ეს ირკვევა მთავრობის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან - ირაკლი კობახიძის განკარგულებიდან, რომელიც ეხება პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებულ გეგმებს.
41-გვერდიან დოკუმენტში ამ საკითხს ერთი აბზაცი ეთმობა, საიდანაც ირკვევა, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნება“.
- იქვე წერია, რომ სახელწოდებაში გამოყენებული იქნება ტერმინი „ბანკი“, თუმცა იგი „არ განახორციელებს კომერციული ბანკისთვის განსაზღვრულ ისეთ საბანკო საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ეროვნული ბანკის ლიცენზიას“.
- „აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი ცვლილებები უნდა აისახოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში“, - წერია დოკუმენტში.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფუნქცია ექნება განვითარების ბანკს, ვის დაექვემდებარება, რა მოდელზე იქნება დაფუძნებული და სხვა დეტალები. „ქართული ოცნების“ ლიდერებს ჯერ საჯაროდ არ უსაუბრიათ ამ ინიციატივაზე.
3 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით გაყვანილმა დეპუტატმა, „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ილია ინჯიამ „სახელმწიფო ბანკის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა - „ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო გამტკიცების მიზნით“.
მან ეს ინიციატივა წამოაყენა სასურსასო ფასების დარეგულირებაზე საუბრისას. „დარწმუნებული ვარ, ფასის შედგენაში დიდი მონაწილეობა ექნება საბანკო სისტემას და საპროცენტო განაკვეთს“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ ვინ არიან სურსათის ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრები?