"მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი" - ელისაშვილი ტერაქტის "მეორე ეპიზოდში" და "უცნობი ძაღლების" როლი

ტერქტის "მეორე ეპიზოდის" საქმეში მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობას სასამართლო 22 მაისს დანიშნულ სხდომაზე გააგრძელებს.

„ბრალს არ ვაღიარებ - არა, არანაირად... არც ტერორიზმის მიზნით დამინთია ცეცხლი და არც გასათბობად“, - თქვა დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსანდრე [ალეკო] ელისაშვილმა 18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში - მის წინააღმდეგ ტერორიზმის "მეორე ეპიზოდის" საქმის წინასასამართლო სხდომაზე.

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ელისაშვილს ახალი ბრალი 30 მარტს წარუდგინეს - სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით. დაცვის მხარე აცხადებს, რომ “თაროზე შემოდებული” ძველი საქმე პოლიტიკოსს პოლიტიკური მიზნებით დაუკავშირეს, სინამდვილეში კი - ის შემთხვევის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა.

“სადღაც, ქუჩაში იპოვეს ძაღლი... ის ძაღლი მადებს ხელს - გინდა თუ არა, მე ვიყავი”, - თქვა ელისაშვილმა სხდომაზე.

ადვოკატები საქმის შეწყვეტას მოითხოვენ - "მტკიცებულებების არარსებობის გამო".

სს კოდექსის 323-ე მუხლის პირველ ნაწილში დანაშაული ასეა განმარტებული: “ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით”; ეს მუხლი ითვალისწინებს პატიმრობას ვადით 10-დან 15 წლამდე.

პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულის მიზანი სახელისუფლებო შტოს - სასამართლოსა და მართლმსაჯულების - დესტაბილიზაცია იყო. ბრალდების მხარე 18 მაისსაც აცხადებდა, რომ მათ მიერ შეგროვილი მტკიცებულებები ელისაშვილის დანაშაულზე მიუთითებს.

  • როდესაც ტერორიზმის ახალ ეპიზოდზე ახალი ბრალი წაუყენეს, ალექსანდრე ელისაშვილი უკვე 4 თვის დაკავებული იყო - პირველი ეპიზოდისთვის; ხოლო მეორე ეპიზოდი ამ დროს უკვე 10 თვის მომხდარი იყო. ლაპარაკია 2025 წლის 4 მაისის შემთხვევაზე, რომელზეც გამოძიება თავდაპირველად სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით იყო დაწყებული.


პროკურატურის მიერ 30 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ქუჩაში ჯოხით მიმავალი ადამიანი, რომელსაც სახეს პირბადე უფარავს, კადრებს კი გასდევს დიდი წითელი ასოებით შესრულებული წარწერა - ალექსანდრე ელისაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ 4 მაისის საქმეზე ჯერ არსებითი განხილვა არც კი დაწყებულა; ხოლო პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა ამბობს, რომ “წარდგენილ ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული, გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია”.

“მე რომ ვყოფილიყავი 2025 წლის 4 მაისს, ვიტყოდი, რომ მე ვარ... აქ არიან ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები, ისინი მიცნობენ კარგად, რომ რასაც ვამბობ, მართალია... ერთი მუხლი მაქვს ტერორიზმის და ერთი მუხლი მექნებოდა თუ ორი, სულერთია. მე რომ ეს გამეკეთებინა, ნამდვილად ვიტყოდი… ახლა რახან პაპუაშვილს და კობახიძეს გაუხარდებათ, მაგიტომ ვერ დავიბრალებ“, - თქვა ალექსანდრე ელისაშვილმა 18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე.

პროკურატურის მტკიცებით:

  • ელისაშვილს 4 მაისს ჰქონდა წინასწარ შემუშავებული გეგმა;
  • ადგილზე მივიდა 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:44 საათზე, ნიღბით - “ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით”;
  • ხანძარი გააჩინა ორ ადგილას - არქივის ოთახში და გარე ფასადზე.


„უცნობი ძაღლები“ საქმეში

ორშაბათს გამართულ სხდომაზე ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ 4 მაისის საქმეში დასაშვებად არ უნდა იქნას ცნობილი ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილი ოდეოროლოგიური [სუნის] ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც „სპეციალურად გაწვრთნილი სამსახურეობრივი დანიშნულების ძაღლები“ ფიგურირებენ, რადგან ბევრი რამ "სრულიად გაუგებარია", მაგალითად - ამ ძაღლების რაოდენობა ანდა რომელი ძაღლები მონაწილეობდნენ ექსპერტიზაში; ასევე - კონკრეტულად რა ადგილებზე იქნა აღებული სუნის ნიმუშები ["სასამართლოს სარდაფში ჩამავალი კიბეზე" და „დაზიანებული ფასადის წინ ბეტონის ზედაპირზე“], რომლებიც ძაღლებმა, უკვე თითქმის ერთი წლის შემდეგ, უშუალოდ ელისაშვილის „ხელის მტევნებიდან სტერილური დოლბანდის გამოყენებით” აღებული ნიმუშის იდენტურად ჩათვალეს.

ასევე ნახეთ

ძაღლები ელისაშვილის კვალზე - რა წერია ტერორიზმის ახალი საქმის მასალებში?

“სადღაც, ქუჩაში იპოვეს ძაღლი, შეიძლება არც იპოვეს ის ძაღლი, ის ძაღლი მადებს ხელს, გინდა თუ არა, მე ვიყავი”, - თქვა ელისაშვილმა სხდომაზე. მისი თქმით, წარმოუდგენელი “ნოველაა”, რისთვისაც მას ბრალი წაუყენეს - “ეს არის თავიდან ბოლომდე ფინაჩობა”.

მოსამართლე მეია მელქაძემ ელისაშვილს სიტყვა არაერთხელ გააწყვეტინა, შენიშვნა გამოუცხადა და კორექტულობისკენ მოუწოდა. “რა იყო არაკორექტული?!... “ - ელისაშვილის შეკითხვებს მოსამართლემ არ უპასუხა.

პროკურორი მარიამ გიგაური

„ეს არის შუამდგომლობა შუამდგომლობისთვის“, - პროკურორმა მარიამ გიგაურმა არასაკმარისად ჩათვალა დაცვის მხარის დასაბუთება და აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილიდან აღებულ სუნის ნიმუშებზე უფრო მეტს არსებითი განხილვის დროს თავად ექსპერტებისგან მოისმენენ.

„ალბათობის მაღალი ხარისხი, რაც საჭიროა წინასასამართლო სხდომისთვის, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარეს სახეზე აქვს“, - თქვა პროკურორმა გიგაურმა მედიასთან სხდომის შემდეგ და კვლავ გაიმეორა ფრაზა - „შინაარსში ვერ შევდივართ“.

დაცვის მხარის მტკიცებულებების დასაშვებად არცნობის შუამდგომლობით გამოვიდა ბრალდების მხარეც; ნაწილზე აცხადებდა, რომ „სისხლის სამართლის საქმესთან არა აქვს შემხებლობა“. დაუშვებელი უწოდა ასევე „ხელოვნური ინტელექტის მოსაზრებებს“ - რომლებიც, მისი თქმით, - მტკიცებულებებად იყო წარმოდგენილი. ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი განმარტავს, რომ პროკურატურის მიერ "ჩატჯიპიტის" [ChatGPT] მოსაზრებებად დასახელებული მასალები სინამდვილეში წარმოადგენს „საჯარო წყაროებით მოპოვებულ ინფორმაციას“და სვამს შეკითხვას - „საჯარო ინფორმაციას რატომ აქვს ნაკლები ღირებულება, ვიდრე უცნობი რაოდენობის და უცნობი წარმოშობის ძაღლებთან დაკავშირებულს?!“


არჩილ ჩოფიკაშვილი

ადვოკატი ჩოფიკაშვილი განმარტავს, რომ პროკურატურას წარუდგინეს ძაღლის საბუთის ნიმუშიც, როგორც თვალსაჩინოება - „თუ როგორი პასპორტი უნდა ჰქონდეს ზოგადად ძაღლს“, რომელიც, სავარაუდოდ, არა აქვთ ბრალდების მხარის მიერ ექსპერტიზაში ჩართულ ძაღლებს.

„საქმეში არ არსებობს მოწმე, რომელიც დააკავშირებდა ბრალდებულს მომხდართან... ერთადერთი, საქმეში არის ძაღლების მიერ ჩატარებული ბუნდოვანი კვლევა... წმინდა ინკვიზიციასაც კი შეშურდებოდა და 37-იანი წლების „ტროიკებსაც“ კი შეშურდებოდა ის სტანდარტი, რომ უცნობი ძაღლებით ადამიანი გაესამართლებინათ“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

“თაროზე შემოდებული”

როდესაც ტერორიზმის ახალ ეპიზოდზე ახალი ბრალი წაუყენეს [30 მარტს], ალექსანდრე ელისაშვილი, პირველი ეპიზოდისთვის, უკვე 4 თვის დაკავებული იყო; ხოლო მეორე ეპიზოდის “ტერორისტული აქტი”, რომელსაც გამოძიება მას მიაწერს, უკვე 10 თვის მომხდარი იყო.

2025 წლის 4 მაისის ეპიზოდი, ელისაშვილისთვის მეორე ბრალის წაყენებამდე, ფართოდ არ გახმაურებულა და გამოძიების მასალებით: საქმე თავდაპირველად სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით იყო დაწყებული და კვალიფიკაცია მხოლოდ 27 მარტს შეეცვალა [ბრალის წარდგენამდე 3 დღით ადრე].

საქმის მასალების თანახმად, 2025 წლის მაისიდან 2026 წლის იანვრამდე - არ იყო ამოღებული გარე პერიმეტრის ვიდეოკამერების ჩანაწერები.

„დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ეს საქმე იყო შემოდებული თაროზე... წარმოიდგინეთ, ტერაქტია მომხდარი, ვიდეოჩანაწერის მესაკუთრეებმა დაადგინეს, რომ მათ კამერებში არის შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი და გამოძიება არ დაინტერესდა, ვინ არის ეს ადამიანი... ეს ხომ უკვე დანაშაულია იმ პოლიციელების მხრიდან?! ეს ადამიანები ციხეში უნდა იყვნენ ანდა მინიმუმ სამსახურიდან უნდა იყვნენ გაშვებულები“, - ამბობს ელისაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი საქმეში არსებული ჩანაწერების შესახებ - რომ გარე პერიმეტრის ვიდეოჩანაწერის მესაკუთრეებს გამოძიება მაისშივე დაუკავშირდა, თუმცა 8 თვის განმავლობაში რეაგირება არ მოახდინა მათ შეტყობინებაზე, რომ ჩანაწერებში საეჭვო პირი აღმოაჩინეს.

შესაბამისად, ადვოკატებს უჩნდებათ ეჭვი, რომ ჩანაწერები, რომლებიც ტელევიზიით გავრცელდა, არის ფალსიფიცირებული და სცენა დადგმულია.

ექსპერტიზის დასკვნა საქმიდან

ექსპერტიზის დასკვნაში, ერთი მხრივ, წერია, რომ [2025 წლის ნოემბრისა და მაისის] ვიდეოგრამებიდან ამოღებულ კონკრეტულ ფოტოგამოსახულებებზე “დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების გამოსახულება”; თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნულია, რომ “წარდგენილ ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული, გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია”.

მედიის შეკითხვაზე - თუ რა გაკეთდა ფაქტიდან 10 თვის განმავლობაში და ან მანამდე რატომ არ მოხდა ბრალდებულის იდენტიფიცირება, პროკურორი გიგაური პასუხობს, რომ მტკიცებულებების შეკრება მიმდინარეობდა.

„გამოძიება ერთდღიანი პროცედურა არ არის... მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება გვაქვს ჩატარებული”, - თქვა პროკურორმა გიგაურმა.

პროკურორის თქმით: გამოძიებას სხვა ექსპერტიზის დასკვნებიც აქვს მოპოვებული და პასუხების ნაწილი ჯერ ისევ გზაშია; გამოკითხულია არაერთი მოწმე; ვიდეოჩანაწერები არსებობს საქმეში და „მოპოვებულია მასალა, რომელიც ადასტურებს ალეკო ელისაშვილის ბრალეულობას“; ხოლო „მტკიცებულებები არის დამაჯერებელი და უტყუარი“.

ადვოკატები გამორიცხავენ, რომ 4 მაისით დათარიღებულ ვიდეოზე ასახული ადამიანი ალექსანდრე ელისაშვილი იყოს; ამასთან, არსებობს ალიბიც - მეუღლე, ირინა კილოსანიძე, ადასტურებს, რომ 4 მაისს, გამოძიების მიერ დასახელებულ დროს ალექსანდრე ელისაშვილი სახლში იმყოფებოდა.

18 მაისს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარეს შუამდგომლობა არ დაუყენებია ვიდეოჩანაწერის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით. ადვოკატები თვლიან, რომ არგუმენტები მოგვიანებით - საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში გამოადგებათ.

თუმცა, პირველ ყოვლისა, მოითხოვენ, რომ "მტკიცებულებების არარსებობის გამო" საქმე საერთოდ შეწყდეს და არ გადავიდეს არსებითი განხილვის ეტაპზე.

"პირველი ეპიზოდი" - რისთვის არის დაკავებული ელისაშვილი?

როდესაც ტერაქტის ახალ ეპიზოდზე წაუყენეს ბრალი, ალექსანდრე ელისაშვილი უკვე 4 თვის დაკავებული იყო - ტერორიზმთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საქმეზე - ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლით. ამ საქმეს პროკურატურა “პირველ ეპიზოდად” განიხილავს.

ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს შემთხვევის ადგილზე - თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში. წინასწარი პატიმრობაშია 2025 წლის დეკემბრიდან. ეს საქმე გადასულია უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე.

გამოძიების თანახმად, ელისაშვილმა “სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა“ და სასამართლოში 30 ნოემბერს, გამთენიის 04:00 საათისთვის მივიდა - „ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული“; მინის ფასადი ჩაქუჩით ჩაამსხვრია, შენობაში შეაღწია, საწვავი სითხე დაასხა დოკუმენტაციას და შენობის დაწვა სცადა. მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს კი “ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”. პროკურატურის თანახმად, ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე ელისაშვილი მას „თავს დაესხა და დაუწყო ცემა“.

ასევე ნახეთ

ბოცა, წინდა, შეშის ფრაგმენტი, ნივთები ელისაშვილის ჩანთიდან - ტერორიზმის საქმეზე გამომძიებელს მოუსმინეს 

ელისაშვილი არ უარყოფს, რომ საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვას გეგმავდა, თუმცა ამ ქმედებას ვერაფრით აკავშირებს ტერორიზმთან. საკუთარი ქმედება მან განმარტა პროტესტის ფორმად საქართველოში არსებული უსამართლო სასამართლოს წინააღმდეგ.

ელისაშვილი კვლავ იზოლაციის რეჟიმშია.

პროკურატურის მოთხოვნით, მას ისევ აკრძალული აქვს კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან - დარეკვა თუ წერილების მიწერა. ეს აკრძალვა მის წინააღმდეგ ორივე საქმეზე მოქმედებს. მეუღლე და შვილები მხოლოდ მოკლე წინადადებებით, ეპიზოდურად ეკონტაქტებიან სასამართლო სხდომაზე.

ტერაქტის "მეორე ეპიზოდის" საქმეში მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობას სასამართლო 22 მაისს დანიშნულ სხდომაზე გააგრძელებს. პროცესი 18 მაისს რეპლიკების ეტაპზე გადაიდო.

ასევე ნახეთ

ბრალდებული ელისაშვილი, რომელიც უფლებების დარღვევაზე ჩივის, პატიმრობაში დატოვეს