ბომბი ორბიტაზე - რა მოხდება, თუ კოსმოსში ბირთვული იარაღი აფეთქდება?

რუსული კოსმოსური ხომალდის, „სოიუზის“ (Союз) ფოტო, რომელიც გადაღებულია 2025 წლის აპრილში, ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაშვების დროს.

რუსეთის შესაძლო გეგმა - ორბიტაზე გაიყვანოს ბირთვული იარაღით აღჭურვილი თანამგზავრი, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კოსმოსურ ინფრასტრუქტურას, არამედ დედამიწაზე არსებულ კრიტიკულად მნიშვნელოვან სისტემებსაც. ორბიტაზე ერთი ბირთვული აფეთქებაც კი საკმარისია, რომ მსოფლიო ტექნოლოგიური ქაოსის წინაშე აღმოჩნდეს.

გერმანული ტელერადიოკომპანიები NDR და WDR და გაზეთი Süddeutsche Zeitung, დასავლურ სადაზვერვო სამსახურებზე (მათ შორის გერმანიის ბუნდესვერსა და ფედერალურ სადაზვერვო სამსახურზე) დაყრდნობით, იუწყებიან, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში გეგმავს ორბიტაზე გაიყვანოს ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი თანამგზავრი (Sputnik-S), რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ინახებოდა მოსკოვის ოლქში.

გერმანული მედია, ბუნდესვერის კოსმოსური სარდლობის წარმომადგენლებთან საუბრების შემდეგ, ვარაუდობს, რომ Sputnik-S-ის გაშვება შესაძლოა უკვე 2026 წლის დეკემბერში მოხდეს. ნატოს ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ შესაბამისი გაფრთხილება უკვე მიიღო. WDR-ისა და NDR-ის ცნობით, გერმანელმა სამხედროებმა ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს (Boris Pistorius) და გერმანიის მთავრობის სხვა წევრებსაც მიაწოდეს.

გერმანიაში რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ გერმანელი ჟურნალისტების ინფორმაცია „პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილია“ და, რომ რუსეთის კოსმოსური საქმიანობა „მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით“ და „საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“ ხორციელდება. კრემლმაც, გავრცელებული განცხადებით, მოუწოდა საზოგადოებას, რომ ორბიტაზე ბირთვული ქობინით აღჭურვილი თანამგზავრის გაყვანის შესახებ ინფორმაცია „სერიოზულად არ აღიქვას“.

უსაფრთხოების საკითხების სლოვაკური ანალიტიკური ცენტრის, GLOBSEC-ის უფროსმა მკვლევარმა ტომაშ ნადმა რადიო თავისუფლებას (rferl) განუცხადა, რომ რუსეთის მიერ კოსმოსში გასატანად განკუთვნილი ბირთვული იარაღის შემუშავების მტკიცებულებები ჯერჯერობით ფრაგმენტულია. თუმცა, თუ ასეთი იარაღი მართლაც შეიქმნა, ის მართლაც შეძლებს მრავალი თანამგზავრის, მათ შორის Starlink-ის თანამგზავრული ჯგუფების, მწყობრიდან გამოყვანას.

ასევე ნახეთ

ვარსკვლავური ომები: რუსული და დასავლური თანამგზავრების დაპირისპირება ორბიტაზე - რა კავშირი აქვს უკრაინასთან?

„ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა თანამგზავრი განადგურდება, მაგრამ ზემოქმედება შერჩევითი არ იქნება: დასავლეთის, რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების კოსმოსური აპარატები შესაძლოა რადიაციის დამანგრეველი ძალის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ“, - განაცხადა მან.

მაღალ სიმაღლეზე მომხდარი ბირთვული აფეთქების მთავარი დამაზიანებელი ფაქტორი ელექტრომაგნიტური იმპულსია (EMP), რომელიც თქმის სინათლის სიჩქარით ვრცელდება და გზად მწყობრიდან გამოჰყავს ელექტრულ სისტემები. ორბიტაზე შემდგომი რადიაციული ზემოქმედება კი თანამგზავრების მგრძნობიარე კომპონენტებს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს.

ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციის, Secure World Foundation-ის კოსმოსური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართულების ხელმძღვანელი ვიქტორია სამსონი ამბობს, რომ მაღალ სიმაღლეზე ბირთვული აფეთქების შემთხვევაში აფეთქების უშუალო ხილვადობის არეალში მყოფი თანამგზავრების უზარმაზარი რაოდენობა დაზიანდება ან სრულად გამოვა მწყობრიდან.

„თანამგზავრების უმეტესობა ბირთვული გამოსხივებისგან დაცული არ არის. ამიტომ, მაგალითად, თუ ინტერნეტს Starlink-ის მეშვეობით იღებთ, აფეთქების შემდეგ, სავარაუდოდ, ეს შეუძლებელი იქნება“, - განუცხადა ვიქტორია სამსონმა რადიო თავისუფლებას.

დედამიწის ზედაპირზეც ეს ელექტრომაგნიტური იმპულსი უზარმაზარ ტერიტორიებზე გაანადგურებდა ან მწყობრიდან გამოიყვანდა ელექტრულ სისტემებს. სერიოზულად დაზიანდებოდა უკრაინის თავდაცვისუნარიანობაც, რადგან რუსეთთან ომში უკრაინის შეიარაღებული ძალები (ბრძოლის ველზე მოქმედებების კოორდინაციისთვის) მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორედ ამერიკულ თანამგზავრულ სისტემაზე Starlink-ზე.

უკრაინელი ჯარისკაცი ამონტაჟებს Starlink-ის სატელიტურ ანტენას დონეცკის ოლქში. 2026 წლის ოქტომბერი.

სახელშეკრულებო ჩარჩო

რუსეთი (როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე ქვეყანა) 1963 წელს გაფორმებული იმ ხელშეკრულების მონაწილეა, რომელიც კრძალავს ბირთვული იარაღის გამოცდას ატმოსფეროში, კოსმოსურ სივრცესა და წყალქვეშ. რუსეთი ასევე არის 1967 წლის კოსმოსური სივრცის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე, რომელიც ასევე კრძალავს ბირთვული იარაღის განთავსებას დედამიწის ორბიტაზე, კოსმოსურ სადგურებსა და ციურ სხეულებზე.

„კოსმოსური სივრცის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, აკრძალულია დედამიწის ორბიტაზე მასობრივი განადგურების იარაღის განთავსება. ბირთვული იარაღის განთავსება, უდავოდ იქნება ამ ხელშეკრულების დარღვევა. თავად ხელშეკრულება კონტროლის მექანიზმებს არ ითვალისწინებს, რაც განზრახ გაკეთდა, თუმცა ტექნიკურად შესაძლებელია იმის დადგენა, არის თუ არა თანამგზავრის ბორტზე ბირთვული ქობინი“, - განმარტავს ვიქტორია სამსონი.

რუსეთის ბირთვული დოქტრინა (რომელიც 2022 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა) ითვალისწინებს ხუთ სავარაუდო სცენარს, რომელთა დროსაც შესაძლებელია ბირთვული იარაღის გამოყენება:

  • სანდო ინფორმაციის მიღება რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ;
  • ზემოქმედება კრიტიკულად მნიშვნელოვან სახელმწიფო ან სამხედრო ობიექტებზე, რომელთა მწყობრიდან გამოყვანაც რუსეთის ბირთვული ძალების საპასუხო მოქმედებებს ჩაშლის;
  • ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით განხორციელებული აგრესია, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას;
  • მოწინააღმდეგის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება ქვეყნის ტერიტორიის, მისი სამხედრო შენაერთების ან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ განლაგებული ობიექტების წინააღმდეგ;
  • საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის საშუალებების, მათ შორის ფრთოსანი რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების), მასობრივი გაშვება და მათი მიერ რუსეთის საზღვრის გადაკვეთა.

მრავალი სახელმწიფო აქტიურად იყენებს კოსმოსურ შესაძლებლობებს სამხედრო მიზნებისთვის. ამიტომ, მოსკოვში ბევრი ფიქრობს, რომ ამ ქვეყნების თანამგზავრული ინფრასტრუქტურა ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის რუსეთს.

ძველი ეჭვები

აშშ ადრეც ადანაშაულებდა რუსეთს დედამიწის მახლობელ ორბიტებზე განლაგებული თანამგზავრული დაჯგუფებების გასანადგურებელი იარაღის შემუშავებაში. 2024 წელს რუსეთმა ორჯერ დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი, რომელიც კოსმოსში გამალებული შეიარაღების თავიდან აცილებას ითვალისწინებდა. საუბარი იყო თანამგზავრ „კოსმოს-2553“-ზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ გაიყვანეს ორბიტაზე.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ეს კოსმოსური აპარატი აღჭურვილი იყო „ახლად შემუშავებული საბორტო ხელსაწყოებითა და სისტემებით, რომლებიც რადიაციისა და მძიმე დამუხტული ნაწილაკების ზემოქმედების პირობებში გამოცდისთვის იყო განკუთვნილი“ ანუ იმ ფაქტორების ზემოქმედების შესასწავლად, რომლებიც კოსმოსში ან ატმოსფეროს ზედა ფენებში ბირთვული აფეთქების დროს წარმოიქმნება.

ვიქტორია სამსონის აზრით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, რამდენად რეალურია კოსმოსში ბირთვული იარაღის გამოჩენის საფრთხე:

„2024 წლის თებერვლიდან მოყოლებული ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი მუშაობს ისეთი ბირთვული ქობინის შექმნაზე, რომლის კოსმოსში განთავსებაც შესაძლებელი იქნება. გამოითქვა ვარაუდი, რომ თანამგზავრი „კოსმოს-2553“ ამ პროგრამასთან არის დაკავშირებული, ოღონდ არა იმ გაგებით, რომ მას ბირთვული მუხტი გადაჰქონდა, არამედ იმით, რომ მასზე, შესაძლოა, რადიაციის ხანგრძლივი ზემოქმედების შესასწავლი გამოცდები ტარდებოდა. როგორც ჩანს, ახალი ანგარიში გერმანიის დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება, ამიტომ მისი დადასტურება ადვილი არ იქნება. დოკუმენტში მოხსენიებულია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამმართველოს (DIA) ანგარიში, რომელშიც საუბარია რუსეთის კოსმოსური ბაზირების ბირთვულ იარაღზე. თუმცა DIA-ს ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ მისი გაშვება უახლოეს მომავალში იგეგმება“.

ასევე ნახეთ

რუსული „რასვეტი“ უკვე ორბიტაზეა. სად არის Starlink-ის ევროპული ანალოგი?

„მეორე მზე“ და წარსულის სხვა გაკვეთილები

საბჭოთა კავშირმა პირველი ხელოვნური თანამგზავრი ორბიტაზე 1957 წელს გაიყვანა. 1960-იანი წლების დასაწყისში კი საბჭოთა კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე ბირთვული აფეთქება განახორციელეს მაღალ სიმაღლეზე, სადაც ბირთვული მუხტები ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.

სპეციალისტების თქმით, ამ ბირთვული გამოცდების მიზანი მოწინააღმდეგის კოსმოსური აპარატების წინააღმდეგ ბრძოლა არ ყოფილა, რადგან იმდროინდელი თანამგზავრების შესაძლებლობები, დღევანდელთან შედარებით, ბევრად უმნიშვნელო იყო.

კოსმოსში ყველაზე მასშტაბური ბირთვული გამოცდა, რომლის კოდურის სახელია Starfish Prime, 1962 წლის 9 ივლისს ჩატარდა, როცა ამერიკულმა რაკეტამ წყნარი ოკეანის ცენტრში მდებარე მარჯნის კუნძულ ჯონსტონის თავზე (400 კმ სიმაღლეზე) თითქმის 1,5 მეგატონიანი სიმძლავრის ბირთვული ქობინი აიტანა. აფეთქებას მოულოდნელი შედეგები მოჰყვა. ჰავაის კუნძულებზე, რომელიც აფეთქების ადგილიდან 1,5 ათას კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული, მწყობრიდან გამოვიდა თითქმის ყველა ელექტრონული მოწყობილობა.

კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები შეექმნათ კოსმოსურ აპარატებს. აფეთქებიდან მეორე დღეს, კანავერალის კონცხიდან გაშვებულ პირველ სატელევიზიო თანამგზავრს Telstar 1-ს, რადიაციამ ფატალურად დაუზიანა ელექტრონული სისტემა. სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა კიდევ შვიდი თანამგზავრი: მწყობრიდან გამოვიდა მათი ელექტრონული აღჭურვილობა და მზის პანელები. დედამიწის მახლობელ ორბიტაზე რადიაციის მატება 1968 წლამდეც შეინიშნებოდა.

რამდენიმე თვის შემდეგ კი მეცნიერები, რომლებიც ამჯერად საბჭოთა ყაზახეთის ცას აკვირდებოდნენ, ისეთი მოვლენის მოწმენი გახდნენ, რომელსაც ერთ-ერთმა მათგანმა „მეორე მზე“ უწოდა - ცაზე წამიერად გაჩენილი მძლავრი ნათების გამო.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია 1962 წელს კოსმოსურ ორბიტაზე (წყნარი ოკეანის თავზე) 1,4 მეგატონა სიმძლავრის თერმობირთვული ქობინის აფეთქება

ეს აფეთქება საბჭოთა კავშირის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისი მიზანი იყო „მაღალ სიმაღლეზე განხორციელებული აფეთქებების გავლენის შესწავლა ანტისარაკეტო თავდაცვისა და საკომუნიკაციო სისტემებზე“. სამხედროების შეფასებით, მაღალ ორბიტაზე აფეთქებული საბჭოთა ბომბის სიმძლავრე 20-ჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაში ჩამოგდებული ამერიკული ბომბისას.

ყაზახეთის სტეპებში მყოფ დამკვირვებლებს აფეთქება არც უგრძნიათ და არც გაუგონიათ, თუმცა ბომბის მიერ წარმოქმნილმა მყისიერმა ელექტრომაგნიტურმა იმპულსმა (EMP) მწყობრიდან გამოიყვანა ადგილობრივი ელექტროქსელები: ელექტროხაზები ნაპერწკლებს ყრიდნენ და იწვოდნენ, კაბელები მიწაზე ცვიოდნენ, ხოლო ელექტროსადგურის შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ელექტრომაგნიტურმა აფეთქებამ ასევე დააზიანა მიწისქვეშ, დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმეზე ჩადებული მაღალი ძაბვის კაბელი, რომელიც ორ ქალაქს აკავშირებდა ერთმანეთთან. საბჭოთა კავშირის მიერ ჩატარებული EMP-გამოცდების მრავალი შედეგი დღემდე გასაიდუმლოებული დარჩა.

პირველი ბრიტანული თანამგზავრის, Ariel 1-ის რეპლიკა (ასლი) - ერთ-ერთი იმ რამდენიმე თანამგზავრიდან, რომლებიც Starfish Prime-ის აფეთქების შედეგად დაზიანდა.

სწორედ ამ გამოცდების შემდეგ (ისევე როგორც კარიბის კრიზისის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე მიიყვანა), 1963 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა მოახდინეს ბირთვული გამოცდების ნაწილობრივი აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიცირება, რომელიც კოსმოსში ბირთვული იარაღის აფეთქებას კრძალავდა. მოგვიანებით გაფორმა კიდევ ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ორბიტაზე ბირთვული იარაღის განთავსებას კრძალავდა.

რა დევს სასწორზე

60 წლის განმავლობაში კოსმოსში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. დღეს დედამიწის ორბიტაზე იმყოფება თითქმის 17 ათასი კოსმოსური აპარატი, რომელთაგან 11 ათასზე მეტი Starlink-ია. 16 ათასზე მეტი თანამგზავრი (მათ შორის Starlink-ისაც) დედამიწის დაბალ ორბიტებზეა განლაგებული, ანუ დედამიწის ზედაპირიდან არაუმეტეს 2 ათასი კილომეტრის სიმაღლეზე.

ამ სიმაღლეს, უსაფრთხოების თვალსაზრისით , განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქმე ისაა, რომ დაახლოებით 4 ათასი კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ვან ალენის რადიაციული სარტყელი.

ამის მიუხედავად, თანამგზავრების გარკვეული რაოდენობა საშუალო ორბიტებზე, ვან ალენის სარტყლის ფარგლებში მუშაობს. მათ შორისაა სანავიგაციო თანამგზავრები GPS, Galileo, GLONASS, BeiDou და სხვა. კიდევ რამდენიმე ასეული თანამგზავრი, ძირითადად მეტეოროლოგიური, სატელევიზიო და სარეტრანსლაციო აპარატები, გაცილებით მაღალ ორბიტებზე მუშაობენ.

ვან ალენის რადიაციული სარტყელი - დედამიწის გარშემო არსებული მაღალენერგიული დამუხტული ნაწილაკების (ძირითადად პროტონებისა და ელექტრონების) ზონა, რომელსაც პლანეტის მაგნიტური ველი აკავებს. ამ ნაწილაკების უმეტესობა მზის ქარიდან და კოსმოსური სხივებიდან მოდის. დედამიწის მაგნიტური ველი მათ „ხაფანგში“ აქცევს და არ აძლევს პლანეტის ზედაპირამდე მიღწევის საშუალებას. სარტყელი ძირითადად ორი ზონისგან შედგება: შიდა სარტყელი (დაახლოებით 1 000 - 6 000 კმ სიმაღლეზე, სადაც მეტია პროტონები) და გარე სარტყელი (დაახლოებით 13 000 - 60 000 კმ სიმაღლეზე, სადაც ელექტრონები ჭარბობს). სარტყელი ერთგვარი ბუნებრივი ფარია, რომელიც დედამიწის ატმოსფეროსა და ცოცხალ ორგანიზმებს მზის მომაკვდინებელი რადიაციისგან იცავს, თუმცა ის საფრთხეს უქმნის კოსმოსურ აპარატებს, რადგან ამ ზონაში რადიაციის დონე უკიდურესად მაღალია, ის საშიშია ასტრონავტებისა და თანამგზავრების ელექტრონიკისთვის. სწორედ ამიტომ, თანამგზავრების უმეტესობა (მაგალითად, Starlink და საერთაშორისო კოსმოსური სადგური) დაფრინავს უფრო დაბალ ორბიტაზე (2 000 კმ-მდე), ხოლო სარტყლის გავლისას კოსმოსურ ხომალდებს სპეციალური დაცვა სჭირდებათ.

რუსეთი, როგორც პირველი კოსმოსური სახელმწიფოს (საბჭოთა კავშირის) მემკვიდრე, ამ სფეროში დომინანტურ პოზიციას არ ფლობს. ანალიტიკური პორტალის EarthLive-ის მონაცემებით, კოსმოსური თანამგზავრების დაახლოებით 75% აშშ-ს ეკუთვნის, დაახლოებით 9,5% - ჩინეთს, ხოლო დაახლოებით 4% - დიდ ბრიტანეთს. ამ რეიტინგში რუსეთი მხოლოდ მეოთხე ადგილზეა 1,8%-ით.

დედამიწის მახლობელ ორბიტაზე ბირთვული აფეთქების შემთხვევაში, პირველ რიგში, დაზარალდება „ახლო კოსმოსი“, სადაც კოსმოსური აპარატების 95%-ზე მეტია განლაგებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თანამგზავრების მხოლოდ 3%-ია სამხედრო დანიშნულების.

ასევე ნახეთ

ჩინეთის ჯაშუშური თანამგზავრები - კოსმოსიდან დაზვერვის “სამაშველო რგოლი” რუსეთისთვის?

2026 წელს გამოქვეყნებულმა ვისკონსინის უნივერსიტეტის (მედისონი) კვლევამ აჩვენა, რომ დედამიწის ზედაპირიდან 500 კილომეტრის სიმაღლეზე 1 მგტნ-ის სიმძლავრის ბირთვული მუხტის აფეთქებას ერთი კვირის განმავლობაში კოსმოსური თანამგზავრების 98%-ის მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია, რაც მთელ მსოფლიოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების მუშაობის მასშტაბურ შეფერხებას გამოიწვევს, შედეგების აღმოფხვრას კი წლები დასჭირდება. საქმე ისაა, რომ აფეთქების შედეგად გამოთავისუფლებული აქტიური ნაწილაკები დედამიწის მაგნიტურ ველში მოექცევა. შედეგად, პლანეტის გარშემო ხელოვნური რადიაციული სარტყელი წარმოიქმნება (ფაქტობრივად, ახალი ვან ალენის სარტყელი), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უარყოფითად იმოქმედებს კოსმოსურ აპარატებზე.

„ზოგიერთ თანამგზავრს (ძირითადად სამხედრო დანიშნულებისას) ბირთვული აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიაციისგან დაცვის სისტემა აქვს. თუმცა თანამგზავრების უმეტესობა რადიაციის ასეთი ინტენსიური ზემოქმედებისთვის მზად არ არის“, - განმარტავს ვიქტორია სამსონი.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რუსეთმა, რომლის შეიარაღებული ძალები და ეკონომიკაც შედარებით ნაკლებად არის დამოკიდებული სამხედრო და კომერციული კოსმოსის შესაძლებლობებზე, შესაძლოა მართლა გადადგას ასეთი ნაბიჯი, რათა მოწინააღმდეგეებს შეუდარებლად დიდი ზიანი მიაყენოს.

„დღეს რომ Starfish Prime-ის მსგავსი კიდევ ერთი აფეთქება მოხდეს, მას გაცილებით დიდი ზემოქმედება ექნება დედამიწის დაბალ ორბიტაზე, რადგან იქ ახლა ბევრად მეტი თანამგზავრია და ისინი ელექტრონულ კომპონენტებზე გაცილებით მეტად არიან დამოკიდებული, ვიდრე ეს 1960-იან წლებში იყო“, - ამბობს ვიქტორია სამსონმა.

2010 წლის ანგარიშში, რომელიც ელექტრომაგნიტური იმპულსის ზემოქმედების შედეგად თანამგზავრებისთვის მიყენებულ შესაძლო ზიანს ეხებოდა, გამოტანილი იქნა დასკვნა, რომ შეფასებებში „შესაძლოა, ერთი-ორი რიგით მაღალი ცდომილება არსებობდეს“, რადგან ელექტრომაგნიტური იმპულსების შესახებ თანამედროვე მონაცემები არ არსებობს.

ასევე ნახეთ

“მატრიოშკა თანამგზავრები”, იარაღი-რობოტი: აშშ-ის კოსმოსური ძალების ყოფილი მეთაური რუსეთისა და ჩინეთისგან მომავალ საფრთხეებზე

ნიუ-იორკში გამართულ ბოლო სამიტზე ამერიკელი იარაღის მწარმოებელი პალმერ ლაკი (Palmer Luckey) ბირთვული გამოცდების განახლების მოწოდებით გამოვიდა, მთავარ არგუმენტად კი დასახელდა თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე ელექტრომაგნიტური იმპულსების ზემოქმედების შესწავლის აუცილებლობა. მან ყურადღება გაამახვილა მოძველებულ მონაცემებზე, რომლებიც, მისი თქმით, რამდენიმე ათწლეულის წინ დასრულებული ბირთვული გამოცდების საფუძველზე შეგროვდა.

„სინამდვილეში, არ ვიცით, რა დაემართება ჩვენს ტელეფონებს, კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასა და ჩვენს სამხედრო ძალებს ელექტრომაგნიტური იმპულსით დარტყმის შემთხვევაში“, - განაცხადა პალმერ ლაკიმ, რომელიც თავდაცვის ტექნოლოგიებზე სპეციალიზებული და სამხედრო დანიშნულების ავტონომიური უპილოტო საფრენი აპარატებისა და სენსორების მწარმოებელი კომპანიის, Anduril Industries-ის დამფუძნებელია.