პოლიციამ ტელეწამყვანი კობა ფარტენაძე დააკავა

კობა ფარტენაძე

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი, მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე. ინფორმაცია თავდაპირველად ადვოკატმა თემურ ქავშბაიამ გაავრცელა.

ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით, 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით არის დაკავებული.

ადვოკატის ინფორმაციით, ინციდენტი, რომლის შედეგადაც ფარტენაძე დააკავეს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში მოხდა. ჟურნალისტი მოთავსებულია ზესტაფონის დროებითი დაკავების იზოლატორში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფარტენაძემ 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, „სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

„ასევე, აღნიშნული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა“, - აცხადებენ უწყებაში.

ასევე ნახეთ

2 კაცი დააკავეს აჭარის ტელევიზიის თანამშრომელზე ძალადობისა და დაჭრის მუქარის ბრალდებით

16 აგვისტოს გამოცემა „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, ბოლო დღეებში უკვე მეორედ დაესხნენ თავს.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგენილია ინციდენტის სავარაუდო მონაწილეთა ვინაობა.

ფარტენაძემ 10 აგვისტოს განაცხადა, რომ ბათუმში თავს დაესხნენ, დაემუქრნენ, აგრეთვე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ორი პირი დააკავა, ხოლო სასამართლომ ისინი 7-7-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.