უმარ ჯაბრაილოვი ათწლეულების განმავლობაში საკამათო ფიგურად რჩებოდა რუსეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ძალოვანი სტრუქტურებთან დაახლოებული ტელეგრამ-არხი Baza იუწყება, რომ სისხლში მოსვრილი ჯაბრაილოვი 2 მარტს ღამით იპოვეს მოსკოვის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კომპლექს Vesper Tverskaya-ში. ამის შემდეგ მან კიდევ დაახლოებით სამი საათი იცოცხლა და დილის ოთხ საათზე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად დასახელდა ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში მიყენებული ჭრილობა. გამოცემა РБК-ის წყარომ სამართალდამცავი ორგანოებიდან განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია პისტოლეტი Luger Parabellum.
ჯაბრაილოვს ერთხელ უკვე ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა 2020 წელს, რაზეც მოგვიანებით თვითონ ილაპარაკა 2023 წლის შემოდგომაზე ჟურნალისტ, ქსენია სობჩაკისთვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, ბიზნესმენი განიცდიდა მძიმე ფინანსურ პრობლემებს: თვითმკვლელობის წინ დაიბლოკა მისი საბანკო ანგარიშები დავალიანების გამო. Telegram-არხ Mash-ის ცნობით, ბიზნესმენს შესაძლოა 1,5 მილიარდი რუბლის (20 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ვალი დარჩა. გამოცემა „აგენტსვო“ წერს, რომ გასულ წელს მან, როგორც ინდმეწარმემ, საგადასახადო დეკლარაცია არ წარადგინა, რის შემდეგაც აგვისტოში საგადასახადო სამსახურმა შეაჩერა ოპერაციები მის ანგარიშებზე „ალფა-ბანკში“, „სბერბანკში“ და „ოზონ ბანკში“. მოგვიანებით საგადასახადო სამსახურის სანქციები გავრცელდა კიდევ ექვს ბანკში გახსნილ ანგარიშებზე: მიზეზად დასახელდა გადასახადების, მოსაკრებლების, საურავებისა და ჯარიმის გადაუხდელობა.
1 მარტს, თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე, უმარ ჯაბრაილოვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა ირან-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციისა და იმ რუსი ტურისტების ბედის გამო, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩარჩნენ სამხედრო მოქმედებების დაწყების გამო.
„ნაცნობები მიგზავნიან ვიდეოებს აფეთქებებით, რომლებიც დუბაიში და არაბთა გაერთიანებული საამიროების სხვადასხვა რაიონში ხდება. ეს ყველაფერი ირანის გარშემო დაძაბული ვითარების ესკალაციის, ისრაელისა და აშშ-ის ქმედებების შედეგია. უკიდურესად შეშფოთებული ვარ იმით, რომ იქ ჩვენი ტურისტები იმყოფებიან. ყველას გისურვებთ, რომ უბედურებამ აგარიდოთ, რომ ეს ტრაგედია არცერთ ჩვენს თანამოქალაქეს არ შეეხოს და რაც შეიძლება მალე დაბრუნდეთ სახლში! ყველას სიკეთეს, სიყვარულსა და ბედნიერებას გისურვებთ“, - ამბობს ვიდეოში ჯაბრაილოვი.
სააგენტო „ინტერფაქსიც” ჯაბრაილოვის სიკვდილს თვითმკვლელობად მოიხსენიებს და წერს, რომ სასწრაფო დახმარება ბიზნესმენის დაცვამ გამოიძახა. „სამწუხაროდ, მას დამღუპველი ჩვევა ჰქონდა“, - უთხრა სააგენტოს ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
წარმომავლობა და განათლება
უმარ ჯაბრაილოვი მრავალი წლის განმავლობაში იპყრობდა როგორც რუსული, ისე უცხოური მედიის ყურადღებას. მისი სახელი ასოცირდებოდა რუსეთის პოლიტიკასთან, ბიზნესთან, მილიარდებთან, ლამაზ ქალებთან, ნარკოტიკებთან და ხმაურიან სკანდალებთან. 1989 წელს დააარსა კომპანია „დანაკო“, რომელიც ფლობდა ბენზინგასამართი სადგურების ქსელს მოსკოვსა და მის შემოგარენში და, რომელსაც ჰქონდა კონტრაქტი ნავთობპროდუქტების სახელმწიფო საჭიროებებისთვის მიწოდებაზე.
უმარ ჯაბრაილოვი
უმარ ჯაბრაილოვი 1958 წლის 28 ივნისს დაიბადა გროზნოში. 1973 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა მოსკოვში, სადაც ბეწვეულის ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა. შემდეგ მსახურობდა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში, ჟიტომირის ოლქის ქალაქ კოროსტენში.
სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ჯაბრაილოვმა სცადა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში (МГИМО) ჩაბარება, მაგრამ ქულა დააკლდა და ერთი წელი მოუწია მოსამზადებელ კურსებზე სწავლა. საბოლოოდ ის მაინც ჩაირიცხა МГИМО-ს ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1985 წელს წარჩინებით დაამთავრა სპეციალობით „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები“.
უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჯაბრაილოვს სამსახურის მოძიება გაუჭირდა “მოსკოვში რეგისტრაციის” არქონის გამო. მოგვიანებით მან ერთ-ერთ ინსტიტუტში ლაბორანტად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე უცხოური კომპანიის წარმომადგენელი გახდა.
1994–1996 წლებში ჯაბრაილოვი იყო „ინტურისტ-რედამერი - სასტუმრო და ბიზნესცენტრის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. ამ რუსულ-ამერიკული საწარმოს მთავარი აქტივი იყო სასტუმრო „Radisson Slavyanskaya”, კიევის ვაგზლის მახლობლად, სადაც ოფიციალური ვიზიტების დროს ქვეყნების ლიდერები ჩერდებოდნენ.
ბიზნესპარტნიორის მკვლელობა
1996 წელს ამერიკელმა ბიზნესმენმა პოლ ტეიტუმმა, „ინტურისტ-რედამერის“ ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ჯაბრაილოვი მას მოკვლით ემუქრებოდა. მოგვიანებით კი ბიზნესმენი მართლაც მოკლეს: ტეიტუმს კიევის რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში უცნობმა თავდამსხმელმა ესროლა. დანაშაულში ჯაბრაილოვის მონაწილეობა არ დამტკიცებულა, თუმცა მას აშშ-ში შესვლა აეკრძალა.
1997 წლიდან ჯაბრაილოვი ხელმძღვანელობდა ჯგუფ „პლაზას“, რომელიც თავის მხრივ მართავდა მოსკოვის სავაჭრო ცენტრ „ოხოტნი რიადს“ და „სმოლენსკი პასაჟს“ და სხვა ობიექტებს. „პლაზას“ შვილობილი სტრუქტურა „ტიხაია გავანი“ მოსკოვში გარე რეკლამით იყო დაკავებული და, გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, ქალაქში სარეკლამო ბილბორდების 20%-ს ფლობდა.
ასევე ნახეთ მოსკოვში, მერის მოადგილეზე, იოსებ ორჯონიკიძეზე2002 წლის ზაფხულში თავს დაესხნენ მოსკოვის ვიცე-მერს, სოსო ორჯონიკიძეს. ჯაბრაილოვის ბიზნესი სასტუმროების მართვასთან იყო დაკავშირებული, სწორედ ამ მიმართულებას კურირებდა რუსეთის დედაქალაქის მთავრობაში ვიცე-მერი ორჯონიკიძე. ერთ-ერთ თავდამსხმელში უმარ ჯაბრაილოვის ბიძაშვილი ამოიცნეს. შედეგად, მოსკოვის ხელისუფლებამ ჯაბრაილოვთან საქმიანი ურთიერთობები გაწყვიტა.
პრეზიდენტობის კანდიდატი და სენატორი
1990-იანი წლების ბოლოს ბიზნესმენმა ჯაბრაილოვმა გადაწყვიტა პოლიტიკაშიც ეცადა ბედი. 2000 წელს ბიზნესმენი დარეგისტრირდა რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში (მისი კანდიდატურა წარადგინა საინიციატივო ჯგუფმა „სილა რაზუმამ“). რეგისტრაცია სკანდალის ფონზე მიმდინარეობდა: რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაძლო გაყალბების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა საბოლოოდ ბიზნესმენის სახელი მაინც აღმოჩნდა საარჩევნო ბიულეტენებში. შედეგად, ჯაბრაილოვმა ბოლო, მე-11 ადგილი დაიკავა.
2004 წლის დასაწყისისთვის „პლაზას“ ჯგუფმა ძირითადი აქტივები დაკარგა. ჯაბრაილოვმა დატოვა ჯგუფის პრეზიდენტის თანამდებობა და გახდა ფედერაციის საბჭოს წევრი ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან (დაიკავა საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი).
2009 წლის ოქტომბერში ჯაბრაილოვმა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვა სენატორის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყვეტა.
„მიმაჩნია, რომ სენატორის თანამდებობაზე საკუთარი შესაძლებლობები ამოვწურე, ამიტომ გადავწყვიტე ამ საქმიანობის დატოვება, რათა სხვას მივცე შესაძლებლობა, საკუთარი უნარები საპარლამენტო საქმიანობაში გამოავლინოს“, - განაცხადა მაშინ ჯაბრაილოვმა.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყოფილი სენატორი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის (საერთაშორისო საკითხებში) მრჩევლის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2015 წელს სათავეში ჩაუდგა მეწარმეთა ასოციაცია „ავანტის“, რომელიც ბიზნესპატრიოტიზმის განვითარებაზე იყო ორიენტირებული.
უმარ ჯაბრაილოვი
ბიზნესმენი ასევე შედიოდა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, იყო რუსეთის ბუნებისმეტყველების აკადემიის წევრი.
უმარ ჯაბრაილოვი თავს მეცენატადაც მიიჩნევდა: აგროვებდა ხელოვნების ნიმუშებს და იყო მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
2004 წელს ჩეჩნეთის მაშინდელ პრეზიდენტთან, ახმად კადიროვთთან (რამზან კადიროვის მამასთან) ერთად შეასრულა ჰაჯის რიტუალი.
ჰაჯი - მუსლიმებისთვის მექაში (საუდის არაბეთი) სავალდებულო მომლოცველობა, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ, ზულ-ჰიჯჯას თვეში სრულდება. ჰაჯი გულისხმობს იჰრამის სამოსის ჩაცმას, ქააბას გარშემო სიარულს (ტავაფი), არაფატის მთაზე დგომას, ქვის სროლას (ჩაქოლვას) მინაში და მსხვერპლის შეწირვას.
2017 წლამდე ჩეჩნური წარმომავლობის ბიზნესმენი პარტია „ედინნაია როსსიას“ წევრად ირიცხებოდა, თუმცა მორიგი სკანდალის შემდეგ პარტიიდან გარიცხეს: აგვისტოში მან კრემლის მახლობლად მდებარე სასტუმრო Four Seasons Moscow-ის ნომერში რამდენჯერმე გაისროლა პისტოლეტიდან, მისი თქმით, „სასტუმროს ხელმძღვანელობისა და უსაფრთხოების სამსახურის პროვოკაციების“ პასუხად. ჯაბრაილოვი დააკავეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს გაუსვლელობის ხელწერილით.
მედია იუწყებოდა, რომ ყოფილი სენატორი სავარაუდოდ მთვრალი იყო ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო მის ნომერში მოგვიანებით იპოვეს „თეთრი ფხვნილი და უცნობი აბები“. გამოცემა РБК-ის წყაროები ამტკიცებდნენ, რომ ჯაბრაილოვის ნარკოტიკულ ინტოქსიკაციაზე ექსპრესტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.
მოგვიანებით ჯაბრაილოვმა სასამართლოში აღიარა ბრალი იარაღის გამოყენებით ხულიგნობაში და 500 ათასი რუბლის (6,4 ათასი დოლარი) ჯარიმა გადაიხადა. სასამართლომ ის ასევე ცნო დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებაში.
ასევე ნახეთ რუსეთში დააკავეს ფედერაციის საბჭოს ყოფილი წევრი, ჩეჩენი ბიზნესმენი უმარ ჯაბრაილოვიბობოქარი პირადი ცხოვრება
როგორც რუსული მედია წერს, უმარ ჯაბრაილოვი იყო რუსეთის საერო ქრონიკის თვალსაჩინო ფიგურა. BBC-ის რუსული სამსახურის თქმით, მას მიაწერენ რომანებს ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორებიცაა შერონ სტოუნი, ორნელა მუტი, კლაუდია შიფერი, ნაომი კემპბელი. 2000-იან წლებში უმერ ჯაბრაილოვი ასევე მეგობრობდა ქსენია სობჩაკთან და თინა კანდელაკთან.
„უმარი იყო ლამაზმანთა გულთამპყრობელი: ნაკითხი, განათლებული ადამიანი, თანაც მდიდარი და ცნობილი“, - ასე გაიხსენა ქსენია სობჩაკმა გარდაცვლილი ბიზნესმენი.
ქსენია სობჩაკი და უმარ ჯაბრაილოვი, 2012 წ.
„მას ძალიან უყვარდა ქალები და თავადაც მიმზიდველი, სექსუალური, საინტერესო ადამიანი იყო“, - ასე აღწერა უმეროვი ცნობილმა რუსმა ბალერინამ და ტელეწამყვანმა ანასტასია ვოლოჩკოვამ.
რუსული მედიის ცნობით, ჯაბრაილოვი ორჯერ იყო დაქორწინებული. მეორე ქორწინებიდან დარჩა ორი ქალიშვილი - დანატა და ალვინა, რომლებიც დედასთან ერთად მონტე-კარლოში ცხოვრობენ.
ნარკოდამოკიდებულება და პლასტიკური ოპერაციები
2017 წლის სკანდალის შემდეგ ჯაბრაილოვი პრაქტიკულად გაქრა რუსეთის საერო ქრონიკის რადარებიდან, თუმცა 2020 წლის 1 აპრილს კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ სკლიფოსოვსკის ინსტიტუტის კლინიკაში მოხვდა. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
მედია წერდა, რომ ყოფილი სენატორი აკრძალულ ნივთიერებებზე გახდა დამოკიდებული. თავად ჯაბრაილოვი ინტერვიუში ამბობდა, რომ იმ პერიოდში თავს გამოფიტულად გრძნობდა, ახლობლებისა და ოჯახის წინაშე დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა და არ სჯეროდა, რომ პრობლემას გაუმკლავდებოდა.
შემდგომ ბიზნესმენი გარკვეული დროის განმავლობაში გაქრა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, ხოლო როცა დაბრუნდა - უცნაური ცხვირითა და გაურკვეველი მეტყველებით - თითქმის ვერავინ იცნო. თვითონ ჯაბრაილოვმა განმარტა, რომ მისი ტრანსფორმაცია ამჯერად არც ასაკთან იყო დაკავშირებული და არც ნარკოტიკებთან.
„ეს ტრავმის შედეგია. როდესაც ჩეჩნეთში კოლონაში მივდიოდი, ჩვენი ავტომობილის მარჯვნივ ფუგასი აფეთქდა, რამაც მანქანა ჰაერში აისროლა, სახე და ხელის მტევანი დამიზიანდა“, - ჰყვებოდა ყოფილი სენატორი.
უმერ ჯაბრაილოვმა თქვა, რომ პლასტიკურ ქირურგს მიმართა და რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა შედეგი წარუმატებელი აღმოჩნდა, ხოლო პოსტ-ოპერაციულმა გართულებებმა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
უმარ ჯაბრაილოვი
„აქ [სახე] ძვალი აღარ მაქვს. ამიტომ ყბა მერყევა, რადგან იმპლანტები ჩამიდგეს და ჩემი პირი პრჟევალსკის ცხენისას დაამსგავსეს. სინამდვილეში მხოლოდ ცხვირზე ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. მაგრამ ქირურგში არ გამიმართლა - ყველაფერი უხარისხოდ, დაუდევრად გააკეთა. სამი ოპერაცია - ერთი მეორეზე უარესი. მერე ინფექცია შეიჭრა და ცხვირმა ჩავარდნა დაიწყო. ბოლოს ნეკნიდან ამომაჭრეს ხრტილი და მისი დახმარებით ასე თუ ისე აღადგინეს ცხვირის ფორმა“, - თქვა უმარ ჯაბრაილოვმა 2023 წელს ქსენია სობჩაკისთვის მიცემულ ინტერვიუში.
კავშირი ეპსტინის ფაილებთან
„უმარ ჯაბრაილოვის სავიზიტო ბარათი სკანდალური ფინანსისტისა და პედოფილის, ჯეფრი ეპსტინის მისამართების წიგნში აღმოჩნდა“, - ამის შესახებ დაწერა სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ფაილების ანალიზის შემდეგ.
ტელეგრამ-არხ BAZA-ს ინფორმაციითაც, ეპსტინის 2004–2005 წლებით დათარიღებულ მისამართების წიგნში დაფიქსირებული იყო ჯაბრაილოვის ერთი სამუშაო ნომერი, ორი პირადი ნომერი და ასევე ბიზნესმენის ელექტრონული ფოსტა.
„ბიზნესმენი უმარ ჯაბრაილოვი თვითმკვლელობაზე არ წავიდოდა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი სახელი შესაძლოა ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპსტინის დოკუმენტებში მოხვედრილიყო“, - ამის შესახებ კი განაცხადა ბიზნესმენის ყოფილმა ადვოკატმა ალექსანდრ კარაბანოვმა, რომელიც ჯაბრაილოვის ინტერესებს სასამართლოებში წარმოადგენდა.
2 მარტს ჯაბრაილოვის ქალიშვილმა, ალვინამ, Instagram-ზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ მისი მამა მოკლეს ფინანსისტ ჯეფრი ეპსტინთან კავშირების გამო. ალვინა ჯაბრაილოვას თქმით, ბიზნესმენი მეგობრობდა ეპსტინთან და მის თანამზრახველთან, გისლეინ მაქსველთან.
ალვინა ჯაბრაილოვამ ასევე გამოაქვეყნა ელექტრონული წერილის სკრინშოტი, რომელიც, თითქოს მამამისმა გაუგზავნა მაქსველს 2001 წლის მაისში. წერილში ბიზნესმენი შეხვედრის პირობებს უთანხმებს ჯეფრი ეპსტინის მეგობარ ქალს.
ბოლო წლებში უმარ ჯაბრაილოვი მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და რუსეთის მხატვართა აკადემიის საპატიო წევრი იყო. აქტიურობდა სოციალურ ქსლებში და კვლავ ჩნდებოდა საერო ღონისძიებებზე.