მოკლედ
- თამარ მეარაყიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი ცხინვალის რეგიონიდან, დე ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა.
- მას ბრალს სდებენ, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან აფილირებულ მედიას ინფორმაციას აწვდიდა.
- მეარაყიშვილმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო.
მეარაყიშვილის დაკავება სპეცოპერაციას ჰგავდა. ძალოვნებმა კორპუსს ალყა შემოარტყეს და ბინაში აივნიდან გადაძვრნენ. თამარი კარს არ აღებდა. ეს დეტალები დაკავებამდე თავად მოჰყვა ფეისბუკ-ლაივში.
დე ფაქტო „კაგებემ“ განაცხადა, რომ თამარ მეარაყიშვილი ეჭვმიტანილია „ინფორმაციის გადაცემაში საქართველოს სპეცსამსახურებთან აფილირებული უცხოური მედიასაშუალებებისთვის“. ადგილობრივი ჟურნალისტები წერდნენ, რომ თამარის ერთ-ერთ ფოტოზე ფეისბუკზე სპეცსამსახურების თანამშრომლებმა სტრატეგიული ობიექტი შენიშნეს.
ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში ცხინვალში მეარაყიშვილის ჯაშუშობის არავის სჯერა.
„ის მსხვერპლია იმ სისტემისა და რეჟიმის, რომელიც იქ არსებობს. რეჟიმს არ აინტერესებს სამართალი. თან აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ქართველია და თუ რამე დაემართებოდა, ამით არც არაფერი დაშავდებოდა. 8 წლის განმავლობაში ბევრი ხელისუფლება გამოიცვალა, მაგრამ მისთვის მაინც არაფერი იცვლებოდა...
როგორც პრინციპული და ღიად მთქმელი ადამიანი, ყოველთვის უპირისპირდებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ნებისმიერ დონეზე“, - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.
ბოლო დროს თამარ მეარაყიშვილი ახალგორიდან ცხინვალში გადასახლდა, იქ მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობდა და თავს ამით ირჩენდა.
მისმა დაკავებამ ცხინვალის რეგიონშიც ბევრი აღაშფოთა. ადგილობრივი ფოტოგრაფი ელადა ოვაკიმიანი თავის ფეისბუკგვერდზე წერს:
„როგორც იქნა აღსრულდა, დაპატიმრებულია განსაკუთრებით საშიში დამნაშავე თამარა მეარაყიშვილი, შეთავსებით სამოქალაქო აქტივისტი და უბრალოდ პატარა, სუსტი ქალი… რვა წელი გაურბოდა სამართალს და აჰა, საახალწლო საჩუქარი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას. მადლობა, ალან ედუარდოვიჩ!.. ახლა სამხრეთ ოსეთს არავინ და არაფერი არ ემუქრება. ძალიან გვენატრებოდა 37 წელი. მადლობა, რომ ამ დიდებულ დროში დაგვაბრუნეთ… სამხრეთ ოსეთს ყველა ქართველისგან რომ გაწმენდთ, იქნებ სომხებსაც მოგვადგეთ?!“
თამარ მეარაყიშვილს 23 დეკემბრიდან შიმშილობა უნდა დაეწყო. აპირებდა ამ გზით გაეპროტესტებინა, როგორც ხელისუფლების თვითნებური მმართველობა, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფა.
ასევე მოითხოვდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ალან გაგლოევთან შეხვედრას, რადგან მიაჩნდა, რომ მხოლოდ გაგლოევს შეეძლო მისი პასპორტის საკითხი გადაეწყვიტა. 2017 წელს თამარ მეარაყიშვილის სახლის ჩხრეკისას მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტი ჩამოართვეს და აღარ დაუბრუნებიათ.
„თუ მოედანზე არ გამოვედი, ესე იგი რაღაც უბედურება მოხდა და ყველამ იცის, ამაში ვინ უნდა დაადანაშაულოს“, - ასე მიმართა 22 დეკემბერს ხალხს ფეისბუკიდან. მალევე ის დააკავეს.
აქტივისტმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მაინც დაიწყო შიმშილობა. ის ბრალს არ აღიარებს.
თამარ მეარაყიშვილი თავდაპირველად ახალგორში ცხოვრობდა. ხშირად ჰყვებოდა ადგილობრივ პრობლემებზე. ის ერთხელ უკვე დააკავეს 2017 წელს. მაშინ ე.წ. პროკურატურა მას ედავებოდა, რომ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა“ ყალბი დოკუმენტით მიიღო. ასევე ადანაშაულებდნენ ცილისწამებაშიც.
მაშინ თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან თქვა, რომ ამ „ცილისწამების საქმეების“ გაჭიანურება ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა, ოპონენტები მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყოლოდა.
როდესაც ოკუპირებულ ახალგორში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მსჯავრდებული დავით გურწიევი დე ფაქტო საოლქო პროკურორად დაინიშნა, თამარ მეარაყიშვილმა პროტესტის ნიშნად ოთხი დღე შიმშილობდა.
ხშირად ლაპარაკობდა პრობლემებზე, რომლებიც ცხინვალის რაიონში მოსახლეობას აწუხებდა; ბავშვზე, რომელიც დაჩაგრეს; კოვიდპაციენტებზე, რომლებსაც ვერავინ მკურნალობდა; გახსნილ და დაკეტილ გზებზე.
ასევე ნახეთ სასჯელი დანაშაულის გარეშე - რატომ არ ხურავს ცხინვალელი მოსამართლე თამარ მეარაყიშვილის საქმეს?2020 წელს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ (Amnesty International) სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებდა მეარაყიშვილის დევნა შეეწყვიტა.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პრესსპიკერმა სამხრეთ კავკასიაში რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ თამარ მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები „კავშირზე არიან ყველა შესაბამის მხარესთან“. ისინი მომხდარს მოვლენების შემაშფოთებელ განვითარებად აფასებენ. აპირებენ გააგრძელონ თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ხელი შეუწყონ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებას.