„რაიმე გადაწყვეტილი არ არის, პირობა, შეთანხმება მიღწეული არ არის“, - უთხრა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ანი ლეკიშვილმა.
საპროცესო შეთანხმების წინაპირობა ყოველთვის არის ბრალის აღიარება - სხვა შემთხვევას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამის შემდეგ, თუკი პროკურატურა თანახმა იქნება, ბრალდებულებთან სასჯელის ზომასა და ფორმაზე თანხმდებიან. საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს.
პროკურატურას წერილობით მიმართეს გიორგი ხაინდრავამ და ვასილ მხეიძემ. მსგავსი წერილი ჯერ არ მიუღიათ ჯუანშერ ბურჭულაძისგან.
პროკურატურის პოზიცია
„საპროცესო შეთანხმების განცხადებაზე აუცილებელია ფიქსირდებოდეს ბრალდებულისა და ადვოკატის ხელმოწერა - ეს ნიშნავს, რომ ბრალდებული ეთანხმება, აღიარებს და ა.შ.“ - განმარტავს პროკურორი.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთ პირობად პროკურატურა ასახელებს ზიანის, 7 მილიონი ლარის ანაზღაურებას:
„ვინ გადაიხდის ამას, ბრალდების მხარისთვის მნიშვნელობა არ აქვს“.
გირაოთია გათავისუფლებული თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაურიც. ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილის ცნობით, საპროცესო შეთანხმების გაფორმება მასაც სურს, თუმცა პროკურატურისთვის ჯერ არ მიუმართავთ:
„პროკურორის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე მივმართავთ პროკურატურას საპროცესოს გაფორმებაზე. ჩვენი პირობა, ალბათ, იქნება პირობით მსჯავრზე მოთხოვნა. ზიანის ანაზღაურებაზე კონსულტაციას გავივლი დაცვის ქვეშ მყოფთან“.
რას ედავებიან ჯუანშერ ბურჭულაძეს?
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაშია ბრალდებული. ის 2025 წლის 11 სექტემბერს სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა.
ასევე ნახეთ
40 ტომი და 135-მდე მოწმე - რა ხდება ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე?ბრალდების თანახმად, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავისი მოადგილის [გიორგი ხაინდრავა - რ.თ.], ნათესავისა [ვასილ მხეიძე - რ.თ.] და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის [ვლადიმერ ღუდუშაური - რ.თ.] დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
გამოძიების თანახმად, ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბურჭულაძის ოჯახმა 2025 წლის იანვარში 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი.
ასევე ნახეთ
ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვსსხვა ბრალდებულები
ვასილ მხეიძე (ცოლის ძმა) ჯუანშერ ბურჭულაძეზე ადრე, 2025 წლის 27 ივლისს დააკავეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან გიორგი ხაინდრავასთან და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან ერთად.
ღუდუშაურისა და ხაინდრავასთვის წარდგენილი ბრალია „განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვა“, ხოლო ვასილ მხეიძის ბრალდება არის „გაფლანგვაში დახმარება“.
გამოძიების ვერსიით, ბურჭულაძის ახლო ნათესავი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს „გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა“.
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა 12 მარტის სხდომაზე თქვა, რომ უკანონო დავალებები მინისტრისგან მიიღო. მას ედავებიან თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას.
„ვნანობ, რომ ბიუჯეტს ზიანი მივაყენე... ყველაფერზე მინისტრი იყო ინფორმირებული“, - თქვა მან.