თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კულანინი ერევანში ავიაკომპანია FlyOne-ის რეისით გაემგზავრა.
დღეს, 4 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ კულანინს რუსეთში არ გააძევებდნენ. სასამართლომ მას საქართველოს ნებაყოფლობით დასატოვებლად 7 დღე მისცა.
საქართველოში მას შემოსვლა 5 წლის ვადით აეკრძალა.
კულანინის მეგობარმა მარინა მესხმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მისი მიმართვა, რომელიც მან საიმიგრაციო ციხიდან დაწერა. კულანინი მადლობას უხდის ყველას, ვინც დაკავების შემდეგ მხარს უჭერდა და ამხნევებდა.
„მთელი გულით ვისურვებდი თქვენთან, საქართველოში დარჩენას. თქვენ ყველანი შესანიშნავი ადამიანები ხართ - როგორც ისინი, ვინც თავისუფლებაზეა, ისე ჩვენიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ციხეში რჩებიან. [...] ყველაფერს გავაკეთებდი, რაც ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული, რათა ციხეში მყოფ ჩვენს მეგობრებს დავხმარებოდი და, მით უმეტეს, იმისთვის, რომ ისინიც რაც შეიძლება მალე აღმოჩნდნენ თავისუფლებაზე! მადლობა, ძვირფასებო! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!“ - დაწერა კულანინმა.
ადვოკატებს კულანინისთვის 1 სექტემბერს სომხეთში გასამგზავრებელი ავიაბილეთიც ჰქონდათ ნაყიდი, თუმცა გაირკვა, რომ გაძევებამდე მისი საქმის შესახებ სასამართლოს უნდა ემსჯელა. მანამდე ის საიმიგრაციო პატიმრობაში რჩებოდა.
ასევე ნახეთ
მისასალმებელია, „თუმცა ეს მართლმსაჯულება არ არის“ - Amnesty დემონსტრანტების შეწყალებაზერა გახდა კულანინის გაძევებაზე მსჯელობის საფუძველი
კულანინის ქვეყნიდან გაძევების საკითხი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განიხილებოდა.
ამ მუხლის თანახმად, „თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი გაძევება შესაძლებელია სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე“.
დენის კულანინი საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ მიტინგებში მონაწილეობდა. ის 2025 წლის 28 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით დააკავეს.
დენის კულანინი
მას 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. კულანინმა ბრალი სასამართლო განხილვების ეტაპზე აღიარა, წინასასამართლო სხდომის ეტაპზე კი ბოდიშიც მოიხადა. ამის საფუძველზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო.
კულანინი მოხვდა „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის მიერ 27 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეწყალებულ 226 ადამიანს შორის.