მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ელისაშვილმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს, აგინა.
„პოლიტიკაში ბევრი შეცდომა დამიშვია, ჩემი შეცდომა ის იყო, რომ პარლამენტში კონსტრუქციული ოპონირების კულტურა შემექმნა. რა კულტურა?! - ვნანობ, ყოველდღე რომ არ ვურტყამდი მდინარაძე- პაპუაშვილს… ისე უნდა მელაპარაკა, როგორც იმსახურებდნენ…
ჩემთვის მთავარია მამაჩემი და ჩემი შვილები ამაყობდნენ ჩემით და კობახიძის და მდინარაძის დედაც მოვ**ნ“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა გაძევებამდე.
მის ამ სიტყვებს დარბაზში შეძახილები მოჰყვა - „ბრავო“.
გაძევებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი მოსამართლემ ელისაშვილი გააფრთხილა.
„კედელს რომ ცერცვი უნდა შეაყარო, ეს ამბავია… სამერმისოდ გამოგვადგება… ვიცი სადაც ვართ, გადაწყვეტილება მიღებულია, იმდენად, რომ დღეს კობახიძემ შეახსენა მოსამართლეს: ელისაშვილი ტერორისტი კაციაო, ვაიდა, არ დაავიწყდესო“, - ამბობდა ელისაშვილი, რა დროსაც მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და გააფრთხილა, რომ განაჩენი მის გარეშე გამოცხადდებოდა.
ელისაშვილმა განაგრძო თხრობა, ჯერ ის გაიხსენა, როგორ გაუსწორდნენ პოლიციელები რამდენჯერმე კამერების წინ რამდენიმე თვის წინ, შემდეგ კი ისაუბრა მოტივზე:
„ქვეყანაში რა ხდება, რატომ მომივიდა ეს აზრი… ამ შენობაში ქალებს ძირს ათრევდნენ, შეურაცხყოფას აყენებენ… მერე გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ქალი არ არისო.
პროტესტი იყო, შეფურთხება მინდოდა ამ ხელისუფლებისთვის, რომ ვერ დაგვჩაგრავენ. ის, რაც ხდება ამ შენობაში, თაგვის სპილოდ გადაქცევა რომ უნდათ… ახალი ბრალიც მომაწებეს, ერთი წელი თაროზე შემოდებული საქმე…“
ამის შემდეგ მან მიმართა იმ ოპოზიციონერებს, რომლებმაც გააკრიტიკეს:
„ვინც ქალაჩუნურად ფიქრობენ, გადაახვიონ ნოემბერ-დეკემბრის აქციები, ის ნახონ და მერე გამამტყუნონ, მე თავს კი არ ვიქებ, პოლიტიკოსად არ დავბადებულვარ… მახრჩობდა ის ყველაფერი, პროტესტი გამოვხატე... არ შემეძლო სტუდიებში ჯდომა და ეგრე პროტესტი…
არ გამომივიდა, ხმალი ქარქაშში გადამიტყდა…
მშვენივრად ვარ იმ ციხეშიც, რადგან ვიცი რისთვისაც ვზივარ, ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის, პირნათელი ვარ, ჩემი სახლიდან ოქროს ზოდები არ ამოუღიათ… არადა, მქონდა შესაძლებლობა…“
განაჩენის მოლოდინი
მოსამართლე გიორგი გელაშვილი ალეკო ელისაშვილის გაძევებისა და სხდომათა დარბაზიდან დამსწრეების გაშვებიდან რამდენიმე წუთში სათათბიროდ გავიდა. ეს სამართლებრივი ტერმინია, რომელიც საქმის განხილვის დასრულებიდან განაჩენის გამოცხადების პერიოდს ასახავს.
ალეკო ელისაშვილი გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას ელის. ამის შესახებ მან დღევანდელ, 10 ივლისის, სხდომაზეც ისაუბრა.
ელისაშვილის დაკავება
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას დააკავეს. შსს აცხადებდა, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ერთი ნაწილისთვის, სადაც კანცელარიაა, ცეცხლის წაკიდება სცადა. საქმე აღიძრა სხვისი ნივთის დაზიანების კვალიფიკაციით.
ორი დღის შემდეგ კი პროკურატურამ კვალიფიკაცია შეცვალა და პოლიტიკოსს უკვე ტერორისტული აქტის მცდელობაში დასდო ბრალი. სწორედ აქ ხედავენ ალეკო ელისაშვილის ადვოკატები საქმის პოლიტიკურ კონტექსტს, რადგან ამას უსწრებდა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის საჯარო განცხადება, რომ ალეკო ელისაშვილმა „ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა“.
„სამართლებრივი კვალიფიკაცია პოლიტიკურ განცხადებებს დაემორჩილა“, - ამბობს გიორგი რეხვიაშვილი, ელისაშვილის ადვოკატი.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ მუხლი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შეიცვალა.
ალეკო ელისაშვილის ადვოკატები ბრალის ამ შინაარსს არ ეთანხმებიან, რადგან ელისაშვილის ქმედება ხალხის დაშინებას და ხელისუფლების შტოს დესტაბილიზაციას ვერ გამოიწვევდა. ეს აუცილებელი შემადგენელი ნაწილია საქმისთვის ტერორიზმის კვალიფიკაციის მისაცემად.
ფორუმი