ნორვეგიაში დაფუძნებული „ირანის ადამიანის უფლებათა“ (IHR) ორგანიზაციისა და პარიზში მოქმედი „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ცალ-ცალკე გავრცელებული განცხადებების თანახმად, მეჰდი მაჰმუდიანი, რომელიც ჯაფარ ფანაჰის 2025 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმის, „ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო“ (It Was Just An Accident), სცენარზე მუშაობდა - ოთხშაბათს მას შემდეგ დააკავეს, რაც მიმდინარე კვირის დასაწყისში აღნიშნული ინფორმაცია საკუთარ Telegram-არხზე გამოაქვეყნა.
დაკავება იმ ფონზე მოხდა, როდესაც უფლებადამცველი ჯგუფები ხელისუფლებას იანვრის საპროტესტო აქციებისა და აშშ-სა და ისრაელთან მიმდინარე ომის კვალდაკვალ, პოლიტპატიმრების სიკვდილით დასჯის ფაქტების გახშირებაში ადანაშაულებენ.
მაჰმუდიანმა გაასაჯაროვა სასამართლო უწყების ოფიციალური შეტყობინება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 2022 წლის მოძრაობა „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლების“ ორი მონაწილე - 27 წლის მილად არმუნი და 34 წლის ნავიდ ნაჯარანი, რომლებსაც უკვე მისჯილი ჰქონდათ სიკვდილით დასჯა - ოთხშაბათს უნდა ჩამოეხრჩოთ. უცნობია, საიდან მოიპოვა ჟურნალისტმა ეს დოკუმენტი, რომლის ავთენტურობის დაუყოვნებლივ დადასტურება ვერ მოხერხდა.
მათი ადვოკატის თქმით, განაჩენის აღსრულება მოგვიანებით გადაიდო, თუმცა IHR აღნიშნავს, რომ მათ კვლავ ემუქრებათ ჩამოხრჩობის საფრთხე.
IHR-ის ცნობით, მაჰმუდიანი დააკავეს და პოლიციის სამმართველოში „სასტიკად სცემეს და აწამეს“ - აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით მას სახეში ურტყამდნენ და თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს.
ორგანიზაციამ დასძინა, რომ თეირანის ციხეში გადაყვანამდე ის საავადმყოფოში მოათავსეს.
„მილად არმუნისა და ნავიდ ნაჯარანის მოსალოდნელი სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით, მეჰდი მაჰმუდიანმა ამ ორი დემონსტრანტის სიკვდილით დასჯის შეჩერებას შეუწყო ხელი“, - განაცხადა IHR-ის დირექტორმა, მაჰმუდ ამირი-მოღადამმა.
ნიუ-იორკში დაფუძნებული „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ (CPJ) ინფორმაციით, მაჰმუდიანმა ოჯახს მოკლე სატელეფონო საუბრისას შეატყობინა, რომ ის თეირანის დიდ ციხეში გადაიყვანეს და „დაკავებისას უსაფრთხოების ძალებმა სასტიკად სცემეს, რის გამოც სხეულზე ხილული დაზიანებები აღენიშნება“.
რადიო თავის"ფლების ირანული სამსახურის - „რადიო ფარდას“ წყაროების თანახმად, ოთხშაბათს, 24 დეკემბერს, უსაფრთხოების სამსახურის 20-ზე მეტმა თანამშრომელმა მეჰდი მაჰმუდიანის სახლი გაჩხრიკა და დაკავებისას მისი რამდენიმე პირადი ნივთი, მათ შორის ლეპტოპი და მობილური ტელეფონი ამოიღო.
წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ მაჰმუდიანმა დაპატიმრებიდან ერთი დღის შემდეგ, ხუთშაბათს დილით, თავის ახლობლებთან ხანმოკლე სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ იგი თეირანის დიდი
ციხის საკარანტინო განყოფილებაში ჰყავთ მოთავსებული.
RSF-ის განცხადებით, „მეჰდი მაჰმუდიანი რომ არა, საზოგადოება ვერ გაიგებდა, რომ ორი პოლიტპატიმრის“ სიკვდილით დასჯა იგეგმებოდა.
„ჟურნალისტიკა სიცოცხლეს იხსნის და მეჰდი მაჰმუდიანის გამბედაობა დაფასებას იმსახურებს. ამის ნაცვლად, ჟურნალისტი დააკავეს, დააპატიმრეს და, გავრცელებული ინფორმაციით, აწამეს სწორედ იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც მან ამხილა“, — განაცხადა RSF-ის ახლო აღმოსავლეთის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჯონათან დაგერმა.
მაჰმუდიანი, რომელიც თავისი საქმიანობის გამო არაერთხელ დაუპატიმრებიათ, ბოლოს 31 იანვარს დააკავეს და ორ კვირაზე მეტხანს ჰყავდათ პატიმრობაში მას შემდეგ, რაც ფანაჰისა და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ხელი მოაწერა განცხადებას, რომელიც გმობდა იანვრის საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევას - აქციებისა, რომლებსაც, აქტივისტების თქმით, ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.