უკმაყოფილება ერთი კვირის შემდეგ - თბილისმა "დიპ სტეიტი" მოსკოვშიც დაინახა

“იმედთან” ინტერვიუში, გიორგი ზურაბაშვილმა რუსული მხარე ქართული ოპოზიციის მხარდაჭერაშიც დაადანაშაულა.

საქართველო-რუსეთის ახალი ფორმატით მინსკში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ ოფიციალურ განცხადებებში გამოხატული ორმხრივი კმაყოფილება საქართველოს წარმომადგენლის „გაოგნებამ“ შეცვალა. გიორგი ზურაბაშვილმა რუსეთის მხარეს ოპოზიციის ირიბ მხარდაჭერაშიც დასდო ბრალი.

პროსახელისუფლებო „იმედთან“ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის 6-წუთიანი ინტერვიუ 25 ნოემბერს, ღამით გავიდა ეთერში - თითქმის ერთი კვირის შემდეგ შეხვედრიდან მინსკში, სადაც ის, პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის რანგში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შეხვდა. თქვა, რომ, მინსკში ჩასულს, ქართული ნაწარმისთვის ახლახან დაწესებული ოქტომბერში რუსეთმა შვიდი ქართული მწარმოებლის პროდუქციის იმპორტი შეზღუდა. მათგან ოთხი ღვინის მწარმოებელია - „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“ და „ასკანელი ძმები“. „ასკანელი ძმების“ შემთხვევაში აკრძალვა კონიაკსაც შეეხო. სიაში ასევე მოხვდა „ქართული ლუდის კომპანიის“ ლუდი, საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“ და მინერალური წყალი „ნაბეღლავი“. რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა მიზეზად ხარისხისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობა დაასახელა. მოხსნის იმედი ჰქონდა და ეს იმედი გაუცრუვდა.

26 ნოემბერს გაირკვა, რომ სანქციების მოხსნის დაპირება, მინსკის შეხვედრამდე, თბილისში მოსკოვიდან იური ბალაშოვს ჩამოუტანია - რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარეს. "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ მასაც სიტყვის უკან წაღებაში დასდო ბრალი.

“იმედთან” ინტერვიუში, გიორგი ზურაბაშვილმა რუსული მხარე ქართული ოპოზიციის მხარდაჭერაშიც დაადანაშაულა - იმ ინიციატივებზე დაყრდნობით, რაც მას გალუზინმა გააცნო.

ოპოზიციისთვის სასარგებლო მოქმედებებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსეთი არასოდეს დაუდანაშაულებია. ასეთი ბრალდებები მანამდე მხოლოდ დასავლეთისკენ იყო მიმართული - სადაც, “ოცნების” წარმოდგენით, ვითარებას ე. წ. გლობალური ომის პარტია/“დიპ სტეიტი“ აკონტროლებს. დასავლეთთან - “ქედის არ მოხრის” გამო „ოცნებას“ ხშირად აქებენ ოფიციალური მოსკოვის წარმომადგენლები.

  • რაზე მეტყველებს და რა მიზანს ისახავს თბილისის მოულოდნელი ხისტი განცხადებები მოსკოვის მისამართით?
  • შესაძლებელი იქნება თუ არა დიალოგის ძველებურად გაგრძელება?

„გაოგნება“ და ბალაშოვის ვიზიტი

„მე მქონდა მოლოდინი, რომ იქვე ეს სანქციები და შეზღუდვა მოიხსნებოდა, [მაგრამ] ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი - ქართული ღვინის კომპანიაზე - რომლებსაც აპირებენ, რომ დაასანქცირონ“ - თქვა „იმედთან“ მოკლე ინტერვიუში გიორგი ზურაბაშვილმა.

მას ამ ინტერვიუში არ უხსენებია, რომ, მინსკში გამგზავრების წინ, თბილისში ჩამოსული იყო იური ბალაშოვი - რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბაზაზე 2023 წელს შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე.

ეს ინფორმაცია მედიასთან „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ მხოლოდ 26 ნოემბერს დაადასტურა და თქვა, რომ ბალაშოვისგან იყო დაპირება ქართული კომპანიებისთვის სანქციების წლის ბოლომდე გაუქმების შესახებ, თუმცა - “მისი [ბალაშოვის] მხრიდანაც შეიცვალა პოზიცია” და შემდეგ უკვე - გალუზინმაც იგივე უთხრა ზურაბაშვილს.

ასევე ნახეთ

„ვიყავი გაოცებული და გაოგნებული“ - ზურაბაშვილის თქმით, რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავს

„გაოგნებული ვარ გუშინდელი განცხადებით ბატონი გიორგი ზურაბაშვილის, რა საჭიროა ასეთი დემარში, გაუგებარია... რას ემსახურება ეს განცხადება, გაუგებარია“, - გიორგი ზურაბაშვილის გაოგნებამ გააოგნა პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი, მამუკა ფიფია, რომელმაც, ჯერ კიდევ ივნისში, პირველმა გაახმაურა რუსეთის გეგმა 40 ქართული კომპანიის ნაწარმის ეტაპობრივად აკრძალვის შესახებ - რაც, ოქტომბერში, პირველი 7 ქართული კომპანიის პროდუქციის აკრძალვით დადასტურდა.

ასევე ნახეთ

რატომ აკრძალა რუსეთმა ქართული სასმელები და რა შუაშია "რუსოფობია"?

26 ნოემბერს, ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ფიფია ამბობს, რომ გიორგი ზურაბაშვილი ჯერ კიდევ თბილისში ყოფნის დროს გააფრთხილეს - დამატებით ორი კომპანიის [„ვინივერია“, „შატო მუხრანი“ ] სანქცირების გეგმის შესახებ - „მაქსიმალურად მეგობრულ რეჟიმში აუხსნეს მექანიზმები, აუხსნეს პირობები - როგორ შეიძლება ამ კომპანიების გაყვანა სანქცირებული რეჟიმიდან“ და „იგივე აუხსნა ბატონმა გალუზინმა, მინსკში - მაქსიმალურად მეგობრულად“.

ფიფიამ არ დაგვიკონკრეტა - რას ითხოვს მოსკოვი ქართული კომპანიებისთვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. თუმცა გვითხრა, რომ - „რუსულმა მხარემ დეტალურად აუხსნა [თბილისს] ყველაფერი და თუ იქნებიან თანმიმდევრული, ყველაფერი დალაგდება”.

„ვინივერიისა“ და „შატო მუხრანის“ სანქცირების განზრახვაზე თავად ფიფია ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს ლაპარაკობდა.

ივნისში ფიფიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთი ქართულ კომპანიებს ძირითადად რუსოფობიასა და ანტირუსული საქმიანობის სპონსორობაში ადანაშაულებს. 26 ნოემბერს დაგვიზუსტა, რომ აქ უკრაინის ომის მხარდაჭერაც იგულისხმება და რომ კომპანიების აქციონერები “ანტირუსული კოალიციის მტრული ქვეყნებიდან” არიან.

ასევე ნახეთ

კობახიძეს მიაჩნია, რომ "დიპ სტეიტს" რუსეთშიც შეიძლება მოსყიდული ჰყავდეს საშუალო რგოლი

გიორგი ზურაბაშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ გალუზინმა ბრალდებები ვერ დაასაბუთა:

„მან [გალუზინმა] ვერცერთი ფაქტი ვერ დაგვიდო, ვერც ხარისხთან მიმართებაში, ვერც იმ ბრალდებებთან მიმართებაში, რასაც ჰქვია უკრაინის ომის ან დაფინანსება, ან ანტირუსული პროპაგანდა“.

ვინ არის იური ბალაშოვი?

იური ბალაშოვი რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბაზაზე 2023 წელს შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარეა - აქტიურად ჩართული, რუსეთ-საქართველოს დაახლოების პროცესში.

ღია წყაროების თანახმად, ბალაშოვი საქართველოს 2023 წლის მარტშიც ესტუმრა, როდესაც მან, ბიზნესმენებთან შეხვედრები გამართა და კახეთშიც ჩავიდა - ღვინის ქარხნების მოსანახულებლად.

2023 წელს გავრცელდა სია იმ კომპანიებისა, რომლებსაც რუსულ ბაზარზე საბჭო რეკომენდაციას უწევდა ; თუმცა იუწყებოდნენ ასევე, რომ მომავალში დაგეგმილი ჰქონდათ - არარეკომენდებული კომპანიების სიის შედგენაც.

საჯარო წყაროების თანახმად, ამ საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს დავით ცეცხლაძე იკავებს, მოსკოვში დაფუძნებული დიასპორული ორგანიზაციის, „ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს წევრი.

იური ბალაშოვი [მარცხნივ] და დავით ცეცხლაძე - ივნისი, 2023 წელი

2026 წლის ოქტომბერში - დავით ცეცხლაძემ, დასავლეთის მიერ სანქცირებულ და ამჟამად მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით თბილისის მიერ ძებნილ “ქართული ოცნების” ყოფილ გენპროკურორთან, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან ერთად, მოსკოვში დააფუძნა ფონდი - „რუსებისა და ქართველების ერთობა“. ფონდის ძირითად დამფუძნებელთა შორის არის მამუკა ფიფიაც. ამ ფონდის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს რუსეთის ხელისუფლება.

ახლახან, ფონდის პრეზენტაციისთვის მიძღვნილ მრგვალი მაგიდის შეხვედრაში იური ბალაშოვიც მონაწილეობდა. მან ფონდს მხარდაჭერა გამოუცხადა და შეაქო რომანოვ-ფარცხალაძე და ფიფია - რუსეთისა და საქართველოს დასაახლოებელი “დიდი საქმეების” გაკეთებისთვის.

ეს ჯგუფი რუსეთსა და საქართველოს შორის “გეორგიევსკის ტრაქტატი 2-ის" ხელმოწერას ითხოვს; სურთ, რომ რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდეს. ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობენ და დასავლეთს საქართველოს მტრად განიხილავენ.

“დიპ-სტეიტის” ძებნა რუსეთშიც

“იმედთან” ინტერვიუში, გიორგი ზურაბაშვილმა რუსულ მხარეს ქართული ოპოზიციის მხარდაჭერაშიც დასდო ბრალი - იმ ინიციატივებზე დაყრდნობით, რაც მას მინსკში გააცნეს.

ამ საკითხზე საუბრისას ზურაბაშვილმა მაგალითად მოიყვანა დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების წინადადება და თქვა:„თითქოსდა ნამდვილად უვნებელი საკითხია, მაგრამ თუ დააკვირდებით და გააანალიზებთ, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული“.

ზურაბაშვილის შეფასებით, საქართველოს ოპოზიციის გაძლიერებას ემსახურება - როგორც რუსეთის ინიციატივები, ასევე ალკოჰოლური სასმელების ქართული კომპანიების მისამართით გამოთქმული ბრალდებები.

ირაკლი მენაღარიშვილი

„ვურჩევდი ყველას, მათ შორის - ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, რომ ასჯერ გაზომონ და შემდეგ გაჭრან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას, გიორგი ზურაბაშვილის განცხადებების შეფასებისას, ირაკლი მენაღარიშვილი - ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი [1995-2003], რომელსაც რუსეთთან ურთიერთობების პრაქტიკული გამოცდილება აქვს.

- ხისტად მოგეჩვენათ გიორგი ზურაბაშვილის განცხადებები?!

- “ცო-ტა” - დამარცვლით გვპასუხობს დიპლომატი.

მენაღარიშვილის თქმით, დიალოგი ყოველთვის საჭიროა და ამ ახალი ფორმატის დაწყებაც “არ არის ცუდი”, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე - “აღფრთოვანებასა და ოპტიმიზმს” არ განიცდის, და სიფრთხილის აუცილებლობას ხედავს - რადგან “წინა პერიოდი იყო სერიოზულად ჩახერგილი პრობლემებით და ცუდი საქციელით ჩვენი მეზობლების მხრიდან”.

“გურიაში იტყვიან ხოლმე - გაუხლართავს გასახლართად [ნუ გაიხდიო]… დიპლომატია სიფრთხილის ხელოვნებაა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მენაღარიშვილი.

ასევე ნახეთ

კობახიძეს მიაჩნია, რომ "დიპ სტეიტს" რუსეთშიც შეიძლება მოსყიდული ჰყავდეს საშუალო რგოლი

26 ნოემბერს, საკუთარი სპეცწარმომადგენლის პოზიცია დაადასტურა და ეჭვები გაიმეორა ირაკლი კობახიძემ; თქვა, რომ - ევროპული ბიუროკრატიის გარდა, “დიპ სტეიტს” - თავისი “ძალიან დიდი გავლენებით” - შესაძლოა საშუალო რგოლი მოსყიდული ჰყავდეს რუსეთის ხელისუფლებაშიც.

“სრულიად აუხსნელია და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გვესაუბრებიან, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე”, - კობახიძემ გვარები არ დაასახელა და გამოხატა იმედი, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში” და “ეს საკითხი ამოიწურება”.

„დიალოგი არის მუდმივად საჭირო და ეს დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ. თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა დიპ სტეიტი, არამედ - ხაზი განისაზღვრება ობიექტური რეალობის შესაბამისად“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს, 26 ნოემბერს.

ასევე ნახეთ

მინსკი: გალუზინი-ზურაბაშვილის დიალოგი შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს

უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის ცენტრის (UGSPN) უფროსი მკვლევარი, გიორგი ბილანიშვილი დარწმუნებულია, რომ თბილისში გაკეთებულ განცხადებებზე რუსეთი არც კი აღელდება, რადგან კრემლს თავისი დღის წესრიგი აქვს და ქართული მხარისგან მაქსიმალურად ბევრის მიღებას ცდილობს.

„რუსეთის დღის წესრიგშია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბოლომდე მოშლა და ამაზე „ქართული ოცნების“ ხელმოწერის მიღება. ამას ემსახურება მოწოდებები - ოკუპირებულ ტერიტორიებთან თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმებისა და ე.წ. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ... მოლაპარაკებების მოსკოვში გადატანაც რუსეთის ინტერესებშია“, - ბილანიშვილის თქმით, „რუსებს „აბაშიძე-კარასინის“ არაფორმალური ფორმატი თანდათან გადაჰყავთ ოფიციალურ ფორმატში" და რომ "აბაშიძე კარასინს დროშების ფონზე არასოდეს ხვდებოდა“.

ბილანიშვილის თქმით, ზურაბაშვილს არ ჰყოფნის კომპეტენცია და გამოცდილება რუსეთთან სალაპარაკოდ და მით უფრო - საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან ჩამოშორების პირობებში. ანალიტიკოსი შენიშნავს ასევე, რომ ზურაბაშვილის განცხადებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება:

"ინტერვიუში, ერთი მხრივ, ამბობს - სანქცირებულ კომპანიებს რუსეთი რუსოფობიასა და უკრაინის დახმარებაში ადანაშაულებსო - რაშიც ასევე ქართულ ოპოზიციას ადანაშაულებს მოსკოვი ყოველთვის და მაშინ როგორღა გამოდის იგივე რუსეთი ოპოზიციის ინტერესების ხელშემწყობი?! აბსურდია".

გიორგი ბილანიშვილი

ზურაბაშვილისა და კობახიძის ბრალდებებს რუსეთის მედიის მყვირალა სათაურები არ მოჰყოლია.

„რუსი ხალხი ჩვენთვის ძვირფასია - საქართველოს პრემიერი“ - ასეთი სათაური შეურჩია „სპუტნიკმა“; „კობახიძის მოწოდებაა რუსულ-ქართული მოლაპარაკებების მოსკოვსა და თბილისში გადატანა“ - ასე დაასათაურა სტატია “კომერსანტმა”.

პოლიტიკის ექსპერტები საქართველოში დაეჭვდნენ, რომ - შესაძლოა, უთანხმოების დემონსტრირება რუსეთ-საქართველოს დიალოგის უფრო მაღალ დონეზე აყვანისა და შეხვედრების თბილისსა და მოსკოვში გამართვის მიზანს ემსახურებოდეს.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა 26 ნოემბერს დაადასტურა, რომ ზურაბაშვილისა და გალუზინის მომავალი შეხვედრები შესაძლებელია, მონაცვლეობით - თბილისა და მოსკოვში გაიმართოს, რის შესახებაც მანამდე განცხადება გააკეთა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

25 ნოემბერს, ასევე ტელეკომპანია “იმედის ეთერში”, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი - არც შეხვედრის სამომავლო ადგილი და არც შეხვედრების ინტენსივობა.

“თუ იქნება შემდგომი შეხვედრის საჭიროება, მხარეები განიხილავენ, სად ჯობია - იმ კონკრეტულ მოცემულობაში და კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით”, - რუსეთთან დიალოგის განახლების მთავარ საბაბად ბოჭორიშვილმა რუსეთის ბაზარზე ქართული ალკოჰოლური ნაწარმის აკრძალვა დაასახელა; თუმცა მას არ ულაპარაკია უკმაყოფილებაზე, რომელიც, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, მისმა პირველმა მოადგილემ - გიორგი ზურაბაშვილმა გამოხატა.