31 წლის სუროგატი ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 ნოემბერს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია გაუფრთხილებლობის მუხლით, რასაც სიკვდილი მოჰყვა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, ქალმა 11 ნოემბერს, 36 კვირის ორსულმა იმშობიარა. ის მშობიარობიდან რამდენიმე საათში, მეორე დღეს, სისხლდენით გარდაიცვალა.
სუროგატმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი ჩინეთის მოქალაქეებისთვის გააჩინა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სუროგატ ქალს ემბრიონი 2026 წლის გაზაფხულზე ქართულ-გერმანულ კლინიკაში გადაუტანეს.
ნინო მუსერიძე, ქართულ-გერმანული კლინიკის ხელმძღვანელი
„ეს იყო მისთვის სუროგაციის პირველი პროგრამა. იყო სრულიად ჯანმრთელი. იმისათვის, რომ სუროგატ ქალს ემბრიონი გადავუტანოთ, მას უტარდება სრული გამოკვლევა და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ქალი იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი. მშობიარობის დროს გართულებები ყველა ქალისთვის მოსალოდნელია. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარეობს ამ შემთხვევის მოკვლევა, მეც ველოდები პასუხებს, რადგან ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა მოხდა მშობიარობის შემდეგ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კლინიკის ხელმძღვანელი ნინო მუსერიძე.
ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ მომხდარს რეგულირების სააგენტო სწავლობს.
სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, ჩვენთვის უცნობია. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ამ შემთხვევაზე არ დაგველაპარაკა.
„არ მაქვს ინფორმაცია, რაზე საუბრობთ“, - ეუბნება კლინიკური დირექტორი ლევან რატიანი რადიო თავისუფლებას და ტელეფონს უთიშავს. მისგან ვიღებთ მესიჯს, რომ მძიმე პაციენტების შემოვლაზეა.
სუროგატი ქალის 12 ნოემბერს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 ნოემბერს შეატყობინა.
რამდენიმე დღით ადრე, 22 ნოემბერს, ხელისუფლებამ პირველად განაცხადა, რომ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვას გეგმავდა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ამ ფართომასშტაბიანი კომერციული სფეროს ეფექტიანი კონტროლი მკაცრი რეგულაციების პირობებშიც კი რთული იქნებოდა.
„როცა ამხელა ეკონომიკური, ფინანსური და კომერციული ინტერესები ერთვება, რისკების დაზღვევა გაათმაგებულად რთულად დასაცავია - რეალურად, ესაა მიზეზი, რის გამოც რეგულაციასა და აკრძალვას შორის გადაწყვეტილების მიღებისას, ალბათ, უპირატესობა ამ ფაქტორს უნდა მიანიჭო“, - თქვა მიხეილ სარჯველაძემ 23 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ კი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სუროგაციით გაჩენილი ბავშვების მდგომარეობაზეც ილაპარაკა - თქვა, რომ ასე 2012 წლიდან დღემდე 13 100 ბავშვი დაიბადა და დაამატა, რომ როდესაც მშობელი, ხელშეკრულების ხელმომწერი პირი უარს აცხადებს ბავშვზე, ის სახელმწიფო ზრუნვაში რჩება. „დღეს სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება სუროგაციის გზით დაბადებული 18 ბავშვი“.
ასევე ნახეთ
„ბოლო იმედსაც გვართმევენ“ - სუროგაციის რეგულირების ნაცვლად სრული აკრძალვაიმის შესახებ, რომ საქართველოში სუროგაციის სფეროში მართლაც არსებობდა სერიოზული პრობლემები, რადიო თავისუფლება წლების განმავლობაში წერდა.
სუროგაციის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთიდან ჩამოსული ქალები ჩვენთან საუბრისას ჰყვებოდნენ გადაუხდელ ჰონორარებზე, მძიმე საცხოვრებელ პირობებზე, არასათანადო მოპყრობასა და ჯანმრთელობის სერიოზულ გართულებებზე.
რადიო თავისუფლების რესპონდენტებს შორის იყვნენ ქალებიც, რომლებმაც მშობიარობის შემდეგ საშვილოსნო დაკარგეს, ორსულობისას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუუარესდათ, რომ მათ რთული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება დასჭირდათ.
რადიო თავისუფლება წერდა სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების სერიოზული გამოწვევების შესახებაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ჯანმრთელობის პრობლემებით იბადებოდნენ - გვქონდა ინფორმაცია, რომ სუროგაციით დაბადებული არაერთი ბავშვი აღმოჩნდა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ.
თუმცა ამ წლების განმავლობაში, ქვეყანაში სუროგაციის სფეროში არსებული სირთულეების შესახებ რადიო თავისუფლების კითხვებს არც ერთხელ არ გამოხმაურებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
რადიო თავისუფლების კითხვების ვრცელი ჩამონათვალი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ კიდევ 9 თვის წინ გავგზავნეთ, დღესაც პასუხგაუცემელია და უწყების "ცხელ ხაზზე" გვეუბნებიან, რომ „მიმდინარეობს კითხვების დამუშავების პროცესი“.
იმაზე, რომ სუროგაციის სფეროს რეგულირება სჭირდებოდა, წლებია საუბრობენ დარგის სპეციალისტები. თუმცა ამ ხნის განმავლობაში, არცერთ სპეციალისტს არ დაუყენებია საკითხი სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ. პირიქით, ისინი მუდმივად ხაზს უსვამდნენ მკაფიო რეგულაციების შემოღების, სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებისა და სუროგატი ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვის აუცილებლობას.
ხელისუფლების გეგმას, სრულად აკრძალოს საქართველოში სუროგაცია, მოჰყვა როგორც ექიმებისა და ექსპერტების, ისე უშვილობასთან მებრძოლი ქალების მწვავე კრიტიკა.
ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ, საქართველოს მოქალაქეებს, შვილის გაჩენის შესაძლებლობას უზღუდავს მაშინ, როდესაც უშვილობის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს. ოჯახებს საკუთარი სახსრებით უწევთ ძვირადღირებული გამოკვლევებისა და სამედიცინო პროცედურების დაფინანსება. ზოგიერთი მათგანისთვის კი, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, სუროგაცია ბიოლოგიური შვილის გაჩენის ერთადერთი გზაა.