Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალ თვეებში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპულ ქვეყნებს თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება - ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ფოტოგამოფენაზე „საქართველო ფოკუსში“
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ფოტოგამოფენაზე „საქართველო ფოკუსში“

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, რომელიც ბრიუსელში ფოტოგამოფენას („საქართველო ფოკუსში“) ესწრებოდა, კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საქართველო „სწორ ტრაექტორიაზე“ არ იმყოფება. ის იმედოვნებს, რომ ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას.

„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“, - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ახალი კანონების პირობებში, რომლებიც მედიას პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს, „ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, რათა კვლავაც მხარი დავუჭიროთ საქართველოს შესანიშნავ, საოცარ, თბილ, სტუმართმოყვარე ხალხს“.

„ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედს“. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში.

ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ევროკავშირი მზადაა მხარდაჭერისთვის. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი“, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

ფოტოგამოფენიდან ელჩის ეს კომენტარი „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა.

გამოფენის შესახებ

გამოფენა, რომელსაც ელჩი ესწრებოდა, შეეხება საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც ფოტოგრაფებმა ასახეს - "ის აერთიანებს ფოტოებს, რომლებიც შეგროვდა ევროკავშირის დელეგაციის მრავალწლიანი ინიციატივის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ფარგლებში."

„ამ ფოტოებში ჩანს ქართველი ხალხი. ისინი ნამდვილად ევროპელები არიან და მათი ღირსეული ადგილი ევროპაშია. მე კვლავ მაქვს იმედი, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირში ინტეგრაციის გზას“, - აღნიშნა ელჩმა.

მზია ამაღლობელის ფოტო გამოფენაზე
მზია ამაღლობელის ფოტო გამოფენაზე

გამოფენაზე დამთვალიერებელს შეეძლო ენახა ფოტო „ქალი ევროკავშირის დროშით“, რომელიც 2023 წლის მარტში თბილისში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პარლამენტთან აქციის დაშლის დროს გადაიღეს. ამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელსაც 2024 წლის ნოემბერში, ერთ-ერთი ხალხმრავალი დემონსტრაციის დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა სცემეს.

საგამოფენო სივრცეში განთავსებულ ერთ-ერთ მონიტორზე ჩანდა ონლაინგამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ფოტო. მას ქართულმა სასამართლოებმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო.

„მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები“

ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, რომელიც ამავდროულად არის დედაქალაქის მერი, ამბობს, რომ საქართველოს ევროპული გზისთვის არ გადაუხვევია, ევროკავშირის ელჩს კი გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. ელჩის ნათქვამი მმართველ გუნდში „მუქარად“ შეაფასეს.

„დაემუქრა ქართველებს, ქართულ სახელმწიფოს.

პირველი, რაც უნდა უნდა მოხდეს, ელჩის დაბარებაა, კონკრეტული კითხვები უნდა დაისვას...

თუ ვინმეს სურვილი აქვს თავში წამოგვარტყას და თავის ხუშტურებზე იმოქმედოს და იცხოვროს ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ, ასე ვერ იქნება. ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები, თითის მქნეველები. თითი დაუქნიონ ვისთვისაც დაუქნევიათ, სადაც გასდით ეს“, - თქვა კალაძემ.

კალაძის თანაგუნდელი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „[ელჩი] ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის მისი პირდაპირი მუქარა, რა თქმა უნდა, ამისათვის ელჩის დაბარება არის მიზანშეწონილი საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა

ბოლო წლებში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ისეთი კანონები, რომლებიც, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეფასებით, ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებებს. ამ კანონებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა დამოუკიდებელი მედია და არასამთავრო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები. ბოლო კანონები ზღუდავს დემონსტრაციების გამართვას, მათ შორის ტროტუარებზე.

გარდა ამისა:

  • 2024 წლის 28 ნოემბერს, - საკამათო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, - „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო „2028 წლამდე“ არ დააყენებდა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების გახსნას დღის წესრიგში;
  • ამ განცხადებას მოჰყვა მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები და პროტესტის ჩახშობა, რის შემდეგაც ევროკავშირმა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი შეაჩერა, ურთიერთობები გაყინა და სამთავრობო ფინანსური დახმარებაც შეაჩერა;
  • 2026 წლის 6 მარტიდან საბოლოოდ შევიდა ძალაში ევროკომისიის 2024 წლის გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე;
  • 2025 წლის 4 ნოემბერს, ბრიუსელში გამართულ „ევროკავშირის გაფართოების სამიტზე“ ითქვა, რომ „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG