ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ევროკავშირის საელჩოში დაუდასტურეს. პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ავლაბარში, ცერემონიების სასახლეში მიმდინარეობს.
პაველ ჰერჩინსკის დაბარება უკავშირდება ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე [ფოტოგამოფენა - "საქართველო ფოკუსში"] მის კრიტიკულ გამოსვლას.
რა თქვა პაველ ჰერჩინსკიმ?
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ხუთშაბათს, 23 აპრილს, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო „სწორ ტრაექტორიაზე“ არ იმყოფება.
მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას და „წარსულში არ დაბრუნდება“. ახსენა სამოქალაქო ომიც:
„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“, - განაცხადა ელჩმა.
ასევე ნახეთ
მომავალ თვეებში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპულ ქვეყნებს თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება - ევროკავშირის ელჩი„ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ ასეთია: „ნუ დაკარგავთ იმედს". ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ“, - განაცხადა მან.
ამ განცხადებიდან მალევე „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებმა, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, თბილისის მერით დამთავრებული, განაცხადეს, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში საგარეო უწყებამ უნდა დაიბაროს.
რა თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა?
მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარასკევს, 24 აპრილს, საბერძნეთში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს კითხვაზე, დაიბარებენ თუ არა ჰერჩინსკის სამინისტროში, განუცხადა:
„ჩვენ არ გვიჭირს პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და რა თქმა უნდა, გვექნება შესაძლებლობა, თბილისში შევხვდეთ მას, როდესაც დაბრუნდება ბრიუსელიდან“.
მოგვიანებით დააზუსტა: „გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და სწორედ იმ საკითხებზე ვისაუბროთ, რამაც სამართლიანად გამოიწვია ქართული პოლიტიკური საზოგადოების აღშფოთება“.
მან ასევე თქვა, რომ „საქართველოს მიმართ ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება შემაშფოთებელია“:
„შემაშფოთებელია ნამდვილად ქართველი ხალხის ინტერესებისა და არჩევანის უგულებელყოფა მაშინ, როდესაც ასე ხშირად ხდება სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებით სპეკულირება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
- მმართველმა პარტიამ 2024 წლის ნოემბრის შემდეგ მიიღო წყება კანონებისა, რომლებიც, მათ შორის, ბრიუსელის შეფასებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას;
- ამ კანონებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება;
- გამკაცრდა წესები პროტესტის უფლებაზე, მათ შორის შეიზღუდა ტროტუარებზე დემონსტრაციები;
- 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო „2028 წლამდე“ აღარ დააყენებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში;
- სწორედ ამას მოჰყვა მასშტაბური დემონსტრაციები, შემდეგ მათი ძალის გამოყენებით ჩახშობა და მოგვიანებით საკანონმდებლო ცვლილებები;
- პასუხად ევროკავშირმა შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი თბილისთან და შეუჩერა ფინანსური მხარდაჭერა;
- ევროკავშირმა გააუქმა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ფაქტობრივად ფორმალურია.
- განიხილება უვიზო რეჟიმის შეჩერებაც, ასევე პერსონალური სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის.