მოკლედ
- საქართველოში უშვილობის მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ ფინანსდება.
- ინ ვიტრო განაყოფიერების ერთი სრული ციკლი საშუალოდ 12–18 ათასი ლარი ღირს.
- ქალები შვილის გაჩენის იმედით იღებენ სესხებს, ყიდიან ქონებას, თანხმდებიან ემიგრაციას.
- ევროპის არაერთ ქვეყანაში სახელმწიფო უშვილობის მკურნალობის ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს.
- სუროგაციის აკრძალვის საპასუხოდ ქალები პეტიციას ავრცელებენ და აქციების გამართვას გეგმავენ.
საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ ხელისუფლების განცხადებამ კიდევ ერთხელ გამოაცოცხლა დისკუსია, რომელიც წლებია გრძელდება - უშვილობის მკურნალობის სიძვირე.
საქართველოში უშვილობის მკურნალობას, მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერებას, საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს.
პაციენტები თავად იხდიან კვლევების, მედიკამენტებისა და სამედიცინო პროცედურების საფასურს, იშვიათად დაზღვევაც აფინანსებს, თუმცა რეპროდუქციული მკურნალობის ხარჯები სრულად პაციენტების დასაფარია.
რადიო თავისუფლება ესაუბრა ქალებს, რომლებიც წლებია უშვილობას ებრძვიან. მათი ნაწილი ახალ სესხებს იღებს, ნაწილი ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს, ნაწილმა კი - საზღვარგარეთ დროებით სამუშაოზე, რომ შვილის გაჩენისთვის საჭირო ფული შეაგროვონ.
„ჩვენი ხარჯი 100 000 ლარს სცდება“
19 წელია, ნატო ლომსაძე და მისი მეუღლე შვილის გაჩენას ცდილობენ. ამ ხნის განმავლობაში ნატომ 15 ინსემინაცია, ოთხი ოპერაცია და ოთხი ინ ვიტრო განაყოფიერების ციკლი გაიარა. ოჯახის გათვლით, მკურნალობა, საბანკო სესხების პროცენტის ჩათვლით, დაახლოებით 100 ათასი ლარი დაუჯდათ და ყველა მცდელობა ჯერ-ჯერობით უშედეგოა.
ნატო ლომსაძე მეუღლესთან ერთად
„ეს ყველაფერი ბანკის ვალით გავიკეთეთ და დღემდე ვიხდით ამ ვალს. სახელმწიფოს ჩვენი მკურნალობისთვის ერთი თეთრიც არ დაუფინანსებია“, - გვეუბნება ნატო.
როდესაც ოჯახს ფინანსური შესაძლებლობა აღარ ჰქონდა, ნატომ დახმარებისთვის რეპროდუქტოლოგ ნინო მუსერიძის დაფუძნებულ ფონდს მიმართა. ფონდმა მას ინ ვიტრო განაყოფიერების ორი მცდელობა დაუფინანსა. ორივე უშედეგოდ დასრულდა. საბოლოოდ, ოჯახს საკუთარი წილი ხარჯების გაღების შესაძლებლობაც აღარ დარჩა.
„კიდევ მთავაზობდნენ, დაგიფინანსებთო, მაგრამ ჩვენ უკვე კლინიკამდე მისასვლელი ფულიც აღარ გვქონდა, არც იმის საშუალება, რომ წამალი გვეყიდა და მკურნალობა გაგვეგრძელებინა“.
მრავალწლიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ ექიმებმა წყვილს შვილის გაჩენის ალტერნატიულ გზად სუროგაცია შესთავაზეს. თუმცა ესეც ძვირიანი არჩევანია, ახლა კი, სუროგაციის აკრძალვის შესახებ ხელისუფლების გეგმებმა ნატოს გაუჩინა შიში, რომ მას შვილის გაჩენის ბოლო შესაძლებლობაც გაუქრება.
„ახლა, ეს განცხადება რომ მოვისმინეთ, გვაინტერესებს, სახელმწიფო მკურნალობას მაინც დაგვიფინანსებს? თუ ისევ ვერ მივიღეთ შედეგი, ჩვენ, ქართველმა წყვილებმა, რა უნდა გავაკეთოთ? რატომ უნდა დავრჩე მე უშვილოდ?“
ასევე ნახეთ
შვილებზე მეოცნებე ქალებს სახელმწიფო ვერ ხედავს„ამ თემას შევაბერდი“ - 15 წელი და 50 ათასი ლარი უშვილობის წინააღმდეგ
46 წლის თეა ქოროღლიშვილი უკვე 15 წელია, მეორად უშვილობას ებრძვის. პირველი ქორწინებიდან მას ერთი შვილი ჰყავს. მეორედ დაოჯახების შემდეგ კი, მიუხედავად მრავალწლიანი მკურნალობისა, დაორსულებას ვერ ახერხებს.
ამ ხნის განმავლობაში თეამ არაერთ კლინიკას მიმართა, ჩაიტარა ათეულობით გამოკვლევა, რამდენიმე ქირურგიული ჩარევა და დანამდვილებით მაინც არ იცის რატომ ვერ ორსულდება.
მკურნალობაში უკვე 50 ათასი ლარი აქვს დახარჯული. გასულ წელს ექიმებმა თეას ინ ვიტრო განაყოფიერება შესთავაზეს, თუმცა ახლა ამისთვის საჭირო თანხა არ აქვს.
თეა ქოროღლიშვილი
„მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ, მაგრამ ხომ იცით, როგორი ხელფასებია დღეს საქართველოში. ორი-სამი ათასი ლარი შეიძლება რაღაცნაირად ვიშოვო, მაგრამ 15 ათასს ვერ მოვაგროვებ“.
თეას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ საკუთარი კვერცხუჯრედებით ინ ვიტრო განაყოფიერებას ცდის. ემიგრაციაში წასვლაზეც ფიქრობს, თუმცა მის შემთხვევაში, განსაკუთრებით ძვირფასი რესურსი - დროა.
„ვფიქრობდი, წავიდეთ, მოვაგროვოთ ის 15 ათასი, 20 ათასი თუ 40 ათასი ლარი, ვიმუშაოთ, ჩამოვიდეთ და რამე გავაკეთოთ-მეთქი. მაგრამ ამ წასვლაშიც დრო მიდის. სანამ ამ თანხას მოაგროვებ, წლები გემატება. 20 წლის რომ ვიყო, ასე არ ვიდარდებდი - წავიდოდი, ვიშრომებდი“.
თეა არაერთ ქალს იცნობს, რომლებმაც სახლები, ავტომობილები და სხვა ქონება გაყიდეს. არადა, ზოგიერთს შვილი მაინც არ შეეძინა.
„მე ამ ამბავს შევაბერდი. 15 წელია, ყოველი თვე ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია - იმედგაცრუება და ისევ იმედგაცრუება“.
თეა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება დემოგრაფიულ გამოწვევებზე ხშირად ლაპარაკობს, უშვილობის მკურნალობის დაფინანსება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს:
„70% მაინც დააფინანსონ... ექიმთან მისვლისა და კონსულტაციის დაფინანსებას არ ვითხოვთ, ამას ჩვენ გადავიხდით. უბრალოდ, პროცედურები, მკურნალობა დაგვიფინანსონ. აი, ამას უნდა განიხილავდეს პარლამენტი და არა იმას, რომ ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფი უშვილო წყვილებისთვის კიდევ რამე აკრძალონ“, - გვეუბნება თეა ქოროღლიშვილი
„სესხს სესხზე ვამატებთ“ - 15 ათასი ლარი ერთ წელიწადში
ნათია გურგენიძემ ორი წლის წინ, პროფილაქტიკური გამოკვლევის დროს, სრულიად მოულოდნელად გაიგო, რომ საკვერცხეების განლევა ჰქონდა. მაშინ 33 წლის იყო.
დიაგნოზმა მისი ცხოვრების გეგმები შეცვალა. შვილის გაჩენაზე ზრუნვა იმაზე გაცილებით ადრე მოუხდა, ვიდრე თავად გეგმავდა.
მკურნალობის პროცესში ნათიას ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აღმოაჩნდა, რამაც დამატებითი გამოკვლევების საჭიროება გააჩინა და ხარჯებიც გაზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ნათია კერძო სამედიცინო დაზღვევით სარგებლობს, სადაზღვევო კომპანია მას მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებისა და გამოკვლევების მხოლოდ ნაწილს უფინანსებს. რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის დანიშნულ საკვებ დანამატებს თავად ყიდულობს მხოლოდ ერთი ასეთი პრეპარატი, 450 ლარი მიჯდებაო.
ნათიას გათვლით, უშვილობის მკურნალობისთვის მხოლოდ ერთ წელიწადში, დაახლოებით 15 ათასი ლარი აქვს დახარჯული. ამ თანხაში ინ ვიტრო განაყოფიერების საფასური არ შედის - ეს მხოლოდ ბუნებრივი გზით დაორსულების მცდელობის ხარჯია.
ნათია გურგენიძე
„ზოგიერთი ჰორმონალური პრეპარატი ფინანსდებოდა, მაგრამ ამის გარდა იყო ექოსკოპიები, მილების გამოკვლევა, ფოლიკულების მონიტორინგი, დანამატები და სხვა კვლევები. ათასი რამ არის საჭირო“.
ნათიას და მის მეუღლეს მკურნალობისთვის საჭირო თანხების გამო სხვა ცხოვრებისეული გეგმების გადადებაც მოუწიათ - სამედიცინო ხარჯების დასაფარად კი საბანკო სესხებს იღებს.
„ყველაფერზე ფიქრი შევწყვიტე. სესხს სესხზე ვამატებთ. ახლა წლები უნდა ვიმუშაო, რომ ეს სესხი გადავიხადო“.
ნათიას ინ ვიტრო განაყოფიერება ჯერ არ უცდია, თუმცა ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში ამ გზით წასვლა მოუწევს. არ იცის როგორ შეძლებს მკურნალობის ახალი ეტაპისთვის საჭირო ათასობით ლარის შოვნას.
„მე სესხი ავიღე. გამოვა თუ არ გამოვა, ეს კიდევ მეორე საკითხია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. არიან გოგოები, რომლებსაც ამის თქმის საშუალებაც არ აქვთ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერაფერს აკეთებენ - ვერც სესხს იღებენ, ვერც მკურნალობენ“.
ნათია სოციალურ ქსელში კამპანიის წამოწყებაზეც ფიქრობს. უნდა, რომ სხვა ქალებსაც მოუწოდოს, საჯაროდ ილაპარაკონ რის გამო შეიძლება მოუწიოთ მათ შვილის გაჩენაზე უარის თქმა.
„ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან სწრაფად უნდა დავგეგმო შემდეგი ნაბიჯები. მაგრამ ჩემს შემდეგ ვიღაცას რომ მოუწევს ამ ბრძოლაში ჩართვა, მინდა, ისეთ საქართველოში ვცხოვრობდეთ, სადაც სახელმწიფო ასეთ ადამიანებსა და ოჯახებს ...ხელს უმართავს“, - ეუბნება ნათია რადიო თავისუფლებას
რვა წელი ემიგრაციაში ბიოლოგიური შვილის გასაჩენად
29 წლის მაიას (სახელი და ასაკი რესპონდენტის კონფიდენციალურობის დასაცავად შეცვლილია) მაიერ-როკიტანსკი-კიუსტერ-ჰაუზერის სინდრომი აქვს - თანდაყოლილი მდგომარეობა, რომლის დროსაც საშვილოსნო არ ვითარდება.
მაიას საკვერცხეები ფუნქციონირებს. მას შეუძლია საკუთარი კვერცხუჯრედებით ინ ვიტრო განაყოფიერების გზით მიიღოს ემბრიონი, თუმცა ნაყოფს თავად ვერ ატარებს. მას გენეტიკურად საკუთარი შვილის გაჩენის გზად მხოლოდ სუროგაცია რჩება.
„ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, როდესაც გავიგე, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც შვილის ყოლას შევძლებდი, სუროგაცია იყო“.
მაია და მისი მეუღლე დაახლოებით 7 წელია, საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მუშაობენ. ემიგრაციაში სწორედ სუროგაციისთვის საჭირო თანხის მოსაგროვებლად წავიდნენ. მათი გათვლით, ამ გზით შვილის გაჩენა შესაძლოა 50 ათას დოლარამდე დაუჯდეთ.
თუმცა, სანამ მაია და მისი მეუღლე სუროგატი ქალის მომსახურებისთვის საჭირო თანხას შეაგროვებენ, მათ მკურნალობის კიდევ ერთი, ძვირადღირებული ეტაპი აქვთ გასავლელი – ინ ვიტრო განაყოფიერება და გადასატანად ვარგისი ემბრიონის მიღება.
მაიამ ხელოვნური განაყოფიერების ორი ციკლი უკვე გაიარა.
„პირველად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კვერცხუჯრედი მქონდა, ვერცერთი ემბრიონი ვერ მივიღე. მეორედ მხოლოდ ორი ემბრიონი მივიღე, თუმცა კვლევის შედეგები არ იყო კარგი. ერთ-ერთი ძალიან დაბალი ხარისხის იყო. ამიტომ კიდევ უნდა ვცადო“.
მაიას თქმით, ინ ვიტრო განაყოფიერების ერთი მცდელობა დაახლოებით 13 ათასი ლარი ჯდება, მხოლოდ მედიკამენტების ღირებულება კი დაახლოებით 5 ათასი ლარია. არც პროცედურებისა და არც მედიკამენტების საფასურს სახელმწიფო არ უფინანსებს.
მაია მესამე მცდელობისთვის ემზადებოდა, როდესაც ხელისუფლებამ სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
„ორი დღის განმავლობაში ისე ცუდად ვიყავი ამ ამბის გამო, რომ ვერ აღვწერ ... [ხელისუფლების წარმომადგენლებმა] ეს საკითხი აუცილებლად უნდა გაიარონ მედიკოსებთან და არა მხოლოდ სასულიერო პირებთან. მე ქრისტიანი ვარ, მწამს უფლის და მჯერა, რომ გამოსავალი აუცილებლად იქნება. მაგრამ არ შეიძლება ადამიანს ერთადერთ იმედს უკლავდე“.
რა ჯდება უშვილობის მკურნალობა საქართველოში?
უშვილობის მკურნალობა ყოველთვის არ გულისხმობს ინ ვიტრო, ხელოვნურ განაყოფიერებას. ბევრ პაციენტს, სანამ მკურნალობის ამ ეტაპამდე მივა, წლების განმავლობაში უწევს სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება, ჰორმონალური პრეპარატების მიღება, ზოგიერთ შემთხვევაში კი - ქირურგიული ჩარევაც. მკურნალობის თითოეულ ეტაპს თან ახლავს დამატებითი ფინანსური ხარჯი.
ხელოვნური განაყოფიერების პროცესი
საქართველოში რეპროდუქციული კლინიკების საჯაროდ გამოქვეყნებული ტარიფებისა და მკურნალობის თანმდევი ხარჯების გათვალისწინებით:
- წყვილის საკუთარი ბიოლოგიური მასალით ინ ვიტრო განაყოფიერების ერთი სრული ციკლი, წინასწარი გამოკვლევების, ჰორმონალური პრეპარატებისა და ემბრიონის გადატანის ჩათვლით, დაახლოებით 12–18 ათასი ლარი ჯდება;
- დონორის კვერცხუჯრედების გამოყენებით მკურნალობის პროგრამების გამოქვეყნებული ფასები 13 800-დან 24 300 ლარამდე მერყეობს;
- დონორის კვერცხუჯრედებით განაყოფიერებისა და ემბრიონების გენეტიკური სკრინინგის შემთხვევაში პროგრამის ღირებულება 26 800 ლარს აღწევს.
დონორულ პროგრამებში დამატებითი მედიკამენტებისა და გამოკვლევების გათვალისწინებით, საბოლოო ხარჯი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს.
ამასთან, ინ ვიტრო განაყოფიერების ერთი ციკლი ორსულობის გარანტია არ არის. პაციენტს შესაძლოა პროცედურის რამდენჯერმე გამეორება დასჭირდეს, რაც მკურნალობის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.
ვინ აფინანსებს უშვილობის მკურნალობას?
საქართველოში უშვილობის მკურნალობის დაფინანსების ერთ-ერთი შესაძლებლობა საქველმოქმედო ფონდი „შენთვის“ არის, რომელიც 2019 წელს, ქართულ-გერმანული კლინიკის ბაზაზე შეიქმნა.
ფონდი გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე უშვილო წყვილებს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით სამედიცინო მომსახურებას უფინანსებს.
2026 წლის მონაცემებით, მისი ფინანსური მხარდაჭერით 2227 ბავშვი დაიბადა. აქედან 52 ბავშვი ფონდის 100%-იანი დაფინანსებით:
ეკა ნონიაშვილი, ფონდი "შენთვის" დირექტორი
„მერვე წელია, ეს ფონდი ქართულ-გერმანული კლინიკის სოციალურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. როგორ შემოდის ფული ამ ფონდში - ამ კლინიკას ჰყავს ბევრი უცხოელი პაციენტი, მათ შორის, სუროგაციის პროგრამით შემოსული პაციენტები. უცხოელი პაციენტები დამხმარე რეპროდუქციულ მომსახურებაში იმაზე მეტ თანხას იხდიან, ვიდრე ქართველი პაციენტები, ეს თანხები აკუმულირდება ფონდში. კლინიკის ხელმძღვანელი, კლინიკის თანამშრომლები რიცხავენ ამ ფონდში თანხებს. უკვე 2227 ბავშვია ფონდის დახმარებით გაჩენილი, 52 ბავშვი - სრული დაფინანსებით. დანარჩენს, ზოგს 50% უფინანსდება, ზოგს - 40, ზოგს - 30. გააჩნია ოჯახის, ქალის მდგომარეობას“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ფონდის დირექტორი ეკა ნონიაშვილი და ამატებს - „სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ჯერ ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უშვილობის მკურნალობა დაფინანსდეს“.
საბიუჯეტო სახსრებით უშვილობის მკურნალობის დაფინანსების ერთადერთი მაგალითი საქართველოში აჭარაში არსებობს, სადაც 2022 წლიდან მოქმედებს რეგიონული პროგრამა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს:
- პროგრამის ბიუჯეტი 1,2 მილიონი ლარია;
- პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე გაცემულია 740 ვაუჩერი;
- პროგრამის დახმარებით 87 ბავშვი დაიბადა;
- კიდევ 13 ორსულობა მიმდინარეობს.
თუმცა პროგრამით სარგებლობა რეგიონში მცხოვრებ ყველა იმ ადამიანს არ შეუძლია, რომელსაც უშვილობის მკურნალობა სჭირდება.
პროგრამას აქვს ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები, რომლებიც მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიებს მოიცავს - მათ შორის, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს.
„რატომღაც ისე მოჰყავთ მაგალითად აჭარის დაფინანსება, თითქოს ყველას მიუწვდებოდეს ხელი. წარმოდგენა თუ აქვთ საერთოდ, რა უჯდება საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახს და მის სანათესავოს ერთი ინ ვიტროს ხარჯიც კი? შესაბამისად, როცა აჭარაზეა საუბარი, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს აჭარის პროგრამის ნაკლოვანება, სისუსტე, ცინიკურობა და ზედაპირულობა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აჭარაში მცხოვრები ერთ-ერთი ქალი.
თავად მას მკურნალობის ხარჯების ასანაზღაურებლად იპოთეკური სესხი აქვს, რომლის დაფარვაც კიდევ ათი წლის განმავლობაში მოუწევს.
„ერთადერთი გამოსავალი მაქვს, რომ სახლი გავყიდო და დავრჩე ჭერის გარეშე. ისიც არ ვიცი, გაამართლებს თუ არა ის ხარჯი, რასაც გავწევ“.
რას ამბობდა და ამბობს ხელისუფლება უშვილობის მკურნალობის დაფინანსებაზე?
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზაზა ლომინაძემ თქვა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესი, როგორც დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილი, სახელმწიფოს უნდა დაეფინანსებინა:
ზაზა ლომინაძე, პარლამენტის ჯანაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
„ეს დაამტკიცებს ჩვენს ზრუნვას ოჯახების და ქვეყნის მომავალზე“, - თქვა მაშინ კომიტეტის ხელმძღვანელმა.
ნინო მუსერიძე, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დირექტორი, 2024 წლის თებერვალში რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დარგის სპეციალისტებთან ერთად ამ საკითხზე კონსულტაციებს გადიოდნენ:
„ითვლება, რომ 2025 წლიდან ეს პროგრამა უნდა დაიწყოს. როდესაც მონახაზი გაკეთდა, საუბარი იყო კვლევების დაფინანსებაზე, შესაძლოა, საუბარი იყოს სრულ დაფინანსებაზეც. სადაზღვევო კომპანიებთანაც გვქონდა ამ თემაზე ლაპარაკი“.
თუმცა 2026 წლის მიწურულსაც უშვილობის მკურნალობის საყოველთაო სახელმწიფო პროგრამა საქართველოში კვლავ არ არსებობს.
ქვეყანაში არც ზუსტი სტატისტიკა არსებობს იმისა, თუ რამდენ ადამიანს აქვს უშვილობის პრობლემა, რამდენს სჭირდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობა, რამდენი ამბობს უფულობის გამო მკურნალობაზე უარს.
2026 წლის აპრილში, პარლამენტში გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ უნაყოფობის პრობლემა, სავარაუდოდ, წყვილების დაახლოებით 10–12%-ს აქვს.
მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის მინისტრი
„დემოგრაფიული გამოწვევების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, საჭიროა დამატებით მიზანმიმართული კონკრეტული, ფოკუსირებული კვლევის ჩატარება, რომელიც ... შეაფასებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით არსებულ გამოწვევას, მათ შორის უშვილობას, მისი მკურნალობის ბარიერის ძირითად მიზეზებს“.
ამ განცხადებიდან შვიდი თვის შემდეგ, ხელისუფლებამ სუროგაციის სრულად აკრძალვის განზრახვის შესახებ გამოაცხადა.
თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს უშვილობის მკურნალობის დაფინანსების მიმართულებით. როდესაც მმართველი გუნდის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, 22 ნოემბერს, მოსახლეობას სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა, ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვებზე მან თქვა:
ირაკლი კირცხალია, უმრავლესობის ლიდერი
„დამერწმუნეთ, ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ დედობას და მშობლობის უფლებას როცა ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ყველანაირი გზით“.
ირაკლი კირცხალიას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერაში და მოიცავს თუ არა ეს მხარდაჭერა უშვილობის მკურნალობის, მათ შორის, ინ ვიტრო განაყოფიერების დაფინანსებას.
„უშვილო წყვილების სტატისტიკა თუ აინტერესებს ვინმეს, წაბრძანდეს წაჩხურობის დღესასწაულზე და ნახოს, რამდენი წყვილი მიდის ტაძარში აკვნით ხელში უფლის იმედს მინდობილი, რადგან სახელმწიფო არანაირად არ ზრუნავს ამ წყვილების მომავალზე. დემოგრაფიული პრობლემის წინაშე ვდგავართო, მწუხარე სახით გვამცნობენ ხოლმე ჩვენი "ყოვლისშემძლე მამა მარჩენლები". რა კეთდება დემოგრაფიული პრობლემის დასაძლევად საქართველოში? მრავალშვილიან ოჯახებს რა დახმარებას უწევს სახელმწიფო? უშვილო წყვილების რა სახის გამოკვლევებს და მკურნალობას უფინანსებს?“, - წერს უშვილობასთან მებრძოლი ქალების ჯგუფში ერთ-ერთო მომხმარებელი.
წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას, რომელიც მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარეობს, ყოველი აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს განსაკუთრებით ბევრი მომლოცველი ჰყავს. ამ დღეს აღინიშნება წაჩხურობა, ტაძარში მოსალოცად შვილოსნობის მთხოვნელი და თხოვნის შესრულების გამო მადლიერი ადამიანები მიდიან. ტარდება სპეციალური ლოცვა უშვილოთათვის.
წაჩხურობა, 2018 წელი
როგორ ფინანსდება უშვილობის მკურნალობა ევროპის ქვეყნებში?
ევროპის არაერთ ქვეყანაში უშვილობის მკურნალობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ნაწილია. დაფინანსების მოდელები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება - ზოგან სახელმწიფო ან სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა პროცედურების ღირებულებას მთლიანად ფარავს, ზოგან კი მკურნალობის ხარჯებს პაციენტებთან ინაწილებს.
პროგრამებს, ძირითადად, აქვთ ასაკობრივი და სამედიცინო კრიტერიუმები და განსაზღვრულია დაფინანსებული მცდელობების რაოდენობაც.
საფრანგეთში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა 100%-ით ფარავს. ერთი ორსულობის მისაღწევად ფინანსდება ინსემინაციის ექვსამდე და ინ ვიტრო განაყოფიერების ოთხამდე მცდელობა.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ჰეტეროსექსუალ და ქალთა ერთსქესიან წყვილებს, ისე მარტოხელა ქალებს. საკუთარი კვერცხუჯრედების ამოღებისთვის ასაკობრივი ზღვარი ქალის 43-ე დაბადების დღეა.
გერმანიაში სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა ინ ვიტრო განაყოფიერების პირველი სამი მცდელობისა და შესაბამისი მედიკამენტების ღირებულების 50%-ს ფარავს. ძირითადი პროგრამით სარგებლობისთვის წყვილი უნდა იყოს დაქორწინებული, ქალი -25-დან 40 წლამდე, კაცი კი - 25-დან 50 წლამდე.
ბელგიაში სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემა ინ ვიტრო განაყოფიერების ექვსამდე ციკლის დაფინანსებას ითვალისწინებს. განსაზღვრული ასაკობრივი კრიტერიუმების ფარგლებში, პაციენტებს განაყოფიერებისთვის საჭირო ლაბორატორიული პროცედურების საფასურის გადახდა არ უწევთ. დაფინანსების წესები ასევე ითვალისწინებს გადასატანი ემბრიონების რაოდენობის შეზღუდვას მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკის შესამცირებლად.
პოლონეთში 2024 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდა უშვილობის მკურნალობის ხუთწლიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2028 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სულ მცირე 500 მილიონი ზლოტია (დაახლოებით 123 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფილი.
პროგრამა სრულად აფინანსებს ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის აუცილებელ სამედიცინო პროცედურებსა და სავალდებულო გამოკვლევებს. პაციენტებისთვის გათვალისწინებულია საკუთარი ბიოლოგიური მასალით ან დონორის სპერმით განაყოფიერების ოთხამდე ციკლი, დონორის კვერცხუჯრედებით - ორი ციკლი, ხოლო დონორის ემბრიონებით - ექვსამდე მცდელობა. ჰორმონალური სტიმულაციისთვის საჭირო მედიკამენტებზე ანაზღაურების ცალკე მექანიზმი მოქმედებს.
პროგრამა ასევე აფინანსებს ონკოლოგიური პაციენტებისთვის რეპროდუქციული უჯრედების გაყინვას, რათა მკურნალობის შემდეგ მათ შვილის გაჩენის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, პროგრამაში 58 ათასზე მეტი წყვილი ჩაერთო და მისი დახმარებით უკვე 18 874 ბავშვი დაიბადა.
პეტიცია და აქციების მოლოდინი
მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, სოციალურ ქსელებში, უშვილობის პრობლემის მქონე ქალების ჯგუფებში, საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდებები ვრცელდება.
ქალები ხელისუფლებისგან ორი ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ - სუროგაციის აკრძალვა არ გავრცელდეს საქართველოს მოქალაქეებზე და სახელმწიფომ დაიწყოს უშვილობის მკურნალობის, მათ შორის, ინ ვიტრო განაყოფიერების დაფინანსება.
ჯგუფების წევრები ერთმანეთს მოუწოდებენ, შეთანხმდნენ აქციის თარიღზე, შეიკრიბონ და საკუთარი პრობლემები და მოთხოვნები ხელისუფლებას საჯაროდ გააცნონ: „აქცია აუცილებელია, დაგვინახოს მთავრობამ. დავთქვათ ერთი დღე, შევიკრიბოთ ყველა და მოვითხოვოთ დაფინანსება“, - წერენ ქალები.
„არა სუროგაციის აკრძალვას, დიახ - რეგულირებას“
25 ნოემბერს უშვილობასთან მებრძოლმა ქალებმა პეტიციაც გაავრცელეს. ამ პეტიციით, რომელსაც 3000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, ქალები მოითხოვენ:
- სუროგაციის სრული აკრძალვის ნაცვლად მკაცრი რეგულაციების შემუშავებას;
- ქალთა თავისუფალი არჩევანის, ჯანმრთელობისა და სამართლებრივი უფლებების დაცვას;
- ბავშვთა უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნას;
- სფეროში დასაქმებული ადამიანების ინტერესების გათვალისწინებას;
- მიმდინარე პროგრამებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების დაცვას;
- გადაწყვეტილების მიღებამდე საჯარო განხილვების ჩატარებას დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით.
„ჩვენ არ ვითხოვთ უკონტროლო სუროგაციას. ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხო, გამჭვირვალე, ეთიკურ და კანონიერ სუროგაციას. დავიცვათ ადამიანის უფლებები, მშობლობის შესაძლებლობა და სამუშაო ადგილები!“ - წერია პეტიციაში, რომელიც 25 ნოემბერს გამოქვეყნდა.