ლიბიის ქალაქ ბენღაზის პორტში საზღვაო დრონებისგან დასაცავად დააყენეს მუდმივი ბონური ღობურები და შემოსაზღვრეს რუსეთის ნახევრად ჩაძირული კორვეტი „მერკური“, რომელზეც 22 ნოემბერს განხორციელდა თავდახსმა.
შაბათს, 28 ნოემბერს, გადაღებულ სატელიტურ ფოტოზე ჩანს, რომ პორტში შესასვლელის მცირე ზომის გემებით გადაკეტვის ნაცვლად, რომლებითაც მის სასწრაფოდ ჩაკეტვას ცდილობდნენ უკრაინის უეკიპაჟო კატარღების თავდასხმისთანავე, გაჩნდა ბონური ღობურა - ისეთივე, როგორსაც რუსეთი შავი ზღვის პორტებსა და ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდთან იყენებს.
ფოტო ასევე საშუალებას იძლევა, უკეთ გამოჩნდეს იმავე დღეს უკრაინის საზღვაო დრონით დაზიანებული მშრალტვირთმზიდი „ანგარას“ დაზიანებები. ამჟამად „ანგარას“ გვერდით კიდევ ერთი სამოქალაქო გემია მიმდგარი.
მანამდე რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ „მერკურიზე“ და „ანგარაზე“ უეკიპაჟო კატარღებით დარტყმის მომდევნო დღეს ბენღაზის მახლობლად მდებარე რუსეთის ავიაბაზა „ალ-ჰადიმზე“ დაეშვა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-124, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია.
როგორც 28 ნოემბერს საღამოს გახდა ცნობილი, მოსკოვის მოკავშირე ხალიფა ჰაფთარის მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ლიბიის ხელისუფლება ბენღაზის პორტზე მიტანილი დარტყმის გამო უკრაინისგან კომპენსაციას მოითხოვს.
უკრაინის ქმედებები დაგმეს გერმანიამ და იტალიამ, ასევე გაეროს მიერ აღიარებულმა მთავრობამ, რომელიც დასავლეთ ლიბიას აკონტროლებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან სატელეფონო საუბარში აღიარა, რომ თავდასხმა ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციის გარეშე განხორციელდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ კი განაცხადა, რომ ლიბიის წყლებში განხორციელებული თავდასხმა თავდაცვის კანონიერი აქტი იყო. დარტყმა განახორციელეს სამხედრო გემზე, ასევე სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში ჩართულ ხომალდზე.