ზეწოლა თავისუფალ პრესაზე საქართველოში - საერთაშორისო ორგანიზაციები ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია ბათუმში. 2024 წლის 8 დეკემბერი

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ მიიღოს კოორდინირებული და ეფექტიანი ზომები, მათ შორის დაასანქციროს იმ ინსტიტუტების ხელმძღვანელები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში დამოუკიდებელ პრესაზე განხორციელებულ ღია ზეწოლაზე.“

2026 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) შეფასებას აქვეყნებს და ყურადღებას ამახვილებს საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მდგომარეობაზე. ორგანიზაციის შეფასებით, „ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთთან დაახლოებული მმართველი პარტიის პირობებში მედიის თავისუფლებაზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა.“

IPI წერს, რომ ქვეყანაში მედიაგარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ისე ჟურნალისტების მიმართ მზარდი ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის ფონზე. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მიღებული რეგულაციები და ადმინისტრაციული პრაქტიკა დამოუკიდებელ მედიას დამატებით ბარიერებს უქმნის.

„მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების მექანიზმმა (MFRR) დააფიქსირა 36 შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს თვითნებური ჯარიმები დაეკისრათ, მათ შორის 25 შემთხვევა უკავშირდებოდა საპროტესტო აქციების გაშუქებას.“

შეფასებებში ყურადღება ეთმობა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ის „უკვე წელიწადზე მეტია, პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. მისი საქმე საქართველოში მედიის თავისუფლებაზე განხორციელებული ფართო ზეწოლის ფონზე დამოუკიდებელი მედიის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. “

სწრაფი რეაგირებისკენ მოწოდება

„ევროპარლამენტის მხრიდან სანქციებზე არაერთი მოწოდების მიუხედავად, ევროკავშირმა ამ დრომდე ვერ შეძლო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოში მზარდი ავტორიტარული ტენდენციების შესაჩერებლად, მათ შორის, ვერ შეძლო ეფექტიანი სანქციების დაწესება. უნგრეთში ხელისუფლების ცვლილების ფონზე, რომელიც ფიდესის მმართველობის პერიოდში არაერთხელ ბლოკავდა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს, ევროკავშირს ახლა ეძლევა შესაძლებლობა, გადავიდეს მიზნობრივ სანქციებზე.“

მოწოდებას ხელს აწერს 5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია - „საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი“ (IPI), „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია“ (EFJ), „პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი“ (ECPMF), „თავისუფალი პრესა შეზღუდვების გარეშე“ (FPU) და „ბალკანეთისა და კავკასიის ტრანსევროპული ობსერვატორია“ (OBCT)

ასევე ნახეთ

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში 21 ადგილით ჩამოქვეითდა 

"შემაშფოთებელი ტენდენციები"

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ანგარიშის თანახმად, პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველო, რომელიც 2022 წელს 77-ე ადგილზე იყო, 2026 წელს 135-ე ადგილს იკავებს.

3 მაისს, პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „მედიის თავისუფლების კოალიციის” თანათავმჯდომარე სახელმწიფოებმა - დიდმა ბრიტანეთმა და ფინეთმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვის „შემაშფოთებელ ტენდენციებზე“ გაამახვილეს ყურადღება და RSF-ის რეიტინგის გარდა ეუთოსა და ევროპის საბჭოს ანგარიშებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, პოლიტიკური მოტივებით მსჯავრდებული ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმეც ახსენეს, როგორც მედიაზე ზეწოლის მაგალითი.

ასევე ნახეთ

კვლავ ვაყენებთ მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხს - ბრიტანეთი, ფინეთი და „მედიის კოალიციის“ 14 წევრი ქვეყანა

„როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც უკვე ორი თვეა ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება - ნიანგის ცრემლები“, - დაწერა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადების პასუხად.

2026 წლის 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, ანტირუსული სანქციების სიაში შეიყვანა ქართული პროსახელისუფლებო ტელეკომპანიები - "იმედი" და "POSTV".