„თანაინვესტირების ფონდის“ 8 კომპანია ივანიშვილის ცოლის სახელზე დარეგისტრირდა

კომპანიები, - რომელთაც ეკატერინა ხვედელიძე ორი უცხოური, მათ შორის ოფშორში რეგისტრირებული ფირმის გავლით ფლობდა, - უშუალოდ მის სახელზე დარეგისტრირდა.

„თანაინვესტირების ფონდის“ კუთვნილი არაერთი ბიზნესი 2026 წლის აგვისტოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის სახელზე დარეგისტრირდა.

თუმცა ფაქტობრივი მფლობელი არ შეცვლილა, - ამ კომპანიების საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი ეკატერინა ხვედელიძე იყო და კვლავ ის არის, თუმცა კომპანიების აქამდე არსებული სტრუქტურის გარეშე.

რადიო თავისუფლების მოპოვებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია, „GCF ლუქსემბურგი“, - რომელიც ამ ფირმების მესაკუთრე იყო, - „ლიკვიდაციის პროცესშია“.

თავის მხრივ, „GCF ლუქსემბურგს“ ფლობს GCF MP, რომელიც კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული, - ბრიტანეთის იურისდიქციაში, - და რომლის ბენეფიციარი მფლობელიც ეკატერინა ხვედელიძე იყო.

კორუფციის მკვლევარი, რომელმაც პირველმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ივანიშვილების ოჯახის მიერ ოფშორული ზონებიდან ქონების გადმოტანის მომდევნო ეტაპია და სანქციების ეფექტისგან თავის დაძვრენას ემსახურება.

„თანაინვესტირების ფონდში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აქტივების მართვა, - მათ შორის გაყიდვა, - ფონდის მანდატით გათვალისწინებული საქმიანობაა და სხვა კომენტარისგან თავს იკავებენ.

რვა კომპანია ხვედელიძის სახელზე

ინფორმაცია ხვედელიძის სახელზე გადარეგისტრირებული კომპანიების შესახებ თავდაპირველად კორუფციის მკვლევარმა, თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა (2014-16 წლებში) ირაკლი აბესაძემ გაავრცელა 24 აგვისტოს.

საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 24 აგვისტოს ასახული ცვლილებებით, ეკატერინა ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა შემდეგი რვა კომპანია:

  • „გალერია ჰოლდინგი„ - რომელიც ფლობს „გალერია თბილისს“ თავისუფლების მოედანზე;
  • „აქსის თაუერს ჰოლდინგი“ - რომელიც ფლობს „აქსის თაუერსს“ ვაკეში;
  • „მტკვარი ჰოლდინგი“;
  • „გრინჰაუზ ჰოლდინგი“ - სასათბურე მეურნეობა, რომელიც „საქართველოს სათბურის კორპორაციას“ და „ქართულ აგრო სახლს“ ფლობს. მისი კუთვნილია „პლანტას“ ბრენდით წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია;
  • „აგრო ჰოლდინგი“;
  • „რიზორთ ჰოლდინგი“;
  • „ლენტეხი ჰოლდინგი“;
  • „ემვი ჰოლდინგი“.

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე რუსთაველის თეატრში. ფოტო არქივიდან

ნასყიდობის ხელშეკრულება

ყველა ამ ბიზნესის მფლობელად სამეწარმეო რეესტრში დაფიქსირებული იყო „თანაინვესტირების ფონდის“ ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია, „GCF ლუქსემბურგი“.

2026 წლის 24 აგვისტოს სწორედ ამ კომპანიასა და ეკატერინა ხვედელიძეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.

სამეწარმეო რეესტრის საიტზე ატვირთულ დოკუმენტებში არ არის მითითებული ნასყიდობის ღირებულება.

დოკუმენტების გადაფორმებისას:

  • „GCF ლუქსემბურგს“ წარმოადგენდა ივანე (ვანო) ხვედელიძე, - ივანიშვილების ნათესავი და „თანაინვესტირების ფონდის“ დირექტორი,
  • ხოლო ეკატერინა ხვედელიძეს - ნატო ხაინდრავა, „ბანკ ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი იურისტი.

„ლიკვიდაციის პროცესშია“

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა სანოტარი აქტი, რომლითაც კომპანიებში წილების ეს ცვლილებებია ასახული.

ნოტარიუსი წერს, რომ „GCF ლუქსემბურგი“, - „თანაინვესტირების ფონდის“ ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ამ ფირმებს ფლობდა, - „ლიკვიდაციის პროცესშია“.

ჩამოთვლილი კომპანიების ნაწილის დირექტორი გიორგი ქსოვრელია, - რომელიც ამავდროულად „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორია, - ნაწილისა კი - კახა კობიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის დისშვილი.

  • რადიო თავისუფლება 25 აგვისტოს ორივე მათგანს დაუკავშირდა.
  • გიორგი ქსოვრელმა კითხვებზე, რას უკავშირდება წილობრივი ცვლილებები და რის გამოა ლიკვიდაცია დაწყებული, გვიპასუხა: „ჩემთან არ არის ეს კითხვები, ვერ გაგცემთ პასუხს“.
  • ხოლო კახა კობიაშვილმა, - რომელიც „ჯი სი ეფ პარტნიორების“ 100%-იანი წილის მფლობელია, - ტელეფონი გაგვითიშა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ჟურნალისტი ურეკავდა.

GCF-ში კომენტარს არ აკეთებენ

რადიო თავისუფლება „თანაინვესტირების ფონდსაც“ დაუკავშირდა შეკითხვებით.

„გვსურს გაცნობოთ, რომ თანაინვესტირების ფონდის მიერ აქტივების მართვა (მათ შორის შეძენა, გასხვისება და განაწილება) წარმოადგენს ფონდის მანდატით გათვალისწინებულ საქმიანობას.

შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კომენტარისგან თავს შევიკავებთ“, - გვიპასუხეს ფონდში.

ხვედელიძეს ხვედელიძისგან

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ოფიციალური მონაცემებით (2024 წლის 31 დეკემბრისთვის), GCF Luxemburg-ის „საბოლოო მშობელი კომპანია“ არის GCF LP.

ეს უკანასკნელი კი რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე და „საბოლოოდ კონტროლდება" ეკატერინა ხვედელიძის მიერ.

კაიმანის კუნძულები დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშაა და მასზე სრულად ვრცელდება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური თუ სხვა სახის სანქციები.

შესაბამისად, გამოდის, რომ ხვედელიძე, - რომელიც ამ დრომდე ჩამოთვლილ კომპანიებს კაიმანსა და ლუქსემბურგში რეგისტრირებული ორი კომპანიის გავლით ფლობდა, - ახლა უშუალოდ ფლობს მათ. მფლობელობის სტრუქტურაში კაიმანსა და ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანიები ამოვარდა.

ასევე ნახეთ

ივანიშვილის ოჯახის დეკლარირებული ქონება: საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში

„ოფშორიდან გამოქცევა“

„სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, მისი აზრით, ივანიშვილების ეს ნაბიჯი ბრიტანეთის მხრიდან შესაძლო სანქცირებას და ამის მოლოდინს უკავშირდება.

„ფაქტია, რომ ივანიშვილი ათწლეულების განმავლობაში აგროვებდა ქონებას და შესაბამის სტრუქტურებს ქმნიდა ოფშორულ ზონებში… ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა, ფაქტია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მთლიანად მოშალა და მთელი თავისი ბიზნესები მთლიანად გადმოიტანა საქართველოში“, - ამბობს იგი.

  • ბიძინა ივანიშვილს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა ფინანსური სანქციები;
  • სანქცირების საფუძვლად ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის მიერ „რუსეთის სასარგებლოდ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრა“ დაასახელა.
  • როგორც კორუფციის მკვლევრები, - მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, - წერდნენ, რომ რამდენიმე დღეში, 2024 წლის 31 დეკემბერს, ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი კომპანიების „ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო“.

ასევე ნახეთ

თუ ბრიტანეთმა ივანიშვილები დაასანქცირა, ეს ბრიტანულ ოფშორებში მათ 95 კომპანიას შეეხება - TI

TI წერდა, რომ 2024 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უფროსმა შვილმა უტა ივანიშვილმა ოთხი ოფშორული ფირმიდან სრულად გადმოიტანეს „შვილობილი კომპანიები“ საქართველოში. ეს ოთხი კომპანია იყო:

  1. Visalia Enterprises Limited-ი (ბელიზი)
  2. Gilmar Holding Limited-ი (ბელიზი)
  3. Fresno Management Limited-ი (ბელიზი)
  4. Limestone Finance International SA (პანამა).

ასევე ნახეთ

ივანიშვილის ცოლის კომპანიაში ამბობენ, რომ სანქცირებას არ უკავშირდება „ლუსოლის“ დაფუძნება

ირაკლი აბესაძის თქმით, ამ დრომდე მხოლოდ „თანაინვესტირების ფონდის“ კუთვნილი ქონება რჩებოდა კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიის საკუთრებაში.

ის ვარაუდობს, რომ ეს ნაბიჯი ივანიშვილების მხრიდან ბრიტანეთის სანქციების მოლოდინზე მიანიშნებს, - ვინაიდან კაიმანის კუნძულები ბრიტანეთის იურისდიქციაშია.

„ვხედავთ, რომ ბრიტანეთი ზოგადად აქტიურია საქართველოსთან მიმართებით“, - ამბობს აბესაძე.

  • ბრიტანეთს სანქციები არაერთი მაღალჩინოსნისთვის აქვს დაწესებული, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორისთვის;
  • 2026 წლის 24 თებერვალს სანქციები გავრცელდა ტელეკომპანიებზე, „იმედსა“ და „პოსტივიზე“;
  • 26 მაისს საქართველოში რეგისტრირებულ სამ კრიპტო-ბირჟას დაუწესდა სანქციები, - თუმცა ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მათი მოქმედების არეალი საქართველო არ ყოფილა.

ასევე ნახეთ

ბრიტანეთმა 3 ქართულ კომპანიას დაუწესა სანქციები - ვისია ეს კომპანიები

„ივანიშვილს არ აქვს განცდა, რომ ბრიტანეთში [მისი ქონება] უსაფრთხოდაა და, როგორც ჩანს, ამაზე მეტყველებს ეს ტრანზაქცია აქ, სადაც ყველაფერს აკონტროლებს, ძალაუფლება მიტაცებული აქვს“, - ამბობს მკვლევარი.

„ქართული რეჟიმის პირობებში, ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არავინ არ აღასრულებს. მას აქ ქონების დაკარგვის საფრთხე არ აქვს“, - ამბობს იგი.

  • "თანაინვესტირების ფონდში არ უპასუხეს რადიო თავისუფლების შეკითხვას, რას უპასუხებენ მოსაზრებას, რომ ეს ცვლილებები შესაძლო სანქციების ეფექტისგან თავის არიდების სურვილთანაა დაკავშირებული;
  • საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს აღასრულებენ.

ასევე ნახეთ

ბანკები: სანქციებს დავიცავთ. ხელისუფლება: ნუ იჩქარებთ