გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დააკავეს - სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე ჩატეხილი ხიდის საქმე

ლევან კუპატაშვილი (მარცხნივ) და ირაკლი ქარსელაძე

ხუთი ადამიანი მისცეს პასუხისგებაში სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე 2023 წელს ჩატეხილი ხიდის საქმესთან დაკავშირებით.

ხუთ ადამიანს შორისაა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, უფროსის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ლევან კუპატაშვილი - ის დაკავებულია. მას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დანარჩენ ოთხ ადამიანს - სამშენებლო კომპანია „აკორდის“ დირექტორს და პროექტის ორ მენეჯერს, ასევე უცხოელ ექსპერტს - ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

პროკურატურის თქმით, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბიუჯეტს, ჯამში, 16 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიადგა.

ეს ინფორმაცია დღეს, 10 ნოემბერს, პროკურატურაში 17:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ კაპანაძემ.

ასევე ნახეთ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდი უხარისხოდ და პროექტთან შეუსაბამოდ იყო ნაშენები - ექსპერტიზა

რას ედავებიან დაკავებულებს

გამოძიების ვერსიით:

  • 2018 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანია „აკორდს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 11,5 კმ-იანი მონაკვეთისა და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე;
  • ამ სამუშაოებს ზედამხედველობდა ოთხი საერთაშორისო კომპანიის ერთობლივი კონსორციუმი, რომლის ყოველდღიური საქმიანობის კონტროლი ადგილზე ევალებოდა გზების დეპარტამენტს;
  • პროექტის მიმდინარეობის და ხიდის მშენებლობის პერიოდში საზედამხედველო კომპანიის არცერთი უფლებამოსილი ექსპერტ-ინჟინერი საქართველოში არ იმყოფებოდა და მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია რეალურად არ ხორციელდებოდა, რაც ასევე ცნობილი იყო გზების დეპარტამენტისთვის.
  • ამის მიუხედავად, საქართველოში არმყოფი საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რომლებსაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.

ლევან კუპატაშვილი ამ დროს იყო ირაკლი ქარსელაძის მოადგილე. ქარსელაძე მოგვიანებით, 2021 წელს, მინისტრად დაინიშნა და პოსტზე 2025 წლის 24 აპრილამდე მუშაობდა.

კუპატაშვილი 2025 წლის მაისიდან - როცა თანამდებობიდან გადადგა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი - თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.

„ზარალი - ₾16 მილიონზე მეტი“

ბრალდების თანახმადვე:

  • „მსგავსად შედგენილი ყალბი აქტების საფუძველზე“ კუპატაშვილის მეშვეობით ადგილზე არმყოფ საერთაშორისო ექსპერტს თითქოსდა გაწეული სამუშაოებისთვის ჩაერიცხა ანაზღაურება - ₾1 172 539;
  • ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია - „შეუსრულებელი თუ ძალზედ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა“, - „თაღლითურად დაეუფლა 3 859 678 ლარს“;
  • შემდგომში აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი - საერთო ჯამში კი ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი მატერიალური ზიანი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2023 წელსვე გაავრცელა ინფორმაცია სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ - ექსპერტიზის თანახმად, ხიდი პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ იყო აშენებული.

„ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში“, - ეწერა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყება მაშინვე აცხადებდა, რომ ექსპერტიზის დასკვნა გახდებოდა ერთ-ერთი მტკიცებულება იმ გამოძიებისთვის, რომელიც ხიდის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობდა. ეს განცხადება გზების დეპარტამენტმა 2023 წლის 29 დეკემბერს გაავრცელა - თითქმის ორი წლის წინ.

ვის რას ედავებიან

მათ ბრალი ედებათ:

  • ლევან კუპატაშვილს - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში; ის დაკავებულია და 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • სამშენებლო კომპანია „აკორდის“ დირექტორს და პროექტის მენეჯერებს - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებაში;
  • მათ ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს - ბრალდება ითვალისწინებს 9-წლიან პატიმრობას;
  • ასევე დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი საერთაშორისო კომპანიების ერთობლივი კონსორციუმის ჯგუფის ხელმძღვანელ ინჟინერს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის - ეს ბრალდებაც 9-წლიანი პატიმრობით ისჯება.

პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ კაპანაძემ განაცხადა, რომ ბრალდების მხარე სასამართლოში მოითხოვს, რომ ხუთივე მათგანს პატიმრობა შეუფარდონ.

პროკურატურას ჯერ არ დაუსახელებია ამ ოთხი ადამიანის სახელები.

ასევე ნახეთ დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა - "ოცნება" ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ

„გამოძიება გრძელდება“

კაპანაძემ ასევე თქვა:

„აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სხვა კომპანიებისა თუ თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით“.

ბოლო პერიოდში დააკავეს არაერთი ადამიანი როგორც სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ასევე მისი მეჯვარის, ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის გარემოცვიდან.

  • ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრად 2021 წლის 22 თებერვლიდან 2025 წლის 24 აპრილამდე მუშაობდა;
  • ახალმა მინისტრმა რევაზ სოხაძემ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამინისტროში 161 პრობლემური და 122 გადავადებული პროექტია.
  • მინისტრობამდე, 2018-21 წლებში, ქარსელაძე იყო მინისტრის პირველი მოადგილე და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე;
  • კიდევ უფრო ადრე მუშაობდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორად;
  • ასევე იყო ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

30 ოქტომბერს პროკურატურამ და სუსმა დააკავეს კობა გაბუნია, ქარსელაძის ყოფილი მოადგილე, ხოლო ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის, გაბუნიასა და სხვა პირების ქონება - სულ 18 ობიექტი - გაჩხრიკეს.

ასევე ნახეთ დააკავეს ინფრასტრუქტურის ექსმინისტრის მოადგილე, ქარსელაძის ქონება გაჩხრიკეს

შენიშვნა: ინფორმაცია განახლდა დაზუსტებული ცნობებით - ხუთი ადამიანი პასუხისგებაშია მიცემული, მათგან მხოლოდ ერთია დაკავებული.