ვინ არიან დელეგაციაში
8-10 მარტს საქართველოში მყოფ დელეგაციას ხელმძღვანელობს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო. მასთან ერთად ამ დელეგაციაში არიან: ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია); პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო); დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.
შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან
დელეგაციამ პირველი შეხვედრა გამართა სადავო პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლებთან, მათ შორის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. დელეგაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ეს იყო „გულწრფელი შეხვედრა“.
„ვისაუბრეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებთან დაკავშირებით. ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო. ის საინტერესო იყო და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. განვიხილავთ ყველა საკითხს, რაც ამ ქვეყანას აწუხებს და შემდეგ გავმართავთ პრესკონფერენციას, რადგან მინდა, ყველა მოსაზრება და მონაცემი მოვისმინო და ამის შემდეგ ვისაუბრებთ“, - თქვა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ სასაუბრო ძირითადი საკითხები ოკუპაციას, შიდა პოლიტიკურ საკითხებსა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.
„ისევე როგორც უკრაინის მიმართ, ასევე საქართველოს მიმართ, არის განსაკუთრებული ინტერესი, რადგან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ეს ვიზიტი და ნებისმიერი სხვა სპეკულაცია არის უსაფუძვლო“, - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტს კავშირი არ აქვს „მოსკოვის მექანიზმთან“.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „ საპარლამენტო ასამბლეა გავლენისგან ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად დაცულია“. მისი თქმით, ამ ვიზიტის მიზანი იყო დიალოგის გაგრძელება იმ საკითხებთან დაკავშირებით, „რომელზეც ზოგიერთი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი საქართველოში და მის გარეთ ცდილობს, რომ საქართველოს ჩირქი მოსცხოს“.
„ჩვენთვის რამდენიმე რამ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ სიმართლეზე ვგავართ - ეს არის ჩვენი მთავარი და მყარი ფუნდამენტი, რომელიც ვერავინ ვერ მოარყია, რადგან როდესაც სიმართლეზე დგახარ, იქ შეიძლება ვინმემ მოკლევადიანი პრობლემები შეგიქმნას, მაგრამ შეუძლებელია, ვინმემ ხანგრძლივად სიმართლის დამალვა და ტყუილზე აწყობა შეძლოს, როგორც ამას დღევანდელი ბრიუსელი აკეთებს.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ იყოს გამოყენებული იარაღად ზოგიერთი ქვეყნის თუ პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგის გასატარებლად, რასაც PACE-ს შემთხვევაში ახერხებენ“, - თქვა პაპუაშვილმა.
შეხვედრა ოპოზიციასთან
დელეგაციის წევრები შეხვდნენ როგორც საპარლამენტო ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი შარაშიძე, რომელიც დელეგაციის წევრებს შეხვდა, მოელის, რომ ამ ვიზიტის შემდეგ კრიტიკული დასკვნა მომზადდება. მისი თქმით, მათმა პარტიამ პოლიტიკური პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:
„ვისაუბრეთ იმ ანტიდემოკრატიულ კანონებზე, რომელიც ახშობს ამ ქვეყანაში განსხვავებულ აზრს და ხელს უშლის პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ზოგადად, პოლიტიკური პროცესის განვითარებას. მათი ინტერესის საგანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საქართველოში ვითარება გამოსწორდეს, იმ თვალსაზრისით რომ პოლიტიკა დაბრუნდეს პოლიტიკაში“.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფუნქცია დიალოგის სივრცის ძიებაა, თუმცა ეს სივრცე „რეპრესიულმა კანონებმა“ და „პოლიტპატიმრების“ არსებობამ გააქრო:
„გამოწვევები უნდა გადაილახოს იმისთვის, რომ მივიდეთ იმ შესაძლებლობამდე, გაიხსნას დიალოგის სივრცე და შესაძლებლობა“.
„შარლ მიშელი 2“ არ იქნება - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია „ახალისა“ და კოალიციის „ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, როცა „პოლიტიკური პატიმრები“ არსებობენ, „რა უფლება გვაქვს საერთოდ ვინმეს რამეზე ველაპარაკოთ, ან ვის აქვს უფლება რომ ჩვენ ეს მოგვიწოდოს“.
„არავითარი მოწოდებები არ ყოფილა. ჩვენ ხაზგასმულად ვამბობთ ყველა ასეთი შეხვედრის დროს, რომ „შარლ მიშელი 2“ არ იქნება და იქნება მხოლოდ მკაფიო მოლაპარაკებები ქვეყნის ბედზე. ამაზე საუბარი ვისაც უნდა, კი ბატონო. მაგრამ ვიდრე გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს ნაცემი, მოწამლული ხალხი და არავინაა დასჯილი, ამაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია“, - თქვა მან.
შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ:
„მიმოვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი, რა თქმა უნდა, რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც ბოლომდე სპობს ქვეყანაში თავისუფლების ნასახს და აცემენტებს დიქტატურას...ჩვენ ვართ საერთო აზრზე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება“.
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან
„ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში მიღებული კანონების შედეგებზე ისაუბრეს დელეგაციის წევრებთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
„ვისაუბრე ჩემი ორგანიზაციის შესახებ, თუ რა დევნას განვიცდით, რა შეზღუდვები გვაქვს და ა.შ. ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის წინაშე დგას არა მხოლოდ მიღებული კანონებიდან გამომდინარე, ასევე, მიმდინარე ანგარიშების გაყინვა. ჩვენი ორგანიზაციის, პრაქტიკულად, საქმიანობის შეწყვეტა და ა.შ. ეს საკითხები მივაწოდე“, - თქვა გიორგი კლდიაშვილმა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორმა.
შეხვედრა დადებითად შეაფასა „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ლევან ნატროშვილმა:
„მათ აინტერესებთ, რა ხდება ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით. ასევე, რა მდგომარეობაა ჩვენს სექტორში - სამოქალაქო სექტორში. ამაზე გვქონდა ძირითადად დისკუსია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავუზიარეთ ის ინფორმაცია, რაც გვაქვს, რაზეც ვსაუბრობთ უკვე დიდი ხანია. საკმაოდ კარგი შეხვედრა იყო, კონსტრუქციული“.
ფორუმი