რაც უფრო ახლოვდება სკოლის დაწყება, მით მეტად ღელავენ მშობლები. ნაწილს საერთოდ არ მოსწონს ეს წამოწყება და გამოსავლის პოვნას ცდილობს. ზოგისთვის ეს ფინანსური ტვირთია, არც ერთნაირი ფორმების ჩაცმის იდეა არ ხიბლავს და საერთოდაც, შეზღუდვად მიაჩნია.
“აქ ყველა მშობელი გაბრაზებულია. არ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს ფორმები ჩავაცვათ”, - გვეუბნება ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრები მარი ჩხაიძე, რომელმაც სავალდებულო სასკოლო ფორმა თავისი ორი მცირეწლოვანი შვილისთვის უნდა შეიძინოს:
“ერთი მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი პუტკუნაა და ძალიან ნერვიულობს, ეს ფორმა რომ არ მოუხდეს, მაგის გამო შეიძლება დასცინონო. მეორე ამბობს, ჩემი შვილი ალერგიულია და მაგ ფორმის ხელოვნური ქსოვილის გამო წუხს. მე კიდევ ძალიან დაბნეული ვარ: თუ ჩემი ბიჭებისთვის სასკოლო ფორმების ყიდვა ცალკე მომიწევს და ჩვეულებრივი საგარეო ტანსაცმლის ყიდვა ცალკე, რაც ისედაც ხომ უნდა ჰქონდეთ ბავშვებს, ეს ხომ ხარჯებს გამიორმაგებს? ყველგან ფორმით ხომ არ ივლიან?”
ხარჯებს მარის შემთხვევაში ისიც ემატება, რომ სოფლის სახლში წყლის პრობლემა აქვს და ახლა ესეც თავსატეხად ექცა - გარეცხვა რომ ვერ შეძლოს უწყლობის გამო, რამდენი ხელი ფორმა უნდა უყიდოს შვილებს?
სასკოლო ფორმების შემოღება „ქართული ოცნების“ მთავრობის „განათლების რეფორმის“ ნაწილია - ამ ცვლილებით, ფორმა სავალდებულოა პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეებისთვის.
სასკოლო პიჯაკი - შპს "საგანმანათლებლო რესურსების" მიერ გავრცელებული ფოტო
ასევე ნახეთ
თუ მშობელი გააპროტესტებს და ბავშვს ფორმას არ ჩააცმევს, მექანიზმები ამოქმედდება - მიქანაძემარიმ იცის, რა თქვა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ - რომ “ამოქმედდება „აღმზრდელობითი“ მექანიზმები, თუ მშობელი ბავშვს სასკოლო ფორმას არ ჩააცმევს”.
რა მოხდება, თუკი ბავშვს ფორმას არ ჩააცმევ?
“გაკვეთილიდან გააგდებენ? საჯაროდ დასჯიან? თმებს მოჩეჩავენ, როგორც საბჭოთა დროს? საქვეყნოდ გაკიცხავენ?“ - წერენ სოციალურ ქსელში დაბნეული მშობლები.
განათლების სამინისტროს ოფიციალური პასუხი ასეთია: თითოეული ასეთი შემთხვევა განიხილება “სკოლაში მოქმედი წესებისა და დისციპლინური პროცედურების” მიხედვით, მოსწავლის საუკეთესო ინტერესისა და აღმზრდელობითი მიდგომების გათვალისწინებით”.
და რა “აღმზრდელობით მიდგომას” მიმართავს სკოლა შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, ეს სკოლის გადასაწყვეტიაო.
“სკოლა ჯერ მშობელთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გზით დაადგენს, რატომ არ ატარებს ფორმას მოსწავლე. პირველი ეტაპი ცალსახად ეს იქნება და შემდეგ უკვე როგორც აქვს გაწერილი შინაგანაწესში”, - გვიპასუხეს განათლების სამინისტროში.
ასევე ნახეთ
თუ მშობელი გააპროტესტებს და ბავშვს ფორმას არ ჩააცმევს, მექანიზმები ამოქმედდება - მიქანაძეფორმების ნაწილი უკვე თბილისშია - დანარჩენი როდის ჩამოვა?
ამასობაში, პირველი კლასის სასკოლო ფორმები ჩინეთიდან საქართველოში უკვე ჩამოიტანეს. მათი გაყიდვა პირველ სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.
განათლების სამინისტროს ცნობით, ფორმები ამ დღეებში გადანაწილდება დიდ ქალაქებსა და რეგიონებში და დაზუსტდება, რა ადგილებში შეძლებენ მშობლები ბავშვებისთვის ფორმების ყიდვას.
დანარჩენი კლასების (მე-2 კლასიდან მე-6 კლასამდე) სასკოლო ფორმა ჩინეთიდან საქართველოში ორ ეტაპად ჩამოვა - 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს.
ფორმების დამზადებაზე, შეძენაზე, დასაწყობებასა და გავრცელებაზე პასუხისმგებელია სამინისტროს დაფუძნებული შპს „საგანმანათლებლო რესურსები“.
შეეძლება მშობელს თავად შეუკეროს ან სულაც გამოიწეროს მსგავსი ფორმა?
“იქნებ მირჩევნია, ჩემს შვილს ბამბის, ნატურალური ქსოვილი ფორმა ვუყიდო ან შევუკერო და ეგ პოლიესტერის ტანსაცმელი არ ჩავაცვა?” - ასე დასვა კითხვა ორი შვილის დედამ, ნუცა ცქიმანაურმა.
ექნება მას ეს არჩევანი? ვიკითხეთ განათლების სამინისტროში. გვიპასუხეს, რომ - კი, შეუძლია შეკეროს ან თავად შეიძინოს, ოღონდ დადგენილი დიზაინი უნდა დაიცვას.
“არიან ასეთი, მაგალითად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, რომლებსაც ფიზიკურად არ შეუძლიათ ფორმის ტარება, ზოგს მძიმე აუტისტური სპექტრი აქვს და ვერ ეგუება ფორმას. ასეთ შემთხვევაში, მშობელი მხოლოდ დრესკოდს დაიცავს - მაგალითად, თეთრ ზედას და ლურჯ შარვალს ჩააცმევს."
ვინმეს შეეძლება არ ატაროს ფორმა?
განათლების სამინისტროში გვიპასუხეს, რომ დიახ, ამ ვალდებულებისგან შეიძლება გათავისუფლდეს მოსწავლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ამას ადგენს "ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, თუმცა ყველა ასეთი შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.
შორენა ლაღაძე, მაგალითად, არ აპირებს ამ ფორმის ყიდვას რამდენიმე მიზეზის გამო:
“პოლიესტერია. ჩემს შვილს ატოპიური დერმატიტი აქვს და გაუმწვავებს მდგომარეობას. მეორე მიზეზი ის არის, რომ მოუხერხებელი მგონია ეს ღილი-ელვაშესაკრავი პატარა ბავშვებისთვის, დამოუკიდებლად როგორ უნდა მოიწესრიგონ თავი, არ ვიცი. ჩემი შვილი დიდია, მაგრამ ზოგმა პირველკლასელმა ღილის შეკვრაც არ იცის. მესამე მიზეზი კი ისაა, რომ უფრო ძვირი ჯდება...პოლიესტერში 100 ლარამდე გადავიხადო, ვერც გამოვიყენო - არ ვიცი, აბსურდი მგონია.”
ბამბა თუ პოლიესტერი?
ექიმმა ეკა კვირკველიამ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ პოლიესტერს იყენებენ ტექსტილის ინდუსტრიაში, მათ შორის სასკოლო ფორმებშიც, რადგან არის გამძლე და იაფი, თუმცა:
- ის არის სინთეტური/ხელოვნური მასალა და არ არის ჰიპოალერგიული ყველა ადამიანისთვის.
- შეიძლება გაუჭირდეს სითბოს შეკავება და პირიქით, ოფლიანობა გაზარდოს.
- ზოგ ბავშვს შეიძლება კანი გაუღიზიანოს.
ექიმის განმარტებით, „ანტიალერგიულობა“ დამოკიდებულია არა მხოლოდ შემადგენლობაზე, არამედ იმაზე, რამდენად „სუნთქავს“ ქსოვილი, რით არის შეღებილი, რა აქვს სარჩულად.
სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულ კომბინაციებს იყენებს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში დაწყებით კლასებში უპირატესობას ბუნებრივ ან მაღალი ბამბის შემცველობის ქსოვილებს ანიჭებენ.
ამიტომ, ეკა კვირკველიას თქმით, ფორმების შეფასება უნდა ეფუძნებოდეს არა ზოგად ტერმინს - „ანტიალერგიული“, არამედ ქსოვილის შემადგენლობის პროცენტულობას, დერმატოლოგიურ ტესტირებას.
ექიმი წერს, რომ ბამბის ტანსაცმელი უკეთ იწოვს ტენს და ნაკლებად აღიზიანებს კანს, ხოლო პოლიესტერმა შესაძლოა გაზარდოს ოფლიანობა და ბავშვებს მგრძნობიარე კანზე გაღიზიანება დაუტოვოს.
“ბავშვთა ყოველდღიურ ტარებაში უპირატესობა ენიჭება ბამბით მდიდარ ქსოვილს”, - წერს ექიმი ეკა კვირკველია.
სასკოლო ფორმები - შპს საგანმანათლებლო რესურსების მიერ გავრცელებული ფოტო
ფორმის გაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია?
კი, და, აი, როგორ.
მშობლებს სასკოლო ფორმის შესაცვლელად ან დასაბრუნებლად (თუ არ მოერგო ან რაიმე წუნი აღმოაჩნდა), მისი მიღებიდან 14 დღე ექნებათ. ოღონდ ამისთვის ქვითარი უნდა წარადგინონ.
ვისაც ფორმის ყიდვა მოუწევს, მათ გადახდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით შეეძლებათ - ან ონლაინ ან სპეციალურ პუნქტებში.
“მე მირჩევნია ფორმა. დილით საფიქრალი მაინც არ იქნება, რა ჩაიცვას ბავშვმა. თუმცა ხარისხი კი მაფიქრებს”, - გვეუბნება ნანა ჭელიძე, რაჭიდან.
კიდევ ერთხელ - რა შედის სასკოლო ფორმის სრულ პაკეტში და რა ეღირება ის?
- ბიჭს − 1 პიჯაკი და 2 შარვალი;
- გოგოს − 1 პიჯაკი, 1 შარვალი და 1 ქვედაბოლო.
რაც შეეხება ფასს:
- ბიჭის პიჯაკი - 45 ლარი;
- ბიჭის შარვალი - 25 ლარი;
- გოგოს პიჯაკი - 45 ლარი;
- გოგოს შარვალი - 25 ლარი;
- გოგოს ქვედაბოლო - 25 ლარი.
- ერთი ბავშვის სასკოლო ფორმა, რომელშიც შევა პიჯაკი და ორი შარვალი ან შარვალი და კაბა, 95 ლარი ეღირება.
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ?
სკოლის მოსწავლეები, რომლებიც:
- რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
- ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
- განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
- ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
- განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
- 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული ომის გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.
ასევე ნახეთ
ვის მისცემენ სასკოლო ფორმებს უფასოდსასკოლო ფორმის კერვის პროცესი ჩინურ საწარმოში. შპს "საგანმანათლებლო რესურსების" მიერ გავრცელებული ფოტო
ვინ (და სად) კერავს ამ ფორმებს?
თავდაპირველად ითქვა, რომ მოსწავლეებისთვის ფორმები შეიკერებოდა სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების სამკერვალოებში, ნაწილს კი პატიმარი ქალები შეკერავდნენ, რადგან ამ კოლეჯებიდან ერთ-ერთს ფილიალი („მოდუსი“) ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში აქვს.
თუმცა 2026 წლის ივნისში გაირკვა, რომ განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ სასკოლო ფორმების შესაძენად ხელშეკრულება გააფორმა შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან“. კომპანიას, რომელსაც ჩინეთში აქვს სამკერვალო, სამინისტრომ, ჯამში, 1 801 000 ფორმა შეუკვეთა. მათი ჯამური ფასი 45 658 840 ლარია.
ასევე ნახეთ
სასკოლო ფორმები ჩინეთში მდებარე სამკერვალოში შეიკერებარას ფიქრობენ ფორმაზე პედაგოგები?
რამდენიმე თვის წინ, როცა სასკოლო ფორმების შემოღების ამბავი გავრცელდა, ვესაუბრეთ რამდენიმე სკოლის დირექტორს, რომელთა უმრავლესობა საერთო აზრზე იდგა, რომ ფორმა კარგია.
ამჯერად კითხვა მასწავლებლების ჯგუფშიც დავსვით. აი, რამდენიმე გამოხმაურება:
“დამრიგებელმა უნდა მოაგვაროს ჩაცმის დაძალება?”
“რატომ დავმართო ალერგია შვილს მაგათი პლასტმასის ფორმების გამო?”
“ჩემი ბიუჯეტი, როგორც მასწავლებლის, მკაცრად განსაზღვრული მაქვს და ტანსაცმელზე მიზერულ თანხას ვხარჯავ.. ამ ტანსაცმლით მიდიან ბავშვები მუსიკაზე, პარკში, კინოში… პლუს ერთ ფორმას ხომ ვერ იყიდის მშობელი? ყოველ მეორე დღეს გასარეცხია”…
ნინო ქევხიშვილი გერმანული ენის პედაგოგია და მასაც მიაჩნია, რომ სავალდებულო ფორმების შემოღება არაფრის მომცემია სკოლისთვის. მისი აზრით, სკოლაში ეს მასწავლებლების, განსაკუთრებით დამრიგებლების თავის ტკივილად იქცევა, რომელთაც დაევალებათ ბავშვების კონტროლი.
“რომ ამბობენ, სავალდებულოაო, ანუ ეს ბავშვის განათლების უფლებაზე მაღლა დგას? რა სადამსჯელო ბერკეტები უნდა გამოიგონონ? ჯარიმა მშობლებისთვის? ისევ და ისევ მოჯადოებული სიყალბის წრეში მოვხვდებით, ადამიანების დამორჩილების და თავისუფალი ნების დამორჩილების სურვილი და მექანიზმი იქნება ეს, რაც დღეს ზოგადად ხდება ჩვენს საზოგადოებაში... მე ისიც არ მესმის, რატომ გვინდა ბავშვები ერთმანეთს დავამსგავსოთ? ეს სიჭრელე, რაც უმცროსკლასებშია, ძალიან ლამაზია და სასტიკად მწყდება გული, რომ ამას ვერ ვხედავთ.”
ნინო თავადაც მშობელია და მისი, როგორც დედის, პოზიციაც ასეთივე კრიტიკულია - ის პრინციპულად არ გეგმავს სასკოლო ფორმის შეძენას თავისი შვილისთვის, რომელიც წელს მეოთხე კლასში მიდის:
„ჯინსებითაც კი არ ვუშვებ ხოლმე სკოლაში, რადგან მინდა ბავშვი კომფორტულად იყოს და ვერ ვხვდები, რატომ უნდა ჩავაცვა რაღაცა საშინელი ნაჭრის შარვალი და კოსტუმი! არც კი წარმომიდგენია. მგონი, ამ გადაწყვეტილებების მიმღებებმა საერთოდ არ იციან, სკოლებში რა ხდება - ბავშვებს ეზო და სივრცე არ გააჩნიათ, სკოლის დერეფნებში კოტრიალი და სირბილია მათი ერთადერთი გართობა და რა ფორმა?
რატომ უნდა გავწიო ეს ხარჯი იმისთვის, რაც არც იდეურად და არც ვიზუალურად არც ჩემი და არც ჩემი შვილის მოთხოვნილებებს და გემოვნებას არ აკმაყოფილებს? რატომ გვინდა ამ ბავშვებს ჩავუკლათ ინდივიდუალიზმი, რომელსაც ხშირად ტანსაცმლითაც გამოხატავენ?“
ახალი სასკოლოს ფორმები ჩვენ ჯერ არ გვინახავს - განათლების სამინისტროში მათი გადაღების ნებართვა ვითხოვეთ. დაგვპირდნენ, რომ ეს აგვისტოს ბოლოს იქნება შესაძლებელი.
იმაზე, თუ რატომ ახსენებს ბევრს სკოლის ფორმა საბჭოთა კავშირს, რასთან ასოცირდება ეს ვალდებულება, რას ფიქრობენ მშობლები ფორმის შემოღებაზე მაშინ, როცა ასობით სკოლის რემონტი წლებია არ დასრულებულა და ათობით სკოლა ისევ ასაშენებელია, რის გამოც ბავშვებს სამ ცვლაში უწევთ სწავლა, ასევე დღეს სკოლაში არსებულ ჰიგიენურ-სანიტარულ თუ სხვა პრობლემებზე ჩვენ გასული წლის დეკემბერშიც ვწერდით და მას ამ ლინკზე შეგიძლიათ გაეცნოთ.