ევროკავშირი ამზადებს ახალ ზომებს, რომლებიც რუს და ბელარუს სპორტსმენებს კავშირის ტერიტორიაზე გამართულ შეჯიბრებებზე საკუთარი ქვეყნის დროშითა და სიმბოლიკით გამოსვლის შესაძლებლობას შეუზღუდავს. მომდევნო თვეებში ევროკავშირის ქვეყნები მასპინძლობენ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირს.
საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები ნელ-ნელა ამსუბუქებენ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის (2022 წ) შემდეგ დაწესებულ შეზღუდვებს.
სპორტულმა კალენდარმა ბრიუსელს დამატებითი სტიმული მისცა საკითხის სწრაფი გადაწყვეტისათვის: მომდევნო თვეებში ევროკავშირის ქვეყნები რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლებენ, ექვსი ევროპული ქვეყანა კი გერმანიაში 2027 წელს გასამართი ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტით იმუქრება, თუ ტურნირში რუსეთის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენ წინააღმდეგი ვართ რუსეთის ეროვნული ნაკრებების ჰოკეის საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნებისა“, - განაცხადა ამ თვის დასაწყისში გერმანიის ჰოკეის ფედერაციის ხელმძღვანელმა ფრანკ ლუცმა.
როგორ მივიდა საქმე აქამდე?
2026 წელს მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლებმაც შესაძლოა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების რეაბილიტაციას შეუწყოს ხელი.
პირველ რიგში, იგულისხმება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გადაწყვეტილება, რომელიც ამ ზაფხულს მიიღეს და რომლის თანახმადაც, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს (ROC) დროებით მოუხსნეს დისკვალიფიკაცია. ამან შესაძლოა რუს სპორტსმენებს საშუალება მისცეს, 2028 წელს ლოს-ანჯელესში გასამართ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის სახელით იასპარეზონ და არა ნეიტრალური სტატუსით.
2026 წლის გაზაფხულზე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ბელარუს სპორტსმენებთან დაკავშირებითაც. ბელარუსსაც დაწესებული აქვს შეზღუდვები, რადგან 2022 წელს მისი ტერიტორია რუსეთმა გამოიყენა უკრაინაში შეჭრის პლაცდარმად.
ამის შემდეგ რამდენიმე სპორტულმა ფედერაციამ ორივე ქვეყნის სპორტსმენებს კვლავ მისცა საკუთარი ეროვნული დროშითა და ჰიმნით ასპარეზობის უფლება. სწორედ ამან აიძულა ევროპის ზოგიერთი ქვეყანა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები, ინიციატივა საკუთარ ხელში აეღოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეჯიბრებები მათი ქვეყნების ტერიტორიაზე იმართებოდა.
ცოტა ხნის წინ ფინეთმა გამოაცხადა, რომ რუსი სპორტსმენებისა და სპორტის სფეროს სპეციალისტებისთვის ზღუდავს მოკლევადიანი სამუშაო ვიზების გაცემას, შვედეთი კი აქტიურად განიხილავს რუსი სპორტსმენებისთვის შესვლის აკრძალვის შესაძლებლობას ქალაქ ფალუნში, სადაც 2027 წლის თებერვალში სათხილამურო სპორტის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს. ესტონეთმა უკვე მიიღო ანალოგიური გადაწყვეტილება ახალგაზრდულ ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელსაც ეს ქვეყანა 2027 წლის იანვარში უმასპინძლებს.
ასევე ნახეთ
ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემას წყვეტსფინური აქცენტი
ფინეთის ჰოკეის ფედერაციის თავმჯდომარემ, ჰეიკი ჰიეტანენმა, გამოცემა Yle Urheilu-ს განუცხადა, რომ ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთმა ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
„ჩვენი პოზიცია ასეთია: ფინეთი რუსეთის წინააღმდეგ არ ითამაშებს“, - განაცხადა ჰიეტანენმა.
მისი თქმით, ფინეთი ცდილობს, საერთო პოზიცია შეიმუშაოს ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან და ცენტრალური ევროპის წამყვან (ჰოკეის მოთამაშე) ქვეყნებთან, რათა პროტესტს რაც შეიძლება მეტი ეროვნული ნაკრები შეუერთდეს.
„ასეთ შემთხვევაში, თუ საკმარისი რაოდენობის ქვეყანა ბოიკოტს გამოაცხადებს და რუსეთთან თამაშზე უარს იტყვის, ჩემპიონატის ჩატარება, ცხადია, შეუძლებელი გახდება“.
ფინეთის სპორტის მინისტრმა მიკა პოუტალამ ამ გადაწყვეტილებას ძალიან კარგი და მოსალოდნელი უწოდა, ხოლო ევროპის ოლიმპიური კომიტეტების აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ემა ტერჰომ - მტკიცე ნაბიჯი.
ტერჰოც და პოუტალაც იმედოვნებენ, რომ ფინეთის პოზიციას სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან, რათა რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის საშუალება არ მიეცეს. პოუტალამ განაცხადა, რომ სჯერა, მომავალ გაზაფხულზე გერმანიაში გასამართ ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრები არ ითამაშებს.
ფინეთი ბოლოს რუსეთის ნაკრებს 2022 წელს, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე შეხვდა. ფინალში ფინელებმა 2:1 დაამარცხეს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდი და ოლიმპიური ოქრო მოიპოვეს.
რუსეთის ეროვნულ ნაკრებს ორჯერ აქვს მოგებული ოლიმპიური თამაშები (აქედან ერთხელ ნეიტრალური სტატუსით), ცხრაჯერ - მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო და ცხრაჯერ ევროპის ჩემპიონატისა.
ჩეხეთმა ასევე აუკრძალა რუს ჰოკეისტ ქალებს, მონაწილეობა მიიღონ 18 წლამდე გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც 2027 წლის იანვარში უნდა გაიმართოს. „არსებობს სამთავრობო დირექტივები და განცხადებები, რომლებიც ფაქტობრივად კრძალავს რუსი სპორტსმენებისთვის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ვიზების გაცემას“, - განაცხადა 18 ნოემბერს ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლუბომირ მენარმა.
ასევე ნახეთ
დომინიკ ჰაშეკი: „ყველა რუსი სპორტსმენი წარმოადგენს პუტინს და პასუხისმგებელია ომზე”კოლექტიური ძალისხმევა
ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ეწევა ვაჟთა ჰოკეის ეროვნულ ტურნირს, რომელსაც გერმანიამ მომავალი წლის მაისში უნდა უმასპინძლოს. ევროპის რამდენიმე საკვანძო ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრებთან თამაშს არ აპირებენ.
ტურნირის მთავარი სპონსორი, ჩეხური საავტომობილო კომპანია Škoda, რომელიც გერმანულ Volkswagen-ს ეკუთვნის, დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება, თუ შეჯიბრებაში რუსეთი მიიღებს მონაწილეობას.
საერთო ჯამში, დანიის, ლატვიის, ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის ჰოკეის ნაკრებებმა უარი განაცხადეს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან თამაშზე.
„არსებული ვითარებისა და ამ დროისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის გათვალისწინებით, ნორვეგია რუსეთის წინააღმდეგ არ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2027 წლის მაისში გერმანიაში გაიმართება. ჯგუფის დანარჩენი მატჩები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება“, - ნათქვამია ნორვეგიის ჰოკეის ფედერაციის განცხადებაში. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „რუსეთს ყველა საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობა უნდა აეკრძალოს მანამ, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება“.
რუსეთთან თამაშზე უარის შესახებ შვედეთის ჰოკეის კავშირმაც განაცხადა. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილების ერთობლივად გამოცხადებაზე „რამდენიმე სხვა ქვეყანასთან“ შეთანხმდნენ. ლატვიის ჰოკეის ფედერაციაშიც განაცხადეს, რომ ბოლო დღეებში ფინეთის, ნორვეგიისა და დანიის წარმომადგენლებთან „მჭიდრო თანამშრომლობით“ ერთიანი პოზიციის შემუშავებაზე მუშაობდნენ.
CAS-მა (სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო) რუსი ჰოკეისტების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა 30 ოქტომბერს დაუშვა, რითაც მან დააკმაყოფილა რუსეთის ჰოკეის ფედერაციის (FHR) ერთ-ერთი სააპელაციო საჩივარი და რუსეთის ნაკრებებს 2026-2027 წლების სეზონში ხუთ საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მისცა. IIHF-ში (ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია) განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას შეასრულებენ, თუმცა იმედგაცრუება გამოხატეს და აღნიშნეს, რომ რუსეთისთვის დაწესებული აკრძალვა აუცილებელი ზომაა „მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შეჯიბრებების ერთიანობისა და სამართლიანობის შესანარჩუნებლად“.
CAS-ის გადაწყვეტილებით უკმაყოფილება გერმანიის ჰოკეის კავშირშიც (DEB) გამოხატეს.
„ჩვენი პოზიცია უცვლელია: წინააღმდეგი ვართ რუსეთის ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო ჰოკეის ტურნირებზე დაბრუნებისა. [...] ეს გადაწყვეტილება ძირეულად ცვლის 2027 წელს გერმანიაში გასამართი ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის თავდაპირველ პირობებს. ჩვენთვის, როგორც მასპინძელი ქვეყნისთვის, რუსეთის ტურნირში მონაწილეობის დაშვებას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში“, - ნათქვამია DEB-ის (გერმანიის ჰოკეის კავშირის) მმართველობის თავმჯდომარის, ფრანკ ლუცის განცხადებაში.
2027 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს (14-დან 30 მაისამდე) მასპინძლობენ გერმანიის ქალაქების - დიუსელდორფის, გელზენკირხენისა და მანჰაიმის არენები. 2026 წლის გაზაფხულზე გაირკვა როგორც მონაწილეთა ვინაობა, ასევე ჩემპიონატის სტრუქტურა, რომ მონაწილეები ორ ჯგუფში, რვა-რვა გუნდად განაწილდებიან. ამ დროს რუსეთი და ბელარუსი მონაწილეთა შორის არ იყვნენ. ასევე დამტკიცდა მატჩების სრული განრიგი, ხოლო ბილეთების გაყიდვა ოქტომბერში დაიწყო. მედიის ცნობით, რუსეთის ნაკრების დაშვების შემთხვევაში, ორგანიზატორებს, სავარაუდოდ, მოუწევთ ტურნირიდან რეიტინგში ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე გუნდის - უკრაინის ნაკრების - მოხსნა. უკრაინელებმა ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება 2007 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს.
ექსპერტთა თქმით, პრობლემა ისაა, რომ ყველა ეს ზომა ეროვნულ დონეზე და ცალკეული შემთხვევების სახით მიიღება. სწორედ ამიტომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ბრიუსელს მიმართა თხოვნით, შეიმუშაოს უფრო კოორდინირებული, მთელი კავშირისთვის საერთო პასუხი.
ეს აუცილებლობად მიიჩნევა, რადგან ზოგიერთ ქვეყანას სხვადასხვა სპორტული ტურნირის მასპინძლობის უფლების დაკარგვის საფრთხე ემუქრება. ბრიუსელის მიერ შემუშავებული უფრო მყარი სამართლებრივი საფუძველი კი დაეხმარებოდა იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსი სპორტსმენებისა და ნაკრებების სრულფასოვანი რეაბილიტაციის აღკვეთას ცდილობენ.
ამჟამად საპასუხო ზომების შემუშავება სამი მიმართულებით მიმდინარეობს: სავიზო წესები, სანქციები და დაფინანსება.
ასევე ნახეთ
ვინ აბრუნებს რუსეთს დიდ სპორტსა და კულტურაშივიზები
ვიზებთან დაკავშირებული საკითხი დიდწილად ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის დედაქალაქის პასუხისმგებლობაა. ბრიუსელმა ევროკავშირის მასშტაბით რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საერთო რეკომენდაციები შეიმუშავა, თუმცა ამ დოკუმენტებში ჯერჯერობით არაფერია ნათქვამი უშუალოდ სპორტსმენების შესახებ.
სიტუაცია შესაძლოა უახლოეს კვირებში შეიცვალოს, რადგან ევროკომისია გეგმავს გადახედოს რეკომენდაციებს. თუმცა ეს მხოლოდ რეკომენდაციებია და მათი შესრულება სავალდებულო არ იქნება.
აქამდე ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოები ქვეყანაში შესვლაზე უარს იმ წესების საფუძველზე ამბობდნენ, რომელთა მიხედვითაც, აუცილებლობის შემთხვევაში ვიზები გაიცემოდა რუსეთის მოქალაქეთა მხოლოდ გარკვეულ კატეგორიებზე: ოპოზიციის წევრებზე, დაცვის საჭიროების მქონე პირებზე და მათზე, ვისაც სამედიცინო დახმარება და მკურნალობა სჭირდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სპორტსმენები ამ კატეგორიებში გადიოდნენ.
კიდევ ერთი სამართლებრივი გზა - ევროკავშირის სავიზო კოდექსი, რომლის თანახმად, ვიზის გაცემასა და ქვეყანაში შესვლაზე უარი უნდა ეთქვას, თუ განმცხადებელი ევროკავშირის წევრ რომელიმე სახელმწიფოში „საერთაშორისო ურთიერთობებისთვის საფრთხედ“ მიიჩნევა.
ევროკავშირის სავიზო კოდექსი ყველა წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულოა. მისი განახლების შესახებ წინადადების წარდგენა მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. თუმცა ცვლილებების მისაღებად საჭიროა წევრი სახელმწიფოების ხმათა კვალიფიციური უმრავლესობა. შესაბამისად, ამ საკითხის განხილვა ისე სწრაფად ვერ დასრულდება, რომ გავლენა მოახდინოს ზამთრის სპორტის მოახლოებულ ტურნირებზე.
ასევე გაურკვეველია, იმდენად თუ შეიცვლება კოდექსი, რომ პირდაპირ აუკრძალოს სპორტსმენს იმ ქვეყნის წარმომადგენლობა, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს, თუ კოდექსი კვლავ ზოგად ფორმულირებას შეინარჩუნებს და, შესაბამისად, სხვადასხვა სამართლებრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას დატოვებს.
კანადის პოზიცია - რუსეთის ეროვნული ნაკრების დაბრუნებას მკვეთრად ეწინააღმდეგება კანადა. კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრები კანადაში გასამართ 2027 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს. სპორტის სახელმწიფო მდივანმა ადამ ვან კუვერდენმა განმარტა, რომ კანადა არ დაუშვებს რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობას (ეროვნული სიმბოლიკით) ქვეყნის ტერიტორიაზე გამართულ, ფედერალური მთავრობის დაფინანსებით ჩატარებულ შეჯიბრებებში. ამასთან, კანადის მთავრობა არ გამორიცხავს ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის შესაძლებლობას.
სანქციები
არსებობს სანქციების დაწესების შესაძლებლობაც. რუს და ბელარუს სპორტსმენებს შესაძლოა ქვეყანაში შესვლა აეკრძალოთ და მათი აქტივები გაიყინოს. თუმცა მოქმედი წესები მოითხოვს მტკიცებულებებს, რომ მათი ქმედებები გარკვეულწილად ხელს უწყობდა „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას“ ან რომ ისინი ჰიბრიდული საფრთხეების მეშვეობით ევროკავშირის დესტაბილიზაციაში მონაწილეობდნენ.
ხშირ შემთხვევაში ასეთი მტკიცებულებების მოძიება რთულია. ამასთან, არც ბრიუსელის კულუარებში არ შეინიშნება სპორტსმენების დასჯის დიდი სურვილი, რადგან ძირითადი ყურადღება პოლიტიკოსებსა და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პირებზეა გამახვილებული.
ევროკავშირი განიხილავს კიდევ ერთ ვარიანტს, რომელიც შესაძლოა სანქციების ახალ პაკეტში შევიდეს. ეს პაკეტი წევრმა სახელმწიფოებმა უახლოეს დღეებში უნდა განიხილონ. საუბარია რუსი და ბელარუსი სპორტსმენების (რომლებიც შეჯიბრებებში ეროვნული სიმბოლიკით გამოდიან) წინააღმდეგ სექტორული სანქციების დაწესებაზე და არა ცალკეული მათგანის უბრალო პერსონალურ შავ სიებში შეყვანაზე.
ეს იქნებოდა ერთგვარი საყოველთაო აკრძალვა, რომლის მსგავსიც ევროკავშირს უკვე აქვს დაწესებული რუსეთის საქმიანობის სხვადასხვა სფეროებისთვის. მაგალითად, სატრანსპორტო მომსახურებისთვის, საინჟინრო სამუშაოებისა და რუსულ მედიაზე წვდომისთვისაც კი.
აქ მთავარი პრობლემა ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაა. საკითხავია, დათანხმდება თუ არა ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფო უახლოეს მომავალში ასეთი ნაბიჯის გადადგმას?
ასევე ნახეთ
რუსული ბიოპოლიტიკის მძევალი ბავშვებიფული
დაბოლოს, დაფინანსება, განსაკუთრებით ევროკავშირის Erasmus+Sport-ის პროგრამით, რომელიც ევროპულ სპორტულ ორგანიზაციებსა და ფედერაციებს აფინანსებს და ხშირად სპორტის საბაზისო, დაბალ დონეზეც ვრცელდება. პროგრამის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 80 მილიონი ევროა (88 მილიონი დოლარი), ხოლო გრანტების ოდენობა, როგორც წესი, 1,5 მილიონ ევროს არ აღემატება. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება არცთუ დიდი თანხა იყოს, თუმცა ნაკლებად პოპულარული სპორტის სახეობებისთვის, კლუბებისა და მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც სპორტულ ინფრასტრუქტურას აშენებენ ან მის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ, ასეთ დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.
ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ Erasmus+ პროგრამის წესები განაახლა.
დოკუმენტის ახალი რედაქციის თანახმად, დაფინანსების მიღების უფლება აღარ ექნებათ სპორტის ამა თუ იმ სახეობის საერთაშორისო მმართველ ორგანოებს, რომლებიც „რუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში სრული ეროვნული შემადგენლობით მონაწილეობის უფლებას აძლევენ, მათ შორის, სახელმწიფო დროშის, ჰიმნისა და სხვა სიმბოლოების გამოყენებით“. დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ ის ორგანიზაციებიც, რომლებიც ასეთ შეჯიბრებებს ატარებენ.
დოკუმენტის თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა „იმისათვის, რომ სპორტის მეშვეობით არ მოხდეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე პასუხისმგებელი რუსეთის ლეგიტიმაცია და მისთვის რეპუტაციული უპირატესობის მინიჭება, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს პროგრამის მიზანი - სპორტში სამართლიანობისა და ღირებულებების ხელშეწყობა“.