რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს

გამშვები პუნკტი ფინეთ-რუსეთის საზღვარზე, ვიროჰალტიში (არქივი)
გამშვები პუნკტი ფინეთ-რუსეთის საზღვარზე, ვიროჰალტიში (არქივი)

ხუთშაბათს ფინეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემას ზღუდავს, და რომ სანამ უკრაინაში ომი გრძელდება, მათ ამ ქვეყანაში „არაფერი ესაქმებათ“.

ჩრდილოეთის ამ ქვეყანამ 2027 წლის მარტში, ქალაქ ტამპერეში, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს. ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა (ISU) განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგებსა და გავლენას „სწავლობს“.

ფინეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც მკაცრდება შეზღუდვები რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოკლევადიანი სამუშაო ვიზების (მათ შორის, პროფესიული სპორტის სფეროში) მიღებას ცდილობენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ახალი შეზღუდვების მიხედვით, „რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ვიზის საფუძველზე მუშაობის უფლება მხოლოდ იმ საქმიანობების განსახორციელებლად ექნებათ, რომლებიც ფინეთის ეროვნული ინტერესებისთვისაა აუცილებელი“.

ე.წ. შენგენის ვიზები ამ სისტემაში გაერთიანებულ 29 ევროპულ ქვეყანაში გადაადგილების საშუალებას იძლევა.

რუს სპორტსმენებს, მათ შორის მათაც, ვინც ნეიტრალური დროშით ასპარეზობს, ამ ქვეყანაში შესასვლელი ვიზების მიღება აეკრძალებათ.

„სანამ რუსეთის აგრესიული ომი გრძელდება, რუს სპორტსმენებს ფინეთში არაფერი ესაქმებათ. ქვეყანაში მათი შესვლა საფრთხეს შეუქმნის ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობებს“, ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენის განცხადებაში.

ახალი წესები ძალაში 16 ნოემბერს შევა.

„ცვლილების მიზანია ქვეყანაში შესვლის ისეთი შემთხვევების აღკვეთა, რომლებიც რუსეთმა შესაძლოა თავისი ომის მხარდამჭერი გზავნილების გასავრცელებლად გამოიყენოს“, განაცხადა ვალტონენმა პრესკონფერენციაზე.

მან დასძინა, რომ რუსეთი „სპორტს პროპაგანდის იარაღად“ იყენებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა, სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, მიესალმა ფინეთის გადაწყვეტილებას და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდა, „დახურონ დარჩენილი ხვრელები და გააძლიერონ კოორდინირებული ზეწოლა რუსეთზე“.

ამასობაში, ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა - ISU-მ განაცხადა, რომ მიაჩნია - „სპორტსმენები არ უნდა დაისაჯონ მთავრობების ქმედებების გამო მსოფლიოში, სადაც, სამწუხაროდ, მრავალი კონფლიქტი მიმდინარეობს“.

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ფინელი ორგანიზატორებისგან „დამატებით განმარტებებს“ ითხოვს.

ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილება მოჰყვა სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) 30 ოქტომბრის დადგენილებას, რომელმაც რუსეთის ჰოკეის ნაკრებს მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნების გზა გაუხსნა.

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია (IIHF), რომელმაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა, CAS-ის ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა.

გარდა ამისა, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ფინეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, შვედეთმა და ჩეხეთმა, განაცხადა, რომ გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე უარს იტყვიან.

კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთს არ მიეცემა ალბერტაში დაგეგმილ ჰოკეის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება.

ფინეთის ქალაქმა ტურკუმ ასევე განაცხადა, რომ უარს იტყვის 2027-2028 წლებში ტურნირის მასპინძლობაზე, თუ მასში რუსეთი მიიღებს მონაწილეობას.

ამასობაში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირას შეაქო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო (CAS) „ოლიმპიური ქარტიისა და მისი პრინციპების დასაცავად მიღებული გადაწყვეტილებებისთვის“.

პუტინმა მკაცრად გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო სპორტში.

ფინეთი, რომელსაც რუსეთთან 1340-კილომეტრიანი (830 მილი) საზღვარი აქვს, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლას უკვე ზღუდავს.

2022 წლიდან მოყოლებული, ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის აკრძალა ისეთი ვიზების გაცემა, რომლებიც არ უკავშირდება აუცილებელ საჭიროებებს — მაგალითად, ტურისტული ვიზების.

ოქტომბერში ვალტონენმა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდა, შეწყვიტონ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა, სანამ მოსკოვი უკრაინაში ომს არ დაასრულებს.

ევროკავშირი განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს - მათ შორის რუსებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების გადახედვას - რათა აღკვეთოს მოსკოვის მხრიდან განხორციელებული „ჰიბრიდული თავდასხმები“.
ნორვეგიის მთავრობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ხელს შეუშლის რუსი და ბელარუსი პროფესიონალი სპორტსმენების ნორვეგიაში ჩასვლას შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად. „ნორვეგიას უკვე აქვს შემზღუდველი სავიზო პრაქტიკა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ამკაცრებს წესებს იმის თაობაზე, თუ ვის ეძლევა აქ ჩამოსვლის უფლება“, - განაცხადა იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ასტრი ას ჰანსენმა განცხადებაში.

​
XS
SM
MD
LG