Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარსკვლავური ომები: რუსული და დასავლური თანამგზავრების დაპირისპირება ორბიტაზე - რა კავშირი აქვს უკრაინასთან?

პლესეცკის კოსმოდრომიდან გაშვებულმა ხუთმა რუსულმა სამხედრო თანამგზავრმა ისეთი მანევრები შეასრულა, რომლებიც მათ ფინური ICEYE-ის სატელიტის ჩაჭერის პოტენციურ შესაძლებლობას აძლევდა. საუბარია თანამგზავრზე, რომელიც „უკრაინას კოსმოსიდან მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის“.
პლესეცკის კოსმოდრომიდან გაშვებულმა ხუთმა რუსულმა სამხედრო თანამგზავრმა ისეთი მანევრები შეასრულა, რომლებიც მათ ფინური ICEYE-ის სატელიტის ჩაჭერის პოტენციურ შესაძლებლობას აძლევდა. საუბარია თანამგზავრზე, რომელიც „უკრაინას კოსმოსიდან მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის“.

რუსეთი შესაძლოა უკრაინისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი ფინური თანამგზავრის დაზიანებას ან მისი მუშაობის ჩაშლას ცდილობდეს. 18 ოქტომბერს რუსული კოსმოს-2612 უჩვეულოდ მიუახლოვდა მას. ექსპერტები ამ მანევრში კოსმოსში სამხედრო ესკალაციის საფრთხეს ხედავენ, შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა თანამგზავრზე თავდასხმა იყოს.

18 ოქტომბერს ღამით დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1000 კილომეტრის სიმაღლეზე, რუსულმა სამხედრო თანამგზავრმა „კოსმოს-2612-მა" უჩვეულო მანევრი შეასრულა.

რუსული თანამგზავრი მიუახლოვდა სხვა თანამგზავრს, რომელიც ფინურ კომპანიას ეკუთვნის, შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული და, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის.

რამდენად ახლოს მიუახლოვდა?

სხვადასხვა შეფასებით, 200 მეტრით. შესაძლოა, უფრო ახლოსაც.

ამ ინციდენტმა დიდი ყურადღება მიიპყრო როგორც თანამგზავრებზე დაკვირვებით გატაცებულ მოყვარულებსა და კომერციულ კომპანიებში, ისე დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებში. მსგავსი რამ დიდი ხანია არ მომხდარა.

18 ოქტომბრის ეს „მიახლოება“ ასევე უახლესი შემთხვევაა მზარდი დაძაბულობის იმ პროცესში, რომელშიც მონაწილეობს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ - შეერთებული შტატები, ჩინეთი და სხვა ის ქვეყნებიც, რომლებსაც კოსმოსში მოქმედებისა და თანამგზავრების გამოყენების შესაძლებლობა აქვთ. ეს ყველაფერი კოსმოსში შეიარაღებულ რბოლასთან დაკავშირებულ შიშს აღვივებს.

„ეს არ ყოფილა თანამგზავრების ჩვეულებრივი მიახლოება ან ერთმანეთის გვერდით ჩაფრენა, - განაცხადა 19 ოქტომბერს აეროკოსმოსური დაზვერვის კომპანია LeoLabs-მა, - ეს ქცევა შეესაბამება რთულ მანევრებს, რომლებიც ობიექტთან მიახლოებისა და მასთან ახლოს პოზიციონირებისთვის გამოიყენება“.

„სიახლე ის არის, რომ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ორ კონკრეტულ თანამგზავრს შორის აქამდე არასოდეს მომხდარა ასეთი ახლო, შეუთანხმებელი მიახლოება“, - განაცხადა ვიქტორია სამსონმა, ვაშინგტონის ანალიტიკური ორგანიზაციის, Secure World Foundation-ის კოსმოსის საკითხების ექსპერტმა:

„რუსეთმა შესაძლოა ეს მიახლოება განახორციელა ფინური თანამგზავრის მაუწყებლობაში ჩარევისთვის, მიყურადებისთვის, მისი სიგნალის ჩახშობისთვის, დაშინებისთვის ან, შესაძლოა, ფიზიკური დაზიანებისთვისაც კი“.

„ვიტყოდი, რომ ეს აღიქმება შემაშფოთებელ და აგრესიულ ქმედებად, რომელსაც შესაძლოა პოტენციურად მტრული განზრახვა ედოს საფუძვლად, - განაცხადა დუგლას ლოვერომ, NASA-სა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში კოსმოსური პოლიტიკის მიმართულების ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა, - თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთის სიგნალი. ამავდროულად, ვფიქრობ, რუსები გვასწავლიან, როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ.“

„თუ ეს მონაცემები ზუსტია, 150 მეტრი უკიდურესად ახლო მიახლოებაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი მანევრი ჩვეულებრივი ოპერაციული პრაქტიკის ნაწილი იყოს, - განაცხადა ბრიუს მაკკლინტოკმა, საჰაერო ძალების გადამდგარმა ბრიგადის გენერალმა, რომელიც ამჟამად RAND Corporation-ში კოსმოსური პოლიტიკის მკვლევრად მუშაობს, - ეს უსაფრთხოებისა და დაცულობის თვალსაზრისით, რეალური შეშფოთების საფუძველია, თუმცა ასეთი ქმედება ავტომატურად არ უნდა შეფასდეს თავდასხმად ან მტრული განზრახვის მტკიცებულებად“.

უკიდურესი დაახლოება

2026 წლის აპრილში რუსეთმა პლესეცკის კოსმოდრომიდან დედამიწის დაბალ ორბიტაზე ექვსი თანამგზავრი გაუშვა.

ერთი თვის შემდეგ, ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) თანახმად, ხუთმა მათგანმა ისეთი მანევრები შეასრულა, რომლებიც მათ სხვა ობიექტის ჩაჭერის პოტენციურ შესაძლებლობას აძლევდა. საუბარია არასამხედრო, კომერციულ თანამგზავრზე, რომელსაც ფინური კომპანია ICEYE მართავს და რომელიც „უკრაინას კოსმოსიდან მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის“.

ამ თანამგზავრს, რომელსაც ICEYE-X36 ეწოდება, სინთეზური აპერტურის რადარი აქვს. ეს ტექნოლოგია დედამიწის ზედაპირის უფრო დეტალური გამოსახულებების მიღების საშუალებას იძლევა და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც დღისით და ღამით, ასევე ღრუბლიან ამინდშიც. მაისში გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თქვეს, რომ რუსული თანამგზავრები მიუახლოვდნენ „დასავლურ კომერციულ სარადარო თანამგზავრს, რომელსაც უკრაინა სადაზვერვო გამოსახულებების მისაღებად იყენებს“, თუმცა არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რომელი თანამგზავრი იგულისხმებოდა.

19 ოქტომბერს რადიო თავისუფლებასთან (RFE/RL) საუბრისას, ფინეთის ქალაქ ესპოში მდებარე კომპანია ICEYE-მ განაცხადა: „ჩვენთვის ცნობილია შექმნილი ვითარება და მას ყურადღებით ვაკვირდებით“.

თანამგზავრული ტრეკერების ინფორმაციით, გასული კვირის ბოლოს ერთ-ერთმა რუსულმა სამხედრო თანამგზავრმა „კოსმოს-2612-მა" მიახლოება დაიწო ICEYE-X36-თან.

შემდეგ, 17-18 ოქტომბერს, „კოსმოს-2612“ კიდევ უფრო მიუახლოვდა ფინურ თანამგზავრს.

მერე კიდევ უფრო ახლოს მივიდა, უკიდურესად ახლოს.

გერმანიის კოსმოსური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა მიხაელ ტრაუტმა, რუსული კოსმოსური აპარატის მოქმედება ICEYE-ს თანამგზავრის „დევნად“ შეაფასა.

„გაუფრთხილებლად განხორციელებული ახლო მიახლოება საფუძვლიანად შეიძლება ჩაითვალოს შემაშფოთებლად და პოტენციური დაძაბულობის ესკალაციის გამომწვევად, თუმცა მხოლოდ სიახლოვე მტრულ განზრახვას ან გარდაუვალ თავდასხმას არ ადასტურებს“, - განაცხადა მაკკლინტოკმა.

„მიუხედავად იმისა, რომ „კოსმოს-2612-ის" მოქმედების მიზანი კვლავ გაურკვეველია, ამ ქმედების წინასწარ განზრახული ხასიათი, მის განსახორციელებლად საჭირო საწვავის რაოდენობა და გამოსახულებების გადამღებ დასავლურ კომერციულ თანამგზავრთან სიახლოვე ამ მოვლენას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს“, - განაცხადა LeoLabs-მა.

„ეს პროვოკაციაა“

წინა თვეში მოულოდნელი განცხადებით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თავად შეერთებულმა შტატებმაც: ვაშინგტონმა, ფაქტობრივად, კოსმოსში (ორბიტაზე) განათავსა რეალური იარაღი, „რომელსაც მოწინააღმდეგის მტრული მოქმედებებისგან გაერთიანებული ძალების დაცვა შეუძლია“, - ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა განაცხადა ვაშინგტონის მახლობლად გამართულ კონფერენციაზე.

მათთვის, ვინც კოსმოსურ საკითხებს აკვირდება, ეს განცხადება მხოლოდ იმის საჯაროდ აღიარებაა, რაც აქამდე ისედაც ყველასთვის აშკარა იყო.

„შეერთებულ შტატებს კოსმოსში იარაღის განთავსება მოულოდნელად არ მოუხდენია მხოლოდ იმის აღიარებით, რომ ასეთი შესაძლებლობები აქვს, - დაწერა მალორი სტიუარტმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეიარაღების კონტროლის მიმართულების ყოფილმა მაღალჩინოსანმა, - კოსმოსში შეიარაღების რბოლა უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს“.

ექსპერტთა თქმით, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები „კოსმოს-2612-თან" დაკავშირებით (თუ ფინეთის მიერ მართულ თანამგზავრს რამე მოუვა), შესაძლოა გაჩნდეს კოსმოსური სივრცის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ოფიციალური საჩივრის შეტანის საფუძველი.

თუმცა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კოსმოსური პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, სკოტ პეისის ვარაუდით, ამას მხოლოდ რუსეთთან კონსულტაციების გამართვა მოჰყვება.

„ფინეთს თავად მოუწევდა გადაწყვეტილების მიღება შემდგომი რეაგირების, მაგალითად, საპასუხო ან სადამსჯელო ზომების მიღების თაობაზე, - ამბობს ის, - შესაძლოა ასეთი მოქმედებები მხოლოდ კოსმოსური სფეროთი შემოიფარგლოს, თუმცა არც ის არ არის გამორიცხული, რომ არ შემოიფარგლოს“.

„ეს არ წარმოადგენს კოსმოსური სივრცის შესახებ ხელშეკრულების დარღვევას, თუ არ ვამტკიცებთ, რომ რუსეთი „სათანადო ყურადღებით“ არ მოქმედებს, - განაცხადა სამსონმა, - თუმცა ცნება „სათანადო ყურადღება“ არასდროს ყოფილა განსაზღვრული და არცერთ ქვეყანას არ დაუდანაშაულებია სხვა ქვეყანა იმაში, რომ ის ასეთი ფორმით არ მოქმედებდა.“

„ეჭვგარეშეა, ეს პროვოკაციაა“, - განაცხადა ლოვერომ. - მაგრამ მე ამას რუსეთისთვის დამახასიათებელ, ჩვეულებრივ ქმედებად მივიჩნევ. ისინი მუდმივად უახლოვდებიან დასაშვებ ზღვარს, რათა შეამოწმონ მოწინააღმდეგის წითელი ხაზები და სიმტკიცე. ჩვენი რეაქციიდან ისინი ბევრს სწავლობენ“.

„გამოიყენებენ თუ არა ისინი თანამგზავრის წინააღმდეგ კინეტიკურ საშუალებებს? ეს, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, დაირღვეოდა ხელშეკრულება, - განაცხადა მან, - თუმცა უკრაინაში შეჭრითაც რუსეთმა ათობით საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია“.

ცივი ომის ვარსკვლავური ომები და არა მარტო

ცივი ომის დროს, კოსმოსში გაჩაღებული რბოლის მიმდინარეობისას, მოსკოვმაც და ვაშინგტონმაც იარაღი განათავსეს დედამიწის ორბიტაზე და გამოცადეს ბირთვული მოწყობილობები. ზოგიერთმა მათგანმა სერიოზული ზიანი მიაყენა თანამგზავრულ კავშირგაბმულობას. ურთიერთსაპასუხო აფეთქებების ამ პროცესმა გზა გაუხსნა კოსმოსური სივრცის შესახებ ხელშეკრულებას (1967 წ), რომელმაც კოსმოსში ატომური იარაღის განთავსება სამუდამოდ აკრძალა.

თუმცა ხელშეკრულებას არ აუკრძალავს ანტისატელიტური ბრძოლის წარმოება - ტექნოლოგიების შექმნა და განთავსება, რომელთა დანიშნულება ორბიტაზე მოძრავი სხვა ქვეყნების ობიექტების მუშაობის შეფერხება ან მათი განადგურებაა. Secure World Foundation-ის მონაცემებით, ცივი ომის დროს ქვეყნებმა ანტისატელიტური იარაღის სულ მცირე 50 გამოცდა ჩაატარეს.

1980-იან წლებში აშშ-ის სამხედროებმა გამოცადეს თვითმფრინავებიდან გაშვებული რეაქტიული რაკეტები, რომლებსაც ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრები უნდა გაენადგურებინათ. თუმცა შედეგად წარმოიქმნებოდა ნამსხვრევების ღრუბლები, რომლებიც პლანეტის გარშემო პოტენციურად სასიკვდილო სიჩქარით დაფრინავდნენ. ამიტომ კონგრესმა ეს პროგრამა გააუქმა.

2007 წელს ჩინეთმა სახმელეთო ბაზიდან გაშვებული რაკეტით გაანადგურა მოძველებული მეტეოროლოგიური თანამგზავრი, რომელიც დაახლოებით 865 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობდა. "შეშფოთებულ მეცნიერთა კავშირის" (Union of Concerned Scientists) თანახმად, ამ მოვლენამ „კოსმოსში, სხვა ნებისმიერ შემთხვევასთან შედარებით, უფრო მდგრადი ნამსხვრევების დიდი რაოდენობა წარმოქმნა“.

ერთი წლის შემდეგ აშშ-ის სამხედროებმა საზღვაო ბაზირების მქონე სარაკეტო თავდაცვის სისტემა Aegis-ი გამოიყენეს, რათა გაენადგურებინათ მწყობრიდან გამოსული ერთ-ერთი თანამგზავრი. ამ შემთხვევაში თანამგზავრი უფრო დაბალ სიმაღლეზე მოძრაობა, ამიტომ აფეთქების შედეგად გაფანტული ნამსხვრევების გროვა ორბიტაზე მხოლოდ მცირე ხნით დარჩა.

2019 წელს კოსმოსური თანამეგობრობა მოულოდნელი სიურპრიზის წინაშე დააყენა ინდოეთმა, რომელმაც საკუთარი ანტისატელიტური იარაღი გამოცადა. თანამგზავრი დედამიწიდან დაახლოებით 282 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობდა, რამაც, ექსპერტების თქმით, ორბიტაზე წარმოქმნილი ნამსხვრევების ღრუბლის „სიცოცხლის ხანგრძლივობა” და მასშტაბი მინიმუმამდე დაიყვანა.

2020 წლის დეკემბერში რუსეთმა გამოცადა რაკეტა, რომელმაც მწყობრიდან გამოსული სამხედრო თანამგზავრი გაანადგურა. შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევების ღრუბელი მოგვიანებით საფრთხეს უქმნიდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთს, როგორც ჩანს, ასევე გამოცდილი აქვს ე.წ. მატრიოშკის ტიპის თანამგზავრებიც - ობიექტები, რომლებიც თავის წიაღში ატარებენ ორბიტაზე გასაშვებ უფრო პატარა თანამგზავრებს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG