ამ ქვეყანაში დიალოგი არ არსებობს”, - განაცხადა 10 მარტს, საქართველოში ვიზიტის დასასრულს, მთავრობის კანცელარიის ფოიეში გამართულ რამდენიმეწუთიან ბრიფინგზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონსმა და ხელისუფლებას ურჩია "მინიმუმ, განიხილოს" იმ პირების გათავისუფლების საკითხი, რომლებიც “ციხეში არიან თავიანთი პოლიტიკური აქტივობის გამო” და რომლებმაც უკვე მოიხადეს მისჯილი ვადის მინიმუმ ნახევარი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ყველა შტოს მიმართა პატიმრებთან შეხვედრის თხოვნით, რაზეც უარი მიიღო:
"ჩვენ ვთხოვეთ მივსულიყავით და წვდომა გვქონოდა ციხეში მყოფ პატიმრებთან და განსაკუთრებით სახაროვის პრემიის [ლაურეატთან - რ.თ.]. ჩვენ ეს სურვილი გამოვხატეთ პრემიერმინისტრთან, ქვეყნის პრეზიდენტთან. გამოვხატეთ ეს სურვილი შინაგან საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან და მათ გვიპასუხეს “არა”. ვაღიარებთ, რომ მთავრობას აქვს უფლება თქვას “არა”. ჩვენ მათ ვთხოვეთ განიხილონ ეს [გათავისუფლების - რ.თ.] საკითხი და ვფიქრობთ, რომ, თუკი გაქვს მოლაპარაკება ან აპირებ გქონდეს მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რაზეც ამ ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელეთ, რასაკვირველია, უნდა აწარმოო პოლიტიკური მოლაპარაკებები. ...შენ უნდა მიიღო ევროკავშირის სამართლებრივი საფუძვლები და ვფიქრობ, რა ვითარების მოწმენიც დღეს ვართ, გვავალდებულებს ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ მათ უნდა განიხილონ [პატიმრების - რ.თ.] გათავისუფლების საკითხი".
რადიო თავისუფლების შეკითხვაზე - რა მიზეზით უთხრეს დელეგაციას უარი პატიმრებთან შეხვედრაზე, ასამბლეის პრეზიდენტმა უპასუხა: "მიზეზი? - ვფიქრობ, მთავრობას აქვს უფლება თქვას „არა“. სულ ეს იყო".
პერე ჟოან პონსის შემდეგ ჟურნალისტებთან გამოსულმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა სამხარაძემაც არ დააზუსტა მიზეზი და რადიო თავისუფლებას პონსის ნათქვამი გაუმეორა: "მან [პონსმა - რ.თ.] ასევე თქვა, რომ ამის უფლება აქვს მთავრობას. შესაბამისად, ეს არის ჩემი პასუხი". სამშაბათს კანცელარიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ დიალოგის არარსებობის პრობლემაზე ესაუბრა ყველა პოლიტიკურ აქტორს და იქვე "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ურჩია:
"ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც მათ უნდა გადადგან, არის, მინიმუმ იმ პატიმრების გათავისუფლების საკითხის განხილვა, რომლებმაც უკვე მოიხადეს ვადის 50% მაინც".
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ მისი როლი არ ითვალისწინებს იმის თქმას - პატიმრობაში მყოფი ადამიანები "პოლიტიკური პატიმრები არიან თუ არა. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ისინი ციხეში არიან თავიანთი პოლიტიკური აქტივობის გამო".
საქართველოში ვიზიტის განმავლობაში საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ შეხვედრები გამართა პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან.
დელეგაცია, 8 მარტს იმყოფებოდა სოფელ ხურვალეთში, ოკუპაციის ხაზთან.
პონსი აღნიშნავს, რომ დელეგაციის საქართველოში ყოფნის განმავლობაში ერთგვარი შიდაპოლიტიკური - "წრიული" დიალოგი მაინც შედგა:
"ჩემი აზრით, წრიული დიალოგი გვქონდა ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის. ისინი ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს ჩვენი გავლით".
ასევე ნახეთ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეუთოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს?რადიო თავისუფლება შეეცადა დაეზუსტებინა - იყო თუ არა "მოსკოვის მექანიზმის" მუშაობა და მისი მიგნებები შეხვედრების დღის წესრიგში. პონსის განმარტებით, ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი დროში კი დაემთხვა "მოსკოვის მექანიზმის" ექსპერტთა საქართველოში მუშაობას, მაგრამ ეს ორი დამოუკიდებელი პროცესია. თუმცა, შეხვედრებზე საუბარი "მოსკოვის მექანიზმსაც" შეეხო:
"ვფიქრობ, უნდა გამიჯნოთ ამ ექსპერტების ვიზიტი ჩვენი ვიზიტისგან. ეს რა თქმა უნდა, დამთხვევა იყო. რასაკვირველია, ჩვენ ვმსჯელობდით [“მოსკოვის მექანიზმზე” - რ.თ.]. ისინიც ახსენებდნენ, ჩვენც ვახსენებდით, თუმცა არა - ჩვენთან კავშირში, არამედ ზოგად საუბარში. მე არ მაქვს წვდომა ანგარიშთან, არ მინახავს, არავის უთქვამს, რომ მზად არის ახალი ანგარიში. მაგრამ, მოდით, პატივი ვცეთ მექანიზმს და პატივი გვეცით ჩვენ".
პონსმა ბრიფინგი დაასრულა პოლიტიკური კონკურენციის მნიშვნელობის ხაზგასმით:
"დემოკრატია, ნებისმიერ ქვეყანაში - ეუთოში 57 ქვეყანაა - საჭიროებს კონკურენციას. ეს საკითხიც წამოვჭერით პრემიერმინისტრთან და ყველა სხვა აქტორთან, რომ სავალდებულოა, ქვეყანაში იყოს კონკურენცია და ყველა პარტიას შეეძლოს კონკურენცია არჩევნებში".
10 მარტს გამართული შეხვედრის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ პლატფორმა X-ზე დაწერა: "ჩვენი საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და ეუთოსთან პარტნიორობის გაძლიერებას. საქართველო კვლავ რჩება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული".