Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნ.ი. დააკავეს „ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების“ მუხლით - პროკურორი ავალიანის საქმეზე

5 აგვისტოს, საღამოს საათებში თბილისში დააკავეს ახალგაზრდა პედაგოგის, 2025 წლის ოქტომბერში ძალადობის შედეგად გარდაცვლილი გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე, მთავარი მსჯავრდადებულის შეყვარებული, არასრულწლოვანი ნ.ი..

პირველადი ინფორმაციით, ამასთანავე, არასრულწლოვანი ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. რადიო თავისუფლება ცდილობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას.

კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მის სახლში დასაკავებლად პოლიციელები არიან მისული, არასრულწლოვანის ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა გაავრცელა.

ბრალი - „წაქეზება“

რადიო თავისუფლებას გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ განუცხადა, რომ ნ.ი. სამართალდამცავებმა დააკავეს „ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ და მძიმედ დაზიანების წაქეზების მუხლით“.

ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე მუხლის მესამე ნაწილის "ლ" ქვეპუნქტი. ოჯახი ბრალდებას უარყოფს.

კანონმდებლობით, პროკურატურა სასამართლოს დაკავებულისთვის ბრალის წარდგენიდან მომდევნო 48 საათის განმავლობაში მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

პოლიცია ნ.ი.-ის სახლში

ლეკიშვილის კადრებში ჩანს, რომ არასრულწლოვანის ოჯახის ბინაში პოლიციელები არიან, ანერვიულებული მშობლები კი მათ ხმამაღლა ესაუბრებიან.

„რატომ მიგყავთ ჩემი შვილი?“ - ეკითხება, სავარაუდოდ, დედა სამართალდამცავებს. პოლიცია მას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„რის საფუძველზე [აკავებთ]? რა წერია იმ განჩინებაში?!“ - ეკითხება ის პოლიციას.

„გაეცნო ადვოკატი განჩინებას“, - ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი.

ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს განჩინებაში „ფორმალური რაღაცები წერია, არაფერი კონკრეტული“.

ამ არასრულწლოვანის დაპატიმრებას გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე თვეებია, ითხოვს, - რადგან მას თავის შვილზე თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნევს, თუმცა ნ.ი.-ის ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.

გიგა ავალიანის საქმე - მოკლედ

  • მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, არაერთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
  • 28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
  • გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირის დაკავების პირობას დებს, მათ შორის ექიმების, პროკურორებისა და გამომძიებლების.
  • ნ.ი. არის ამ საქმეზე მთავარი მსჯავრდადებულის, არასრულწლოვანი ა.გ.-ის შეყვარებული. ის ავალიანის მოსწავლე იყო.
  • მთავარი მსჯავრდადებული დამნაშავედ ცნეს ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG