მარტის დასაწყისში, ხუთშაბათს, შუადღისას მილად ფურთალებიანი შინ დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მის ბინაში ვიღაცებს უკანონოდ შეეღწიათ და იქაურობა დაერბიათ. შემდეგ მან შეამჩნია ერთი შემაშფოთებელი დეტალი, რომელიც მიანიშნებდა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ქურდობა: მისი ბეისბოლის ქუდი, წარწერით „გახადე ირანი კვლავ დიადი,“ კედელზე დიდი სამზარეულოს დანით იყო მიჭედებული.
ფურთალებიანი ირანის მოქალაქეა, რომელიც, 2024 წელს კანადაში ჩასვლის შემდეგ, თავის ახალ საცხოვრებელ ადგილას - სასკაჩევანის პროვინციის ქალაქ სასკატუნში - დევნილობაში მყოფი ოპოზიციის საპროტესტო აქციებს უწევს ორგანიზებას.
ბინაში შეჭრა, რაც აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანთან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მოხდა, წინ უძღოდა 32 წლის კაცის მისამართით ინტერნეტით გაგზავნილ მუქარათა სერიას, რომლებიც მის საქმიანობას უკავშირდებოდა. მან მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა ადგილობრივ პოლიციას და განუცხადა მათ, რომ იგი გახდა პოლიტიკური მოტივით თავდასხმის სამიზნე.
„ამ ინციდენტმა თავიდან უკიდურესად შემაშინა,“ განუცხადა მან რადიო თავისუფლებას. იქვე ამბობს, რომ შემდეგ სძლია ამ გრძნობას. „გადავწყვიტე, არ მივცე შიშს უფლება, ხელი შემშალოს ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვაში. მე ვფიქრობ ათასობით ირანელზე, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს თავისუფლებისთვის“.
ფოტოები, პოლიციის დოკუმენტები და სოციალური ქსელის სქრინშოტები, რომლებიც ფურთალებიანმა რადიო თავისუფლებას გაუზიარა, აჩენს განცდას, რომ, ათასობით კილომეტრის დაშორების მიუხედავად, ის ირანის უსაფრთხოების სამსახურებისთვის მისაწვდომია.
Telegram-ზე ერთ-ერთ პოსტში, მას გმობენ „პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისტული საქმიანობისა“ და „ირანის წინააღმდეგ ამერიკისა და სიონისტური რეჟიმის თავდასხმის“ მხარდაჭერის გამო.
პოსტი ასე სრულდება: „ეს პირი სასკატუნში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ ჩვენ მივაკვლიეთ მას და ჩვენი გზავნილი მისსავე სახლში გადავეცით“.
ეს, როგორც ფურთალებიანმა თქვა, „განსაკუთრებით შემაშფოთებელი“ იყო. მისი ბინიდან არაფერი წაუღიათ და არავინ დაუკავებიათ.
ფურთალებიანი დევნილობაში მყოფი ირანის ყოფილი ტახტის მემკვიდრის, რეზა ფეჰლევის პორტრეტთან. იგი ამბობს, რომ ფეჰლევისაადმი მხარდაჭერამ აქცია ის თავდასხმის სამიზნედ.
„ტრანსნაციონალური რეპრესია“
ფურთალებიანის შემთხვევა ცალკე ამბავია, თუმცა, როგორც ჩანს, იგი უფრო ფართო ფენომენის ნაწილია, რომლის დროსაც ავტორიტარული სახელმწიფოები თავიანთ ოპონენტებს იმის შემდეგაც სდევნიან, როცა ისინი თავშესაფარს შედარებით უსაფრთხო დასავლურ ქვეყნებში პოულობენ.
ირანი ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა მკვლელობებსა და თავდასხმებს, თუმცა გლობალური ზეწოლა ბევრად სცდება ფიზიკური მუქარის ჩარჩოებს.
ფაქტების გადამოწმების სპარსულენოვანმა სამსახურმა, Factnameh-მ, რომელსაც კანადაში უდევს ბინა, ახლახან აღნიშნა იმ შემთხვევების ზრდა, რომლებიც ეხება „კოლექტიურ თვალთვალს, პირადი მონაცემების გავრცელებას და კიბერ-დაშინებას, რომელთა სამიზნესაც ირანის ფარგლებს გარეთ მყოფი ოპონენტები წარმოადგენენ“.
მათ საშუალებების სიაშია Alaj-ი - ვებსაიტი, სადაც ადამიანებს დასმენა შეუძლიათ და რომელიც, გავრცელებული ცნობებით, 1 600-მდე ადამიანის საქმეს (ფაილს) ინახავს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზია დასახელებულ პირებს „ქონების ჩამორთმევით, საკონსულო მომსახურების სრული შეჩერებითა და ინტერპოლის წითელი ცირკულარებით“ დაემუქრა, განაცხადა Factnameh-მა. კიდევ ერთი ინსტრუმენტი, Goorkan (სპარსულად „მესაფლავე“), აქვეყნებს იმ პირთა პირად მონაცემებს, რომლებსაც იგი „მოღალატეებს“ უწოდებს.
აშშ-ის, ბრიტანეთისა და ნიდერლანდის დაზვერვამ გასულ თვეში განაცხადა, რომ ირანი გლობალურ კიბერკამპანიას ახორციელებდა. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იტყობინება, რომ მავნე პროგრამა სახელწოდებით Heavygram-ი გამოიყენებოდა „მავნე ზრახვის კიბერსაქმიანობის განსახორციელებლად, რომლის სამიზნესაც ირანელი დისიდენტები, ირანისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები და მთელ მსოფლიოში არსებული სხვა ოპოზიციური ჯგუფები წარმოადგენდნენ“.
ასევე ნახეთ
ვადიმ კრასიკოვი და მკვლელობის გეოპოლიტიკაირანი არ გახლავთ გამონაკლისი საზღვარგარეთ მყოფი ოპონენტების დევნაში.
ვაშინგტონში დაფუძნებული ორგანიზაციის, Freedom House-ის კვლევისა და ანალიზის ხელმძღვანელმა, იანა გოროხოვსკაიამ, წლები მიუძღვნა ამ ფენომენის შესწავლას.
„ჩვენი მონაცემების თანახმად, ჩინეთი, ირანი და რუსეთი ტრანსნაციონალური რეპრესიების განმახორციელებელ სახელმწიფოთა ათეულში შედიან. ჩინეთი ბევრად უსწრებს წინ ყველა სხვა მთავრობას“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას. - „ამ სამს შორის, რუსეთი ბევრად მეტ ძალადობას ახორციელებს მკვლელობებისა და თავდასხმების თვალსაზრისით“.
განსაკუთრებით ცნობილ მაგალითებს შორის არის ბრიტანეთში გაქცეული და მოწინააღმდეგის მხარეს გადასული რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტების, ალექსანდრ ლიტვინენკოსა და სერგეი სკრიპალის მოწამვლა, აგრეთვე, გარდაცვლილი რუსი დისიდენტის, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლზე, ოპოზიციონერ აქტივისტ ლეონიდ ვოლკოვზე ჩაქუჩით განხორციელებული თავდასხმა ლიეტუვაში.
„ერთგვარი პარანოია“
ეს ისეთი რამ არის, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია მიხაილ კლიმარიოვისთვის - კიბერუსაფრთხოების რუსი ექსპერტისა და კრემლის ოპონენტისთვის, რომელიც რუსეთიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც ქვეყანამ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
Your browser doesn’t support HTML5
'Psychological War': Exiled Russian Activist Describes How Kremlin Targets Critics Abroad
ახლა იგი ბერლინში ცხოვრობს, სადაც ვოლკოვთან თანამშრომლობს; 53 წლის კლიმარიოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საფრთხის გამო გამო საკუთარ ქცევაში „ერთგვარ პარანოიას“ ამჩნევს.
„უსაფრთხოებაზე გადამეტებულად ვდარდობ. ყოველ შემთხვევაში, ნორმალური, ჯანსაღი ადამიანის პერსპექტივიდან მაინც. გარეთ ყოფნისას ვამოწმებ, მითვალთვალებენ თუ არა. სანამ ჩემი ბინის კარის სახელურს შევეხები, ჯერ მას ვაკვირდები, რადგან იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც კარის სახელურს „ნოვიჩოკი“ წაუსვეს“, — თქვა მან.
თუმცა კლიმარიოვმა აღნიშნა, რომ მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აგრეთვე მოქმედებს უამრავი, შედარებით მცირე ზეწოლა - ფიშინგით (phishing - ინტერნეტ-თაღლითობის ერთ-ერთი ფორმა, რომლის მიზანია ადამიანების მოტყუება და მისი კონფიდენციალური მონაცემების მოპოვება - რ.თ.) დაწყებული ადმინისტრაციული სირთულეებით დამთავრებული - რასაც მოსკოვის მიერ მისნაირი ადამიანების წინააღმდეგ წარმოებული „ფსიქოლოგიური ომი“ შეიძლება ეწოდოს.
მას, მაგალითად, არ შეუძლია განაახლოს თავისი რუსული პასპორტი, რომელსაც ვადა 2029 წელს გასდის. ეს გავლენას იქონიებს გერმანიაში მისი ბინადრობის უფლების (რეზიდენტობის) სტატუსზე.
„ეს იქნება ადმინისტრაციული პრობლემა და არც ისეთი მარტივი, როგორც შეიძლება ჩანდეს. იურისტის დაქირავება დამჭირდება“, — თქვა მან.
კლიმარიოვმა განმარტა, რომ მას არ აქვს თავშესაფარი გერმანიაში და არც სურს მის მისაღებად განაცხადის შეტანა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ იგი ვეღარ შეძლებს გააგრძელოს იმ ბიზნესის მართვა, რომელშიც 20 ადამიანია დასაქმებული.
"კლიმარიოვი ამტკიცებს, რომ კრემლის ზეწოლის მიუხედავად, ის მსხვერპლი არ არის. „მე ციხეში არ ვარ. შემიძლია ლუკმაპური თავად მოვიპოვო."
კლიმარიოვი დაჟინებით აცხადებს, რომ კრემლის მხრიდან არსებული ზეწოლის მიუხედავად, იგი მსხვერპლი არ არის. „მე ციხეში არ ვარ. შემიძლია ლუკმაპური თავად მოვიპოვო“.
ცალკე პრობლემაა მოგზაურობა. რუსეთმა იგი ტერორისტების სიაში შეიყვანა, რამაც შესაძლოა ნებისმიერ საზღვარზე შეუქმნას სირთულეები.
მან გაიხსენა, რომ შეერთებულ შტატებში განხორციელებული ბოლო მოგზაურობიდან დაბრუნებისას, მესაზღვრემ „ავტომატითა და ძაღლით“ იგი თვითმფრინავში ჩასხდომის მომლოდინეთა რიგიდან გაიყვანა და 30 წუთის განმავლობაში დაჰკითხავდა.
ექსტრადიციის საფრთხე ნიშნავს იმას, რომ მას სიფრთხილის გამოჩენა მართებს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ქვეყნებს ეწვევა.
კლიმარიოვი რუსეთში „უცხოურ აგენტთა“ სიაშიცაა შეყვანილი და დაახლოებით 1 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმები აქვს გადასახდელი, რომლებიც მას ხელისუფლებამ, მისი თქმით, პოლიტიკური მოტივებით დააკისრა.
ბევრ შემთხვევაში ის ვერ ახერხებდა სამშობლოში მის წინააღმდეგ დაგროვილი ადმინისტრაციული პრობლემების მოგვარებას იმის გამო, რომ მისი რუსული ტელეფონის ნომერი გაუქმდა, რაც მას ხელს უშლის ხელისუფლებასთან ონლაინ ურთიერთობასა თუ რუსულ საბანკო ანგარიშებზე წვდომაში.
ათასობით რუსი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს ეწინააღმდეგებოდა, რუსეთიდან გაიქცა. ახალი კანონის თანახმად, მათ, შესაძლოა, ჩამოერთვათ ძირითადი იურიდიული უფლებები, თუკი მათ დაადანაშაულებენ ომის საწინააღმდეგო ან მსგავს საქმიანობაში.
ასევე ნახეთ
ხოშტარია, ვაშაძე, ჯაფარიძე და ინტერპოლი - როგორ იყენებს ხელისუფლება საერთაშორისო ძებნის სისტემას და რას ნიშნავს ეს?კლიმარიოვი ამბობს, რომ არ იყენებს ტელეფონს, თუ ამას გერმანიის ხელისუფლება არ მოითხოვს, და ჰაკერული თავდასხმების შიშის გამო არავის აძლევს თავის ნომერს. იგი ეხმარება სხვა რუსებს, რომლებიც ფიშინგის სამიზნეები ხდებიან, და ამბობს, რომ ერთხელ თვითონაც ძლივს გადაურჩა ასეთ მახეს.
„სულ ბოლო მომენტში მოვახერხე შეჩერება. ეს ისეთი მაღალი დონის თაღლითობა იყო“, - თქვა მან და აღწერა შეტყობინებების ორმხრივი, დახვეწილი მეთოდით, გაცვლა პირთან, რომელიც თავს მისი კომპანიის პოტენციურ კლიენტად ასაღებდა. კვირების განმავლობაში კომუნიკაციის შემდეგ, მან ლამის შეიყვანა Telegram-ით მიღებული კოდი, რომელსაც შეეძლო მისი ანგარიში გაეტეხა.
„მოქმედებს თუ არა ეს ყველაფერი ჩემზე ფსიქოლოგიურად? რა თქმა უნდა, მოქმედებს“, - თქვა კლიმარიოვმა. - „სამედიცინო კონსულტაციას მივმართე... პანიკა მიპყრობს. პანიკური შეტევები - იცით, რა არის ეს?“
თუმცა კლიმარიოვმა დასძინა, რომ იგი განიხილავს სამედიცინო რჩევას, რათა ამ ზეწოლის შედეგად დროებით შეაჩეროს თავისი პოლიტიკური საქმიანობა. გოროხოვსკაიამ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ეს არის ამ ყველაფრის მთავარი მიზანი.
„თვალთვალი, დაშინება, ოჯახის წევრების მიმართ მუქარა, ციფრული საფრთხეები - ეს ყველაფერი ნამდვილად ჭრის, რათა აიძულოს ადამიანები, სულ მცირე დაფიქრდნენ და ეჭვი შეიტანონ იმაში, ღირს თუ არა საპროტესტო აქციაზე დასწრება ან საჯაროდ რამის გაკეთება“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ
„მე ვხატავ სამყაროს ისეთს, როგორიც არის“ – პუტინისა და “რუსკი მირის” მამხილებელი მხატვარი ემიგრაციაში მოკლესFreedom House-ის მონაცემებით, იმ ძირითად ქვეყნებს შორის, რომლებიც უცხოეთში ოპონენტებს სდევნიან, არიან, ნატოს წევრი თურქეთი, აშშ-ის მოკავშირე საუდის არაბეთი და რუანდა. გორხოვსკაიას თქმით, დასავლური ქვეყნების მხრიდან მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი წინააღმდეგობა იშვიათია. ეს განპირობებულია როგორც იმით, რომ მსგავსი პრაქტიკების უარყოფა შესაძლებელია, ისე უფრო ფართო პოლიტიკური მოსაზრებებითაც.
„ისინი, ვინც ტრანსნაციონალურ რეპრესიებს ახორციელებენ, საზღვარგარეთ დისიდენტების სამიზნეში ამოღებისთვის არანაირ საფასურს არ იხდიან.... ისინი ერთმანეთისგან სწავლობენ, რომ ეს არის პრაქტიკა, რომლის გაგრძელებაც შესაძლებელია“, - განაცხადა გოროხოვსკაიამ.
ფურთალებიანმა აღნიშნა, რომ უფრო მკაცრ რეაგირებას ისურვებდა კანადის მხრიდან და განაცხადა, რომ იგი „ისლამურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული პირებისთვის კვლავაც ზედმეტად ღია რჩება“.
სასკატუნის პოლიციამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მათ დახურეს საქმის მასალები, თუმცა მას ხელახლა გახსნიან, თუ „ეჭვმიტანილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ან დამატებითი მტკიცებულებები გამოჩნდება“.