13-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ მისმა ცოლმა ირინა კილოსანიძემ თქვა, რომ „რეალურად განაჩენი დადგა 8 თვის წინ, როცა შალვა პაპუაშვილმა გამოაცხადა ის ტერორისტად. დღეს მოსამართლემ ოფციალურად გადაიტანა გადაწყვეტილებაში“.
განაჩენის გამოცხადებას ალეკო ელისაშვილი არ ესწრებოდა, რადგან მანამდე მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და მინისტრ მამუკა მდინარაძის გინების გამო.
„პოლიტიკაში ბევრი შეცდომა დამიშვია, ჩემი შეცდომა ის იყო, რომ პარლამენტში კონსტრუქციული ოპონირების კულტურა შემექმნა. რა კულტურა?! - ვნანობ, ყოველდღე რომ არ ვურტყამდი მდინარაძე- პაპუაშვილს… ისე უნდა მელაპარაკა, როგორც იმსახურებდნენ…
ჩემთვის მთავარია მამაჩემი და ჩემი შვილები ამაყობდნენ ჩემით და კობახიძის და მდინარაძის დედაც მოვ**ნ“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა გაძევებამდე.
მის ამ სიტყვებს დარბაზში შეძახილები მოჰყვა - „ბრავო“.
ასევე ნახეთ
კობახიძისა და მდინარაძის გინების შემდეგ ელისაშვილი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევამანამდე ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდებამ ვერ დაამტკიცა მთავარი - ტერორისტული მიზანი. ისინი წარდგენილი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვდნენ.
ელისაშვილის წინააღმდეგ თავდაპირველად საქმე სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით აღიძრა. ორი დღის შემდეგ კი პროკურატურამ კვალიფიკაცია შეცვალა და პოლიტიკოსს უკვე ტერორისტული აქტის მცდელობაში დასდო ბრალი. სწორედ აქ ხედავენ ალეკო ელისაშვილის ადვოკატები საქმის პოლიტიკურ კონტექსტს.
კვალიფიკაციის შეცვლას წინ უსწრებდა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის საჯარო განცხადება, რომ ალეკო ელისაშვილმა „ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა“.
„სამართლებრივი კვალიფიკაცია პოლიტიკურ განცხადებებს დაემორჩილა“, - ამბობს გიორგი რეხვიაშვილი, ელისაშვილის ადვოკატი.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ მუხლი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შეიცვალა.
რა თქვა ალეკო ელისაშვილმა?
დარბაზიდან გაძევებამდე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პოლიციელების მხრიდან მასზე და დემონსტრანტებზე ძალადობის შემთხვევები გაიხსენა:
„ქვეყანაში რა ხდება, რატომ მომივიდა ეს აზრი… ამ შენობაში ქალებს ძირს ათრევდნენ, შეურაცხყოფას აყენებენ… მერე გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ქალი არ არისო.
პროტესტი იყო, შეფურთხება მინდოდა ამ ხელისუფლებისთვის, რომ ვერ დაგვჩაგრავენ. ის, რაც ხდება ამ შენობაში, თაგვის სპილოდ გადაქცევა რომ უნდათ… ახალი ბრალიც მომაწებეს, ერთი წელი თაროზე შემოდებული საქმე…“
ამის შემდეგ მან მიმართა იმ ოპოზიციონერებს, რომლებმაც გააკრიტიკეს:
„ვინც ქალაჩუნურად ფიქრობენ, გადაახვიონ ნოემბერ-დეკემბრის აქციები, ის ნახონ და მერე გამამტყუნონ, მე თავს კი არ ვიქებ, პოლიტიკოსად არ დავბადებულვარ… მახრჩობდა ის ყველაფერი, პროტესტი გამოვხატე... არ შემეძლო სტუდიებში ჯდომა და ეგრე პროტესტი…
არ გამომივიდა, ხმალი ქარქაშში გადამიტყდა…
მშვენივრად ვარ იმ ციხეშიც, რადგან ვიცი რისთვისაც ვზივარ, ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის, პირნათელი ვარ, ჩემი სახლიდან ოქროს ზოდები არ ამოუღიათ… არადა, მქონდა შესაძლებლობა…“
რას ამბობს ელისაშვილის ადვოკატი ბრალზე
ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მიმოიხილა ალეკო ელისაშვილის ბიოგრაფია, გაიხსენა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და პოლიტიკური მართლმსაჯულების დასაბუთების მიზნით, მაგალითად მოიყვანა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ „ის ტერორისტია“ და გაიხსენა, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ელისაშვილს ომში უკრაინის დახმარებისთვის 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
„რა მიზანი ჰქონდა ბრალდებულს, როცა ის 29 ნოემბერს სასამართლოში მივიდა? ბრალდებულს დუმილის უფლება აქვს, ის არ აღიარებს დანაშაულს და არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დასადასტურებლად. ბრალდებული წინააღმდეგია, მისი განცხადებები გამოყენებული იყოს მის ბრალზე მსჯელობისას“, - ამბობს ადვოკატი.
მას მიაჩნია, რომ ელისაშვილის ქმედება ხალხის დაშინებას და ხელისუფლების შტოს დესტაბილიზაციას ვერ გამოიწვევდა. ეს აუცილებელი შემადგენელი ნაწილია საქმისთვის ტერორიზმის კვალიფიკაციის მისაცემად.
ადვოკატის მთელი მსჯელობა აგებული იყო იმაზე, რომ დაემტკიცებინა, ცეცხლის წაკიდება სასამართლოს 1000 კვადრატული მეტრის შენობას ვერ გაანადგურებდა და „ალბათობა იმისა, რომ ხანძარი კანცელარიიდან მთავარ შენობაზე გავრცელდებოდა, ნულოვანია“.
„ბრალდებულს არ ექნებოდა ტერორისტული მოლოდინი, ჰიპოთეტურზე მსჯელობაზე გამამტყუნებელი განაჩენი ვერ აიგება“, - ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.
ალეკო ელისაშვილი განაჩენის გამოცხადების დღეს მოსამართლემ სხდომაზე დააბრუნა, წინა პროცესების დროს ის სხდომათა დარბაზიდან იყო გაძევებული.
მანამდე, სანამ ალეკო ელისაშვილს სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდა, არასოდეს უარუყვია, რომ სათვალთვალო კამერებში მოხვედრილი ნიღბიანი თავად იყო.
ასევე ნახეთ
ალეკო ელისაშვილი განაჩენის მოლოდინში - საკვანძო მომენტები ტერორიზმის საქმიდანპირველივე სხდომაზე მან თქვა:
„რაც გავაკეთე, იმაზე მე ვარ პასუხისმგებელი. გინდ ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდათ ის მეძახეთ".
- აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პირველ სხდომაზე ელისაშვილმა ვრცლად ისაუბრა, რამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.
- ის იხსენებდა 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ძალადობას, სამართალდამცავების დაუსჯელობას და მოსამართლეს უხსნიდა, რომ უსამართლობამ უბიძგა უკიდურესი პროტესტისკენ.
- პოლიტიკოსის ადვოკატები ამბობენ, რომ პასუხისმგებლობის აღება ტერორისტული მიზნის აღიარებას არ ნიშნავს.
საქმის არსებითი განხილვის დროს პროკურატურამ სასამართლოს რამდენიმე ტიპის მტკიცებულება წარუდგინა. მათ შორის იყო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები, მანდატურებისა და გამომძიებლების ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და დაზარალებულად ცნობილი სასამართლოს წარმომადგენლის პოზიცია.
პროკურატურის შეფასებით, ამ მტკიცებულებების ერთობლიობა აჩვენებს, რომ ალეკო ელისაშვილის მოქმედება დაგეგმილი, მისი მიზანი კი სასამართლოსთვის ცეცხლის წაკიდება და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა იყო.