საქართველოს ნაცვლად ტიმბავატის ნაკრძალში - როგორ "გადაუხვიეს გზიდან" ბაობაბებმა

ფოტოზე ასახულია პორტიდან ნაკრძალში ხეების გადატანის პროცესი

მოკლედ

  • სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის შეკვეთით ნაყიდი ხუთი ბაობაბი, რომლებიც ბოლო ოთხი თვე სამხრეთ აფრიკის საპორტო ქალაქ დურბანში ელოდა საქართველოში გამოგზავნას, 2026 წლის ნოემბრის ბოლოს სულ სხვაგან აღმოჩნდა.
  • გიგანტი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე სამხრეთ აფრიკის სასამართლო იანვარში იმსჯელებს.
  • მომდევნო თვეები იმასაც აჩვენებს, გადაურჩებიან ხეები გახმობას თუ ვერა.
  • ამ დროისთვის ღიად რჩება შეკითხვა - იდავებს სასამართლოში ბაობაბების სავარაუდო ქართველი მფლობელი საკუთრების უფლების დარღვევაზე თუ ისიც ხეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს დაელოდება გადაწყვეტილების მიღებამდე.

შეკვეთილის ნაცვლად ტიმბავატში - “ოპერაცია ბაობაბები”

“როდესაც ჩვენ, ამ ინიციატივის მონაწილეები ცოცხლები აღარ ვიქნებით, ეს ბაობაბები, შესაძლოა ისევ იდგნენ ტიმბავატში”, - ამ იმედით წამოიწყეს სამხრეთაფრიკელმა გარემოსდამცველებმა 12-დღიანი „ოპერაცია ბაობაბები“. მათ 5 გიგანტი დურბანის პორტიდან 900 კილომეტრით დაშორებულ ნაკრძალში გადაიტანეს და 12 ნოემბერს ნიადაგში ჩარგეს. საშუალოდ 12 მეტრის სიმაღლის ხეების წონა დაახლოებით 30 ტონაა.

არადა, აფრიკული ბაობაბების დამკვეთი კი ჯერ კიდევ 4 თვით ადრე ელოდა, რომ მისთვის ლიმპოპოს პროვინციაში ნაყიდი ხეები საქართველოსკენ საზღვაო გზით დაიძვრებოდა. და ეს ასეც მოხდებოდა, რომ არა უჩვეულო ტვირთის გაჩერება პორტში.

დურბანის პორტში გაჩერებული ხუთი ბაობაბიდან ერთ-ერთი. ხეები მიწისა და წყლის გარეშე სამ თვეზე მეტ ხანს ეწყო ტერმინალის ეზოში.

“ეს ბაობაბები უკანონოდ ამოთხარეს უოტერბერგის (Waterberg - სამხრეთი აფრიკა) რეგიონიდან; ისინი საქართველოში, კერძო ლანდშაფტური პროექტისთვის უნდა გაეგზავნათ. ტიმბავატიმ მათ გადარჩენის მეორე შანსი მისცა”, - დაწერა ათასობით გამომწერისთვის ინსტაგრამზე ტიმბავატის კერძო ნაკრძალის ადმინისტრაციამ 24 ნოემბერს, როცა ხეები პორტიდან წაიღო.

ხეების ტრანსპორტირების პროცესში ჩართულები იყვნენ ეკოლოგები, კონსერვაციის სპეციალისტები, ნაკრძალის ადმინისტრაცია - მათი პორტიდან ტიმბავატში გადატანის პროცესი შემოწირულებებით მოგროვილი თანხით გახდა შესაძლებელი.

55 600 ჰექტარზე გადაჭიმული ეს ნაკრძალი, რომელიც 70 წლის წინ ადგილობრივი ეკოსისტემის დასაცავად შეიქმნა, დღეს სამაგალითოა ბრაკონიერობასთან ბრძოლის და ველური ბუნების კონსერვაციის თვალსაზრისით. ჯგუფმა, რომელიც იშვიათი ცხოველების გადარჩენაზე მუშაობს, ჩათვალა, რომ გასატანად გამზადებული ბაობაბების ადგილიც ნაკრძალში უნდა ყოფილიყო.

“მართლაც მშვენიერი სანახავია ის ემოციები, შეუპოვრობა და უდიდესი სიხარული, რაც ამ გიგანტების კვლავ ვერტიკალურ მდგომარეობაში ხილვას ახლდა” - სიხარულს ვერ მალავდნენ “ოპერაცია ბაობაბებში” მონაწილე გარემოსდამცველები.

45 გრადუს სიცხეში უზარმაზარი ხეების ამწეებით გადატანა სატვირთო მანქანებზე, მათი დამაგრება, შემდეგ გადმოტვირთვა და ჩარგვა, მარტივი ამბავი არ ყოფილა. უჩვეულო ტვირთს სპეციალური ესკორტი აცილებდა, მანქანები გზადაგზა ჩერდებოდა, როცა სიჩქარის შემანელებელ ბარიერების (ე.წ. “მწოლიარე პოლიციელების”) მოხსნა ხდებოდა აუცილებელი. გრუნტიან გზაზე ტრანსპორტირებისთვის კი ხეები სხვა მანქანებზე გადატვირთეს.

“არის თუ არა ეს ბაობაბების საბოლოო ადგილსამყოფელი? მე ვიტყოდი, რომ 98%-ით კი და 2%-იან გაურკვევლობას პასუხს გასცემს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც თეორიულად შეუძლია დაიწყოს სასამართლოში დავა. იმ არგუმენტით, რომ მას, როგორც ამ ხეებში თანხის გადამხდელს, მათზე კანონიერი საკუთრების უფლება გააჩნია. ჯერჯერობით მას ასეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს და ისე ჩანს, რომ არც სასამართლო აკრძალვა (interdict) მოუთხოვია, მისი კუთვნილი ხეების ნაკრძალში გადატანის შესაჩერებლად”, - უთხრა რადიო თავისუფლებას "დეილი მავერიკის" ჟურნალისტმა ტონი კარნიმ 24 ნოემბრის საღამოს.

რა თანხაა გადახდილი ამ ხეების ყიდვასა და ტრანსპორტირებაში უცნობია.

ტონი კარნი სამხეთაფრიკელი ჟურნალისტია, გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. მან პირველმა მიაქცია ყურადღება ზაფხულში დურბანის პორტის ტერმინალისთვის უჩვეულო სურათს - ღია ცის ქვეშ გვერდი-გვერდ მიწაზე დაწყობილ ხუთ უზარმაზარ ბაობაბს. სწორედ ტონის სტატიების გამოქვეყნების შემდეგ ჩაერთო ბაობაბების გადარჩენის საქმეში ეკოლოგი სარა ვენტერი “ბაობაბების ფონდიდან” და ტიმბავატის ნაკრძალის ადმინისტრაცია.

”ხეები ჯერაც ცოცხალია, თუმცა ერთ-ერთს ლპობის ნიშნები აქვს”, - თქვა სარა ვენტერმა, როცა ბაობაბები პორტში დაათვალიერა, რათა გრძელი გზისთვის მოემზადებინა. ტრაილერებზე გადატანის წინ ბაობაბს დაზიანებული ფესვები მოაშორეს და კირისა და გოგირდის ნაზავით დაამუშავეს.

ახლა, როცა ხეები უკვე ნიადაგშია, სპეციალური ტროსებით გამაგრებული და ღობეებით დაცული, ყველა ელოდება, რომ ბაობაბები აღდგენას შეძლებენ და გადარჩებიან.

როგორ იპოვა დეილი მავერიკის ჟურნალისტმა საქართველოში გამოსაგზავნი ბაობაბები პორტში

“როცა პორტში დავინახე ეს ამხელა ბაობაბები ღია ცის ქვეშ, ვიფიქრე, რომ აქ რაღაც საინტერესო ხდებოდა. პორტშივე გავიგე იმ გადამზიდი კომპანიის სახელიც, რომელიც მათ ტრანსპორტირებაზე იყო პასუხისმგებელი - ეს იყო “აფრიკის გლობალური ლოჯისტიკა”. მათგან ბევრი ვერაფერი გავიგე, საკმაოდ აგრესიულად ამიხსნეს, რომ მათი საქმე მხოლოდ ტრანსპორტირება იყო. გამიმართლა, რომ მალევე სატყეო მეურნეობის სააგენტოში მითხრეს, ამ ხეების ექსპორტი საქართველოში იგეგმებოდაო”, - გვიყვება ტონი კარნი, პირველი სტატია გავლენიანი Daily Maverick-ისთვის პორტში დატყვევებული ბაობაბების შესახებ მან 25 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ხეები 2026 წლის 17 ივნისიდან დურბანის პორტში იყო “გაჭედილი.”

თავის მხრივ AFRICA GLOBAL LOGISTICS-ი ირწმუნება, რომ გადაზიდვისთვის საჭირო ლიცენზიების და ნებართვების მოპოვება არა მათი, არამედ ამ ხეების მფლობელისა და ექსპორტიორის ვალდებულებაა.

გადამზიდი კომპანია AFRICA GLOBAL LOGISTICS-ის საწყობი დურბანში - იოჰანესბურგში დაფუძნებული ეს კომპანია ირწმუნება, რომ მათ არც ხეების მოპოვებასა და არც ლიმპოპოდან გადატანაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტმა (DFFE) ეს ტვირთი იმიტომ შეაჩერა, რომ ექსპორტიორმა კომპანიამ, პრეტორიაში დაფუძნებული კომპანია Divine Landscapes-მა, რომელიც ძირითადად არაბულ ქვეყნებში ვაჭრობს გიგანტური და იშვიათი ხეებით, ვერ წარადგინა ბაობაბების ამოღების, ფლობის, ტრანსპორტირებისა და ექსპორტისთვის საჭირო მოქმედი ნებართვები.

სანამ ხეების მომპოვებლები ნებართვის მიღებას ცდილობდნენ, სატყეო დეპარტამენტმა სასამართლოს მიმართა ხეების უკანონოდ მოპოვების სისხლის სამართლის საქმის განსახილველად. ხეების მომპოვებლების მცდელობა, პოსტფაქტუმ მიეღოთ საჭირო ნებართვები, წარუმატებელი აღმოჩნდა - მათ ჯერ სატყეო დეპარტამენტმა უთხრა, რომ „უკანა რიცხვით“ ამ დოკუმენტებს არ გასცემენ, მერე კი, როცა ეს პასუხი სასამართლოში გაასაჩივრეს, არც მოსამართლემ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა.

ეს ამ კომპანიის პოსტებია, დიდი ხეების ექსპორტის შეთავაზებით - არაბულ ქვეყნებში სამხრეთ აფრიკიდან ხეებით ვაჭრობა სიახლე არ არის, თუმცა იმ ზომის და ასაკის ბაობაბების გადატანა სხვა ქვეყანაში, რაც საქართველოში გასაგზავნად იყო გამზადებული, იშვიათი შემთხვევაა.

“რა მდგომარეობაში არიან ახლა ივანიშვილი და ხეების მომპოვებლები? თეორიულად მათ შეუძლიათ იდავონ სამოქალაქო სასამართლოში საკუთრების უფლების დასადასტურებლად, თუმცა მეეჭვება, სასამართლომ მათ სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება”, - ამბობს ტონი. მისი ეს ვარაუდი ემყარება Divine Landscapes-ის ხელმძღვანელის, კორნე მარეს პოზიციას, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში გამოსაგზავნი ბაობაბები ველურ ბუნებაში ბრაკონიერობით კი არ აქვს მოპოვებული, კერძო მესაკუთრეებისგან შეისყიდა და მათგანვე მიიღო მისი გადაზიდვის უფლებაც.

“ამის პარალელურად, ლანდშაფტის დიზაინერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დურბანის სასამართლომ ამის შესახებ იანვრის შუა რიცხვებში უნდა იმსჯელოს. ძვირადღირებული იურიდიული კონსულტანტების დახმარებით და სხვადასხვა სამართლებრივი თუ ტექნიკური არგუმენტებით მან შესაძლოა მსჯავრდება თავიდან აიცილოს, მაგრამ ხეები რომ დაიბრუნოს, აღარ მგონია”, - ტონი კარნი ფრთხილობს პირდაპირ და დანამდვილებით ამტკიცოს, რომ ამ უცნაურ ვითარებაში აღმოჩენილი ხეების მფლობელი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, თუმცა ლოგიკურად სხვა მფლობელს ვერ ხედავს.

“რამდენ ადამიანს შეუძლია ამ ზომის ხეების შეკვეთა საქართველოსგან ასე დაშორებულ სხვა ქვეყანაში?” - კითხულობდა ჟურნალისტი საქართველოში გამოსაგზავნ ხეებზე მომზადებულ სტატიაში და იხსენებდა 2023 წელს კენიიდან ბიძინა ივანიშვილისთვის შეკვეთილში ჩამოტანილი 8 ბაობაბის ამბავს. ხეები შავი ზღვის პირას გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადარგვის მერე მალევე გახმა.

ასევე ნახეთ

კენიიდან გადმორგული ბაობაბები გახმა - დენდროლოგიური ამას „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს

მაშინ ბაობაბები კენიის სანაპირო კილიფის რეგიონში, ადგილობრივი ფერმერებისგან იყიდეს, თუმცა, როცა ტრანსპორტირების დრო მოვიდა, ბიომეკობრეობის საფრთხის გამო კენიის პრეზიდენტმა მათი ექსპორტი შეზღუდა და გააუქმა ყველა ის ლიცენზია, რომლებიც მანამდე უცხოურ კომპანიებს მისცეს. თუმცა, მალევე ამ გადაწყვეტილებიდან, საქართველოში გამოსაგზავნი 8 ბაობაბის ექსპორტის ნებართვა ისევ კენიის პრეზიდენტმა გასცა.

საქართველოში გამოსაგზავნი ხეების ნაწილი პორტში ყოფნისას ახალ ფოთლებს უშვებდა, ნაწილს კი ნიადაგის გარეშე ფესვები დაუზიანდა - ეკოლოგები ამბობენ, რომ ბაობაბს თვითაღდგენის დიდი რესურსი აქვს და მათი გადარჩენა, მიუხედავად გადატანილი ექსტრემალური გამოცდილებისა, ჯერაც შესაძლებელია.

რატომ გაჩერდა დურბანის პორტში საქართველოში გამოსაგზავნი ბაობაბები

“ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გარემოს დაცვის, სატყეო მეურნეობის და თევზჭერის დეპარტამენტის (DFFE) ლიმპოპოს ოფისს კომერციული მიზნით ბაობაბების მოპოვების არცერთი ნებართვა არ გაუცია - 2020 წლიდან ამ დრომდე, ასეთი არცერთი განაცხადი არც მიგვიღია”, - მოგვწერეს სამხრეთ აფრიკიდან, როცა ვიკითხეთ, რამდენად გავრცელებულია ლიმპოპოსა და სამხრეთ აფრიკის სხვა რეგიონებში დიდი და ხანდაზმული ხეების, განსაკუთრებით კი ბაობაბების კომერციული მიზნით მოპოვება.

ეროვნული ტყეების შესახებ (National Forest Act - NFA) და ლიმპოპოს გარემოსდაცვითი მართვის შესახებ (Limpopo Environmental Management Act) კანონების მიხედვით, არავის არ აქვს უფლება მოჭრას, დააზიანოს, შეაწუხოს ან გაანადგუროს დაცული ხე. ასევე აკრძალულია ხეების ფლობა, შეგროვება, გადატანა, ექსპერტზე გატანა, ყიდვა და გაყიდვა, გაჩუქება ან რაიმე სხვა ფორმით შეძენა და გასხვისება, თუკი მინისტრის მიერ გაცემულ ლიცენზიას არ ფლობს. საქართველოში გამოსაგზავნად გამზადებული ხეები სწორედ ამ ლიცენზიის არქონის გამო გააჩერეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ ხეების უკანონოდ მოპოვების საქმეზე გამოძიებაც და სასამართლო განხილვაც გრძელდება, გარემოს დაცვის, სატყეო მეურნეობის და თევზჭერის დეპარტამენტში არ გვიპასუხეს არც იმ კითხვაზე, ვისგან და რა ფასად იყიდეს ბაობაბები და არც იმაზე, ვინ იყიდა ან ვისთვის იგზავნებოდა საქართველოში.

სარა ვენტერი, "ბაობაბების ოპერაციის" მთავარი სულისჩამდგმელი ერთ-ერთ ბაობაბთან ერთად, რომელსაც ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე დღეში ტიმბავატის ნაკრძალში ჩარგავენ.

ბაობაბი - ივანიშვილის ძველი სიყვარული

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დოკუმენტებს არ ასაჯაროებს და არც შუამავალი, ექსპორტიორი თუ ხეების მომპოვებელი კომპანიები ამხელენ მათი კლიენტის ვინაობას, მედია ღიად ახსენებს 5 ბაობაბთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის სახელს.

პირველი ცნობები ივანიშვილისა და მისი ბაობაბებით დაინტერესების შესახებ დასავლურ პრესაში ჯერ კიდევ 2016 წლიდან ჩნდება.

2022 წელს The Guardian-ი წერდა, რომ საქართველოში გამოსაგზავნ ხეებს კენიაში 2019 წლის ბოლოდან დრონებით ეძებდნენ და ის შუამავლები, რომლებსაც გრანდიოზული ხეების მოპოვება ჰქონდათ დავალებული ივანიშვილისთვის, ადგილობრივებს თითოეულ ხეში 100 ათასიდან 300 ათას კენიურ შილინგამდე სთავაზობდნენ. ეს ხეები საქართველოში ჩამოსვლიდან არასრულ ორ წელიწადში გახმებიან. მათი დაღუპვის მიზეზებზე პარკის ადმინისტრაციისა და კრიტიკოსების შეფასებები განსხვავდებოდა; დამოუკიდებელი ექსპერტიზით დადგენილი მიზეზი საჯაროდ ცნობილი არ არის.

გიორგი გვასალია, რომელიც მაშინ ბაობაბის მთავარ მომპოვებლად სახელდებოდა ივანიშვილისთვის, სოციალურ ქსელებში კვლავ აქტიურია, თუმცა მისი პოსტების მიხედვით, ბოლო ხანებში მისი სამხრეთ აფრიკასთან კავშირი არ იკვეთება.

"ფორმულის" ცნობით, ივანიშვილს ხეები ამჯერად არა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის, არამედ თბილისის თავზე მშენებარე ახალი რეზიდენციისთვის უნდოდა.

ასევე ნახეთ

ბაობაბი, ვერხვი, ცაცხვი… საკრალური და ტაბუირებული ხეები აფრიკასა და საქართველოში