ოდესმე დათბება? - სად „გაქრა“ გაზაფხული და როგორი ამინდი გველის

ამინდის პროგნოზი - თბილისში კიდევ ცხრა დღე იწვიმებს.

ქარი, წვიმა და სიგრილე - ასეთი იყო 2026 წლის გაზაფხული და ზაფხულის პირველი კვირაც საქართველოში. სად გაქრა სეზონის შესაფერისი სითბო და უნდა ველოდოთ თუ არა ცხელ ზაფხულს?

“შეშა კარგა ხანია გამოგველია, მარაგი ივნისამდე არ გვქონდა გათვლილი, მაგრამ მოსაღამოვდება თუ არა, ისე ცივა, როგორც ზამთრის ბოლოს, ეზოში რაღაც ტოტები ჩამოვჭერი, ღუმელი რომ დაგვენთო. ამ დროს ასეთი სიგრილე არც გვახსოვს. იმის მეშინია, ზაფხულში გვალვები არ დაიჭიროს, მოგვისპობს ყველაფერს”, - ჩივის რადიო თავისუფლებასთან საუბარში 74 წლის ავთო რაჭიდან.

“გათბობა მაქვს ამ დრომდე ჩართული”, “სანდლების დრო ოდესმე მოვა?“ "ესაა მზიანი საქართველო?” - წერენ სიგრილით შეწუხებულები სოციალურ ქსელში.

ივნისი დაიწყო და თბილისსა და საქართველოს დიდ ტერიტორიაზე ისევ წვიმს და ამ სეზონისთვის დაბალი ტემპერატურაა - რა ხდება? რატომ “არ მოვიდა” საქართველოში გაზაფხული და როგორი იქნება შემდეგი თვეები?

ამას აქვს თავისი მიზეზები.

მეტეოროლოგების განმარტებით, ამინდს ყოველთვის განაპირობებს ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები - ცივი და თბილი ჰაერის მასების მოძრაობა.

შემდეგი ათი დღის ამინდის პროგნოზი

რა მოხდა ამჯერად?

როგორც რადიო თავისუფლებას გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა, უხსნის, ატლანტიკის ოკეანეში ძალიან მძლავრი პროცესები განვითარდა - არქტიკული ცივი ჰაერის მასები სინუსოიდურად ანუ ტალღებივით მოძრაობდა - ეს ჰაერის მასები ჯერ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე დაეშვა და შემდეგ სამხრეთისკენ, საქართველოსკენაც წამოვიდა:

“მას ზოგჯერ კავკასიონის ქედი და უკრაინის მთიანი რაიონები აკავებდა, მაგრამ არა ყოველთვის. აქ კი თბილი ჰაერის მასები ჯერ კიდევ არ იყო აქტიური”.

ცივმა და ნოტიო ჰაერის მასებმა არაბეთის ნახევარკუნძულამდეც ჩააღწია (სადაც, როგორც წესი, ნალექი იშვიათად მოდის) და იქ კოკისპირული წვიმები და ელჭექი გამოიწვია. მოთოვა მეზობელ თურქეთშიც, ხოლო რუსეთის აღმოსავლეთში, სადაც ამ დროს საკმაოდ გრილა, პირიქით, იქაურობისთვის უჩვეულოდ დაცხა.

დოდო გვაზავა, ამინდზე დაკვირვების ხანგრძლივი გამოცდილების გათვალისწინებით, ფიქრობს, რომ 2026 წლის გაზაფხული, მაისის ჩათვლით, არამდგრადი ამინდებით და დაბალი ტემპერატურით, საქართველოსთვის მაინც უჩვეულოდ შეიძლება ჩაითვალოს.

“შეიძლება ბოლო ხუთი-ათი წელიც იყოს, რაც ასეთი გაზაფხული არ გვქონია. როგორც ვნახეთ, თვის ბოლოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოთოვა კიდეც. ზოგიერთი რეგიონი დაისეტყვა. მაისს, ზოგადად, ახასიათებს გაბმული წვიმა, მაგრამ ტემპერატურა სეზონისთვის შესაბამისია ხოლმე, უფრო მაღალი. ახლა კი ცივი დღეები ხშირად მეორდებოდა და ეს განცდაც, “გაზაფხულის გაქრობის”, მოსახლეობაში ამან გააჩინა”.

ასევე ნახეთ

კიდევ რას უნდა ველოდოთ კლიმატის ცვლილებისგან?

ზაფხულში მაინც დათბება?

რაც მოკლევადიანი პროგნოზით არის ცნობილი, ივნისის შუა რიცხვებამდე უნდა დათბეს, მაგრამ მაღალი ტემპერატურა (30 გრადუსი და მეტი) მოსალოდნელი არ არის.

“სითბოს ვიგრძნობთ, თხლადაც ჩავიცვამთ, მაგრამ შიგადაშიგ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მაინც იწვიმებს”, - უთხრა დოდო გვაზავამ რადიო თავისუფლებას.

ასევე ნახეთ

ყველაზე ცხელი ზაფხული მსოფლიოს მეხსიერებაში

ასევე დავინტერესდით, ბოლო წლებში საზოგადოებაში გაჩენილი განცდა, რომ სეზონები “აირია”, რეალური კლიმატური ცვლილებაა თუ ადამიანის აღქმის შედეგი.

ან რა არის ის კლიმატური სიგნალები, რომლებიც უკვე აშკარად ჩანს საქართველოში? მართლაც იცვლება თუ არა სეზონების ხასიათი და გახდა თუ არა გაზაფხული უფრო არასტაბილური, ვიდრე წარსულში?

ეს კითხვები დავუსვით კლიმატოლოგ ლიკა მეგრელიძეს, გარემოს დაცვის სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, რომელიც გვეუბნება, რომ სეზონების ხასიათი და დროითი განაწილება მართლაც შეცვლილია.

ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ტემპერატურის ზრდას გულისხმობს და შედეგად თბილ ზამთრებს და ცხელ ზაფხულებს ვიღებთ, ხშირად ასევე იწვევს სეზონებს შორის მკაფიო გადასვლებსაც - ამიტომ აქვთ ადამიანებს შეგრძნება, რომ "ზამთრიდან ზაფხულში გადავიდნენ".

წლევანდელი აპრილის თვე, როგორც ლიკა მეგრელიძე გვეუბნება, ნორმაზე გრილიც იყო და ნალექიანიც - მსგავსი აპრილი საქართველოში 2015 წლის მერე არ ყოფილა.

კლიმატოლოგი ასევე შენიშნავს, რომ გლობალური დათბობა, ზოგადად, გულისხმობს იმას, რომ დედამიწაზე არა მხოლოდ ცხელი ამინდები გახშირდება, არამედ გაიზრდება ამინდის ცვალებადობაც და ექსტრემალურობაც.

გამოკვეთილი პროგნოზები არსებობს სითბურ ტალღებზე და ისინი, შესაძლოა, გახდეს უფრო ხანგრძლივიც და უფრო ინტენსიურიც. კლიმატის ცვლილება, მისი თქმით, იწვევს კონტრასტების გამწვავებასაც, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაც უფრო ნალექიანი ტერიტორიაა (მაგალითად, დასავლეთი საქართველო, ის კიდევ უფრო ნალექიანი ხდება, ხოლო სადაც უფრო მშრალი ტერიტორიაა, (აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილი) იქ უფრო მოსალოდნელია გვალვიანი პერიოდების გახშირება.

“მთავარი არის ის, რომ გრილი ამინდები არ უარყოფს გლობალურ დათბობის არსებობას და შეიძლება სწორედაც რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ატმოსფერული პროცესების შედეგი იყო და მეორე - კლიმატის ცვლილება არა მხოლოდ ცხელი ამინდების გახშირებას იწვევს, არამედ იმასაც გულისხმობს, რომ სეზონებს შორის გადასვლები იმდენად იყოს შეცვლილი, რომ მართლაც გაჩნდეს აღქმა, რომ გაზაფხული გაგვიქრა”, - გვითხრა ლიკა მეგრელიძემ.

Your browser doesn’t support HTML5

კლიმატის ცვლილება და მყინვარები - ფენოვანი 2.40

რა არის დღეს საქართველოში კლიმატის ცვლილების გამოვლინების ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი? პირველი - ეს არის მიწისპირა ჰაერის ტემპერატურის მატება. ასევე ცხელი დღეების და თბილი ღამეების გახშირება. მომატებულია ტენიანობაც.

ბოლო დროის კვლევების მიხედვით, საქართველოში ბოლო 60 წლის განმავლობაში ტემპერატურამ საშუალოდ 1 გრადუსამდე მოიმატა.

ხოლო კითხვაზე, როგორი იქნება გაზაფხული საქართველოში, მაგალითად, 20 წლის შემდეგ, კლიმატოლოგმა ასე გვიპასუხა:

“ასეთი პროგნოზები მაინც გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური სცენარების გამოყენებით კეთდება, თუმცა ყველგან ამ პროგნოზებში მაინც გვაქვს ტემპერატურის მატება. ისიც შესაძლებელია, რომ თუ დღეს ყველაზე გამოკვეთილი დათბობა ზაფხულში შეინიშნება, ამ ტენდენციამ, შესაძლოა, გაზაფხულზე გადაინაცვლოს, თუმცა, ცხადია, გააჩნია, მომავლის რა პერიოდზე ვილაპარაკებთ”.

რაც შეეხება ზაფხულის პირველ თვეს, ივნისს, ის, ლიკა მეგრელიძის პროგნოზით, თბილი იქნება - ცალკეულ დღეებში შესაძლოა დაცხეს, თუმცა მთლიანობაში ტემპერატურა “ნორმის ფარგლებში”, ზოგან კი ნორმაზე დაბალიც შეიძლება იყოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად, საქართველოში ივნისის ამინდის პროგნოზი ასეთია - კლიმატური მონაცემებით, საქართველოში ივნისი მაისთან შედარებით საშუალოდ 3-5°C-ით თბილია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობსა და ბარში +20, +23°C, მთიან რაიონებში +16, +21°C, მაღალმთიან ზონაში +10, +15°C-ის ფარგლებშია.