პროკურატურა: ნ.ი-მ მეგობრებს უთხრა, რომ ავალიანი „ზედმეტ ყურადღებას“ იჩენდა, რითაც წააქეზა დანაშაული

ნ.ი-ს ბრალი წაუყენეს მუხლით, რომელიც 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ ახალგაზრდა პედაგოგის, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით 5 აგვისტოს დაკავებულ ორ გოგოს 6 აგვისტოს ბრალი წაუყენეს.

ნ.ი.-ს წაუყენეს „ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების“ ბრალი, ხოლო ა.ნ.-ს - „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის“ ბრალდება.

ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში, პირველ შემთხვევაში 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მეორე შემთხვევაში კი - 3-დან 7 წლამდე პატიმრობას. სასჯელის დანიშვნისას, არასრულწლოვნებს სასჯელის მეოთხედი აკლდებათ.

დაცვის მხარე ბრალდებებს უარყოფს.

„აღნიშნული ქმედებით წააქეზა“ - რას ამბობს პროკურატურა

გამოძიების ვერსიით:

  • „2025 წლის სექტემბრის თვეში ნ.ი.-მ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან“;
  • მალევე მან თავის მეგობრებს - ა.გ,-სა და გ.მ.-ს უთხრა, რომ „თითქოსდა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ“;

პროკურატურა 6 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა [თავისი მეგობარი ბიჭი ა.გ.] წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს“.

ა.გ. ამ საქმის მთავარი ბრალდებულია და 9 აპრილს მას 10.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა“.

სხვა დეტალებზე - თუ რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, რითაც ამტკიცებს, რომ „აღნიშნული ქმედებით“ - ანუ მეგობრებისთვის ავალიანის მხრიდან „ზედმეტი ყურადღების გამოჩენაზე“ მითითებით - წააქეზა ნ.ი.-მ დანაშაული, - პროკურატურა ამ განცხადებაში არ საუბრობს.

სასამართლო სხდომები დახურულია.

ასევე ნახეთ

ნ.ი. დააკავეს „ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების“ მუხლით - პროკურორი ავალიანის საქმეზე

ძველი დეტალები

ამავე განცხადებაში პროკურატურა წერს, რომ ა.გ.-მ თავის მეგობრებთნ - გ.რ-სთან, გ.მ.-სთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად „წაქეზების სისრულეში მოყვანა განიზრახა“. შემდეგ პროკურატურა იმეორებს წარსულში ნათქვამ ვერსიას:

  • „დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი“.
  • „2025 წლის 1 ოქტომბერს [ამ სამეულის] მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ა.გ. და გ.რ. ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“.

ასევე ნახეთ

ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი არასრულწლოვანი დააკავეს - „შეუტყობინებლობის“ ბრალდებით

რას ედავებიან მეორე გოგოს

რაც შეეხება 5 აგვისტოს დაკავებულ მეორე გოგოს, ა.ბ.-ს - გამოძიება მასზე წერს:

„დანაშაულის ჩადენისთანავე, გ.რ. დაუკავშირდა თავის მეგობარ ა.ბ.-ს და შეატყობინა გიგა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმისა და დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ა.ბ.-სთვის ცნობილი იყო გიგა ავალიანის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, მან ამის თაობაზე არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს“.

დაცვის მხარე ბრალდებებს უარყოფს

ნ.ი.-ის ადვოკატი გიორგი გეკიშვილისა და მისი ოჯახის პოზიციით, საქმეში არ იკვეთება მტკიცებულებები, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან დანაშაულის წაქეზებას დაადასტურებს.

ამ არასრულწლოვანის დაპატიმრებას გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე თვეებია, ითხოვდა, - რადგან მას თავის შვილზე თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნევს, თუმცა ნ.ი.-ის ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.

გიგა ავალიანის საქმე - მოკლედ

  • მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, არაერთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
  • 28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
  • გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირის დაკავების პირობას დებს, მათ შორის ექიმების, პროკურორებისა და გამომძიებლების.
  • ნ.ი. არის ამ საქმეზე მთავარი მსჯავრდადებულის, არასრულწლოვანი ა.გ.-ის მეგობარი. ის ავალიანის მოსწავლე იყო.
  • მთავარი მსჯავრდადებული დამნაშავედ ცნეს ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია.