მრავალშვილიანი ოჯახი დამწვარ სახლში

Your browser doesn’t support HTML5

მრავალშვილიანი ოჯახი დამწვარ სახლში

ორი წელია, ქეთევან გოლიაძე თავის თორმეტ შვილთან და ერთ შვილიშვილთან ერთად თბილისში, დამწვარ სახლში ცხოვრობს. სახლში ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა და ყველა ოთახი დაიწვა. მასთან ერთად დაიწვა ავეჯი და ტანსაცმელიც. ბავშვების უმეტესობა მცირეწლოვანია. ოჯახი ელემენტარული საარსებო პირობების გარეშე არის დარჩენილი.

გოლიაძე განქორწინებულია. მას არც სამსახური აქვს, არც სხვა საარსებო წყარო. მიუხედავად ყველაფრისა, თავის თორმეტ შვილთან ერთად მცირეწლოვანი შვილიშვილის გაზრდაც უწევს. მისი შვილებიდან უფროსი ცხრამეტი წლის არის, უმცროსი კი - ორის. ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა წელიწადი და რამდენიმე თვეა. თოთხმეტი სული დამწვარ სახლში ავეჯის, სააბაზანოსა და სამზარეულოს გარეშე ცხოვრობს.

ქეთევან გოლიაძე ამჯერად სოციალურ დახმარებასაც ვერ იღებს. მისი თქმით, სოციალური სააგენტოდან რომ მოვიდნენ, მისი მდგომარეობა 20 000 ქულით შეაფასეს. ეს საკმაოდ მაღალი შეფასება აღმოჩნდა, ამიტომ მის ოჯახს სოციალური დახმარება არ დაუნიშნეს. ამჯერად შემწეობის მისაღებად საბუთები ხელმეორედ აქვს წარდგენილი.

„ამ ეტაპზე რაც გვიჭირს, ის არის, რომ საცხოვრებელი პირობები არაა, ათასი რამეა საჭირო. თვითონ მთავრობისგან იმას ვითხოვ, რომ სოციალური დახმარება დროულად დაგვირიცხოს, ბავშვებს ცოტა პირობები შევუქმნა. სკოლა მოდის და ათასი რამე აქვთ საყიდი, სკოლაში ისე ხომ ვერ წაიყვან“, - ამბობს ქეთევან გოლიაძე.

გარდა სკოლისა, მრავალშვილიანი დედის თქმით, ბავშვებისთვის, ყველაზე აუცილებელი - საკვებიც კი არა აქვთ. ოჯახი მთლიანად სხვადასხვა პირის შემოწირულებაზეა დამოკიდებული.