ყოველდღე ახალი საპროტესტო პლაკატი: გურამ ქუხილავას 2025 წელი რუსთაველზე

გურამ ქუხილავა თავისი საპროტესტო ბანერებით, რომლებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამზადებდა აქციებისთვის

მოკლედ

  • გურამ ქუხილავა, აფხაზეთიდან დევნილი 76 წლის პენსიონერი, უკვე თითქმის ერთი წელია ყოველდღიურად დგას რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციებზე.
  • ამ დროის განმავლობაში მან ასზე მეტი ხელნაკეთი საპროტესტო პლაკატი შექმნა.
  • მისთვის პლაკატების დამზადება და აქციაზე დგომა პროტესტის ინდივიდუალური ფორმა და ცხოვრების წესად ქცეული წინააღმდეგობაა.
  • მიუხედავად დაკავებისა, გურამ ქუხილავა პროტესტს არ წყვეტს და ყოველდღიურად საჯაროდ გამოხატავს საკუთარ პოზიციას.
გადახედეთ მის 2025 წლის საპროტესტო გზავნილებს.

“სოლიდარობას ვუცხადებ ახალგაზრდებს” - ეს იყო სულ პირველი ბანერი, რომელიც, 2024 წლის ნოემბრის ბოლოს, პროევროპული აქციების მონაწილე გურამ ქუხილავამ თავად დაამზადა და აქციაზე წაიღო. მას შემდეგ “ბაბუ ბანერით” აქციების განუყოფელი ნაწილი გახდა.

მალე 400 დღე გახდება, რაც პროტესტი რუსთაველზე უწყვეტად გრძელდება - ამ ხნის განმავლობაში, გურამს, ალბათ, 150-მდე საპროტესტო ბანერი მაინც ექნება დაწერილი.

შინაარსზე აქციის წინა დღეს ფიქრობს - გააჩნია რა მოხდება, რა გააბრაზებს, რას ჩათვლის უსამართლობად. დილით ბოლო შტრიხებს უმატებს, აფორმებს და საღამოს რუსთაველზე მიაქვს.

“ზოგიერთი საპროტესტო წარწერა ლამის წინასწარმეტყველებად იქცა: ვწერდი, გზაზე დგომასაც აგვიკრძალავენ და ენებს ამოგვაგლეჯენ-მეთქი და, მალე ტროტუარზე დგომისთვის გოგოები და ბიჭი ციხეში ჩასვეს”.

ხანდახან ბანერებს იუმორითაც წერდა, რომ პროტესტის მონაწილეები გაეხალისებინა, გაემხნევებინა.

"აქ მოსვლა და დგომა პროტესტის ნიშნად, ჩემი ცხოვრების წესად იქცა - ეს პლაკატებიც ჩემი პროტესტის ფორმაა, სხვანაირად როგორ გამოვხატო, რა შემიძლია?"

ისიც უკითხავთ, ამ წარწერებს ვინ გაწერინებსო: “ვინ რა უნდა მიკარნახოს? რასაც ვფიქრობ, იმას ვწერ, აზრის გამოთქმის უფლება ხომ ყველას აქვს?”

საპროტესტო ბანერების ნაწილს ინახავდა, ნაწილს რუსთაველზე ტოვებდა.

ახალ წელსაც რუსთაველზე ხვდება - იქ ვიდგები თანამებრძოლებთან ერთად და მერე წავალ სახლში, "ჩემს 12 კვადრატშიო".

2025 წლის ნოემბერში, 76 წლის დემონსტრანტი, გზის გადაკეტვის საბაბით, 1-დღით დააპატიმრეს. მეორე დღეს ის ისევ რუსთაველის გამზირზე, აქციაზე იდგა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მისი დაწერილი საპროტესტო ბანერები ხან ახალგაზრდების ცემას და დაკავებას ეხებოდა, ხან ჟურნალისტების დაკავებას, ხან საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდა.

გურამ ქუხილავა დევნილია ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარიდან. 1992 წლის შემდეგ ოჯახთან ერთად თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, ყოფილ ტურბაზაში სახელად „თბილისის ზღვა“.

პროფესიით ავტომობილების ძრავის ხელოსანია - აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ, ოჯახსაც წლების განმავლობაში ამ საქმით არჩენდა.

როცა ეს ვიდეო გადავიღეთ, 62-ე დღე იყო, რაც გურამ ქუხილავა აქციაზე იდგა.

Your browser doesn’t support HTML5

„ჯიუტად ვიდგები“ - ბაბუ აქციებიდან

მას შემდეგ ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს არ გამოჰკლებია.

„ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე. ახალი კანონით, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. სულ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც “ქართული ოცნების” მთავრობამ მიიღო, შეიზღუდა ტროტუარზე (გზის სავალ ნაწილზე) პროტესტის გამოხატვაც.