის მკვიდრს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობაში „მოგონილი საბაბით“ დასდო ბრალი.
ამასთან, როგორც სააგენტო "საპა" წერს დე ფაქტო პრეზიდენტის „სრულუფლებიანმა წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში“ ეგორ კოჩიევმა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მეშვებით ქართულ მხარეს შეკითხვები დაუსვა გოლოევთან დაკავშირებით.
"პასუხები გაეცა, მათგან მხოლოდ ერთს - ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც ისინი აფასებენ, როგორც ნორმალურს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ოსური მხარის თანახმად, უპასუხოდ დარჩა შეკითხვები, მისი სამართლებრივი სტატუსის შესახებ, ასევე მოინახულეს თუ არა გოლოევი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა. ამასთან კოჩიევმა "შეკერილი" საქმის შეწყვეტა და სტუდენტის "სამშობლოში დაბრუნებაც" მოითხოვა.
რადიო თავისუფლება გოლოევის დედას მაიას ტელეფონით დაუკავშირდა. ხარვეზიანი სატელეფონო კავშირის გამო, მხოლოდ იმის გაგება გახდა შესაძლებელი, რომ მას შვილთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ჰქონია, თუმცა ჰყავს ადვოკატი. ვერ მოხერხდა ადვოკატის ვინაობის გარკვევა.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, გოლოევს ადვოკატის მომსახურებით არ უსარგებლია.
რაც შეეხება "წითელი ჯვრის" წარმომადგენლების შეხვედრას გოლოევთან, ამ თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციას დაკავებულის დედამ მიმართა. როგორც ორგანიზაციაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ჯერჯერობით შეხვედრა არ შემდგარა, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
ფორუმი