Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა 3 ქართულ კომპანიას დაუწესა სანქციები - ვისია ეს კომპანიები

„მიზანში ამოვიღეთ სამი ქართული კომპანია, რომლებიც რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებზე ოპერირებენ და სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობენ“, - ბრიტანეთის მთავრობა.
„მიზანში ამოვიღეთ სამი ქართული კომპანია, რომლებიც რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებზე ოპერირებენ და სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობენ“, - ბრიტანეთის მთავრობა.

2026 წლის 26 მაისს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რუსეთის ფედერაციის დაწესებული სანქციების ობიექტების სია გააფართოვა - სანქციები დაუწესდა დამატებით სამ კომპანიას, რომლებიც საქართველოშია რეგისტრირებული.

ბრიტანეთის თანახმად, სანქციები დაუწესდათ იმ კრიპტოკომპანიებსა და „უკანონო ფინანსურ ქსელებს“, რომლებსაც, ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, რუსეთი იყენებს დიდი ბრიტანეთის სანქციების გვერდის ავლის მიზნით.

გაფართოებულ სიაში შეიყვანეს კომპანიები რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ასევე პანამიდან და სალვადორიდან.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქცირებული ფირმები უკავშირდებიან რუსულ კრიპტოგაცვლის ქსელ A7 network-ს.

„ჩვენ ასევე მიზანში ამოვიღეთ სამი ქართული კომპანია, რომლებიც რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებზე ოპერირებენ და სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობენ“, - აცხადებს ბრიტანეთის მთავრობა.

„თუ კრემლი ფიქრობს, რომ ჩვენი სანქციებისგან თავის დაღწევას კრიპტოქსელებისა და ჩრდილოვანი ფინანსური სისტემების უკან დამალვით შეძლებს, ძალიან ცდება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა.

რომელია ეს კომპანიები?

ეს კომპანიებია:

  • AIFORY - „ეიაიფორი“: სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2023 წელს. მფლობელი იყო მოქალაქე გიორგი ნუცუბიძე, თუმცა 2024 წლის ბოლო ამონაწერით - მიხეილ გევორქიანი (საქართველოს მოქალაქე);
  • ARVIX - „არვიქს“: 2023 წელს რეგისტრირებული ფირმა; მფლობელია თამაზ გარაევი;
  • RAPIRA - „რაპირა გრუპ“: 2026 წლის რეგისტრირებულია 2022 წელს, მესაკუთრედ მითითებულია ბრიტანეთის მოქალაქე ილიას აჰაევი. 2026 წლის 13 მაისს მან მიმართა სამეწარმეო რეესტრს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაშლის რეგისტრაციის მიზნით. შესაბამის ამონაწერში იგი „ლიკვიდატორად“ არის მოხსენიებული.

საქართველოს ეროვნულ ბანკს 39 სუბიექტი ჰყავს რეგისტრირებული, როგორც „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი“ (VASP-ი).

არცერთი სანქცირებული კომპანია ამ რეესტრში არ არის.

რეესტრში არცერთ ამ ადამიანს სხვა ბიზნესი არ აქვს რეგისტრირებული საკუთარ სახელზე.

რას ნიშნავს ეს სანქციები

დღეს გასაჯაროებულ დასაბუთებაში ბრიტანეთის მთავრობა დაწესებულ სანქციებს ასე აზუსტებს:

„აქტივების გაყინვა, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, ინტერნეტის სერვისების სანქციები“.

ბოლო მითითება დამატებით ნიშნავს, რომ:

  • დიდი ბრიტანეთის საკრედიტო ან ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ სანქცირებულ პირთან საკორესპონდენტო საბანკო ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება და აღნიშნული პირისთვის, პირისგან ან მისი მეშვეობით გადახდების დამუშავება.
  • სოციალური მედიის სერვისებმა, ინტერნეტპროვაიდერებმა და app store-ებმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები, რათა დიდ ბრიტანეთში მომხმარებლებს არ მისცენ წვდომა სანქცირებული პირის მიერ მოწოდებულ "კონტენტზე", საიტებზე ან აპლიკაციებზე.

რამდენიმე თვით ადრე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, 2026 წლის 22 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).

  • „იმედი“ წინა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ 2026 წლის თებერვალში გაყიდა, დოკუმენტების თანახმად, „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად. ახალი მფლობელია ილია მიქელაიშვილი, - „იმედის“ 5 თანამშრომელთან ერთად.
  • "პოსტივის" 52%-იანი წილი „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერ ვიქტორ ჯაფარიძეს აქვს, ხოლო 24% - შალვა რამიშვილს. დანარჩენ 24%-ს თემურ ჭარელაშვილი ფლობს.

მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ მწვავე კრიტიკით უპასუხა დიდი ბრიტანეთის მთავრობას.


ფორუმი

XS
SM
MD
LG