კვლევის ავტორები წერენ, რომ ბოლო წლებში თეირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული აქტივობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა და გავლენა მოახდინა ქვეყანაზე.
კვლევაზე „ქართული ოცნების“ ლიდერებს ჯერ კომენტარები არ გაუკეთებიათ. ზოგადად, ისინი არასერიოზულს უწოდებენ მოსაზრებებს ხელისუფლების „პროირანულობის“ თუ ირანის გავლენის დაქვემდებარების შესახებ.
კვლევა და ავტორები
„ჰადსონის ინსტიტუტმა“ პარასკევს, 5 მარტს გამოაქვეყნა კვლევა საქართველოში ირანის „მზარდი გავლენების“ შესახებ.
კვლევის სათაურია „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერი მოკავშირე ქვეყანაში“.
მისი ავტორები არიან „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი.
- ლუკ კოფი არის მკვლევარი, რომელიც წლების წინ საუბრობდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის (კოლექტიური თავდაცვის შესახებ ჩანაწერის) დროებით გაუვრცელებლობის დაშვებით, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებაზე.
- გიორგი კანდელაკი არის „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“, შემდეგ კი მისგან გამოყოფილი „ევროპული საქართველოს“ წევრი. ამჟამად ის „სოვლაბის“ პროექტების მენეჯერია.
„საიმედო პარტნიორობიდან“ „აშშ-ის მეტოქეთა მეგობრობამდე“
კვლევის თანახმად, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველო აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო სტრატეგიული პარტნიორი იყო შავი ზღვის რეგიონში, თუმცა ამჟამად ის „სხვა მიმართულებით მოძრაობს“.
„ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ერთგულებამ, ერაყსა და ავღანეთში მისიებში მნიშვნელოვანმა წვლილმა, ტერორიზმთან ბრძოლისა და ენერგოტრანზიტის საკითხებში თანამშრომლობამ საქართველო ვაშინგტონის რეგიონული სტრატეგიაში ცენტრალურ რგოლას აქცია“, - წერია კვლევაში.
ავტორების თანახმადვე, „თანამშრომლობა ასევე მოიცავდა ირანთან დაკავშირებულ უსაფრთხოების სენსიტიურ საკითხებზე ერთობლივ მუშაობას, მათ შორის დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებისა და სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერის გზით“, - წერია კვლევაში.
ამჟამინდელ მდგომარეობაზე ავტორები წერენ: „პარტია „ქართული ოცნების“ მეთაურობით, მთავრობა უფრო ავტორიტარული გახდა და ამავდროულად, აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან - კერძოდ, რუსეთთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან - უფრო მჭიდროდ დაახლოვდა“.
ასევე ნახეთ ეძღვნებოდა ირანის ეროვნულ დღესასწაულს და არა გადასახლების წლისთავს - ამბობს კობახიძე, თუმცა მოსაწვევზე სხვანაირად ეწერა„საფრთხეს უქმნის აშშ-ს“
„ცვლილებამ კულმინაციას 2024 წლის დეკემბერში მიაღწია, როდესაც აშშ-მა შეაჩერა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია და სანქციები დააკისრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. ამავდროულად, ირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა საქართველოში მკვეთრად გაიზარდა და ამჟამად სისტემატურია და ღრმად არის ფესვგადგმული ქართული საზოგადოების ნაწილებში“, - წერია კვლევაში.
ავტორების თქმით, ანგარიშით იკვეთება, რომ „თბილისი ხელს უწყობს ირანის ინფილტრაციას და ამავდროულად საშუალებას აძლევს თეირანს, შექმნას გავლენის ინფრასტრუქტურის ფართო ქსელი“.
„ეს აქტივობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში, ძირს უთხრის დასავლეთის გავლენას და აძლიერებს რეჟიმს, რომელიც ერთგულია 1979 წლის ისლამური რევოლუციის იდეოლოგიის ექსპორტისა“, - წერია კვლევაში.
ასევე ნახეთ ბოჭორიშვილის მოადგილემ ირანს სოლიდარობა გამოუცხადა „ისრაელის რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლთა“ გამო - საელჩო„ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა“
კვლევის თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკა საქართველოში „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად ცდილობს გავლენის გაფართოებას“.
ირანის ფოკუსი კი „განსაკუთრებით მიმართულია ეთნიკურ აზერბაიჯანელ შიიტ მოსახლეობაზე, რომელიც ძირითადად ქვემო ქართლის რეგიონში ცხოვრობს“.
ავტორების თანახმად, ირანი საზოგადოების ამ ნაწილის „დიდი ხანიამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამიზნედ მიიჩნევს და მათზე გავლენის მოსახდენად სხვადასხვა მეთოდს იყენებს“.
შემდეგ მკვლევრები ჩამოთვლიან ამ მეთოდებს:
რელიგიური დაწესებულებები
- „რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორიცაა „აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის ფილიალები“ და „აშშ-ს მიერ სანქცირებული ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი“, ღიად მოქმედებენ საქართველოში და ხელს უწყობენ თეირანთან მოკავშირე რელიგიურ დოქტრინას“.
- „ისინი ასევე ქმნიან ირანისადმი ლოიალურ სასულიერო ქსელებს და უზრუნველყოფენ იდეოლოგიურ მომზადებას, რასაც რელიგიურ განათლებად წარმოაჩენენ“.
ირანული უნივერსიტეტის ფილიალზე, რომელიც თითქმის 15 წელია საქართველოს სამ ქალაქში ყოველწლიურად ათობით ახალგაზრდას ასწავლის შიიტურ ისლამს, სპარსულ ენას და ყურანს, რადიო თავისუფლება 2025 წლის დეკემბერში იუწყებოდა.
ეს სასწავლებელი, რომელსაც არ აქვს განათლების სამინისტროს აკრედიტაცია, თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო ლიდერებთან.
ამავე დროს, უნივერსიტეტი 2020 წლიდან ამერიკის და 2022 წლიდან კანადის სანქციების ქვეშაა ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის.
ასევე ნახეთ “სიყვარულის მახვილი” - რას აკეთებს ირანული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი საქართველოში?მედრესეები, ქსელები და მოგზაურობები
მკვლევრების თანახმად, „მედრესეები და ახალგაზრდული მობილიზაციის ქსელები ამზადებენ ქართველი შიიტი ლიდერების მომავალ თაობას, ხელს უწყობენ ირანის პოლიტიკური თეოლოგიისადმი ერთგულებას და ნორმალიზებენ ანტიამერიკულ ნარატივებს“.
- კვლევაში წერია, რომ ქართველი შიიტი მორწმუნეები ალ-არბაინის აღსანიშნავად ირანსა და ერაყში მოგზაურობენ;
- „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) კი ამ მოგზაურობებს რეკრუტირებისთვის, ინდოქტრინაციისა და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისთვის იყენებს“, - ამბობენ ავტორები.
ალ-არბაინი არის დღე, როდესაც შიიტი მუსლიმები იხსნებენ იმამ ჰუსეინ იბნ ალის (მეოთხე ხალიფა ალის შვილი, წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი) და მისი თანამოაზრეების (ჰიჯრის 61 წელი) გარდაცვალების დღიდან მეორმოცე დღეს.
საქველმოქმედო ფონდები და მედია
ავტორების თანახმად, ირანთან დაკავშირებული საქველმოქმედო ფონდები „არა მხოლოდ სოციალური კეთილდღეობით უზრუნველყოფენ მოსახლეობას, არამედ ირანს მისი გავლენის გაძლიერებაში, ფულადი რესურსების გაცემასა და რბილი ძალის გაფართოებაში ეხმარებიან“.
„პროირანული მედია პლატფორმები აძლიერებენ თეირანის ნარატივებს, აქებენ მის ლიდერებს და სისტემატურად აძლიერებენ ანტიდასავლურ გზავნილებს საქართველოს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში“, - წერია კვლევაში.
ასევე ნახეთ რუსეთის გარდა, არჩევნებში „ოცნების“ სასარგებლოდ ირანი და აზერბაიჯანი ერეოდნენ - ლორა თორნტონი„სანქციებისგან თავის არიდება“
„ეკონომიკური შეღწევადობისა და სანქციებისგან თავის არიდების ქსელების მეშვეობით, ირანი ცდილობს საქართველო სანქციებისგან თავის არიდების ცენტრად აქციოს“, - წერია კვლევაში.
განმარტებულია, რომ „ეს ძალისხმევა მოიცავს საქართველოში ირანთან აფილირებული კომპანიების რეგისტრაციის ზრდას და 2022 წლის შემდეგ ირანიდან იმპორტის მკვეთრ ზრდას“.
- რადიო თავისუფლება 2025 წლის ოქტომბერში იუწყებოდა, რომ იმ დროის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 13 ათასამდე ირანული ბიზნესია რეგისტრირებული.
- მათი ნაწილი რამდენიმე სექტორში ერთდროულად მუშაობს, ნაწილის შესახებ კი არ იძებნება ცნობები, რა მისიით ფუნქციონირებენ საქართველოში.
- რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ თბილისში, დიმიტრი უზნაძის 111 ნომერში 700-მდე ირანული კომპანიაა რეგისტრირებული, თუმცა მათი ფიზიკური არსებობის კვალი არ ჩანს.
ამ საკითხზე მოკლედ ბრიტანეთის თემთა პალატაშიც ისაუბრეს 2026 წლის თებერვალში.
კერძოდ, კონსერვატიული პარტიის წევრმა მარტ პრიტჩარდმა 3 თებერვალს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, - ახლო აღმოსავლეთის, პაკისტანისა და ავღანეთის საკითხებში, - ჰამიშ ფალკონერთან კითხვა-პასუხისას აღნიშნა, რომ საქართველოში ირანის გავლენები „აღმავალია“.
„არსებობს სანქციების დარღვევისა და მათთვის თავის არიდების პოტენციალი, ეს ფული ირანის რეჟიმს კვებავს“, - თქვა პრიტჩარდმა.
„სანქციების შემდგომ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ირანის გავლენა მის მეზობელ რეგიონებში და მის ფარგლებს გარეთ უმეტეს შემთხვევაში საზიანოა“, - უპასუხა ფალკონერმა.
ასევე ნახეთ „იმედია, საკმარისი თანხა აიღეს, რომ კარგი ვახშამი ჭამონ“ - პაპუაშვილი კორუმპირებულებს უწოდებს თემთა პალატის წევრებს„მდუმარე დაკვირვება“
„საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიცაა რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, მდუმარედ აკვირდებიან ამ ინფრასტრუქტურის გაფართოებას და ბევრ შემთხვევაში ირანთან თანამშრომლობენ“, - მიიჩნევენ ავტორები.
მაგალითად დასახელებულია გარემოება, რომ საქართველომ ოფიციალურ დონეზე მიიღო ირანის რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის გენერალური მდივანი, აიათოლა რეზა რამეზანი.
რამეზანი 2023 წლის იანვარში იყო საქართველოში და რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა.
აიათოლა რეზა რამეზანი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოშიც იმყოფებოდა.
„რევოლუციის ექსპორტის მცდელობა“
კოფისა და კანდელაკის თანახმად, საქართველოში „ოდესღაც წარმოუდგენელი ღონისძიებები“ —როგორიცაა აიათოლა ალი ხამენეის და ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას პორტრეტების გამოფენა, ან „გუშაგთა კორპუსის“ ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანისადმი მიძღვნილი ღონისძიებები — ახლა ღიად ტარდება.
ასევე ნახეთ მარნეულის მეჩეთში ქადაგება აიათოლა ხამენეის მიუძღვნეს„ახალგაზრდული ქსელების წევრები ტერორისტული ლიდერების გამოსახულებიანი მაისურებით დადიან. მარნეულში რელიგიურ მსვლელობებზე აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ აშკარად ანტიამერიკული ბანერები იყო გამოფენილი“, - წერენ ისინი და დასძენენ:
„ეს კამპანია უბრალოდ რელიგიური ქადაგება არ არის. ეს პოლიტიკური ინდოქტრინაციაა“.
ასევე ნახეთ „ლოცვა ღაზისთვის“ მარნეულში - როგორ გადაიქცა სოლიდარობის აქცია „ჰამასის“ მხარდაჭერად და ვინ დგას მის უკან„ქართული ოცნების“ პოზიცია
ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერები ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან ახალ კვლევას.
თუმცა ზოგადად, ისინი უარყოფენ ბრალდებებს „პრორუსულობაზე“, „პროჩინურობასა“ თუ „პროირანელობაზე“.
ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ.
„როდესაც წერ, რომ საქართველოში მოქმედებს პროირანული ხელისუფლება, რაღაცას ხომ შეიძლება ეფუძნებოდეს ეს ყველაფერი“, – ნათქვამი აქვს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს 2025 წლის 15 მაისს, როდესაც „მეგობარი აქტის“ პროექტში ხელისუფლების ირანთან დაახლოების შესახებ ჩანაწერზე აკეთებდა კომენტარს.