ნატოსნაირი გარანტიები უკრაინას? აშშ-ის სპეცწარმომადგენელი შესაძლებლობას ხედავს, თუმცა კითხვები რჩება

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი „განცხადებებს არ აკეთებს დაუფიქრებლად ან ისე, რომ არ ითვალისწინებდეს ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით კი - პრეზიდენტ ტრამპს“, — განუცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა რადიო თავისუფლებას. (არქივის ფოტო)

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა განიხილოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება ნატოს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების ნიმუშის მიხედვით, მაგრამ იმ პირობით, თუ დარწმუნდება, რომ რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი შეჭრის საფრთხე მნიშვნელოვნად არის შემცირებული, - განაცხადა სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა, ტრამპის სიძემ.

22 ნოემბერს სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში, კუშნერმა რუსეთის მზადყოფნა - განიხილოს მსგავსი გარანტიები - შეაფასა, როგორც „მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი“ და შესაძლო მანიშნებელი იმისა, რომ მოსკოვი მშვიდობაზე სერიოზულად ფიქრობს.
თუმცა მოსკოვმა საჯაროდ უარყო უკრაინისთვის ნატოს ტიპის გარანტიების მიცემის შესაძლებლობა.

გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, ასეთ გარანტიებს
მიუღებელი უწოდა, რამაც კითხვები გააჩინა კუშნერის მიერ მოსკოვის პოზიციის აღწერის სიზუსტესთან დაკავშირებით.

კუშნერს არ გაუკეთებია განცხადება აშშ-ის ვალდებულების შესახებ. მან
აღნიშნა, რომ ნებისმიერი შემოთავაზებული გარანტია ტრამპის მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს და ეს პროცესი კონსტიტუციურ და კონგრესში პროცედურებს უნდა დაექვემდებაროს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ კუშნერის განცხადება მნიშვნელოვანი იყო მოლაპარაკებებში მისი როლის გამო.

„სპეციალური წარმომადგენელი განცხადებებს არ აკეთებს დაუფიქრებლად ან ისე, რომ არ ითვალისწინებდეს ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით კი - პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც მას მოლაპარაკებების წარმართვას ანდობს“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

რას განიხილავს ვაშინგტონი

კუშნერმა განაცხადა, რომ სანდო გარანტიამ, რომელიც შეკავების მექანიზმებითა და სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებელი ზომებით იქნება გამყარებული, შესაძლოა „მნიშვნელოვნად შეამციროს კიდევ ერთი ომის საფრთხე“. მან გაიზიარა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსაზრება, რომ გარანტიები უნდა იყოს „კონკრეტული, სანდო და ცხადად გაფორმებული დოკუმენტირებული”.

კუშნერის შემოთავაზება სხვაა: უნდა შეიქმნას უფრო ფართო ჩარჩო, რომელიც მოიცავს მუდმივ არხებს კონსულტაციებისთვის, კრიზისულ კომუნიკაციას, სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილების მექანიზმებს, გამჭვირვალობასა და ორმხრივ ზომებს ესკალაციის შესამცირებლად.

მისი თქმით, მიზანი უნდა იყოს ისეთი მომავალი, სადაც „უკრაინა იქნება დაცული, ევროპა - უფრო ძლიერი, რუსეთი - დარწმუნებული, რომ ნატო
დაპირისპირებას არ ეძებს, ხოლო ნატო და მის პარტნიორები დარწმუნებული იქნებიან, რომ რუსეთი პატივს სცემს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და
უსაფრთხოებას“.

მან საგანგებოდ აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საბოლოოდ ჩამოყალიბება შეუძლებელია ომისშემდგომი ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურისგან განცალკევებით, და რომ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს მონაწილე ქვეყნების
სუვერენიტეტისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობის შენარჩუნება.

კუშნერმა ასევე თქვა, რომ ხანგრძლივი უსაფრთხოებისთვის საჭიროა უკრაინის ეკონომიკური სიძლიერე და კეთილდღეობის საიმედო გეგმა, რაც
მოიცავს რეფორმებს ქვეყნის ინსტიტუტების, ეკონომიკისა და დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნიდან მეორე) და ჯარედ კუშნერი (მარჯვნივ ბოლო) ბერლინში 19 ნოემბერს გამართულ “მოსურნეთა კოალიციის“ პრესკონფერენციაზე

ზელენსკის მეტი სურს

კუშნერის პოსტი მოჰყვა ზელენსკის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომელიც მან ბერლინში „მოსურნეთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანება მისი ქვეყნისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტიად რჩება და ეს ამავდროულად ალიანსსაც გააძლიერებს.

მან დასვა კითხვა, თუ რას ნიშნავს პრაქტიკაში „მე-5 მუხლის მსგავსი“ ალტერნატიული შეთანხმება - მათ შორის ისიც, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მასში მონაწილეობას, როგორ დაიცავენ უკრაინას და იქნებიან თუ არა მზად, მოიგერიონ რუსეთის კიდევ ერთი თავდასხმა.

ასევე ნახეთ

პუტინის ხიდის 200 მეტრი წყალქვეშ - რა დრო დასჭირდება აღდგენას?



მისი თქმით, პასუხები წერილობით უნდა გაფორმდეს და არ უნდა დარჩეს მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ დაპირებებად.

ზელენსკიმ ასევე მოითხოვა, რომ ნებისმიერი გარანტია ტრამპის საპრეზიდენტო ვადის მიღმაც უნდა ვრცელდებოდეს. მისი თქმით, უკრაინას ვალდებულებები არა მხოლოდ მომდევნო ორი წლისთვის, არამედ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის სჭირდება. „ეს არ არის მყარი მშვიდობა. ეს ორწლიანი პაუზაა“, - განაცხადა მან.

ზელენსკიმ, კუშნერის ეს პოსტი უკვე გამოქვეყნებული იყო, კიდევ ერთხელ მოუწოდა ალიანსს მის რიგებში სრულუფლებიანი წევრობისკენ მიმავალი გზის გახსნისკენ და არა უბრალოდ ნატოს ქვეყნებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებისკენ.

უკრაინის საბრძოლო გამოცდილება, ინოვაციური თავდაცვის ინდუსტრია და მრავალრიცხოვანი არმია სარგებელს მოუტანდა სხვა მოკავშირეებსაც, - ფიქრობს უკრაინის პრეზიდენტი, - „ნატო არის პასუხი - და ძლიერ უკრაინულ არმიასთან ერთად თავად ნატოც გარანტირებულად უფრო ძლიერი იქნება", – მიმართა ვიდეოხიდის საშუალებით ზელენსკიმ 23 ნოემბერს ნატოს წევრი ქვეყნების ბერლინში შეკრებილ კანონმდებლებს.

ზელენსკის გამოსვლას მოჰყვა ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რიუტეს სიტყვა.

რიუტემ, რომელმაც ორშაბათს იმავე თავყრილობაზე ხაზი გაუსვა ალიანსის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, აღნიშნა, რომ გაწევრიანებას ერთსულოვანი მხარდაჭერა დასჭირდება.

“ამ ეტაპზე ნატოს ყველა მოკავშირე არ თანხმდება ალიანსის წევრად უკრაინის მიღებაზე", – განაცხადა რიუტემ, თუმცა მან ასევე მტკიცედ უარყო მოსაზრება, რომ გარე ძალებს, როგორიცაა რუსეთი, შეუძლიათ უკარნახონ, ვინ შეუერთდება ალიანსს.

მოსკოვის უარი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დენიელ ფრიდმა, - რომელმაც ამერიკის შვიდ ადმინისტრაციაში იმუშავა, - რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ ნიშნებს იმისა, რომ მოსკოვი მზად იყოს ასეთი გარანტიების განსახილველად.

„ვისურვებდი, რუსებს ეს პირდაპირ ეთქვათ, თუმცა მათ ეს არ გაუკეთებიათ“, - განაცხადა ფრიდმა და ყურადღება გაამახვილა რიაბკოვის საჯარო განცხადებებსა და რუსეთის უცვლელ, მაქსიმალისტურ საომარ მიზნებზე. მან გაფრთხილება გამოთქვა, რომ არ აერიათ ერთმანეთში წინადადების განხილვისთვის მზადყოფნა და თავად წინადადების მიღება. „სიტყვა „განხილვა“ აქ საკმაოდ დიდ დატვირთვას ატარებს“, — აღნიშნა მან.

ასევე ნახეთ

ესტონეთი და ფინეთი მონაწილეობენ რუსეთის გემ Sparta II-ზე ხანძრის ჩაქრობაში

ფრიდის თქმით, ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი რეალური გარანტია გულისხმობს, რომ აშშ და ევროპის წამყვანი ქვეყნები - მათ შორის შესაძლებელია
„მოსურნეთა კოალიციის“ წევრებიც - აიღებენ ვალდებულებას, რომ უკრაინაზე თავდასხმა განიხილონ, როგორც თავდასხმა ყველა მათგანზე.

„ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მან. მისი თქმით, მსგავსი შეთანხმება შესაძლოა გამოდგეს, თუმცა რუსეთი, სავარაუდოდ, მას უარყოფს. მანვე აღნიშნა, რომ კიევისთვის უმჯობესი იქნებოდა უკრაინის სრულფასოვანი გაწევრიანება ნატოში.

ფრიდმა ეჭვქვეშ დააყენა, წარმოადგენდა თუ არა კუშნერის განცხადება აშშ-ის უკვე შეთანხმებულ პოლიტიკას, თუ ის უბრალოდ ცდილობდა, ამ
წინადადებისთვის ტრამპის მხარდაჭერა მოეპოვებინა

„ბევრად უკეთესი იქნებოდა, მას ეთქვა, რომ დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ამ გარანტიას - კონსტიტუციური და კონგრესის პროცედურების გათვალისწინებით“, - განაცხადა ფრიდმა.

„ლამის ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჯარედ კუშნერი, ნაცვლად იმისა, რომ აშშ-ის მთავრობის პოზიციას წარმოადგენდეს, ბეწვის ხიდზე დადის და ადგილზე ქმნის ფაქტებს, რათა შემდეგ ეს ტრამპს წარუდგინოს“, - დასძინა მან.

პენტაგონის ხედვა ნატოს გარშემო

ფრიდმა ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის პოტენციური უსაფრთხოების ვალდებულებასა და პენტაგონის პოლიტიკის ხელმძღვანელის, ელბრიჯ კოლბის საჯაროდ გაცხადებულ პრიორიტეტებს შორის თანხვედრა.
22 ნოემბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ცალკე პოსტში კოლბიმ აღწერა, როგორ უნდა მომხდარიყო გადასვლა იმაზე, რასაც მან „ნატო 3.0“ უწოდა, და წერდა, რომ ალიანსის ფარგლებში კონვენციურ თავდაცვაში წამყვანი როლი ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა იკისრონ.

კოლბიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა მიმართული უნდა იყოს მისი დახმარების, ფრონტის ხაზის შენარჩუნებისა და შესაბამისი საშუალო მანძილზე დარტყმების განხორციელებისკენ, რაც მას უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნის ყველაზე ეფექტიან გზად მიაჩნია.

მისი თქმით, კონვენციურ თავდაცვაზე გადასვლას ევროპელების ხელმძღვანელობით უკვე მოაქვს შედეგები, ვინაიდან აშშ-ის მოკავშირეები ავლენენ სამრეწველო შესაძლებლობებსა და პოლიტიკურ ნებას მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად.

ფრიდმა აღნიშნა, რომ ამ პრიორიტეტებმა გააჩინა კითხვები იმის თაობაზე, თუ როგორ შეძლებს ვაშინგტონი ერთდროულად ევროპაში თავისი კონვენციური სამხედრო როლის შემცირებისკენ სვლას და უკრაინის წინაშე უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ახალი ვალდებულებების აღებას.

Your browser doesn’t support HTML5

Parents Speak Out Against Military Propaganda In Russian Schools

მშობლები რუსეთის სკოლებში სამხედრო პროპაგანდის წინააღმდეგ გამოდიან. ავტორი: RFE/RL

“თუ ჩვენ ვაპირებთ დამატებითი უსაფრთხოების ვალდებულებების აღებას, უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიის მიცემას, მსურს ვიცოდე, რა დამატებითი ძალები იქნება საჭირო და როგორ განხორციელდება ეს?” – განაცხადა მან.

ფრიდმა ასევე გაგვაფრთხილა, რომ დაძაბულობის შესამცირებლად საპასუხო ზომების შესახებ მოლაპარაკებებმა შესაძლოა მოსკოვს საკუთარი მოთხოვნების წამოყენების შესაძლებლობა მისცეს.
მიუხედავად თავისი ეჭვებისა, ფრიდმა თქვა, რომ კუშნერის პოსტში გამოხატული მოსაზრებები საკმარისად წინგადადგმული ნაბიჯი იყო საიმისოდ, რომ სერიოზული ყურადღება დაემსახურებინა. “აქამდე სკეპტიკურად ვუყურებდი კუშნერის საუბარს მე-5 მუხლის მსგავს გარანტიებზე, მაგრამ მისი ეს ტვიტი საკმარისად წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ მას სერიოზულად მოვეკიდო”, – თქვა მან.

გარანტიები უნდა იყოს სანდო

კრისტინა კვიენი, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპის მიმართულების ყოფილი დირექტორი და უკრაინაში აშშ-ის საელჩოს საქმეთა ყოფილი დროებითი რწმუნებული, უფრო სკეპტიკურად იყო განწყობილი.

კვიენმა, რომელიც ამჟამად საერთაშორისო პოლიტიკის წყნარი ოკეანის საბჭოს პრეზიდენტია, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ფრაზა „მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები“ ზედმეტად ბუნდოვანია მკაფიოდ განსაზღვრული და პრაქტიკული მექანიზმების გარეშე.

მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა კუშნერის მტკიცება იმის შესახებ, რომ რუსეთისთვის ამ კონცეფციის განხილვა მისაღები იყო, განსაკუთრებით რიაბკოვის უარის გამო.

მისი თქმით, წერილობითი ვალდებულებაც კი მხოლოდ იმდენად იქნებოდა საიმედო, რამდენადაც ვაშინგტონს ექნებოდა მისი აღსრულების ნება. “ტრამპის ადმინისტრაციას არ მოუპოვებია ის ნდობა, რომელიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვალდებულება შესრულდება”, – განაცხადა კვიენმა.

“უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე სანდო გარანტია ნატოს სრულუფლებიანი წევრობაა”, - დასძინა მან.
ამასობაში კუშნერმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული უსაფრთხოების მექანიზმები, ეკონომიკურ აღდგენასა და უფრო ფართო ევროპული უსაფრთხოების ჩარჩოსთან ერთად, მიზნად ისახავდა მდგრადი მოგვარებისთვის საფუძვლის ჩაყრას.

მან საბოლოო მიზანი აღწერა, როგორც „სუვერენული, უსაფრთხო, აყვავებული და თავისუფალი უკრაინა, უფრო ძლიერი და სტაბილური ევროპა და მდგრადი მშვიდობა, რომელიც დაფუძნებულია ისეთ შეთანხმებებზე, რომლებიც კიდევ ერთი ომის ალბათობას გაცილებით ამცირებს“.

“არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ შეთანხმდება, - ხაზგასმით თქვა მან, - მაგრამ მზაობა, ჩავერთოთ ამ ისტორიული საკითხების განხილვაში, ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას სისხლისღვრის შესაჩერებლად”.

ასევე ნახეთ

WSJ: აშშ განიხილავს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ