ბერა ივანიშვილი: ცილისწამების გამო სასამართლოს მივმართავ

„მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს“, - აცხადებს ბერა ივანიშვილი

ბერა ივანიშვილი „ქოლ-ცენტრების მფარველობასთან“ დაკავშირებული და სხვა ბრალდებების წინააღმდეგ სასამართლო დავას აანონსებს. მისი თქმით, ადვოკატად დაიქირავა დავით ასათიანი („ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე 2017-2025 წლებში).

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ვაჟი აცხადებს, რომ მის და მისი ოჯახის წინააღმდეგ „კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანია“ მიმდინარეობს.

„ქოლ-ცენტრების მფარველობაზე“

ივანიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში „კონკრეტული მედიასაშუალებები და პირები“ - რომელთაც ის ამ პოსტში არ ასახელებს, - ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოსდა იგი:

  • „თაღლითურ ქოლ-ცენტრებს“ მფარველობს;
  • მისი მითითებით ადამიანებს აპატიმრებენ და
  • მონაწილეობს უკანონო გარიგებებში.

მისი თქმით, „ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია“.

ბერამ ადვოკატად დავით ასათიანი დაიქირავა

30 სექტემბერს ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში ბერა ივანიშვილი წერს, რომ მისი ადვოკატი იქნება დავით ასათიანი.

დავით ასათიანი

დავით ასათიანი არის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ამ პოსტს 8 წლის განმავლობაში, 2017-25 წლებში იკავებდა.

ივანიშვილი მას ახასიათებს, როგორც „საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს“ და ამბობს, რომ მისი დახმარებით „თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებას“ სამართლებრივად უპასუხებს.

„ეს არაა შურისძიება“

ის აცხადებს, რომ „მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს“.

„მიმაჩნია, რომ ამ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა“, - წერს იგი.

ასევე ნახეთ

ბერას ბიზნესი საქართველოში - რას ფლობს და ვისთან ერთად?

ჯერ უცნობია, კონკრეტულად ვის უჩივის ბერა

სხვადასხვა მედიასა თუ იუტუბ-პოდკასტში არაერთხელ უხსენებიათ ბერა ივანიშვილი და დაუკავშირებიათ იგი კრიმინალურ სამყაროსთან და „თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან“, - თაღლითურ სქემასთან, რომლის გამოც ათობით ადამიანია პასუხისგებაში მიცემული.

  • ოფიციალური ბრალდებები ამ საკითხზე წაუყენეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს, ბიზნესმენ ძმებ მიქაძეებს;

ასევე ნახეთ

მილიონები ჩანთაში, ქოლცენტრები და „ღვთის ნება” - რის გამო გაასამართლეს გრიგოლ ლილუაშვილი?
  • ასევე, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, ყოფილ გენერალურ პროკურორს, - რომლის შვილიშვილის ნათლიაც არის ბერა ივანიშვილი; ფარცხალაძე ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ რაზმ „გეორგიევსკს“ ხელმძღვანელობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით.

ასევე ნახეთ

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის "გეორგიევსკს" რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს

ასევე ნახეთ

სუსის უფროსი, გენპროკურორი, მკვლელობის შემკვეთი, ჟურნალისტი და თაღლითი ერთ სქემაში – „ქოლცენტრების“ საქმე