რა მოხდა 2025 წლის 23 დეკემბერს, რის გამო დააკავეს სუსის ყოფილი უფროსი, რა ხდებოდა სასამართლო სხდომებზე დახურულ კარს მიღმა და, საბოლოოდ, რა გადაწყვიტა მოსამართლემ? - ეს არის გრიგოლ ლილუაშვილის საქმის ქრონოლოგია დაკავებიდან განაჩენამდე.
ლილუაშვილის საქმის სასამართლო განხილვა სრულად დახურული იყო. ჟურნალისტები სასამართლოს შენობის გარეთ ელოდებოდნენ პროკურორს ან ადვოკატებს, რომ სხდომის დასრულების შემდეგ გაეგოთ, რა ხდებოდა დარბაზში.
შესაბამისად, აქ მოთხრობილი ისტორია სხდომების შემდეგ პროკურატურისა და დაცვის წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებს ეყრდნობა.
დახურულ კართან - ლილუაშვილის ოჯახის მოლოდინი
დერეფანში ლოდინი მხოლოდ ჟურნალისტებს არ უწევდათ.
ლილუაშვილის პროცესებს ამ დროის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში ელოდებოდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები და მხარდამჭერები.
მოსამართლე მათ მხოლოდ სხდომის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ აძლევდა საშუალებას, რამდენიმე წუთით ენახათ და დალაპარაკებოდნენ ბრალდებულის სკამზე მჯდომ, ერთ დროს ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე მეტად დაახლოებულ და ძლევამოსილ უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს.
„მადლობა, რომ მოხვედით“, „მაგრად იყავით“, - ასეთი სიტყვებით ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. იყო ხუმრობებიც, მოკლე საუბრებში ჩატეული ჩვეულებრივი ამბების მოყოლაც.
შემდეგ სხდომა იწყებოდა და მათ დარბაზის დატოვება უწევდათ.
ლილუაშვილის ახლობლები იქვე, დარბაზის წინ მდგარ სკამებზე სხდებოდნენ სხდომის დასასრულამდე - ხშირად მრავალი საათის განმავლობაში.
23 დეკემბერი - როგორ დააკავეს ლილუაშვილი?
„როცა დამიბარეს, მოვედი. არ ვიცი არაფერი, ეტყობა, რაღაც დეტალები აინტერესებთ...“ - ამ განწყობით მივიდა გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში 2025 წლის 23 დეკემბერს - ვარაუდობდა, ყოველ შემთხვევაში, ამას აჩვენებდა საჯაროდ, რომ გამომძიებლებს მისთვის რამდენიმე საკითხზე ექნებოდათ კითხვები.
ჟურნალისტის შეკითხვაზე - ფიქრობდა თუ არა, რომ პროკურატურაში მისთვის ბრალი შეიძლებოდა წაეყენებინათ, ლილუაშვილმა უპასუხა: „ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ".
ამ საუბრიდან მალევე ის დააკავეს. პროკურატურა სუსის ყოფილ უფროსს ედავებოდა ოთხ ეპიზოდში ჩადენილ დანაშაულს.
ოთხი ეპიზოდი - რას ედავებოდნენ ლილუაშვილს?
პირველი ეპიზოდი
პროკურატურის მტკიცებით, 2022 წლის ოქტომბერში გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან, ჩაღათაი ულქერისგან, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, რომელიც მაშინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, ქრთამად აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისთვის.
რატომ არ დაკითხეს თურქი ინვესტორი?
თურქი ბიზნესმენის ჩვენება პირველ ეპიზოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა სასამართლოში ის არ დაუკითხავთ.
მის ნაცვლად სასამართლოში ჩვენება მისცა ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ. მან თქვა, რომ იყო თურქ ბიზნესმენსა და გრიგოლ ლილუაშვილს შორის შუამავალი და ბიზნესმენისგან მიღებული 1 მილიონი დოლარი ლილუაშვილს თავად გადასცა.
რატომ არ დაკითხა პროკურატურამ თურქი ბიზნესმენი და იყო თუ არა მისი დაკითხვის მცდელობა? ჩვენ ეს კითხვები გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორს, მარიამ ბერძენიშვილს, დავუსვით.
პროკურორმა თქვა, რომ თურქი ბიზნესმენი, ამ ეპიზოდის მთავარი ფიგურანტი, მართლაც არ დაუკითხავთ, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფებოდა.
„მასთან კომუნიკაცია ვერ დამყარდა, ის საკმაოდ აქტიურად არის დასაქმებული მის სფეროში და საქართველოში მისი ყოფნის ფაქტი არ დასტურდება, შესაბამისად, სასამართლოში ვერ მოხერხდა მისი დაკითხვა“, - გვითხრა მარიამ ბერძენიშვილმა. მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში რომეო მიქაუტაძის ჩვენებაც საკმარისია, რომელმაც ლილუაშვილისთვის თანხის გადაცემა დაადასტურა.
ლილუაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, მარიამ გოგორელიანი, ამბობს, რომ „თურქი ბიზნესმენის გამოკითხვა არც უცდიათ, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში, როცა გამოძიება მიმდინარეობდა, ის საქართველოში იმყოფებოდა.“
იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროკურატურა მართალს ამბობს, მას შეეძლო გამოეყენებინა ქვეყნებს შორის არსებული სამართლებრივი დახმარების მექანიზმები, რომლებიც ერთ ქვეყანაში მიმდინარე საქმის ფარგლებში სხვა ქვეყანაში მყოფი პირის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. რატომ არ გამოიყენა ეს მექანიზმი პროკურატურამ ლილუაშვილის საქმეზე?
„ამას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო და სასამართლოში იცით თქვენ, რომ შემჭიდროებულ ვადებში განიხილება, შესაბამისად ეს ვერ მოხერხდა… ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ვმუშაობდით, თუმცა შევიწროებული ვადებიდან გამომდინარე, ეს საკითხი ვერ მოხერხდა…თუმცა დამერწმუნეთ, მცდელობა არ დაგვიკლია“, - ამბობს პროკურორი. გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ის მოელის დაცვის მხრიდან გასაჩივრებას და ირწმუნება, რომ სააპელაციო სასამართლოში პროკურატურა ყველაფერს იღონებს ჩაღათაი ულქერის დასაკითხად.
პროკურორს ვკითხეთ ისიც, მათი ინფორმაციით, 1 მილიონი დოლარის ქრთამის ეპიზოდში ნახსენები ბიზნესმენი საქართველოში ამჟამად თუ ეწევა რაიმე ეკონომიკურ საქმიანობას. „საქართველოში მას არაერთი შპს აქვს რეგისტრირებული, მისი კომპანიები აქტიურია და ფუნქციონირებს. ჩემი რწმენით, ზუსტად ეს იყო მიზეზი, რატომაც მოეთხოვა მას ქრთამი, იმიტომ, რომ ის იყო აქტიური ბიზნესმენი და მას ჰქონდა რესურსი იმის, რომ კონკრეტული მოთხოვნილი თანხა გადაეხადა. დღეის მდგომარეობით, საქართველოში არ ყოფილა, თუმცა ზოგადად შპს-ები, რაც მის მიერ არის რეგისტრირებული, არის მუშა მდგომარეობაში.“
ურთიერთგაგების მემორანდუმი
რადიო თავისუფლებამ მოიძია 2026 წლის 4 ივნისით დათარიღებული განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე.
განკარგულებით მთავრობამ მოიწონა შეთანხმება, რომლითაც 2011 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავრობასა და „აჭარ ენერჯი-2007-ს“ შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებები უნდა შევიდეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, „აჭარ ენერჯი-2007-ის“ დირექტორი სწორედ ის თურქი ბიზნესმენია, რომლისგანაც, პროკურატურის ვერსიით, ლილუაშვილმა 1 მილიონი დოლარის ქრთამი მიიღო.
ამ განკარგულებით, მთავრობამ „აჭარ ენერჯი-2007-ის“ მიმართ არ გამოიყენა 2011 წლის მემორანდუმით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომელიც კომპანიის მიერ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას უკავშირდებოდა.
თუმცა ეს შეღავათი პირობითია: თუ კომპანია მემორანდუმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს კვლავ დაარღვევს, ადრე არგამოყენებული პირგასამტეხლო სრული ოდენობით აღდგება და კომპანიას მისი გადახდა დაეკისრება.
ჩაღათაი ულქერის საქართველოში საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაციაც მოვიძიეთ. მაგალითად, აჭარის მთავრობის მიერ 2025 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ამ პოსტში ჩანს მისი შეხვედრა მთავრობის მაშინდელ თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან.
როგორც აჭარის მთავრობა შეხვედრაზე გადაღებული ფოტოების აღწერაში წერს, ჩაღათაი ულქერი „აჭარ ენერჯი-2007-ის“ გენერალური მენეჯერია, კომპანია კი რეგიონში 2010 წლიდან ოპერირებს და "კირნათისა" და "ხელვაჩაური 1-ის" ჰიდროელექტროსადგურებს მართავს. მთავრობის გვერდის მიხედვით, კომპანიას აჭარაში 200 მილიონ დოლარზე მეტი აქვს ინვესტირებული.
რადიო თავისუფლება თურქ ბიზნესმენს, ჩაღათაი ულქერსაც დაუკავშირდა და კითხვები გაუგზავნა. მას ვკითხეთ, დაუკავშირდნენ თუ არა საქართველოს საგამოძიებო უწყებები ლილუაშვილის საქმის ფარგლებში და დაკითხეს თუ არა; ადასტურებს თუ არა პროკურატურის მიერ აღწერილ 1 მილიონი დოლარის გადახდას, და თუ გადაიხადა, რა მიზნით.
ულქერს ასევე ვკითხეთ, იმყოფებოდა თუ არა საქართველოში ლილუაშვილის დაკავების შემდეგ. კითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ არის დარჩენილი.
მეორე ეპიზოდი
პროკურატურის მტკიცებით, 2022 წლის თებერვალში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, ლილუაშვილმა კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას მოსთხოვა და გამოართვა 1 მლნ 500 ათასი ლარი.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, მარიამ გოგორელიანმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბიზნესმენმა გიორგი ხაჟალიამ ჩვენებაში განაცხადა, რომ ფული რომეო მიქაუტაძეს გადასცა და ლილუაშვილი არ უხსენებია.
„რა თქმა უნდა, გრიგოლ ლილუაშვილი ხაჟალიასგან - ანუ პიროვნებისგან, რომელსაც არ იცნობდა და იყო ერთ-ერთი რიგითი ბიზნესმენი - ბუნებრივია, მასთან პირად მოთხოვნას არ დააფიქსირებდა და პირადად, ფიზიკურად, რა თქმა უნდა, თანხას არ გამოართმევდა”, - გვითხრა ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა. მისივე განმარტებით, ლილუაშვილისთვის გადასაცემად ხაჟალიას რომეო მიქაუტაძემ მოსთხოვა ქრთამი და ეს ყველაფერი „სახელმწიფო ინტერესად“ წარმოაჩინა. „შემდეგ უკვე იკითხება რომეო მიქაუტაძე, რომელიც ამბობს, რომ თანხა მიტანილ იქნა გრიგოლ ლილუაშვილთან". პროკურორის მტკიცებით, რომეო მიქაუტაძის მიერ გამოძიებისთვის დასახელებულ თარიღებთან დაკავშირებით ამოიღეს ინტერნეტ ტრაფიკებიც და „რა თარიღებზეც საუბრობს რომეო მიქაუტაძე, სრულად თანხვედრაშია".
ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, დაკითხვისას ორივე ეპიზოდზე გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. მისი თქმით, ქრთამი ლილუაშვილთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში მიჰქონდა ჩანთით.
„რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კონკრეტულ 2 შემთხვევაში გრიგოლ ლილუაშვილმა აიღო ქრთამი…მოწმემ [რომეო მიქაუტაძემ] განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხილი, პირადად გადასცა და დავალებაც პირადად მიიღო, რომ მოეთხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისგან“, - განაცხადა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა რომეო მიქაუტაძის გამოკითხვის შემდეგ.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატები კი ამბობენ, რომ პატიმრობაში მყოფმა მიქაუტაძემ სასამართლოს „ცრუ ჩვენება მისცა“, რათა საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ.
მიქაუტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების მრავალჯერ ბოროტად გამოყენებასა და ამ გზით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ცნეს დამნაშავედ. მას 10 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
მესამე ეპიზოდი
პროკურატურის მტკიცებით, გრიგოლ ლილუაშვილი თავისი ნათესავის, ანდრია (სანდრო) ლილუაშვილის მეშვეობით მფარველობდა ქოლცენტრებს და ამ „ დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლულუაშვილმა ქრთამის სახით დაახლოებით 1 356 000 დოლარი მიიღო".
გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკაძის თანახმად, „გრიგოლ ლილუაშვილი, სხვა თანამზრახველებთან ერთად, უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ“.
გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის თქმით, დაკითხეს ლილუაშვილის პერიოდში მოქმედი ხუთი ქოლცენტრის მფლობელი. მან ე.წ. კასირად, რომელიც ქოლცენტრებიდან ნაღდ ფულს იღებდა, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ანდრია ლილუაშვილი, დაასახელა.
პროკურატურა ამბობდა, რომ ჰქონდათ მტკიცებულებები, რომ „ანდრია ლილუაშვილი ინტენსიურად მიდიოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გრიგოლ ლილუაშვილთან". გამოკითხეს დაცვის თანამშრომლებიც, რომლებმაც თქვეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ნანახი ჰყავთ ანდრია ლილუაშვილი.
პროკურატურა ამტკიცებს იმასაც, რომ მათ აქვთ ლილუაშვილებს შორის მიმოწერები სხვადასხვა ტიპის უძრავ ქონებებზე. ამ მიმოწერებში „მიმდინარეობდა მსჯელობა, რა ეყიდათ და რა არ ეყიდათ“.
„ამავე ქოლცენტრის სხვა მფლობელების და მმართველების მიერ დადასტურებული არის ის, რომ ანდრია ლილუაშვილმა მათ მფარველობა სწორედაც რომ აღუთქვა გრიგოლ ლილუაშვილის მეშვეობით“, - თქვა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.
ლილუაშვილის საქმის პროკურორმა თქვა ისიც, რომ „ადამიანები ჰყვებიან შემთხვევას, რომ როდესაც შევიდნენ ერთ-ერთ ქოლცენტრში სხვა დაჯგუფების წევრები და ითხოვდნენ მმართველობის გადაცემას, თუმცა შემდგომ, როდესაც გაირკვა, რომ ლილუაშვილების მფარველობის ქვეშ არსებული ქოლცენტრი იყო, დაურეკეს ქოლცენტრის ხელმძღვანელებს და ბოდიში მოუხადეს.“
პროკურატურის ვერსიით, თაღლითური ქოლცენტრების ნაწილში ეს არ არის ერთადერთი მტკიცებულება გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ. „აუდიო ჩანაწერი გვაქვს, როდესაც ეს ქოლცენტრი დაიხურა, პირდაპირ მიდის საუბარი იმაზე, თანხა რაც დარჩა ნაშთის სახით ქოლცენტრს, უნდა გაყოფილიყო ხუთ ადამიანზე. ამ ხუთი ადამიანიდან ოთხი ადამიანი იდენტიფიცირებულია და ერთ-ერთი არის ანდრია ლილუაშვილი." პროკურორმა თქვა, რომ ანდრია ლილუაშვილს დაუსვეს შეკითხვები მეხუთე ადამიანზე. „როდესაც ვკითხე, ვინ იყო ეს მეხუთე კაცი, სხვა მოწმეები ამბობენ, რომ ეს იყო გრიგოლ ლილუაშვილი, თუმცა ანდრია ლილუაშვილმა განმარტა, რომ მეოთხე კაციც და მეხუთე კაციც იყო თვითონ.“
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილს, ანდრია ლილუაშვილს, 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას ჩამოართვეს დაახლოებით 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 ერთეული უძრავი ქონება, 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სხვა ქონება.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატების თქმით, ანდრია ლილუაშვილმა უარყო, რომ ლილუაშვილი ქოლცენტრების საქმიანობას მფარველობდა ან იყო ამ საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩართული. „არანაირი მტკიცებულება არ არსებობს - არც აუდიო, არც ვიდეო და სხვა ნეიტრალური, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს ანდრია ლილუაშვილს ფულადი თანხები მიჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან“. რაც შეეხება მიმოწერებს უძრავ ქონებებზე, ადვოკატის თქმით, არცერთი ეს ქონება არც გრიგოლ ლილუაშვილს, არც ანდრია ლილუაშვილს და არც მათი გარემოცვის რომელიმე წევრს არ შეუძენია.
როგორ გამოჩნდა ჟურნალისტი ელისო კილაძე ქოლცენტრების საქმეში?
დაცვის მხარის მოწმეებს შორის იყო ჟურნალისტი ელისო კილაძეც, რომელიც თავადაც არის ბრალდებული თაღლითობისა და „ფულის გათეთრების“ საქმეზე.
საქმე უკავშირდება ე.წ. ქოლცენტრების დანაშაულებრივ სქემას. პროკურატურის თქმით, ელისო კილაძე არის წევრი დანაშაულებრივი ჯგუფისა, რომელშიც მის გარდა, ფიგურირებს არაერთი ადამიანი - მათ შორის, ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი ძმები გიორგი და დავით მიქაძეები, „სვეტის“ ხელმძღვანელი გივი ჯიბლაძე და სხვები.
მანამდე, სასამართლოში დაკითხულმა, „ქოლცენტრების საქმეში“ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, შპს „სვეტის“ ხელმძღვანელმა გივი ჯიბლაძემ ჩვენება მისცა გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ და ის ქოლცენტრების საქმიანობის მფარველობაში დაადანაშაულა.
კილაძემ, რომელიც დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა, ჯიბლაძის ჩვენებისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და როგორც ლილუაშვილის ადვოკატებმა თქვეს, „ძალიან უტყუარი ფაქტებით მოახდინა ბრალდების ერთ-ერთი ძირითადი მოწმის ჩვენების ანულირება სრულად".
სასამართლოში დაკითხეს ბიზნესმენი და ქოლცენტრების საქმის ერთ-ერთი ბრალდებული, ბიზნესმენი გიორგი მიქაძეც.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ, თქვა, რომ „დაკითხულმა ორმა მოწმემ [ელისო კილაძე და გიორგი მიქაძე] ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტეს, რომ რაიმე ფორმით გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობა ე.წ. ქოლცენტრებთან მიმართებაში საერთოდ არ ჰქონიათ.“ რაც შეეხება გივი ჯიბლაძეს, ადვოკატის თქმით, მან გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით მისცა, რადგან თავადაც ბრალდებულია ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე.
პროკურატურა კი ამბობს, რომ ლილუაშვილს იმ ქოლცენტრების მფარველობას არც ედავებიან, რომლებთანაც ელისო კილაძეს, გივი ჯიბლაძესა და გიორგი მიქაძეს აკავშირებენ. ამ ჯგუფის მფარველობაში, პროკურატურის ვერსიით, ოთარ ფარცხალაძე და მასთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ. „გრიგოლ ლილუაშვილს ჩვენ სულ სხვა მიმართულებით ვედავებით მფარველობის კუთხით. ჩვენ დავკითხეთ ის ადამიანები, ვინც ქოლცენტრს მართავდა და ვინც დაკავშირებული იყო იმ ქოლცენტრებთან, რომელსაც ლილუაშვილი მფარველობდა. ანდრია ლილუაშვილიც ჩართული იყო ამ სქემაში“, - თქვა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.
მეოთხე ეპიზოდი
პროკურატურის მტკიცებით, „გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობდა თავის მეგობარს - თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ატკატებს იღებდა.“
პროკურატურამ ასევე თქვა ისიც, რომ ამ სქემაში გვანცელაძე-ლილუაშვილს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. „ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ".
კახაბერ გვანცელაძემ საქართველო 2023 წელს დატოვა და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა მარიამ გოგორელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, იგი არ გამოკითხულა.
თუმცა პროკურატურამ დაკითხა ბაგა-ბაღების სააგენტოს თანამშრომელი, მეწარმე სუბიექტები და ბაღის დირექტორები. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ამ ადამიანებმა ჩვენებები მისცეს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ - აღწერეს სქემა, შესყიდვების ან სარემონტო სამუშაოების დროს რა ფასნამატს უთითებდნენ და „ეს ფასნამატი როგორ მიდიოდა ე.წ. ატკატის სახით გრიგოლ ლილუაშვილამდე".
დაცვის მხარემ კი თქვა, რომ პროკურატურის მიერ მოყვანილი მოწმეები კავშირში არ არიან გრიგოლ ლილუაშვილთან „იმგვარი სახის ინფორმაცია, რაც გრიგოლ ლილუაშვილთან რაიმე ფორმით არის შემხებლობაში და ამხელს მას რაიმე დანაშაულის ჩადენაში - მსგავსი არცერთ აქამდე დაკითხულ მოწმეს არ დაუფიქსირებია.“
ლილუაშვილის დაკავებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს მისი ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძეც. პროკურატურის ვერსიით, ახობაძემ 2024 წელს ლარსის საბაჟოზე ჩამორთმეული 40 მილიონი რუსული რუბლის (დაახლოებით 1 164 000 ლარი) დაბრუნებაში მეწარმეს შესთავაზა დახმარება და სანაცვლოდ 500 ათასი ლარი მოსთხოვა.
პროკურატურა ამ საქმეში ახსენებს გრიგოლ ლილუაშვილის სახელსაც და ამბობს, რომ „სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა". განახევრებული თანხა - 250 000 ლარი კი ლევან ახობაძეს „მისსავე სამუშაო ოთახში გადაეცა".
ეს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმისგან ცალკე სისხლის სამართლის საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ამ საქმეში ლილუაშვილის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზეც საუბრობს, ეს ეპიზოდი მისთვის წარდგენილ ბრალში არ შედის.
გრიგოლ ლილუაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოცემული მომენტისთვის არ განიხილავს - ის ბრალს არ აღიარებს.
საპროცესო შეთანხმება გულისხმობს, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და პროკურატურასთან შეთანხმების საფუძველზე მას შეიძლება შეუმსუბუქდეს სასჯელი ან სხვა პირობებზე შეთანხმდეს.
სუსის ყოფილი უფროსის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ „სამართლებრივი მსჯელობისგან გრიგოლ ლილუაშვილის სისხლის სამართლის საქმე დაცლილია. ბრალდების მხარე 4 ეპიზოდს ედავება გრიგოლ ლილუაშვილს, თუმცა 4 მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ამის დამადასტურებელი" - ისინი რომეო მიქაუტაძის ჩვენებებს, რომლებსაც გამოძიება და მოსამართლე დაეყრდნო, ცრუს უწოდებენ და ამბობენ, რომ კონტრმტკიცებულებებით სრულად გააბათილეს.
„სამწუხაროდ, სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად არაობიექტური, უსამართლო, მიკერძოებული გადაწყვეტილება“, - ასე შეაფასა გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ მოსამართლე ნინო თარაშვილის გამოტანილი განაჩენი. დაცვის მხარემ თქვა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოშიც, იმ იმედით, რომ „სააპელაციო სასამართლო მაინც შეინარჩუნებს სასამართლოს სახეს“.
ფორუმი