ჯგუფი თურქეთის სახელმწიფოსგან „აფხაზური პასპორტების“ აღიარებასა და ოკუპირებულ აფხაზეთთან „პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების დამყარებას“ მოითხოვს.
ექსპერტების თანახმად, თურქეთის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში პროაფხაზური განწყობები არახალია, ხოლო ახლადაარსებული ჯგუფის უკან მდგომ პოლიტიკურ ძალებს თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვთ.
ამის მიუხედავად, სპეციალისტები საუბრობენ ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკის ჩავარდნაზე. რადიო თავისუფლების შეკითხვებზე პასუხად საგარეო უწყებაში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
კომენტარი არ გაუკეთებია არც თურქეთის საელჩოს საქართველოში.
„აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის“ პრეზენტაცია
2026 წლის 17 ნოემბერს ანკარაში, სასტუმრო InterContinental Grand Ankara-ში, „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის“ პრეზენტაცია გაიმართა. ვრცელი რეპორტაჟი ღონისძიებიდან თურქულენოვანმა გამოცემა Anka-მ გამოაქვეყნა.
შეხვედრას თურქეთის შვიდი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის წევრები, თურქეთში მცხოვრები აფხაზური და ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები და აფხაზური დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ - ათეულობით ადამიანი.
ფოტო ანკარაში „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის“ პრეზენტაციიდან
ჯგუფის შექმნა უკავშირდება თურქეთში რამდენიმე თვით ადრე დაწყებულ კამპანიას, „დავასრულოთ აფხაზეთის იზოლაცია“. კამპანია თურქეთის ხელისუფლებისგან ორ კონკრეტულ ნაბიჯს მოითხოვს:
- თურქეთის სასაზღვრო პუნქტებზე „აფხაზური პასპორტების“ სამგზავრო დოკუმენტებად მიღებას;
- თურქეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი საბორნე და საჰაერო მიმოსვლის დაწყებას.
თურქეთის პარლამენტის წევრი ფერიხან კოჯა და ინიციატივის, „დავასრულოთ აფხაზეთის იზოლაცია“, თანადამფუძნებელი ანით ბაბა
მათი ძირითადი მოთხოვნა აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებაა.
კამპანიის, „დავასრულოთ აფხაზეთის იზოლაცია“, ერთ-ერთმა ინიციატორმა, თურქეთში მცხოვრებმა ანით ბაბამ [აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო სამინისტრო მის გვარს მეორენაირადაც მოიხსენიებს - პაბა] პრეზენტაციაზე განაცხადა:
„ექვსი თვის წინ, როდესაც ეს ინიციატივა წამოვიწყეთ, გვეკითხებოდნენ: „ვინ არის ეს ხალხი?“ „რა უნდათ?“ „ვინ არის მათ უკან?“ მოდით ვუპასუხოთ: ჩვენ უკან დგას ღირსეული აფხაზი ხალხი, ჩვენი დები და ძმები ჩრდილოეთ კავკასიიდან“.
რომელი პარტიების წარმომადგენლებმა შექმნეს ჯგუფი?
პრეზენტაციაში თურქეთის შვიდი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ესენია:
- „ახალი პარტია“ (Yeni Parti);
- სახალხო თანასწორობისა და დემოკრატიის პარტია (DEM Parti);
- ახალი გზის პარტია (Yeni Yol);
- დემოკრატიისა და პროგრესის პარტია (DEVA);
- შრომის პარტია (EMEP);
- თურქეთის მუშათა პარტია (TİP) და
- ბედნიერების პარტია (Saadet Partisi).
თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას (პარლამენტს) ამჟამად 592 წევრი აკომპლექტებს. ჩამოთვლილ შვიდ პარტიას იქ, ჯამში, 172 დეპუტატი ჰყავს. მათგან ყველაზე მეტი ადგილი აქვთ „ახალ პარტიას“ (Yeni Parti – 90), DEM-სა (56) და „ახალი გზის პარტიას“ (20). „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის“ შექმნაში პარტიების ცალკეული წევრები იღებდნენ მონაწილეობას.
„ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, როცა, პირობითად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ჯგუფი ერთმანეთს ხვდება თურქეთის ტერიტორიაზე და რაღაცას აარსებს“, – ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი.
„არა. საქმე ეხება ოფიციალური ინსტიტუტის ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ჩართულობით ამ მეგობრობის მუდმივმოქმედი ჯგუფის შექმნას“, – ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
„ეს არის უკვე პოლიტიკური ნაბიჯი პოლიტიკურ ინსტიტუციაში პოლიტიკური აქტორების მხრიდან თურქეთში“, – ამბობს ლაშა ძებისაშვილი.
ვინ არიან ისინი და რა თქვეს?
პრეზენტაციას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ ზემოჩამოთვლილი პარტიების წარმომადგენლები:
- „ახალი პარტიის“ დეპუტატი ოქან ქონურალფი;
- „სახალხო თანასწორობისა და დემოკრატიის პარტიის“ დეპუტატი ფერიჰან ქოჯა;
- „ახალი გზის პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე სელჩუკ ოზდაღი;
- „დემოკრატიის და პროგრესის პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე მეჰმეთ ერდოღანი;
- „თურქეთის მუშათა პარტიის“ თავმჯდომარე ერქან ბაში;
- „შრომის პარტიის“ დეპუტატი სევდა ქარაჯა;
თურქეთის მუშათა პარტიის თავმჯდომარემ, ერქან ბაშმა, განაცხადა, რომ XXI საუკუნეში ადამიანებს არ უნდა ეზღუდებოდეთ ოჯახის წევრებთან შეხვედრის, საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებისა და წინაპრების მიწის მონახულების შესაძლებლობა.
„აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის“ დაფუძნება ანკარაში
„ახალი პარტიის“ დეპუტატმა ოქან ქონურალფმა განაცხადა: „თუ ჩვენ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი ვართ, მაშინ თურქეთში მცხოვრები კავკასიელი ხალხებიც არ უნდა დუმდნენ თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართ“.
DEM Parti-ს დეპუტატმა ფერიჰან ქოჯამ განაცხადა: „სამწუხაროდ, აფხაზებს ჩამორთმეული აქვთ მოქალაქეობრივი უფლებები, ისევე როგორც ადამიანის უმთავრესი უფლებები - ენის, იდენტობისა და კულტურის უფლებები“.
DEVA-ს წარმომადგენელმა მეჰმეთ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის და თავისი კოლეგები ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებენ თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში და „იზოლაცია უნდა დასრულდეს“, - ციტირებს მათ გამოცემა Anka.
რა გავლენა აქვთ ამ პარტიებს?
თურქოლოგ სანდრო ბაკურაძის დაკვირვებით, „აფხაზეთის მეგობრობის ჯგუფში“ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები საკმაოდ ეკლექტურია და ის განსხვავებული იდეოლოგიის, პოლიტიკური ორიენტაციისა თუ გავლენის მქონე პარტიებს აერთიანებს.
მისი თქმით, ჩამოთვლილი პარტიებიდან რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია ორი პარტია: DEM Parti, რომელიც ქურთულ უმცირესობას უკავშირდება, და „ახალი პარტია“.
სანდრო ბაკურაძე
მისივე თქმით, „ბედნიერების პარტიას“, მართალია, საარჩევნო პროცესებში დამოუკიდებლად დიდი ძალა აღარ აქვს, თუმცა:
- „ეს არის ყველაზე აქტიური და იდეოლოგიური საკითხისადმი ყველაზე ერთგული დაბალი და საშუალო რგოლებით დაკომპლექტებული პარტია, საკმაოდ პრინციპული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა, რომლის კულტურული გავლენა ბევრად დიდია, ვიდრე პოლიტიკური;
- მაგრამ, საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგათაც თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე განსაკუთრებული გავლენა ვერ ექნებათ“.
„საგანგაშოდ არ მივიჩნევდი“ – ექსპერტი
თურქოლოგის თანახმად, „აფხაზეთის აღიარების“ საკითხი თურქეთის პოლიტიკაში დღის წესრიგში ხშირად ჩნდება და დგას, ჩამოთვლილი პარტიების მხარდაჭერა გარკვეულ პოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებს, თუმცა მათ თურქეთის საგარეო პოლიტიკის შეცვლის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ.
„თავად თურქეთის აფხაზეთთან მიმართებაში პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს ყოველთვის უფრო მეტად პროაფხაზური პოზიცია ეჭირა, მაინც ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ოფიციალური აღიარება, ურთიერთობების გაფართოება ან მსგავსი რამ, საბოლოო ჯამში, კავკასიაში რუსეთის პოზიციებზე იქნება დამოკიდებული“, – მიიჩნევს სანდრო ბაკურაძე.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ეს კარგი ამბავი არ არის და ჩვენი დიპლომატიური სერვისის ცუდად მუშაობის მაჩვენებელია, ამ ამბავს მე ძალიან საგანგაშოდ არ მივიჩნევდი, რადგანაც სანამ კავკასიაში არსებული სტატუს-კვო ასე თუ ისე ნარჩუნდება, თურქეთი რამე ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს“, – ფიქრობს ის.
ასევე ნახეთ
თურქეთს შუამდგომლობა ვთხოვეთ, რათა სირიამ გაიწვიოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება - სამხარაძერა სურს სოხუმს?
ღონისძიებაზე აფხაზური დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ:
- აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის („ეროვნული კრების“) წევრები, ინარ გიცბა და დემურ გოგია;
- „ეროვნული კრების“ ეგიდით არსებული „საზოგადოებრივი პალატის“ მდივანი გული კიჩბა;
- მსოფლიო აფხაზთა კონგრესის სოხუმის ოფისის ხელმძღვანელი თემურ რეკვავა;
- აფხაზეთის დე ფაქტო სტრუქტურების სხვა წარმომადგენლები.
ინარ გიცბამ განაცხადა, რომ თურქეთი „აფხაზეთის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია“ და მასთან „კარგი სამეზობლო ურთიერთობების განვითარება სურს“.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი 2008 წლის შემდეგ მუდამ ცდილობს „აღიარების“ მოპოვებას სხვადასხვა ქვეყნისგან, რის მცდელობებსაც რუსეთის ფედერაცია აქტიურად უჭერს მხარს. თუმცა თურქეთთან სოხუმის დაახლოება რუსეთისთვისაც შესაძლოა სასიამოვნო არ იყოსო, ამბობს თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე.
„რუსები დადებითად არ აღიქვამენ ამ ყველაფერს. ზოგადად, რუსეთი აფხაზეთში შეძლებისდაგვარად ყოველთვის ცდილობდა თურქეთის გავლენის შეზღუდვას.
თავად აფხაზებს რაც შეეხება, საკმაოდ გავრცელებულია თურქეთის, როგორც რუსეთის დამაბალანსებელი ძალის, რომანტიზებული აღქმა, რადგანაც თურქეთში ძალიან ბევრი აფხაზი მუჰაჯირი ცხოვრობს.
ამ მხრივ თურქეთთან ურთიერთობების განვითარებისთვის აფხაზები ყველაფერს აკეთებენ“, – გვეუბნება ის.
ფოტო „აფხაზთა მეგობობის ჯგუფის“ დაარსების ღონისძიებიდან
რა აჩვენა ბადრა გუნბას ნათლობამ?
თუმცა სანდრო ბაკურაძე ასევე გვეუბნება: „როგორც ჩანს, თავად აფხაზეთის „ისტებლიშმენტში“ თურქეთის, როგორც რუსეთის პოტენციური დამაბალანსებლის, როლის შესახებ რწმენები შეცვლისკენ მიდის“.
ამ ტენდენციის გამოვლინებად ექსპერტი ასახელებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბადრა გუნბასა და მისი ოჯახის ქრისტიანად მონათვლას 2026 წლის ნოემბრის დასაწყისში.
გუნბების ოჯახის ნათლობას მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო დაესწრო.
ასევე ნახეთ
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ„თუ იმას გავითვალისწინებთ, რამდენად დიდ როლს ასრულებდა თურქეთში პროაფხაზური განწყობის ფორმირებაში ისლამურ სოლიდარობასთან დაკავშირებული დეტალები, ბადრა გუმბასა და მისი ოჯახის მონათვლის სიმბოლური მნიშვნელობა ბევრად უფრო დიდია“, – ამბობს თურქოლოგი.
„ამ ყველა ვარაუდის მიუხედავად, რაიმე კონკრეტული გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება [თურქეთის მიერ „აღიარების“ შესახებ] მაინც რთული მგონია, რადგანაც აფხაზეთის ბედი, ისევე როგორც რეგიონის ძალიან ბევრი ქვეყნისა, საბოლოოდ მაინც უკრაინის ომზე გადის“, – უთხრა რადიო თავისუფლებას სანდრო ბაკურაძემ.
კამპანია, რომელმაც პარლამენტამდე მიაღწია
„აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის“ შექმნას წინ უძღოდა თურქეთში რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები:
- კამპანია „დავასრულოთ აფხაზეთის იზოლაცია“ 2026 წლის ივნისის ბოლოს, თურქეთში მცხოვრები აფხაზური და ჩერქეზული დიასპორების წარმომადგენლების ინიციატივით დაიწყო. მათ შორის იყო ანით ბაბა.
- 4 ივლისს პარტია EMEP-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თურქეთის ხელისუფლებას აფხაზეთის „საერთაშორისო იზოლაციის“ დასრულებისკენ და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის აღიარებისკენ“ მოუწოდა.
- 5 აგვისტოს თურქეთის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მასში აფხაზეთი მოხსენიებული იყო, როგორც „თურქეთისთვის მნიშვნელოვანი მეზობელი ისტორიული, სოციალური და ოჯახური კავშირების გამო“.
- 24 ოქტომბერს ეს საკითხი თურქეთის პარლამენტის ტრიბუნიდან კვლავ წამოჭრა „ახალი პარტიის“ დეპუტატმა, მაჰმუთ ტანალმა.
ლაშა ძებისაშვილი მიიჩნევს, რომ სეპარატიზმის მხარდამჭერი ეს ნაბიჯები „უყურადღებოდ ვერ დარჩებოდა და არ უნდა დარჩენილიყო საქართველოს სახელმწიფოს პასუხის გარეშე“.
საგარეოს ეს ამბავი არ შეუმჩნევია
საგარეო უწყებას არც ამ დროის განმავლობაში და არც 17 ნოემბერს „მეგობრობის ჯგუფის“ დაარსების გამოცხადების შემდეგ არ გაუვრცელებია განცხადება ან კომენტარი. რადიო თავისუფლება სამინისტროს პრესცენტრს 19 ნოემბერს დაუკავშირდა შეკითხვებით:
- ჰქონდა თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქულ მხარესთან კომუნიკაცია - თუ კი, რა სახის?
- ამ კომუნიკაციის არსებობის შემთხვევაში, რა მიიღო პასუხად?
- როგორია საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება ამ მოვლენისადმი?
სტატიის გამოქვეყნების დროისთვის პასუხი არ მიგვიღია.
ლაშა ძებისაშვილი
ანალიტიკოს ლაშა ძებისაშვილის მოსაზრებით, თბილისის რეაგირება უნდა ყოფილიყო როგორც წინმსწრები და შეძლებისდაგვარად პრევენციული, ისე – მომხდარის შემდგომი.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს თვითონ უნდა განესაზღვრა, რა დონის სპიკერი უნდა გამოეყვანა და მას ერთგვარი გამაფრთხილებელი განცხადება უნდა გაეკეთებინა, რომ ესეთი სახის ჯგუფების შექმნა, მით უმეტეს იმ შინაარსის მქონე განცხადებების ფონზე, რაც ამ ჯგუფში კეთდება და რაც ზოგადად ახლდა ამ ჯგუფის შექმნას, – აბსოლუტურად მიუღებელი არის საქართველოსთვის“, – ამბობს ის.
„დაუშვებელია მეგობარი სახელმწიფოსგან“
„მით უფრო დაუშვებელია ასეთი საქციელი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან, რომელთანაც საქართველოს არცერთი, არავითარი სახის ტერიტორიული პრეტენზია არ გააჩნია და რომელთანაც, სხვათა შორის, ყველაზე სრულყოფილად აქვს დარეგულირებული სასაზღვრო ზოლი“, – უთხრა ლაშა ძებისაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ
ოფიციალური თბილისი სოხუმში „ბენეტონის“ მაღაზიის გახსნას აპროტესტებსმისივე მოსაზრებით, საკუთრივ ამ ჯგუფის შექმნის შემდგომ, საგარეო უწყებას კვლავ შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონოდა:
„მკაფიოდ უნდა მომხდარიყო ნებისმიერი ასეთი სახის მოქმედების დაგმობა და ხაზი უნდა ყოფილიყო გასმული, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის ის ძირითადი ქვაკუთხედი, რომელსაც თავად თურქეთი აღიარებს და მისთვის არის პრინციპული საკითხი“.
ფოტო „აფხაზეთის მეგობრობის ჯგუფის“ დაარსების ღონისძიებიდან
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლაშა ძებისაშვილი საგარეო პოლიტიკის ჩავარდნაზე საუბრობს:
„ასეთი მოვლენები ცალსახად მიანიშნებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სერიოზულ ჩავარდნაზე თურქეთის მიმართულებით; პრაქტიკულად, მუშაობის არარსებობაზე ჩრდილოკავკასიურ, ჩერქეზულ და აფხაზურ დიასპორასთან თურქეთში, – ისევე როგორც საერთოდ პირდაპირ მიმანიშნებელია იმაზე, რომ არანაირი კონტაქტი და თანამშრომლობა საქართველოსა და თურქეთში პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება“.
„დიპლომატია არ ნიშნავს მხოლოდ ოფიციალური შეხვედრების გამართვას მმართველ ხელისუფლებასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დიპლომატია ნიშნავს, მათ შორის, უამრავი პოლიტიკურ და კულტურულ და სხვა სახის კონტაქტების დამყარებას იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება ქართული დიპლომატი… აქ უბრალოდ პრიორიტეტების არქონა, არცოდნა და შესაბამისად სრულ უმოქმედობას ჰქონდა ადგილი“, – ამბობს ლაშა ძებისაშვილი.
თურქეთის ოფიციალური პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე
თურქეთი წლების განმავლობაში ოფიციალურად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
2026 წლის 8 ივნისს სტამბოლში თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სტამბოლის დეკლარაციას, რომელშიც სამივე ქვეყანამ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე და ცალსახა მხარდაჭერა დაადასტურა.
თურქეთის ოპოზიციური დეპუტატების ნაწილის მიერ აფხაზეთთან პირდაპირი კავშირებისა და მისი პასპორტების დაშვების მოთხოვნა კი საქართველოს პოზიციასთან წინააღმდეგობაში მოდის.
დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა თურქეთში მოქმედმა „ტრაპიზონის ქართული კულტურის ასოციაციამ“.
ასოციაციის თავმჯდომარემ, მუსტაფა ბაშ სარჯველაძემ, 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში გააკრიტიკა ნებისმიერი ინიციატივა, რომელმაც შესაძლოა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.
რადიო თავისუფლებამ კომენტარისთვის 19 ნოემბერს მიმართა თურქეთის საელჩოს საქართველოში. საელჩოში შეკითხვების მიღება დაგვიდასტურეს, თუმცა სტატიის გამოქვეყნების დროისთვის პასუხები არ მიგვიღია.