ფოტოზე გუნბასთან ერთად მისი ოჯახის წევრები და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ჩანან.
„ბადრა ზურაბოვიჩ, ჩვენც გილოცავთ ნათლობას! მთელი ქვეყანა ჩურჩულებს და გადავწყვიტე, გამომექვეყნებინა“, - წერს ამალია. პოსტს სხვა მომხმარებლებიც გამოეხმაურნენ და გუნბას ნათლობა მიულოცეს.
გუნბას პრესსამსახურს მისი მონათვლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
მანამდე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, პროტოპრესვიტერი იგორ იაკიმჩუკი აცხადებდა, რომ გუნბა მოუნათლავი იყო.
„ის, ვინც ახლა არჩევნებში გაიმარჯვა, მოუნათლავია. პირობას დებს, რომ მოინათლება, მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით პროგრესი არ ჩანს“, - ამბობდა იაკიმჩუკი.
იაკიმჩუკის სხვა განცხადებამ აფხაზთა ისტორიულ იდენტობასა და ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე სოხუმში მწვავე რეაქცია გამოიწვია. მან თქვა, რომ IV საუკუნეში აფხაზეთში ტაძრები თანამედროვე აფხაზებს არ აუშენებიათ და მათ იმხანად ქრისტიანობის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი სიტყვები შეურაცხმყოფლად შეაფასა, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საბჭომ კი მოსკოვის საპატრიარქოსგან შეფასება მოითხოვა.
ვიზიტი მოსკოვში
გუნბა მოსკოვში სერგეი კირიენკოსაც შეხვდა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის - აფხაზეთში რუსული „Большая перемена“-ს მსგავსი სასკოლო კონკურსის ჩატარებაზე.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კონკურსი მომდევნო კვირაში დაიწყება. გამარჯვებულებს მშობლებთან ერთად ველიკი უსტიუგში თოვლის ბაბუის რეზიდენციის მონახულების შესაძლებლობა ან დეკემბერში კრემლის საახალწლო ნაძვის ხის ბილეთები გადაეცემათ.
ფორუმი