"მუდმივი სახლი" - რა გზებს პოულობენ რუსი მიგრანტები საქართველოში დასარჩენად

რუსმა მიგრანტებმა ფეხით გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი - ფოტო არქივიდან, 2022 წლის სექტემბერი

მართალია, ბოლო დროს რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს მოუწოდებენ, აღარ წავიდნენ საქართველოში, როგორც ჩანს, მეზობელი ქვეყნის მიმართ ინტერესი მაინც არ ნელდება. გამკაცრებული კანონმდებლობის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სამუდამოდ დარჩენის გზებს ისევ ეძებენ.

2026 წელს გამკაცრებული კანონმდებლობა თანაბრად ეხება როგორც რუსეთის, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში ცხოვრება სურთ. შეიცვალა უცხოელების საქართველოში სწავლის წესებიც, მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა.

სოციალურ ქსელებში ჩანს, რომ რუსეთის მოქალაქეები ახალ წესებში გარკვევასა და ადაპტირებას ცდილობენ.

“თუკი საქართველო გეგმა В-დან თანდათან თქვენს მუდმივ სახლად იქცევა, ღირს დაფიქრება ნორმალურ, ხანგრძლივ სტატუსზე”, - ერთმანეთს უზიარებენ რეკომენდაციებსა და რჩევებს, უფრო ადვილი როგორ იქნება საქართველოში დარჩენა.

არ შეცვლილა საქართველოში შემოსვლისა და ერთი წლის განმავლობაში თავისუფლად ცხოვრების უფლება 96 ქვეყნის და მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისთვის. თუმცა ერთი წლის შემდეგ აუცილებელია ქვეყნიდან თუნდაც ხანმოკლე გასვლა, უკან შემოშვების გარანტიის გარეშე, რაც ბევრს ანერვიულებს.

რა გზებს ირჩევენ რუსი მიგრანტები?

ახალი ტაქტიკა

მიგრანტებისთვის ცუდი ამბავი იყო საქართველოს კანონში 2026 წლის ივნისში დამტკიცებული ცვლილებები, რაც სასწავლო ბინადრობის ნებართვის მიღებას შეეხება.

როგორც ირკვევა, კანონის შეცვლამდე, რუსეთის მოქალაქეები ასეთ სქემას იყენებდნენ:

  • ბავშვი ირიცხებოდა საქართველოს რომელიმე სკოლაში;
  • სწავლის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე არასრულწლოვანი იღებდა სასწავლო ბინადრობის ნებართვას [ВНЖ];
  • ამის შემდეგ მშობლებიც ითხოვდნენ ბინადრობის ნებართვას - ოჯახის გაერთიანების საფუძვლით, როგორც ბინადრობის უფლების მქონე არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლები.

ახალი წესებით, მოსწავლეზე და მის მშობლებზე, ბინადრობის ნებართვის ნაცვლად, მხოლოდ D6 კატეგორიის ვიზას გასცემენ; ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვა მხოლოდ სრულწლოვანზე გაიცემა - უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის შემთხვევაში, რასაც ასევე მთელი რიგი შეზღუდვები ახლავს.

ასევე ნახეთ

კვოტები სტუდენტებზე და სხვა შეზღუდვები უცხოელი მიგრანტებისთვის - ყველა ცვლილება ერთად

რა ანაცვლებს ძველ პრაქტიკას?

“ოჯახებისთვის, რომლებსაც სრულფასოვანი ბინადრობის ნებართვა [ВНЖ] ესაჭიროებათ, ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი საკუთარი ბიზნესის მეშვეობით გადმოსვლა ხდება”, - სააგენტოების რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში გადმოსვლის შემდეგ, უფრო ხელსაყრელია:

  • უცხოელი გახდეს ინდმეწარმე ან დააფუძნოს შპს;
  • მიიღოს მუშაობის ნებართვა [РНР];
  • შეიტანოს საბუთები შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებაზე;
  • თავიდან დაელოდოს 6-თვიანი შრომითი ბინადრობის ნებართვას და შემდეგ იზრუნოს გაგრძელებაზე;
  • ცალკე ბინადრობის ნებართვას ითხოვენ მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები - ოჯახის გაერთიანების საფუძვლით [ეს ნებართვა გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე];
  • ახლად დაფუძნებული [3 თვემდე] ბიზნესის ბრუნვა არ მოწმდება;
  • საბანკო ანგარიშზე უნდა ედოს, სულ მცირე - 8000 ლარი;
  • 6 თვის შემდეგ, დოკუმენტის გაგრძელებისთვის ბრუნვა უკვე 50 000-ს უნდა აღემატებოდეს.

„[ამ გზით] ახალ მეწარმეს ეძლევა 6 თვე, რათა მშვიდად აწარმოოს ბიზნესი, გააფორმოს ხელშეკრულებები, დაიწყოს შემოსავლის მიღება და მოემზადოს ბინადრობის ნებართვის გასაგრძელებლად“, - წერს Espero-ჯგუფი და მსურველებს სრული პროცესის მომსახურებას სთავაზობს.

მსგავს სერვისებს კლიენტებს კომპანიებიც სთავაზობენ და კერძო პირებიც. სოციალურ ქსელებში ჩანს, რომ დიდი არჩევანია.

დოკუმენტების მომზადება, თარგმნა, იუსტიციის სახლში მიყოლა - კონკრეტულად ამ სახის ВНЖ-სთვის მომსახურების საფასური 350-500 ლარს შეადგენს [ოფიციალური გადასახადების გარეშე].

"შეგიძლიათ მირჩიოთ კარგი ადვოკატი, რომელიც უშუალოდ ВНЖ-ს საქმით არის დაკავებული?.." "ВНЖ-ს აღებას ვაპირებთ, ვეძებთ კარგ ადვოკატს..." - სოციალურ ქსელებში მრავლად არის მსგავსი შინაარსის პოსტები, რომელთა კომენტარებშიც ათეულობით გვარი, სახელი და ტელეფონის ნომერი იყრის თავს. თუმცა ზოგი წერს იმასაც, რომ "ახლა გარანტიებს ვერავინ იძლევა" და აჯობებს, საკუთარ თავს თავად მიხედონ.

2026 წლის მარტიდან ამოქმედებული ახალი წესებით, მუდმივი ბინადრობის უფლების არმქონე უცხოელს აუცილებლად სჭირდება შრომითი საქმიანობის უფლება, თუკი აპირებს მუშაობას (მათ შორის დისტანციურად). ამ დოკუმენტს გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“.

ასევე ნახეთ

ტაქსისტი, კურიერი, გიდი - აკრძალვა უცხოელებისთვის: რეფორმა თუ პოპულიზმი?

პრობლემა - მისამართზე რეგისტრაცია

უცხოელების უმრავლესობა საქართველოში ქირით ცხოვრობს. შესაბამისად - დროებითი ბინადრობის უფლების მოპოვებისას - ისინი მისამართზე რეგისტრაციის პრობლემას აწყდებიან.

"თავიდან შეთანხმებული ვიყავით, მაგრამ ახლა კატეგორიულ უარს მეუბნება", - არცთუ იშვიათია, როდესაც ბინის მესაკუთრეები მდგმურებს რეგისტრაციის უფლებას არ აძლევენ. და რა გამოსავალი არსებობს?

„შეგიძლიათ აიყვანოთ ორი მოწმე, რომ თქვენ ამ მისამართზე ცხოვრობთ და დარეგისტრირდებით უპრობლემოდ“ .

თუმცა ამ ხერხმა შეიძლება არ გაჭრას, რადგან იუსტიციის სახლი ამ ცნობებს ბინის მესაკუთრესთან გადაამოწმებს.

აქვე გვხვდება კიდევ ერთი საეჭვო რჩევა: 150-200 ლარის სანაცვლოდ ადამიანებს არეგისტრირებენ მისამართებზე, სადაც ისინი არასოდეს ყოფილან. ასეთ პოსტებზე ვხვდებით ასევე კომენტარებს გაფრთხილებით, რომ ეს არალეგალური, არასაიმედო გზაა და არ დაიმალება, თუკი ერთ მისამართზე საბოლოოდ ათობით ადამიანი აღმოჩნდება რეგისტრირებული.

ბინადრობის ნებართვა IT სპეციალისტებისთვის

2026 წლის აპრილში დამტკიცდა ახალი წესები ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული მიგრანტებისთვის, რომლებსაც საქართველოში დარჩენა და მუშაობა სურთ.

მათ ესაჭიროებათ: IT-სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და ცნობა, რომ საქმიანობის შედეგად მიღებული ანაზღაურება, ბოლო წელს, 25 ათას დოლარზე ნაკლები არ იყო. საქართველოს მთავრობის დადგენილება #146 ასევე ითხოვს, რომ "წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით".

დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა როგორც დასაქმებულზე, ასევე ოჯახის წევრებზე, თავდაპირველად - 3 წლის ვადით; შესაძლოა გაგრძელდეს 12 წლამდე.

სააგენტოები IT-სპეციალისტებს მომსახურების სრულ პაკეტს - 1100 ლარად სთავაზობენ [ოფიციალური გადასახადების გარეშე].

მუდმივი ცხოვრების ნებართვა

მათთვის, ვინც საქართველოში სამუდამოდ დარჩენას გეგმავს, ყველაზე სანატრელი მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვებაა, რადგან დროებითი ბინადრობის დოკუმენტების გახანგრძლივება გარანტირებული არ არის და სტრესთანაც არის დაკავშირებული.

თავის მხრივ, არც მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვებაა იოლი.

  • მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა: საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე და საქართველოს მოქალაქის მეუღლეზეც - თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოში 5 წლის განმავლობაში იცხოვრებს და ქორწინება შენარჩუნდება.
  • მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა ასევე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.

ოფიციალური ინფორმაციით, წლის დასაწყისისთვის, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემული იყო 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე; აქედან 32 129 რუსეთის მოქალაქე იყო.

2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არასრულ ერთ წელიწადში საქართველოს საზღვარი მილიონზე მეტმა ადამიანმა გადმოკვეთა და არ არსებობს ზუსტი ცნობები, რამდენი დარჩა ქვეყანაში.

ასევე ნახეთ

ვინ ცხოვრობს საქართველოში ქართველების გარდა - კობახიძე მიგრაციაზე, შობადობასა და პატრიოტიზმზე პარლამენტში

ქორწინება

"ფიქციური ქორწინება" დასჯადი გახდა სისხლის სამართლის წესით; თუმცა აღარც ოფიციალურ, ნამდვილ ქორწინებას ახლავს ძველებურად ხელსაყრელი პრივილეგიები.

თუკი აქამდე, საქართველოს მოქალაქეზე ქორწინებისას უცხო ქვეყნის მოქალაქე მარტივად იღებდა უვადო ბინადრობის მოწმობას, 2026 წლის ივნისში დამტკიცებული ცვლილებებით - ახლა 5 წელი ლოდინი მოუწევს.

გაჩნდა ახალი სამართლებრივი სტატუსი - "საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა", რომელიც მუდმივი უფლებებით არ არის აღჭურვილი. ასეთი ბინადრობის მოწმობა გაიცემა ერთი წლით და შემდგომში 2-2 წლით გაგრძელების შესაძლებლობით - არაუმეტეს 5 წლისა.

ნებართვის გაცემამდე „შემოწმდება ქორწინების ნამდვილობა” - სპეციალური კომისიის მიერ.

თუკი დადგინდება, რომ „ფიქციური ქორწინება“ რეგისტრირებულია მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის თუ საქართველოში კანონიერად ყოფნის მიზნებით, მას სასჯელი მოჰყვება:

  • უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა - ორიდან ათ წლამდე;
  • ჯარიმა, შინაპატიმრობა - ერთიდან ორ წლამდე;
  • ანდა თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე.

კანონის გამკაცრების მიუხედავად, როგორც რუსეთის მოქალაქეები წერენ - “საქართველო ჯერ ისევ რჩება საცხოვრებლად გადასასვლელ ერთ-ერთ ყველაზე მარტივ ქვეყნად“.

უძრავი ქონების ყიდვით და ინვესტირებით მოპოვებული ნებართვა

უძრავი ქონების ყიდვით ან ინვესტირებით მოპოვებული ბინადრობის ნებართვები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა, რომელსაც მიგრანტები და მათ შორის - რუსეთის მოქალაქეები მიმართავენ.

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა როგორც მესაკუთრე უცხოელზე, ასევე მისი ოჯახის წევრებზე,

ჩანს, ბევრი ნანობს, რომ 2026 წლის მარტამდე არ შეიძინა [არანაკლებ] 100 ათას დოლარის ღირებულების უძრავი ქონება, რათა მიეღო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. ახლა ეს ზღვარი უკვე 150 ათასამდეა გაზრდილი. „იჩქარეთ, თუკი საქართველოში დარჩენას აპირებთ, იყიდეთ ბინა ან სახლი“ - კანონის შეცვლამდე ამ რჩევის გათვალისწინება ზოგმა მოასწრო, ზოგმა კი ვერა.

ამ ნებართვის მოქმედების ვადა ყოველ ჯერზე შეიძლება გაგრძელდეს 1 წლით.

უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.

უცხოელსა და მისი ოჯახის წევრებს საქართველოში ცხოვრების შესაძლებლობას საინვესტიციო ბინადრობის ნებართვაც აძლევს, თუმცა მისი პირობები უფრო რთულია. საჭიროა: არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უძრავ ქონებაში ან ბიზნესაქტივებში. ინვესტიცია შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე ობიექტისგან, თუ მათი ჯამური ღირებულება აღემატება 300 000 დოლარს.

საინვესტიციო ბინადრობის მიღებიდან 5 წლის შემდეგ, თუ ამ პერიოდში საკუთრება შენარჩუნებულია, ხოლო იმ საწარმოს ბრუნვა, რომელშიც ინვესტიცია ჩაიდო კანონის მოთხოვნების შესაბამისად გაიზრდება, უცხოელზე გაიცემა უვადო ბინადრობის უფლება. ეს უფლება ავტომატურად ვრცელდება ინვესტორის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე.

ასევე ნახეთ

საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების შესაძენად მიმზიდველობით მესამე ადგილზეა

ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეები უძრავი ქონების შეძენით ყველაზე მეტად ინტერესდებიან, საქართველომ მეხუთიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ეს ინფორმაცია ასახულია რუსეთის უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია NF GROUP-ის მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ კვლევაში.

საქართველოში არშემოშვების საფრთხე

რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ერთი წლით უვიზოდ ყოფნის უფლება კვლავ მეტად ხელსაყრელია და ბევრი სწორედ ამ უფლებით სარგებლობს; თუმცა, სოციალური ქსელების თანახმად, ამ შესაძლებლობას თანდათან სულ უფრო მეტი სიფრთხილით უყურებენ - არაერთი მაგალითის გამო, რომ მათი მეგობარი თუ ნათესავი, საქართველოდან გასვლის შემდეგ - უკან აღარ შემოუშვეს და მიზეზიც ვერ გაიგეს.

„კი, ბევრი წლების განმავლობაში გადიოდა და ისევ შემოდიოდა; მაგრამ ყოველი ახალი შემოსვლა [საქართველოში] მაინც ახალი შემოსვლაა და საბოლოო გადაწყვეტილებას სასაზღვრო სამსახური იღებს“, - რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს ურჩევენ, რომ საქართველოში დარჩენის უფრო მყარი მექანიზმი გამოძებნონ.

ასევე ნახეთ

რა მოხდა გლდანის ციხეში? - რუსი აქტივისტი გადაბირებასა და შანტაჟზე ჰყვება

გაძევება

სოციალურ ქსელებში უცხოელები ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ კანონის დარღვევა, არაეთიკური ქცევა, ანდა აქციებში მონაწილეობა, შესაძლოა, საქართველოდან სწრაფად გაძევებით დასრულდეს.

ახლახან ადმინისტრაციული პატიმრობითა და საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილებით დასრულდა ამბავი რუსეთის მოქალაქისა, რომელმაც თბილისში ერთ-ერთი კაფეს სტუმრებს აივნიდან გადმოაშარდა. როგორც თავად თქვა, მას თბილისში ნაყიდი აქვს ბინა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა დაკავებულის თხოვნა - მისცემოდა ბინის რემონტის დასრულების შესაძლებლობა. პოპოვს საქართველოში შემოსვლა 3 წლის ვადით აეკრძალა.

ასევე ნახეთ

რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან მოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მას ქვეყნიდან გაძევება და შემოსვლის აკრძალვაც ელის

ასევე ნახეთ

ნაცემი ქალი და ჩაშლილი ქორწილი თელავში - ვეცადეთ, აღგვედგინა მოვლენების თანმიმდევრობა

მანამდე, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებით, საქართველოში ტურიზმის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდნენ. ეს კამპანია ივლისში მომხდარ შემთხვევას მოჰყვა.

კახეთში, ქორწილისას რუს ტურისტებსა და წვეულების სტუმრებს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება ძალადობით დასრულდა. სიძის ძმამ რუს ტურისტ ქალს სახეში დაარტყა. „საერთოდ არ ჩავიდეთ საქართველოში“, „რა გვინდა საქართველოში“ - რუსები ვიდეოებში ჰყვებოდნენ, რომ საქართველო მათი შემოსავლების გარეშე დაიღუპება.

მათ კი პასუხობდნენ, რომ დიდი არჩევანი რუსეთს მაინც აღარ აქვს, უკრაინასთან ომის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების გამო.

  • რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის თანახმად, 2026 წლის ზაფხულში - რუს ტურისტებს პირდაპირი რეისებით მხოლოდ 32 ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობა ჰქონდათ; აქედან ერთი საქართველოა.
  • ზამთარში ეს მაჩვენებელი 43-ს უტოლდებოდა, თუმცა - „ივნისისთვის მიმართულებების ნაწილი გაქრა - სეზონური, გეოპოლიტიკური თუ საწვავის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემების გამო“.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ინფორმაციით, 2026 წლის ზაფხულში, საქართველოსკენ რუსი ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში ყველაზე ბევრი - 610 ათასზე მეტი - საერთაშორისო ვიზიტი რუსეთის ფედერაციიდან იყო.

საქსტატის თანახმად: 2026 წლის II კვარტალში, საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 328.9 ათასი - რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ჯამური რაოდენობის 25.1% შეადგენდა.

ასევე ნახეთ

რას ებრძვის "ქართული ოცნება", როდესაც ამბობს, რომ ებრძვის რუსოფობიას?

ასევე ნახეთ

რას ასწავლიან არაავტორიზებული რუსული "სკოლები" საქართველოში