დრონები მოლდოვის ცასა და მიწაზე - რუსეთის აგრესიის ირიბი სამიზნე

რუსული რეაქტიული დრონები მოლდოვის თავზე. ილუსტრირებული ფოტო

მოლდოვის ცა სულ უფრო ხშირად ხდება ბრძოლის ველის ნაწილი: რუსული დრონები ქვეყნის საჰაერო სივრცეს არღვევენ, მათი ნაწილი დასახლებებისა და ინფრასტრუქტურის მახლობლად ფეთქდება, კიშინიოვი კი ჯერ ვერ ახერხებს სრულფასოვანი საჰაერო თავდაცვისა და მოსახლეობის გაფრთხილების სისტემის შექმნას.

ბოლო თვეებში უპილოტო აპარატები მოლდოვის სხვადასხვა რაიონში ჩამოცვივდა, მათ შორის დასახლებულ პუნქტებთან და დედაქალაქ კიშინიოვთან ახლოს, დააზიანეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ინფრასტრუქტურა. დრონების მოლდოვის ცაში გამოჩენამ რამდენჯერმე საჰაერო მიმოსვლის შეჩერებაც გამოიწვია.

თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, პრობლემა მხოლოდ თავად ინციდენტების რაოდენობით არ შემოიფარგლება. მოლდოვას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს სწრაფად მოძრავი საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად, მოსახლეობის დროული გაფრთხილების სრულფასოვანი სისტემა კი ჯერ არ მოქმედებს. პარალელურად, გაურკვეველი რჩება, ვინ უნდა აანაზღაუროს რუსული დრონების მიერ მიყენებული ზარალი.

რატომ გახშირდა მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეჭრა?

მოლდოვის ხელისუფლების მონაცემებით, 2026 წელს საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული ინციდენტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაფიქსირდა 40-ზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 39-ზე მეტი უშუალოდ დრონების შეჭრის ფაქტი. შედარებისთვის, 2025 წელს სულ 17 მსგავსი ინციდენტი იყო რეგისტრირებული.

განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა იყო აგვისტოში. ამ თვეში მოლდოვაში დრონებთან დაკავშირებული 17 ინციდენტი მოხდა - იმდენივე, რაც მთელი 2025 წლის განმავლობაში. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ივლისიდან 8 სექტემბრამდე მოლდოვის თავზე გადაფრენილი ან ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოცვენილი დრონების რაოდენობამ 21-ს მიაღწია. შემთხვევების უმეტესობა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

დრონი შტეფან-ვოდეს რაიონის სოფელ ტუდორაში, სასაზღვრო ხაზიდან დაახლოებით 500 მეტრში. პოლიციის ცნობით, ის ასაფეთქებელ მოწყობილობას შეიცავდა. 2026 წლის 17 მარტი

მოლდოვის ტერიტორიაზე დრონების გამოჩენა გახშირდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბოლო დროს წარმოებული ფართომასშტაბიანი საჰაერო კამპანიის ფონზე.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებების მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში 80-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა. 30-ზე მეტი დრონი ჩამოვარდა მოლდოვის ტერიტორიაზე, მათგან ნაწილი აფეთქდა. 2023-2024 წლებში მოლდოვის პროკურატურამ საჰაერო სივრცეში უკანონო ფრენებთან დაკავშირებით რვა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მოლდოვის ხელისუფლების შეფასებით, დრონების მოძრაობა ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ საზღვრებს შორის დაკავშირებულია რუსეთის მიერ უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის გვერდის ავლის მცდელობებთან. უკრაინული მხარე ასევე მიუთითებს რუსეთის ტაქტიკის ცვლილებაზე ოდესის მიმართულებით - ძველი „შაჰედების“ პარალელურად სულ უფრო ხშირად გამოიყენება ახალი, რეაქტიული დრონები.

2026 წლის 9 სექტემბერს მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ვასილე ტოფანმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმები უკვე „ერთგვარ ყოველდღიურობად“ იქცა და ისინი „უკიდურეს შეშფოთებას“ იწვევს. თავდაცვის მინისტრ ანატოლი ნოსატის განცხადებით კი, მოლდოვა რუსეთის საჰაერო საფრთხეებისგან თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას „დიდი ძალისხმევის ფასად ახერხებს“.

საფრთხე ცაში და მიწაზე

30 სექტემბერს მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში საჰაერო სივრცე დროებით დახურა მას შემდეგ, რაც ორმა რუსულმა დრონმა ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა. ერთ-ერთი მათგანი დაახლოებით 05:40 საათზე ანენი-ნოის რაიონის სოფელ ჰირბოვეცის განაპირას გამოჩნდა და მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლეზე, სამოქალაქო საკომუნიკაციო ანძის მახლობლად აფეთქდა. მოლდოვის პოლიციის ფეთქებადი ნივთიერებებისა და ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების სპეციალისტებმა 12 მეტრის სიგრძის ანტენის კონსტრუქციის მონაკვეთზე აფეთქებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის ლითონის დეფორმაციები და თერმული ზემოქმედების კვალი, აღმოაჩინეს. ნამსხვრევები 265 მეტრზე მეტ მანძილზე გაიფანტა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეორე, რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეში 10:26 საათზე, დუბესარის რაიონის სოფელ ლუნგას მიდამოებიდან შევიდა. აპარატი ჩრდილოეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა და დონდუშენის რაიონის სოფელ არიონეშტის მახლობლად გაქრა დაკვირვების სისტემების თვალსაწიერიდან.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ერთი დრონი იმავე დღეს, 20:45 საათზე, ვინიცის ოლქის მხრიდან, დნესტრისპირეთის მონაკვეთთან ახლოს, შევიდა ქვეყნის საჰაერო სივრცეში. საფრენი აპარატი, რომელსაც კურსი ციპოვას მიმართულებით ჰქონდა აღებული, რადარებიდან ორჰეის რაიონის სოფელ ბრანეშტის მახლობლად გაქრა. მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ნოსატიმ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული რეაქტიული დრონი შეიჭრა და რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს თავდასხმები, რომლებიც მოლდოვის მოქალაქეებსაც უქმნის საფრთხეს.

მოლდოვის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენა იმ ღამეს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს დაემთხვა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა რამდენიმე ბალისტიკურ რაკეტასთან ერთად 188 დრონი გაუშვა. იერიშების ძირითადი სამიზნე კიევი და მისი შემოგარენი იყო. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი; დაზიანდა კერძო სახლები, საწყობები, ავტომობილები და სხვა ინფრასტრუქტურა.

მოლდოვის საჰაერო სივრცეში მომხდარი ინციდენტები მეზობელ რუმინეთზეც აისახება. 30 სექტემბრის ღამეს რუმინეთის შესაბამისი სამსახურები უკრაინის საზღვრის მახლობლად, იზმაილის აღმოსავლეთით, ჰაერში მოძრავ ობიექტს აკვირდებოდნენ. გაძლიერებული საჰაერო პატრულირებისთვის ესპანეთის საჰაერო ძალებისა და კოსმოსური ძალების ორი F-18 გამანადგურებელი აიჭრა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა. ამასთან, ტულჩის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებლები RO-Alert-ის საშუალებით გააფრთხილეს.

ასევე ნახეთ

რას ნიშნავს ნორვეგიის პრემიერის განცხადება ზელენსკის თვითმფრინავისა და მოლდოვაში დრონის შესახებ

კიშინიოვთან ყველაზე ახლოს

მოლდოვის დედაქალაქთან დაკავშირებული ყველაზე სერიოზული შემთხვევა 18 სექტემბერს მოხდა, როდესაც რუსული მოიერიშე დრონი კიშინიოვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ კოლონიცასთან ახლოს, ღია მინდორში აფეთქდა. ეს იყო მოლდოვის დედაქალაქთან ყველაზე ახლოს მომხდარი საჰაერო ინციდენტი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. აფეთქების შედეგად მიწაზე კრატერი წარმოიქმნა, ხოლო ახლომდებარე სახლების ფანჯრები ჩაიმსხვრა, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

ადგილზე მომუშავე კრიმინალისტებმა ქობინის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მოწოდებები საჰაერო თავდაცვის საშუალებების შესყიდვისა და კიშინიოვის გარშემო რადიოლოკაციური მონიტორინგის გაძლიერების შესახებ.

აფეთქებაზე კოლონიცის მცხოვრებლებმა დაახლოებით 04:20 საათზე შეატყობინეს შესაბამის სამსახურებს. მათი თქმით, თავდაპირველად იყო ძლიერი ნათება, რომელსაც ძლიერი აფეთქების ხმაც მოჰყვა. ხმა გაიგეს კოლონიცაში, ტოჰატინში, დოლინნოესა და მაქსიმოვკაში, ასევე კიშინიოვის რამდენიმე რაიონში. ადგილობრივების თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ფანჯრები შეზანზარდა და ზოგიერთმა იფიქრა, რომ მიწისძვრა მოხდა.

პოლიციამ აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრის რადიუსში დრონის რამდენიმე კომპონენტი აღმოაჩინა, მათ შორის ძრავის ფრაგმენტები. ერთ-ერთ მეტალის ფრაგმენტზე რუსულენოვანი წარწერაც ჩანდა. თუმცა იმ ეტაპზე სამართალდამცველებს დრონის ტიპი და წარმომავლობა საბოლოოდ დადგენილი არ ჰქონდათ.

19 სექტემბერს, აფეთქებიდან ერთი დღის შემდეგ, კიშინიოვის დიპლომატიურმა უწყებამ მომხდარი „მკაცრად დაგმო“ და განაცხადა, რომ ეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის „კიდევ ერთი სერიოზული შედეგია“. უწყების თქმით, ქვეყნის საჰაერო სივრცის ნებისმიერი უნებართვო დარღვევა მოლდოვის სუვერენიტეტის სერიოზული ხელყოფაა.

ვინ აანაზღაურებს ზარალს?

მოლდოვისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა დრონების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება. რუსული დრონების აფეთქებებმა და ჩამოცვენამ ქვეყნის არაერთ ნაწილში დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ნათესები, ელექტროგადამცემი ხაზები, კერძო სახლები და სხვა ობიექტები. ადგილობრივი საგანგებო ფონდები ზოგჯერ აფეთქების შედეგების აღმოფხვრის გადაუდებელ ხარჯებს ფარავენ, მაგრამ მოლდოვაში არ არსებობს მკაფიო საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც ომის შედეგად მიყენებული ზიანის პირდაპირ კომპენსაციას ითვალისწინებს.

ქვეყნის ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე ჩამოცვენილმა დრონებმა ათობით სახლი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა. როდესაც კომპენსაციის მექანიზმი არ არსებობს, ხარჯების გაღება ხშირად ადგილობრივ ხელისუფლებას უწევს, ზოგ შემთხვევაში კი ზარალი საერთოდ აუნაზღაურებელი რჩება.

2026 წლის 10 სექტემბერს სოფელ მიხაილოვკა-ვეკეში ჩამოვარდნილმა დრონმა ხანძარი გამოიწვია. სოფლის მამასახლისის, ვალერიან ჩეკანის, თქმით, ძლიერი აფეთქების შედეგად ცეცხლმა სამი-ოთხი ჰექტარი სიმინდის ყანა გაანადგურა.

ერთი თვით ადრე, 17 აგვისტოს, ტალმაზში დრონის აფეთქებამ ახალგაზრდა ფერმერის დაახლოებით 10 ჰექტარი სიმინდის ყანა დააზიანა. რაიონის ხელმძღვანელის მოადგილე ანატოლი აბაბიი მიიჩნევს, რომ ფერმერისთვის მიყენებული ზარალი უნდა ანაზღაურდეს, თუმცა გაურკვეველია, რომელი ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს შესაბამისი თანხა.

ჩრდილოეთ მოლდოვაში, ჩერნიცაში ჩამოვარდნილი დრონი და მის მიერ მიყენებული ზიანი

ნასლავჩეში, სადაც 2022 წელს უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ დაზიანებული რუსული ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა, ზარალის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა ოკნიცის რაიონის საბჭომ აიღო. დაახლოებით 67 ოჯახმა მუნიციპალიტეტისგან მატერიალური დახმარება მიიღო მას შემდეგ, რაც აფეთქების ტალღამ მათი სახლების ფანჯრები ჩაამსხვრია და რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა.

რუსული დრონების ჩამოცვენის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელი კროკმაზი, შტეფან-ვოდეს რაიონში.

სოფლის მერის, იონ ველეშკოს, განცხადებით, 2026 წელს კროკმაზში სამი საფრენი აპარატი ჩამოვარდა, მათგან ორი აფეთქდა. 2 სექტემბერს აფეთქებულმა დრონმა დააზიანა საწარმო, ვენახის ნაწილი და ორი ტრაქტორი. ნამსხვრევებმა ასევე ჩაამსხვრია საცხოვრებელი სახლების ფანჯრები. მერის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება იძულებულია, ზარალის ასანაზღაურებელი თანხა საკუთარი ბიუჯეტიდან დაფაროს.

უსაფრთხოების ექსპერტი ანდრეი კურარარუ კი ამბობს, რომ დრონების მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრა „მთელი ქვეყნის ძალისხმევა უნდა იყოს“. მისი თქმით, საჭიროა მკაფიო პროცედურები ზარალის ოდენობის დასადგენად და პასუხისმგებლობის გასანაწილებლად, რათა მთელი ფინანსური ტვირთი შეზღუდული რესურსების მქონე ადგილობრივ ხელისუფლებაზე არ გადავიდეს.

ანდრე კურარუ

საფრთხის დროული შეტყობინება

მოლდოვაში ზარალისა და საჰაერო თავდაცვის პრობლემას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ემატება - მოსახლეობის დროული გაფრთხილება.

MD-Alert-ის სისტემა, რომელიც მოქალაქეების მობილურ ტელეფონებზე კრიზისული შეტყობინებების გაგზავნას ითვალისწინებს, სრულად მხოლოდ 2027 წლის ბოლოს ამოქმედდება. მანამდე მოლდოველები დრონების შემოჭრისა და საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ ინფორმაციას ხშირად სოციალური ქსელებიდან ან დაგვიანებული ოფიციალური განცხადებებიდან იღებენ.

მოლდოვის ხელისუფლება გარდამავალ პერიოდში SMS-შეტყობინებების, ადგილობრივი სირენებისა და ეროვნული მედიით ოპერატიული ინფორმირების გამოყენებას გეგმავს. ასევე განიხილება სამთავრობო აპლიკაცია EVO-სთვის ახალი მოდულის დამატება, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში მოსახლეობის გაფრთხილებას უზრუნველყოფს.

პრობლემის მასშტაბი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა 2026 წლის 25 სექტემბერს. 06:26 საათზე რუმინეთის სუჩავისა და ბოტოშანის ოლქების მცხოვრებლებმა მობილურ ტელეფონებზე მიიღეს გაფრთხილება: „მოსალოდნელია საჰაერო სივრციდან ობიექტების ჩამოვარდნა. შეაფარეთ თავი უსაფრთხო ადგილს!“

რამდენიმე წუთის შემდეგ დრონი მდინარე პრუტის მეორე მხარეს, მოლდოვის ტერიტორიაზე, სოფელ ჩერნიცაში ჩამოვარდა. იქ მცხოვრებთათვის განგაშის ერთადერთი სიგნალი დრონის ხმა იყო. აპარატი სიმინდის ყანაში ჩავარდა და არავინ დაშავებულა. სოფლის გამგებელმა იური ჩელეშმა მოსახლეობა Facebook-ის საშუალებით გააფრთხილა. მისი თქმით, მოლდოვასაც სჭირდება საჰაერო საფრთხის შესახებ შეტყობინების სისტემა.

მოლდოვის პოლიციის მიერ 2026 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული ფოტოები, რომლებიც გადაღებულია რისკისკანის რაიონის მიჰაილოვი-ვეკის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის ადგილას.

შტეფან-ვოდეს რაიონის კროკმაზის მერი იონ ველეშკო ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მაინც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დრონის მოახლოების შესახებ წინასწარ მიიღოს ინფორმაცია.

„ადმინისტრაციამ უნდა იცოდეს, რომ “ის” აქ არის, მიფრინავს, რაღაც გვიახლოვდება და უნდა იცოდეს, რას უნდა ელოდოს“, - ამბობს იონ ველეშკო.

მისი თქმით, სახელმწიფო ვერ შეძლებს ყველა დრონისგან მოსახლეობის პირდაპირ დაცვას, მაგრამ რისკის ზონებში მცხოვრებლებს მაინც უნდა დაეხმაროს თავშესაფრების მომზადებაში.

„სრულიად ცხადია, რომ ისინი დრონებისგან ვერ დაგვიცავენ, მაგრამ დაზიანების შემთხვევაში უნდა დაგვეხმარონ. თუნდაც დაგვეხმარონ სარდაფების შეკეთებაში, რათა ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფარი მივცეთ“, - ამბობს მერი.

რატომ იგვიანებს MD-Alert?

მოლდოვაში მოსახლეობის გაფრთხილების სისტემის შექმნის აუცილებლობაზე ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს დაიწყო საუბარი. თუმცა MD-Alert-ის კონცეფცია მთავრობამ მხოლოდ 2026 წლის მარტში დაამტკიცა. ხელისუფლებამ პროექტს „მოლდოვის რესპუბლიკის სტრატეგიული პრიორიტეტი“ უწოდა. მოსახლეობის გაფრთხილების სისტემის შექმნა ევროკავშირის მოთხოვნებშიც შედიოდა.

MD-Alert-ი მხოლოდ სამხედრო საფრთხეებისთვის არ იქნება განკუთვნილი. სისტემის საშუალებით მოქალაქეების გაფრთხილება ასევე იგეგმება წყალდიდობების, ხანგრძლივი გვალვების, სიცხის ტალღების, შტორმებისა და გარემოს დამაბინძურებელი ხანძრების დროს.

თუმცა უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე მოლდოვის საჰაერო სივრცის ხშირი დარღვევები ხელისუფლებას აიძულებს, MD-Alert-ის სრულ ამოქმედებამდე უფრო სწრაფი ალტერნატივები ეძებოს.

პრეზიდენტმა მაია სანდუმ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების სისტემის დანერგვას დრო სჭირდება და შესაბამის უწყებებს მოუწოდა, დროულად შეიმუშაონ მოქალაქეების სწრაფად ინფორმირების ალტერნატიული მეთოდები.

ახალი გამოწვევა - რეაქტიული დრონები

უკრაინის მიმართულებით რუსეთის იერიშების მონაცემები მიუთითებს, რომ მოსკოვი სულ უფრო ხშირად იყენებს როგორც დაბალ სიმაღლეზე მოძრავ ცრუ სამიზნეებს, ისე „შაჰედის“ ტიპის დრონებსა და რეაქტიულ აპარატებს. მათი ნაწილი უკრაინის სამხრეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების გვერდის ავლის მიზნით, მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხვდება.

მოლდოვის არმიის ბოლო შენაძენებს შორისაა MR-2 „ვიქტორის“ კომპლექსები, რომლებიც „შაჰედებისა“ და სხვა ნელა მოძრავი სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენება. თუმცა ისინი რეაქტიული ძრავით აღჭურვილ დრონებთან საბრძოლველად საკმარისი არ არის. არმიას ასევე აქვს EDM4S-ის ელექტრომაგნიტური სისტემები, რომლებსაც დრონების წინააღმდეგ იყენებს.

ექსპერტთა შეფასებით, რეაქტიული დრონები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ და მათი აღმოჩენა რთულია. ისევე როგორც უფრო ძვირი ჯდება მათი გადაჭერაც (შესაძლოა საზენიტო რაკეტების გამოყენება გახდეს საჭირო). ამასთან, ასეთი აპარატები ჩვეულებრივ დრონებთან შედარებით უფრო დიდი რაოდენობის ასაფეთქებელ ნივთიერებას ატარებენ და, შესაბამისად, მათ უფრო მძიმე ზიანის მიყენება შეუძლიათ.

უსაფრთხოების ექსპერტი ანდრეი კურარარუ ამბობს, რომ მოლდოვისთვის რისკი მაღალია, რადგან ქვეყანას მსგავსი ობიექტების გადასაჭერად საჭირო საშუალებები შეზღუდულად აქვს. მისი თქმით, ის სისტემებიც კი, რომელთა წარმოებას ან შეძენას მოლდოვა გეგმავს, შესაძლოა რეაქტიული დრონების წინააღმდეგ საკმარისი არ აღმოჩნდეს, რადგან ახალი თაობის რეაქტიული დრონები ბევრად სწრაფად მოძრაობენ.

ასევე ნახეთ

რუსული რეაქტიული დრონები - უკრაინა ახალ საფრთხესთან გასამკლავებლად ემზადება 

რა არის „ბანდეროლი“?

2026 წლის 10 აგვისტოს ოდესაზე რუსეთის საჰაერო იერიშის შემდეგ მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან, ე.წ. სატყუარა დრონებისა და საბრძოლო მასალების ნამსხვრევები ჩამოცვივდა.

სამხედრო ექსპერტების თქმით, იაფი სატყუარა დრონები, როგორც წესი, არ არის აღჭურვილი ქობინითა და ელექტრონული თვალთვალის საშუალებებით და რუსეთი მათ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების “გასაჭედად” იყენებს. ამგვარი თავდასხმების დროს ჩამოვარდნილი ნამსხვრევები და აპარატების ნაწილები მოლდოვის ტერიტორიაზე ხშირად ხვდება.

თუმცა კროკმაზში მომხდარი აფეთქების შემდეგ მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საუბარი შესაძლოა იყოს სარაკეტო დრონზე. პოლიციის წინასწარი შეფასებით, აღმოჩენილ ფრაგმენტებს მართვადი რაკეტის კომპონენტების მსგავსი მახასიათებლები ჰქონდა, რაც მიანიშნებდა, რომ მოწყობილობა შესაძლოა სარაკეტო დრონი ყოფილიყო. საბოლოო დასკვნისთვის გამოძიება გაგრძელდა.

რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის მიერ გამოკითხული ექსპერტების შეფასებით, ფოტოებზე ნაჩვენები ფრაგმენტები რუსულ „ბანდეროლს“ ჰგავს. სპეციალისტებმა ფრაგმენტებზე ტურბორეაქტიული ძრავის ნიშნები დაინახეს - ჰაერის შემწოვი სტატორისა და როტორის ფრთებით, წვის კამერის მეტალის კორპუსი და გამოსაბოლქვი საქშენი. ერთ-ერთ შავ ფრაგმენტზე კირილიცაზე დატანილი მარკირებაც ჩანდა: КЕРОСИН ТС-1 95%. ექსპერტების თქმით, ეს საავიაციო/რეაქტიული საწვავის ტიპსა და ავზის შევსების დონეზე მიუთითებს.

„ბანდეროლის“ ტიპის საბრძოლო მასალებს ასევე შეიძლება ჰქონდეს ე.წ. ნამსხვრევითი მუხტი, რომელიც აფეთქებისას ნამსხვრევების დიდ მანძილზე გასაფანტად არის განკუთვნილი. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას კროკმაზში აფეთქების შემდეგ ნამსხვრევების ფართო ტერიტორიაზე გატყორცნა.

მოლდოვაში მომხდარი ინციდენტის დროს მსგავსი რეაქტიული დრონების გამოყენების შესახებ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობაც იუწყებოდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთი ოდესის მიმართულებით ასეთ აპარატებს შავი ზღვიდან უშვებდა. 10 აგვისტოს ღამით განხორციელებული იერიშებისას, სავარაუდოდ, გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 100 დრონი, მათ შორის რეაქტიული აპარატები და „ბანდეროლის“ ტიპის საბრძოლო მასალები.

ცალკეულ სპეციალიზებულ ვებსაიტებზე „ბანდეროლი“ „მცირე ფრთოსან რაკეტადაც“ არის მოხსენიებული. მას დაახლოებით 115 კილოგრამი წონა, 5 მეტრი სიგრძე და 30 სანტიმეტრი დიამეტრი აქვს. მისი სიჩქარე 520-650 კმ/სთ-ია, ხოლო მოქმედების რადიუსი - 500 კმ. აპარატის გაშვება „ორიონის“ ტიპის სხვა უპილოტო საფრენი აპარატებიდან ხდება.

ასევე ნახეთ

რა არის რუსეთის მიერ ოდესისკენ გაშვებული „ბანდეროლები“ და რა საბრძოლო მასალა მოხვდა კროკმაზს?

ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის მიერ დაბალ სიმაღლეზე მოძრავი ცრუ სამიზნეების, „შაჰედებისა“ და რეაქტიული დრონების გამოყენების ზრდა მოლდოვას დამატებითი რისკის წინაშე აყენებს. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები, რომლებიც უკრაინის ოდესის ოლქთან ახლოს მდებარეობს, განსაკუთრებით ხშირად ხვდებიან ასეთი ინციდენტების ზონაში.

მოლდოვის თავდაცვის მინისტრი ანატოლი ნოსატი აცხადებს, რომ ქვეყანა რუსეთის მხრიდან მომდინარე საჰაერო საფრთხეებს „ძლივს უმკლავდება“ და არ გამორიცხავს, რომ დრონების ინტენსიური გამოყენება მომავალში მსხვერპლსაც გამოიწვევს.

ამასთან, პრობლემად რჩება არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემების სიმცირე, არამედ მათი შესაძლებლობების შეუსაბამობა ახალ საფრთხეებთან. ნელი დრონების წინააღმდეგ არსებული საშუალებები ყოველთვის ვერ უმკლავდება სწრაფ, რეაქტიულ აპარატებს, ხოლო სრულფასოვანი რადიოლოკაციური კონტროლისა და მოსახლეობის მყისიერი გაფრთხილების სისტემები ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.

მოლდოვის ხელისუფლება ცდილობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, თუმცა თავად ოფიციალური პირებიც აღიარებენ, რომ ეს სწრაფად ვერ მოხდება. ამ პირობებში ყოველი ახალი დრონის გამოჩენა ქვეყნის საჰაერო სივრცეში ერთდროულად აჩენს რამდენიმე პრობლემას: როგორ უნდა მოხდეს მისი აღმოჩენა და განეიტრალება, როგორ უნდა გააფრთხილონ მოსახლეობა, ვინ უნდა დაიცვას სამოქალაქო ავიაცია და დრონის ჩამოვარდნისა და ზიანის შემთხვევაში, ვინ უნდა გადაიხადოს ზარალი.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ დაგმო ისეთი ინციდენტები, რომლებიც, მისი შეფასებით, მოქალაქეების უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. 10 აგვისტოს ინციდენტის შემდეგ სამინისტრომ რუსეთში მოლდოვის ელჩი, ლილიან დარია, „კონსულტაციებისთვის“ გამოიწვია.

პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ასეთი ინციდენტები არის პირდაპირი შედეგი რუსეთის ომისა, რომელიც რეგიონში ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

„ეს უნდა შეწყდეს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.