თბილისის საკრებულოს წევრის, ბექა დავითულიანის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 4 000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. სასამართლო სხდომა დღეს, 27 აპრილს, გაიმართა. აქტივისტი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა.
„სასამართლო განხილვა მაინც არ გადადეს და ერთ სხდომაში დაასრულეს განხილვა, არც ადვოკატი მყოლია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ მეყანწიშვილი.
ის აპირებს ფიზიკური ძალადობისთვის უჩივლოს პოლიტიკოსს, რომელმაც აქტივისტს „მონის“ რამდენჯერმე დაძახების შემდეგ ხელი ჩაავლო და მოიშორა.
„ვაპირებდი თავიდანვე ჩივილს, უბრალოდ ვერ მოვახერხე, საჩივრის შეტანას თანხა სჭირდება და ხელფასს ველოდები, ჩამერიცხება თუ არა, ვუჩივლებ“, - თქვა მარიამ მეყანწიშვილმა
სამართალდარღვევის ოქმი მარიამ მეყანწიშვილის წინააღმდეგ პოლიციამ ინციდენტიდან 6 დღეში, 15 აპრილს, შეადგინა. ოქმში წერია, რომ „2026 წლის 9 აპრილს მოქალაქე მარიამ მეყანწიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საკრებულოს დეპუტატს ბექა დავითულიანს კერძოდ უწოდა „მონა“, „რუსი“, „მოღალატე“ და „ქვეყნის გამყიდველი“.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
რა მოხდა მემორიალთან?
ინციდენტი მოხდა პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, სადაც დილიდან შეიკრიბნენ დემონსტრანტები.
„რუსო მონავ, მოღალატევ და გამყიდველო! რუსო აგენტო! ქვეყნისა და ეროვნული ინტერესების გამყიდველო!“ - ამ სიტყვებით მიმართავდა მეყანწიშვილი დავითულიანს მაშინ, როცა ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.
„გავიგე, ახლა მიბრუნდი. იმდენს წვალობ, რომ შეურაცხყოფა მოგაყენო და არ მოგაყენებ“, - უთხრა პოლიტიკოსმა დემონსტრანტს და ზურგი აქცია.
მეყანწიშვილი კვლავ აგრძელებდა პოლიტიკოსთან კომუნიკაციას, რასაც დავითულიანი ხმის აწევით პასუხობდა.
„გავიგე, გაბრძანდი! გაიწიე! მერე, მერე... ვაიმე, გული მისკდება ამას რომ მეუბნები“, - მიმართა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დემონსტრანტს, ხელი ჩაავლო და მოიშორა.